ვინ მიართვა ალისფერი ვარდი პრეზიდენტს და გაელური დალოცვა ოდესელი ებრაელისგან - გზაპრესი

ვინ მიართვა ალისფერი ვარდი პრეზიდენტს და გაელური დალოცვა ოდესელი ებრაელისგან

"წილად მხვდა ბედნიერება, ზვიად გამსახურდიას თანამედროვე, თანამოაზრე და თანამებრძოლი ვყოფილიყავი. მე ხშირად ვახლდი მას, მიმყავდა მისი პრესკონფერენციები და უცხოელებთან შეხვედრები. ვცდილობ არ დამავიწყდეს მასთან ურთიერთობის მრავალი დეტალი, რომელიც მხოლოდ ჩემთვის არის ცნობილი. სხვათა შორის, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროსაც კი, მისი მისამართით ნათქვამი ყველა შექება თუ დადებითი შეფასება საშინელ პროტესტს იწვევდა იმ ადამიანებში, რომლებიც შემდგომში მეამბოხე პუტჩისტები აღმოჩნდნენ..." - პრეზიდენტის პირადი თარჯიმანი და რეფერენტი ციცი გაბესკირია იხსენებს:

ალისფერი ვარდი პრეზიდენტს

- როგორც უცხოეთის განყოფილების გამგე, მის შეხვედრებსაც ვესწრებოდი. მინდა მოგახსენოთ, რომ გამსახურდია ყოველთვის არაჩვეულებრივ შთაბეჭდილებას ტოვებდა უცხოელებზე თავისი ერუდიციით, აღზრდით, თავდაჭერით. ასეთი შეხვედრები უამრავი იყო. მხოლოდ ორ მათგანს გავიხსენებ. გერმანიიდან ჩამოვიდა მასწავლებელთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაცია. დიდხანს ისაუბრეს. ბატონი ზვიადი გერმანულ ენაზე უყვებოდა მათ ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ, განათლების სისტემასაც შეეხო. სტუმრები ისე მოიხიბლნენ, რომ შეხვედრის ბოლოს მაგიდას, რომლის გარშემოც ისხდნენ, მუშტებს ურტყამდნენ (გერმანელები ასე გამოხატავენ გამომსვლელის მიმართ პატივისცემას), შემდეგ კი ფეხზე წამოდგნენ და აღფრთოვანების ნიშნად, დიდხანს უკრავდნენ ტაშს...

ასევე დაუვიწყარი იყო მეცნიერებთან შეხვედრა. როდესაც 1991 წელს აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის იუბილესთან დაკავშირებით ჩამოსული, სახელგანთქმულ უცხოელ მათემატიკოსთა ერთი ჯგუფი მივიყვანე ბატონ პრეზიდენტთან, აქაც საინტერესო საუბარი შედგა. უცებ ერთ-ერთმა მათგანმა, პროფესორმა ბეგერმა გერმანიიდან, ბოდიში მოიხადა, - ერთი წუთით დაგტოვებთო. მართლაც, მალევე დაბრუნდა, ერთი ულამაზესი ალისფერი ვარდი მიართვა პრეზიდენტს და ამ სიტყვებით მიმართა: "ბატონო პრეზიდენტო, მიიღეთ ეს ვარდი, როგორც დემოკრატიული ღირებულებების დამცველმა, ჩვენი დიდი თანადგომის ნიშნად". დღემდე შემომრჩა ის სურათი, რომელიც მან იქვე გადაუღო პრეზიდენტს.

"კავკასიის ევროპელი შვილი"

- "კავკასიის ევროპელი შვილი" - ეს ის სიტყვებია, რომლებიც მე და ჩემმა უცხოელმა სტუმრებმა ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ "გამოვიყვანეთ". საქმე ის არის, რომ პრეზიდენტთან დამშვიდობების შემდეგ, ცოტა ხანს კიდევ დავრჩით იქ, მერე ჩემს ოთახში გადავინაცვლეთ და სტუმრები თავიანთ შთაბეჭდილებებს მიზიარებდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, პროფესორმა რობერტ ფინმა ამერიკიდან აღნიშნა, რომ ზვიად გამსახურდიას მანერებში, მისი საუბრის სტილში, აზროვნებაში ნამდვილი ევროპელი ამოიცნო. "ის ევროპელია", განაცხადა მან. მერე დაფიქრდა და თქვა, - თუმცა ის, რაზედაც მან ისაუბრა, მისი ფიქრი და საზრუნავი მთელ კავკასიას სწვდებაო. ამაზე სხვებიც დაეთანხმნენ და ასე ვუწოდეთ მას "კავკასიის ევროპელი შვილი".

წერილები მსოფლიოდან

- ჩემს ხელში გადიოდა წერილები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. იყო ზღვა საფოსტო ბარათებისა და როდესაც მათ ვაცნობდი, მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ იჩენდა. ასე მეუბნებოდა: "ესენი მეტწილად კოლექციონერები არიან, ავტოგრაფებს აგროვებენ და არც ბევრი რამ იციან საქართველოს შესახებ..." მე მაინც ვპასუხობდი ავტორებს პრეზიდენტის მაგივრად. ზოგი მათგანი მართლაც საინტერესო იყო. მაგალითად, ერთი ბარათი მახსოვს, რომლითაც პრეზიდენტიც დაინტერესდა. ბარათზე მოყვარული მხატვრის მიერ სამკუთხედი იყო გამოსახული, ერთ მხარეს ეშმაკი გახლდათ დახატული, ხელში ორკაპი ეჭირა. მეორე გვერდზე - ჩჩჩღ ეწერა წითელი ასოებით, რომლებსაც სისხლი სდიოდა, სამკუთხედის წვეროზე კი ზვიად გამსახურდიას პორტრეტი იყო, სადაც ეწერა, რომ ეს წითელი ეშმაკი მას უნდა დაემარცხებინა. საინტერესო კიდევ ის იყო, რომ წერილის ავტორი გახლდათ ოდესელი ებრაელი (სამწუხაროდ, გვარი არ მახსოვს), რომელსაც ოდესღაც საქართველოშიც უცხოვრია, მამამისი აქ ტყავის ფაბრიკის მეპატრონე ყოფილა. მას სმენოდა ჩვენი ეროვნული მოძრაობისა და ზვიად გამსახურდიას შესახებ. დიდად გახარებია ის ფაქტი, რომ იგი ხალხმა პრეზიდენტად აირჩია. მან ბარათს დაურთო გ(ა)ელური დალოცვა: "დაე, ამაღლდნენ გზანი შენს შესახვედრად,/ ზურგის ქარი გწყალობდეს მარადჟამს,/ დაე, შენს სანახებს მზე მუდამ ათბობდეს,/ და ვიდრე ჩვენ კვლავ შევხვდებოდეთ,/ ვინძლო ხელის გულზე გატაროს უფალმა..."

ამ წერილს რომ ვუკითხავდი, მის კაბინეტში ჩვენი კიდევ ერთი თანამშრომელი იჯდა. ეს ადამიანი სამწუხაროდ, შემდგომში პუტჩისტების მხარეს აღმოჩნდა (დიდი ხანია, ცოცხალი აღარ არის), თუმცა მთავარი ეს არაა. ის საკმაოდ განათლებული პიროვნება გახლდათ და უცხო ენებიც კარგად იცოდა, როდესაც "აელიც" წავიკითხე, ე.ი. "გალური", არა? - შევეკითხე ამ თანამშრომელს. რა თქმა უნდა! - მიპასუხა მან. პრეზიდენტმა, რომელიც თავის საქმეებით იყო დაკავებული, მეგონა, არ გვისმენდა, უცებ ქაღალდებიდან თავი წამოსწია და გვიპასუხა: არა, მეგობრებო! გალური კელტური ენაა. გალები კელტური წარმოშობის ერია, თანამედროვე საფრანგეთის და ჩრდილო იტალიის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ხოლო გ(ა)ელური – ჩრდილოეთ შოტლანდიელებისა და ჰებრიდის კუნძულების ენაა, ინდოევროპული ენების კელტურ ჯგუფს მიეკუთვნება. ჰებრიდის კუნძულები, ხომ იცით, შოტლანდიის დასავლეთითააო. გაოცებულები ვუყურებდით. დავინტერესდი, იმ საღამოსვე მოვიძიე ლიტერატურა და კიდევ ერთი რამ შევიტყვე. კერძოდ ის, რომ ჰებრიდის კუნძულებზე ულამაზესი ფინგალის გამოქვაბულია და მას კომპოზიტორმა ფელიქს მენდელსონმა შესანიშნავი უვერტიურა უძღვნა. მეორე დღეს ერთი სული მქონდა, როდის ვეტყოდი პრეზიდენტს ამის შესახებ, თავად დამასწრო და მითხრა, - მენდელსონის უვერტიურა დამავიწყდაო! ამას რომ ვიხსენებ, თვალზე ცრემლი მადგება.

მარტოსული და მოწყენილი უფლისწული

propesor-begeris-mier-gadagebuli-poto-1708331765.jpg

- მახსოვს ყველა შეხვედრა და აღფრთოვანებული უცხოელები. მაგალითად, რა დამავიწებს ემორის უნივერსიტეტის პროფესორის თომას ბერტრანის რეაქციას პრეზიდენტთან შეხვედრაზე. ის გაოცებული იყო მისი პიროვნებით, უფლისწულს შეადარა იგი, ოღონდ თითქოს იწინასწარმეტყველაო, - მარტოსულ, მოწყენილ უფლისწულს. საინტერესოა ისიც, რომ ბერტრანს გადაწყვეტილი ჰქონდა გამსახურდიას ლექსების თარგმნა ინგლისურ ენაზე (რა თქმა უნდა, ზვიადის თანხმობით), რამდენიმე ლექსის ბწკარედული თარგმანიც გავაკეთეთ ერთობლივად, მაგრამ ეს საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ცნობილი მოვლენების გამო შეწყდა ყოველგვარი კავშირი უცხოეთთან. მას შემდეგ ბატონმა ბერტრანმა მხოლოდ რამდენიმე წერილი გამომიგზავნა, სადაც გულწრფელად წუხდა საქართველოში მომხდარ მოვლენებზე, თანამიგრძნობდა მეც, პრეზიდენტის ოჯახს და მის გარემოცვას, მიუხედავად იმისა, რომ მას მეგობრები ბარიკადების მეორე მხარეზეც ჰყოლია. გამოხდა ხანი და მოულოდნელად, ბატონი ბერტრანი უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დავინახე. გამიხარდა მისი დანახვა, მადლობის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ღიმილი პირზე შემაშრა, ისე მკაცრად მომმართა: თქვენ მე გიხსენებივართ ტელევიზიით გამოსვლისას! დიახ, - ვუპასუხე. - და პრეზიდენტ გამსახურდიას განსადიდებლად ჩემი სიტყვები გამოგიყენებიათ... ყველაფერს მივხვდი. თომას ბერტრანს ზუსტად "ჩაუკაკლა" ჩემი გამოსვლა ადამიანმა "ბარიკადების მეორე მხრიდან". რა ვთქვი ასეთი? რაიმე ხომ არ გადამიჭარბებია-მეთქი? არაო. მაშინ რაშია საქმე? დემოკრატიული ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანი რატომ მიზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, მით უმეტეს ახლა, როცა ჩემი განდიდების "ობიექტი" განდევნილია-მეთქი? იცით, რა მიპასუხა? დიდი საყვედურები მივიღე იქითა მხრიდან ჩემი დითირამბების გამოო. აღარაფერი მითქვამს, ცივად გამოვემშვიდობე. ერთი კი მივაძახე: თქვენ გამსახურდიას ლექსებს ვერასოდეს ჩასწვდებით და ვერც მათ თარგმნას შეძლებთ-მეთქი.

ჰელსინკის ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის აზრი გამსახურდიას შესახებ

- აი, როგორ იხსენებს ფინელი ისტორიკოსი, სოვიეტოლოგი, საზოგადოება "დამოუკიდებლობის" დამაარსებელი, ჰელსინკის ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი ჰეიკი ესკელინენი პრეზიდენტს. იგი ზვიად გამსახურდიას ჰელსინკში დევნილობის დროს შეხვდა. "ჩემ წინაშე იდგა დიდი მოაზროვნე, ეროვნული დამოუკიდებლობისა და სამართლიანობისათვის მებრძოლი. ადამიანი, რომელიც მუდამ ერთგული იყო თავისი პრინციპებისა. ის კარგად იცნობდა პიროვნული თუ სახელმწიფოებრივი თავისუფლების დასავლურ პოსტულატებს, შეიძლება მეტისმეტად კარგადაც კი. იყო უაღრესად განათლებული პიროვნება და სწორედ ამ დასავლური ღირებულებების ცოდნისა და მათი აღიარების გამო იტანჯებოდა საბჭოთა საპატიმროებში. მინდა პატივი მივაგო დიდი ადამიანის, თავისუფლებისთვის უკომპრომისო მებრძოლის ხსოვნას. გული მწყდება, რომ სოდომ-გომორად ქცეულ გამყიდველ მსოფლიოში არ აღმოჩნდა საკმაო რაოდენობა მართალი და პატიოსანი ადამიანებისა, მისი მცირერიცხოვანი მეგობრების გარდა, რომელთაც, სამწუხაროდ, არც ძალაუფლება გაგვაჩნია და არც სათანადო გავლენა".

ნანული ზოტიკიშვილი