გემრიელი რიტუალი - რძის და ყველის მისტიკა - გზაპრესი

გემრიელი რიტუალი - რძის და ყველის მისტიკა

და კულინარიული სიამოვნების მიღების გზა. როგორც საკრალური პროდუქტი, ხშირად მონაწილეობდა მისტიკურ რიტუალებშიც. ყველიანი პურების და რძესთან დაკავშირებული საწესო ჩვეულებებით, ცერემონიებით სავსეა ისტორიის მიწისქვეშეთი. ამ ყველაფერზე წერენ დიდი ეთნოგრაფები და "ჰყვებიან" თანამედროვე, ციფრულ საუკუნეში კოსმოსური ძალით შემოღწეული ცოცხალი რიტუალები, გემრიელი "გასტრონომიული ჰიტები" - სვანური კააზრ და ლემზირები, საკალანდედ გულაფანცქალებული გურულის გამომცხვარი მთვარის ფორმის ღვეზელი, რაჭული ბაჭულები, მეგრული გებჟალია, ლიფანალის "მისტიკური სტუმრების" რძის ცვრით დამშვიდობების და გზის დალოცვის წესი თუ რაჭული ბოსლობის კვირეული...

წარსულის მაგია მოჰყვება გასტრონომიულ ჰიტად ქცეულ ხაჭაპურსაც, რომელიც შორეულმა ქართველმა დიასახლისმა მზის დისკოს მიამსგავსა და ცხელ კეცზე გამოაცხო ქალ-ბარბალეს შესაწირად...

ისტორია ინახავს ყველისგან გამოძერწილ საკრალურ ფიგურებს და კიდევ ბევრ საწესო კვერს. მათ ჰქონდათ ფორმები და საკრალური სახელები. ყველა კუთხემ შექმნა საკუთარი ხელწერა და სახვეწარ-სავედრებლებით სავსე რიტუალები, სადაც გასული ეპოქების ქართველების ყოფითი და კულინარიული ჩვევებიც ჩანს, ბუნება და ხასიათიც, რწმენა-წარმოდგენებიც, შიშიც და იმედიც.

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე:

- სვანებს აქვთ ყველთან დაკავშირებული ძალიან ლამაზი და სანახაობრივი საწესო ტრადიცია და ამ ტრადიციას მინდა დავუკავშირო ყველაფერი, რაც საკრალურია. კააზრ-კააზ ჰქვია და ძირითადად ორმოცზე ან მიცვლებულების სახელზე გამართულ საკრალურ დღეებში სრულდება: დიდ მაგიდაზე სულგუნის გადაჭიმულ ზეწარს გადაფენენ და ზემოთ ალაგებენ ყველანაირ ხორაგს. ფაქტობრივად, ეს ხდება სულების გულის მოსაგებად. ზოგიერთ სოფელში ზემოდან აფარებენ სუფრას - ჯერ უგულსართო პურებს ალაგებენ და დანარჩენ საკვებს ამ პურებზე დააწყობენ. იმდენად შთამბეჭდავი სანახაობაა, რომ კორეელებმა ფილმიც კი გადაიღეს ამ ტრადიციაზე.

როგორც მთელ პლანეტაზე, რძე სვანეთშიც მაგიური სითხეა. სვანებისთვის მეტად მაგიურ მეზირ გველს (ფუძის მფარველი, მცველი), ხვრელთან ჯამით უსხამდნენ რძეს და მოფერებით ელაპარაკებოდნენ. სვანებს მოწყობილი ჰქონდათ მიწისქვეშა სარიტუალო კუთხეები და მეზირიც იქ ბინადრობდა. ეთნოლოგი თამილა ცაგარეიშვილი თვითონ გახდა ცოცხალი ისტორიის მომსწრე და მან მიამბო: სვანეთში, აივანზე ვიჯექი და გავიგონე, როგორ დაიწყო დიასახლისმა ენის მოჩლექით საუბარი. მერე ჯამი აიღო, რძე ჩაასხა და წაიღო. ბავშვი არსად ჩანდა. გაკვირვება ვერ დავმალე და ვკითხე, - ვის ელაპარაკებოდა? მიპასუხა, მეზირი, ფუძის ანგელოზი მყავს სარჩენი და რძე მივუტანეო. მართლაც, ორი - დიდი და პატარა გველი გამოყოფდნენ თავს, დალევდნენ რძეს და მიდიოდნენო...

ეთნოგრაფი ნინო აბაკელია ამოწმებს, რომ საქართველოში ფართოდ გავრცელებული რწმენების თანახმად, ყველა სახლს ჰყავდა თავისი ფუძის მფარველი გველი. მას ფუძის ანგელოზს, ალალ გველს ეძახდნენ და ის სახლის ფუძეში ან მის მახლობლად ცხოვრობდა, ოჯახს ბოროტებისგან იცავდა. მასზე იყო დამოკიდებული ოჯახის კეთილდღეობა, ბარაქიანობა. ალალ გველზე განსაკუთრებით ზრუნავდა ოჯახის დიასახლისი და ყოველდღე უმასპინძლდებოდა რძით...

სვანურ გასტრონომიაში გვხვდება ერთი ძალზე საინტერესო ყველის სახეობაც, რომელიც ნადუღითა და ლორით მზადდება - ნადუღს და ძალიან წვრილ ძაფებად დაქუცმაცებულ ლორს ერთმანეთში გადაზელდნენ და სულგუნის ფირფიტაში ათავსებდნენ, შემდეგ გველივით დაახვევდნენ და ასე მიჰქონდათ სუფრაზე.

ქრისტიანობის მიღებამდე, სვანებს ჰქონდათ ჩხუდანები - სალოცავი ქვები, რომელთაც ფერებისა და ხელის შევლებისგან სხვადასხვა ფორმა ეძლეოდა. სალოცავ ჩხუდანებს სარიტუალო კუთხეში აბინავებდნენ და ყოველ დილა-საღამოს რძით ბანდნენ.

მეგრელებისთვის რძესთან ურთიერთობა მთელი მისტიკაა. "ჰამო", რასაც მეგრელი ეძახის რძის პროდუქტებს, მთელი ისტორიაა. ჰამო ქართულად ასე გადმოითარგმნება: საამო, სასიამოვნო, ტკბილი. მისთვის რძე მაგიური სითხეც იყო, სარჩო-საბადებელიც, დოვლათისა და ბარაქის საზომიც, სალოცავ-სავედრებელიც. ჯერ კიდევ უხსოვარ დროში გააიგივა მზესთან და "ბჟა" დაარქვა. ბჟა - რძეა მეგრულად. მზის შესაწირად გამოძერწა მოსულგუნებული ყველიც და მეგრული სამზარეულოს ჯადოსნური გემოების მიქსით შექმნა გებჟალია - რძეში გადაზელილი...

მეგრული ჰამო მთელი კულტურაა, ბევრი საიდუმლოთი და ამოუხსნელი კოდით...

სამეგრელო...

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე:

- მეგრელი მეჯოგისთვის მისტიკაა რძესთან მუშაობა, რიტუალურად ექცევა: ჯერ ერთი, მკლავებს იდაყვებამდე იპარსავს, ქვაბსაც კი მანამდე ხეხავს ნაცრით, ვიდრე აპრიალდება. ყველის წარმოების პროცესიც რიტუალურია - არ უნდა დაგექცეს... მოკლედ, ხელიხელსაგოგმანებელი ამბებით აკეთებს რძისგან სხვადასხვა პროდუქტს.

გებჟალიაც, რომელსაც დღეს ყველა რესტორანში შემოგთავაზებენ, რიტუალური კერძია. არ არსებობს სარიტუალო სუფრა, სადაც გებჟალია არ მონაწილეობს. მას განსაკუთრებულად ამზადებს და მიირთმევს მეგრელი.

მზე და რძე ერთნაირად გამოითქმის მეგრულში. ეს არ არის მარტივი ამბავი. რადგან რძეს მზეს დაარქვა, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ პროდუქტს, ამ კულტურას. დიდი ხანია ვიკვლევ ქართული ყველის ნათესაობას მსოფლიოს სხვა ყველებთან. არც ერთი ქვეყნის გადაზელილი ყველის კულტურაში არ შემხვედრია ფიგურები, მაგრამ შემხვდა ჩვენთან, სამეგრელოში. ჩხოროწყუში, სოფელ თაიაში ცხოვრობს არაჩვეულებრივი ადამიანი პაატა საჯაია, ის ამზადებს სულგუნის ბაზაზე ყველის ტოტემურ ფიგურებს და სხვადასხვა ნივთს, შემდეგ ბოლავს. მე თვითონაც ვაკეთებ შებოლილი ყველისგან ქოთნებს. სხვათა შორის, სულგუნის შებოლილ ქოთანში კარაქი ჩავდე და საუცხოო მიქსი გამოვიდა.

მეტსაც გეტყვით, როგორც პურისგან, ყველისგანაც ამზადებდნენ საკულტო ნივთებს. ეროვნულ მუზეუმში ვნახე 1910 წელს შეტანილი შებოლილი ყველის ფიგურები: ცხოველები, ფრინველები. ჯაჭვი და ქამარიც კი გაუკეთებიათ ყველისგან. დღესაც მუზეუმშია, არც დაიმტვრა, არც ჭიას შეუჭამია. ყველს რომ ისე გაუთამამდე, მისგან ფიგურა გამოძერწო, ძალიან დიდი ხნის ისტორია უნდა გქონდეს ყველის კეთების.

ასევე ძალიან საინტერესოა მეგრული ყველიანი კვერები - ყვალამ კვარი. არ არსებობს დღესასწაული, რომელზეც მეგრელი ყველიან კვერებს არ ხარშავს.

ana-mikadze-1708332065.jpg

პწნილები - მეჯოგეების საწესო ხელოვნება

1965 წლის ეთნოგრაფიულ ჩანაწერებში, ჯულიეტა რუხაძე ჰყვება, თუ როგორ ამზადებდნენ ხელდაკაპიწებული ხანელი მეჯოგეები გადაზელილი ყველისგან ფიგურებს. მათ ეს ხელობა მეგრელი მესაქონლეებისგან უსწავლიათ. სულგუნისგან აქანდაკებდნენ ირმის, იხვის, ცხენის, ცხვრის, ძროხის, ადამიანის ფიგურებსაც კი, რომელიც ნაყოფიერების ნიშნად, ფიკალური ნიშნით იყო აღბეჭდილი. მიამსგავსებდა თუ არა გამოძერწილ ფიგურას ორიგინალს, ეს უკვე მეურნის ოსტატობაზე იყო დამოკიდებული.

სვანები ყველ-ქანდაკებებს ლიფანალის დღეობაზე ყველისგან და ცვილისგან ამზადებდნენ, მისტიკური სტუმრების გულის მოსაგებად. ასეთივე გამოსახულებები ლიფანალის მხატვრობაშიც იყო ასახული. ეთნოგრაფი ვერა ბარდაველიძე ამბობს, რომ ეს ბუნების ძალების აღორძინებასთან დაკავშირებულ მხატვრობას წარმოადგენდა.

ყველისგან ამზადებდნენ ჯაჭვებსაც. რა იყო ეს, გასტრონომიული მოდა, სამეურნეო ზნე, კულინარიული ფანტაზიებით თამაში თუ ზეციურ სამყაროსთან მისტიკური კავშირის სიმბოლო? - შიბი მითოლიგიური პერსონაჟია, საკომუნიკაციო საშუალება საკრალურ ხესა და ზეცას შორის და რელიგიური ნირის ჩვეულებებში მისი მონაწილეობა სულაც არ არის შემთხვევითი. ფშაური მითოსის თანახმად, ლაშარის მუხა ღვთაებათა სამყოფელს წარმოადგენდა. ზურაბ კიკნაძე წერს: ლაშარის მუხა იმითაც იყო გამორჩეული, რომ ის ოქროს შიბით გახლდათ ცას გამობმული და ამ შიბით, როგორც იაკობის ნახილვები კიბით, მორიგე ღვთისადმი ძღვენის ასატანად ადი-ჩამოდიოდნენ ღვთისშვილები. მიწიდან საყმოსგან აჰქონდათ მსხვერპლის კვამლი და ლოცვა-ვედრება, ციდან ჩამოჰქონდათ საყმოსათვის მადლი და წყალობა.

- რატომ იქცა რძე და ყველი საკრალურ პროდუქტად? რატომ მონაწილეობდა რძე, ყველი და რძის პროდუქტები უამრავ საწესო რიტუალში?

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე:

- ამაზე მაქვს ჩემი განმარტება, რომელიც არ უნდა იყოს საფუძველს მოკლებული. დედამიწაზე მოვლინებისთანავე რას აკეთებს ბიოლოგიური არსება? - პირველი, რასაც პირში იდებს, არის რძე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროდუქტია ადამიანისთვის და ამიტომაც ექცევა საკრალურად. ამიტომაც, ლოგიკას მოკლებული არ არის, რომ ყველა დღესასწაულსა და რიტუალში აქვს მას წამყვანი როლი. ლეგენდებიც, რიტუალებიც, საწესო დღეობებიც, ყველაფერი ტრიალებს რძის გარშემო.

შორენა მერკვილაძე