"მეგობრების დიდი ნაწილი უკვე აღარ მყავს, ამას ძალიან განვიცდი" - გზაპრესი

"მეგობრების დიდი ნაწილი უკვე აღარ მყავს, ამას ძალიან განვიცდი"

ღვაწლმოსილი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოგეხსენებათ, მისი შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, მიუზიკლი და საესტრადო... 1969 წელს კომპოზიტორმა შექმნა კონცერტი ჩელოსა და კამერული ორკესტრისათვის. ნაწარმოები ამ ჟანრის ქართული მუსიკის საუკეთესო ქმნილებათა რიცხვში შევიდა, რომელმაც წარმატებით გაიჟღერა როგორც ქართულ, ასევე ევროპულ საკონცერტო დარბაზებში...

კომპოზიტორმა მრავალი სიმღერა მიუძღვნა მშობლიურ თბილისს, მათ შორისაა: "თბილისური ლირიკული", "სიმღერა თბილისზე", "სიმღერა მეტეხზე"... საყოველთაო პოპულარობით სარგებლობს მისი სიმღერები: "დღეები მიდიან", "პატარა გოგო", "მზე ჩემი მეგობარია", "ისევ წვიმს", "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება", "დინამო, დინამო!" და სხვა. მის სიმღერებს 70-იანი წლებიდან საესტრადო მუსიკის მოყვარულთათვის ცნობილი მომღერლები ასრულებდნენ. ბატონ ვაჟას ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის მრავალი საპატიო წოდება და პრემია აქვს მინიჭებული.

ჩვენს არქივში კომპოზიტორთან ჩაწერილი არაერთი ინტერვიუ ინახება. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიებიდან, სადაც ბატონი ვაჟა თავისი ცხოვრების შესახებ გვიამბობდა:

"მუსიკის სიყვარული ჩვენს ოჯახს ოდითგანვე მოსდგამდა: მამაჩემი, შალვა აზარაშვილი კონსერვატორიაში სწავლობდა და ძალიან კარგად მღეროდა - მას საუკეთესო ბარიტონი ჰქონდა. აზარაშვილები მესხეთში ცხოვრობდნენ და რადგან კათოლიკეები იყვნენ, "ფრანგებს" ეძახდნენ. მერე თანდათან მართლმადიდებლები გახდნენ და მეც, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი ვარ. დედის მხრიდან გურული გახლავართ და გურიაში, ლანჩხუთის რაიონში ხშირად ჩავდიოდი. გურია ჩემთვის ყველაზე გამორჩეული, ძალიან საყვარელი კუთხეა, რადგან სანახევროდ იქ ვარ გაზრდილი. სიამოვნებით ვუსმენდი ბიძაჩემს, რომელიც ძალიან კარგი მომღერალი იყო, ბაბუაჩემიც, ჩონგურზე რომ დაამღერებდა, მოსმენად ღირდა..."

gogi-cabadze-copy-1708332792.jpg

"ჩემი ბავშვობა მეორე მსოფლიოს ომის ურთულეს წლებს დაემთხვა. 1945 წელს ჩემმა მეზობელმა, რომელიც სამუსიკო სკოლაში ასწავლიდა, შემომთავაზა, ვიოლინოს მოგცემ და ისწავლეო. რადგან მამა ომში მყავდა დაკარგული, უარი ვთქვი - საამისო განწყობა არც მე მქონდა და არც ჩემი ოჯახის წევრებს. ასე დავკარგე ერთი წელი, მაგრამ ვიოლინოს სწავლა მაინც დავიწყე. ალბათ პირველად მაშინ მივხვდი, რომ მუსიკის გარეშე ვეღარ ვიცოცხლებდი. მართალია, ჩემი ტოლი ბიჭები ქუჩაში რომ დამინახავდნენ, "სკრიპაჩ-ტრიპაჩს" მეძახდნენ, ბევრი შრომა მჭირდებოდა, მაგრამ გავუძელი და მუსიკა მთელი გულით შევიყვარე. ვიოლინოც ძალიან მიყვარდა და გულმოდგინედ ვსწავლობდი. ასე დავამთავრე შვიდწლედი და მეოთხე სამუსიკო სასწავლებელი..."

"მუსიკოსს უშრომლად არაფერი გამოუვა. მეღიმება, როცა ამბობენ, "ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი". მე უშრომლად მიღწეული წარმატების არ მჯერა. ვინც მართლა ნიჭიერია, ის მშრომელიც იქნება, რადგან საქმის სიყვარული არ მოასვენებს. შრომის გარეშე მიღწეული წარმატება არ არსებობს..."

"შვიდწლედში რომ ვსწავლობდი, მუსიკის წერა მაშინ დავიწყე და ამის გარეშე ვეღარც წარმომედგინა. მაშინ ძირითადად, სავიოლინო ნაწარმოებებსა და საგუნდო სიმღერებს ვწერდი. 1970 წელს ელდარ ჩიმაკაძემ დაუკრა ჩემი კონცერტი ვიოლონჩელოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის. შეიძლება ითქვას, ჩემი აღმავლობა მაშინ დაიწყო. ამ კონცერტს ტრიუმფალური წარმატება ჰქონდა. ძალიან მიწყობდნენ ხელს უკვე ცნობილი კომპოზიტორები - გიორგი ცაბაძე, სულხან ცინცაძე, არჩილ ჩიმაკაძე, რომლებიც ჩემი უფროსი მეგობრები იყვნენ. უფროსმა თაობამ კარგად მიმიღო, მხარში მედგა. მეორე კურსზე ვიყავი, როცა კომპოზიტორთა კავშირმა ხუთი პრემია გასცა და აქედან სამი მე ავიღე. ჩემს სადიპლომო ნამუშევარში მეოცე საუკუნის უდიდესმა კომპოზიტორმა - შოსტაკოვიჩმა ხუთიანი დამიწერა და ასპირანტურისთვის რეკომენდაცია მომცა. თანდათან ჩემი რომანსები და სიმღერებიც პოპულარული ხდებოდა და ცნობილი მომღერლები მღეროდნენ..."

"ნანი ბრეგვაძე - ეს უნიჭიერესი მომღერალი ჩემი კურსელი იყო. მისთვის დავწერე "ისევ წვიმს" და "დღეები მიდიან". სხვათა შორის, "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება" უეცრად, მანქანაში დავწერე, მერე ამ სიმღერას ნანი ბრეგვაძე მღეროდა "ორერასთან" ერთად და ის ძალიან პოპულარული გახდა. ანსამბლ "ორერას" დავუწერე "ხევსურული ბალადა", რომელიც ასევე პოპულარული იყო. ლამის ყველა მღეროდა ჩემს სიმღერებს გენო ნადირაშვილის შესრულებით - "პატარა გოგო და პატარა მთაწმინდა", "დამშრალ ნაკადულს" და ა.შ. თამარ გვერდწითელს, მრავალ ქვეყანაში აქვს ნამღერი ჩემი დაწერილი "მუსიკა" და სხვა სიმღერები..."

"ფეხბურთი განსაკუთრებით მიყვარდა და სულ სტადიონზე ვიყავი. მახსოვს თბილისის "დინამოს" ყველა წარმატება თუ მარცხი. ყველა ცნობილ ფეხბურთელთან ვმეგობრობდი და ვმეგობრობ. ერთი სიტყვით, ფეხბურთი იყო და დღემდე რჩება ჩემს მთავარ სიყვარულად. "დინამო" 1976 წელს დავწერე, როცა ჩვენმა ბიჭებმა ერევნის "არარატს" მოუგეს. ეს მატჩი მოსკოვში გაიმართა. მახსოვს, მთელი ღამე არ მიძინია და უეცრად დავწერე, ან რა დამაძინებდა?! ამ სიმღერის ტექსტი მორის ფოცხიშვილმა შექმნა და საოცრად პოპულარული გახდა. ეს სიმღერა ჩვენს "დინამოს" კარგად დაებედა - მსოფლიოში ცნობილი გუნდი გახდა და დიუსელდორფში ევროპის თასების თასიც მოიგო - ეს 1981 წლის 13 მაისს მოხდა. სხვათა შორის, 13 რიცხვი ჩემთვისაც ბედნიერია: 13 ივლისს ვარ დაბადებული, ჩემი ქალიშვილი ნათია 13 მაისს დაიბადა და ყველაფერი კარგი ჩემს ცხოვრებაში 13 რიცხვს ემთხვევა..."

"მომავალი მეუღლე სრულიად შემთხვევით გავიცანი, ჩემს ნათესავებთან. ძალიან კარგი გარეგნობის გოგო იყო, მომეწონა და ოჯახის შექმნა უცებ გადავწყვიტეთ. მართალია, თავიდანვე დიდი სიყვარული არ გვქონდა, მაგრამ ეს სიყვარული თანდათან მოვიდა. ერთი შვილი გვყავს - ნათია აზარაშვილი, რომელიც მუსიკოსია და ამავდროულად, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი. ის საოპერო თეატრის წამყვანი კონცერტმაისტერია..."

"ქართულ სიმღერას დღემდე ვერ ვღალატობ. სულ ვმუშაობ. ბევრი ისეთი სიმღერა აღმოვაჩინე, რომელიც მეც კი არ მახსოვდა, უცნობია და ჯერ არავის უმღერია. სიმღერების 5 ტომი მაქვს გამოცემული და ახლა მეექვსე ტომის გამოცემას ვაპირებ. მიხარია, რომ ჩემს კონცერტებს ბევრ ქვეყანაში უკრავენ. არ მინდა, თავის ქება გამომივიდეს, მაგრამ ჩემი დაწერილი სერიოზული მუსიკა უცხოეთში უფრო მოსწონთ. რას ვიზამ - შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო, ნათქვამია. ალბათ მკითხველი იკითხავს - თუ უცხოეთში მიცნობენ, საქართველოში ცხოვრება რატომ გადავწყვიტე?.. საქართველოს და ქართული სიმღერის გარეშე მე ვერ ვიცხოვრებ, ამიტომ ვერსად წავედი! თუნდაც, სხვა ქვეყანაში სასახლეები ამიშენონ, მე მაინც აქ ყოფნა მირჩევნია..."

"თამადობა დიდად არ მიყვარს, მაგრამ ყოველთვის უარის თქმაც არ გამომდის. ჩემთვის მთავარია, სუფრის არც ერთ წევრს ღირსება არ დავუკარგო! მეგობრების დიდი ნაწილი უკვე აღარ მყავს, ამას ძალიან განვიცდი და იმ ქვეყნად წასულების სადღეგრძელოს განსაკუთრებულად ვამბობ... ადრე გურიაში პირველად მშვიდობის სადღეგრძელოს წარმოთქვამდნენ, ახლა კი ყველგან ღმერთის ხსენებით ვიწყებთ სუფრას. იქვე, პატრიარქს ვადღეგრძელებთ გამორჩეულად და შემდეგ, ჩვენს სამშობლოს ვლოცავთ. სუფრაზე მნიშვნელოვანია ოჯახის დალოცვა, რადგან ქართველი კაცისთვის ოჯახი ყველაფერია! სიყვარულს სადაც ვადღეგრძელებ, იქ ქალიც იგულისხმება. ჩვენს სუფრაზე ყოველთვის ქალის კულტია! ჩვენს პროფესიას სუფრაზეც ვადღეგრძელებ, რადგან ქვეყანაში კარგი მუსიკა აღარ ფასობს. ახალგაზრდობა ფაქტობრივად, აღარც გვიცნობს, იმდენად არ ისმის ნამდვილი, გემოვნებიანი სიმღერა..."

vazha-azarashvili-w-h-copy-1708332805.jpg

"არ მომწონს, ქეიფი დიდხანს რომ გრძელდება და ყველაფერი ღრიანცელში გადადის! ზომიერების გრძნობა არ გაგვაჩნია! კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე რომ ვიყავი, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. ერთხელაც, მოსკოვში ყრილობაზე მიმიწვიეს და კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარემ კაბინეტში არაჩვეულებრივი სუფრა გაშალა. იქ ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი შევიკრიბეთ. არ მინდოდა, სუფრა მალე დაშლილიყო, რადგან მონატრებულ ადამიანებთან ერთად გახლდით... სამი სადღეგრძელო მოვიგონე და მაინც ვამჩნევდი, რომ არაფერი გამომდიოდა. მერე ვთქვი: სად გარბიხართ, ერთმანეთს მივეფეროთ-მეთქი. რა არ ვცადე, მაგრამ ორ საათში სუფრა მაინც დაიშალა... შემდეგ კონცერტი იყო, რომელსაც ასევე სუფრა მოჰყვა. თამადად ამირჩიეს და იმდენი მოვახერხე, რომ სუფრა ხუთი საათით გავახანგრძლივე. სულ იუმორით შეზავებულ ამბებს, მოგონებებს ვყვებოდი. ხომ იცით, ქართველი კაცი არსად დაიბნევა!.. მძიმედ მახსენდება ის სუფრა, როცა მეგობრის ქელეხზე მომიწია თამადობამ! ეს ყველაზე რთული იყო ჩემთვის! ზოგჯერ ყოფილა, მეგობრის ქელეხზეც ვყოფილვარ თამადა, "ორმოცზეც" და წლისთავზეც. ვკვდებოდი, ისე მიჭირდა სუფრის გაძღოლა, მაგრამ მათი სიყვარულის გამო, მაინც ბოლომდე მიმყავდა საქმე..."

P.S. ჟურნალის - "გზა" რედაქცია სამძიმარს უცხადებს კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც მუსიკოსის შექმნილ ნაწარმოებებს დღესაც სიამოვნებით უსმენენ.