"ულამაზესი ბუნება, საინტერესო ტრადიციები მეტ პოპულარობას იმსახურებს..."
ანდრეას სიროტენკო საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ბოლნისში ჩასახლებული გერმანელების შთამომავალია. საქართველოს შესახებ ბებიისგან იცოდა, რომელიც უკვე ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მის მიერ მოყოლილი ამბები მეხსიერებას შემორჩა. ჟურნალი "გზა" მას ბერლინში დაუკავშირდა.
- ჩემი ოჯახი საბჭოთა კავშირის დანგრევიდან მალევე, ჯერ კიდევ 1998 წელს გერმანიაში დაბრუნდა. ბებიაჩემი გერმანელი იყო, მთელი იმ წლების განმავლობაში, რაც რუსეთში, შემდეგ კი ყაზახეთში მოგვიხდა ცხოვრება, სულ ამაზე საუბრობდა, ოცნებად ჰქონდა, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება და ჩვენც ჩამოვედით.
- სირთულეები არ იყო?
- არა, ახლანდლისგან განსხვავებით, იმ დროს არ იყო. საბუთები გავგზავნეთ, გერმანიის შესაბამისმა სამსახურებმა დოკუმენტების იდენტიფიკაცია მოახდინეს, ჩვენი ადგილ-წარმომავლობა შეამოწმეს და თანხმობა მოგვივიდა. გერმანიაში ჩვენი ნათესავები ცხოვრობდნენ და გველოდნენ. მათ შორის, ნაწილი ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს წავიდა...
ბებია და მისი ოჯახი, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაასახლეს. ბებია გვიყვებოდა, რომ ძალიან გაუჭირდათ მენტალურად, ფიზიკურად, მორალურად... ყოველთვის უცხო სხეულად გრძნობდნენ თავს. ამ ორ ერს შორის ძალიან დიდი განსხვავება იყო - იმდენად დიდი, რომ ზოგმა რაღაც გზები იპოვა და ჯერ კიდევ საბჭოთა წლებში დაბრუნდა გერმანიაში.
მას შემდეგ, რაც რუსეთიდან ყაზახეთში გადაასახლეს, მომავალი მეუღლე გაიცნო, თუმცა, მიუხედავად ამისა, სულ გერმანიისკენ ეჭირა თვალი. მუდმივად ეძებდა დაბრუნების გზებს, რაც საბჭოთა წლებში რთული იყო.
- ალბათ ენობრივი ბარიერი გქონდათ. ისტორიულ სამშობლოში ინტეგრაცია რთული იყო?
- დიახ, უამრავი სირთულე შემხვდა. წასვლამდე, ყაზახეთის სკოლაში ინგლისურს ვსწავლობდი, შინ გერმანულად არ ვსაუბრობდით, მხოლოდ ცალკეული სიტყვები მესმოდა, საუბარს ვერ ვახერხებდი. თუმცა, არა მხოლოდ ენობრივი ბარიერი, სხვა პრობლემებიც მქონდა. იმ ასაკში ვიყავი, როდესაც მოზარდი თავს იმკვიდრებს და საბჭოთა კავშირში გაზრდილი ბავშვის მენტალობა სრულიად განსხვავდებოდა იმ რეალობისგან, რაც გერმანიაში დამხვდა. ადგილობრივ მოზარდებთან რამდენჯერმე საკმაოდ მძიმე კონფლიქტიც მომივიდა.
ვფიქრობ, ახალი გარემო არც ერთი მოზარდისთვის არ არის კომფორტული. ჩემსა და ადგილობრივებს შორის უდიდესი განსხვავება იყო. თუმცა, ჩემი ოჯახი ამ სირთულეებისთვის მზად გახლდათ. უფროსები გვამხნევებდნენ, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდებოდა. ამისთვის კი მთავარი ენობრივი ბარიერის გადალახვა იყო.
ბებიას გარდა თითქმის მთელმა ოჯახმა დავიწყეთ ენის კურსებზე სიარული... საბედნიეროდ, ძალიან სწრაფად შევძელით ენის შესწავლა, გენეტიკა ალბათ მაინც თავისას შვრება... ყველაზე რთულად სკოლის პერიოდი მახსენდება. შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე და პარალელურად, ბერლინში ციფრული ფოტო და ვიდეოსტუდია გავხსენი, გერმანელი პარტნიორი მყავდა და ერთად ვმუშაობდით. ყველა თანამშრომელი გერმანელი იყო, ამას მაშინდელი ხელმძღვანელობა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.
- ყაზახეთში ან რუსეთში ნათესავები დაგრჩათ?
- არა, 90-იან წლებში ყველანი გერმანიაში დაბრუნდნენ. იქ მეგობარიც კი არ დამრჩა. თუმცა, შემდეგ, დროთა განმავლობაში პოსტსაბჭოთა სივრციდან არაერთი ადამიანი გავიცანი და ურთიერთობა არც ერთ მათგანთან არ გამჭირვებია.
- დიდი ხნის წინ თქვენს წინაპარს საქართველოშიც მოუწია ცხოვრებამ, არა?
- დიახ, ჩემი ოჯახისგან ვიცი, რომ ჩემი დიდი ბებია ცხოვრობდა ბოლნისში. ჩვენებს იქ დიდი სახლიც ჰქონდათ. იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდნენ საქართველოში, რამდენიმე ვერსია მაქვს მოსმენილი - თითქოს ისინი რუსეთის იმპერიის მიერ ინტენსიური შევიწროების ფონზე, სამხრეთ გერმანიიდან ფაქტობრივად, ფეხით ჩავიდნენ. ხან მატარებლით, ხანაც ურმით, ბარგი-ბარხანა აკიდებულებმა ათასობით კილომეტრი გაიარეს და საბოლოოდ საქართველოში, ბოლნისში დასახლდნენ.
კიდევ ერთი ოფიციალური ვერსიით, ისინი იქ სამხრეთ გერმანიიდან, ვიურტემბერგიდან წამოსულან, ასევე რუსეთის იმპერიის ხელშეწყობით და საქართველოში დასახლებულან. დარწმუნებული ვარ, ადგილობრივებისგან დამოუკიდებლად, ჩაკეტილად ცხოვრობდნენ. მას შემდეგ, რაც თავად ვნახე და კომუნიკაციის მოყვარული ქართველები გავიცანი, რომლებსაც უცხო ადამიანთან, თუნდაც ენობრივი ბარიერის მიუხედავად, საერთოს გამონახვა არ უჭირთ, წარმომიდგენია, თავდაპირველად გერმანელების კარჩაკეტილობას როგორ ვერ ეგუებოდნენ... შემდეგ, როგორც ვიცი, გერმანელები საკმაოდ კარგად ინტეგრირდნენ, ეკონომიკურადაც მოძლიერდნენ, ფერმერობასა და მეხილეობას მისდევდნენ. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, იქ დღემდე ამზადებენ გერმანულ კერძებს.
მყავს ნათესავები, რომლებმაც საქართველოში, ბოლნისში ჩვენი საერთო წინაპრების ცხოვრების შესახებ მეტი იციან. მათაც ძალიან უნდათ, ერთხელ მაინც ნახონ ბოლნისი. ვფიქრობ, ამაში შეუძლებელი არაფერია. ადგილობრივებმა იციან, რომელი გვარები სად ცხოვრობდნენ.
ჩვენს წინაპრებს იქ ლუთერანული ეკლესიაც კი აუგით, ანუ საფუძვლიანად დამკვიდრებულან. ასევე გავიგე, რომ ვაზის ჯიშები ადგილობრივებმა გაუზიარეს, მაგრამ ღვინოს ქართულ ტრადიციულ ქვევრში არ ინახავდნენ, ხის კასრებში ასხამდნენო. ძალიან მიყვარს წარსულში მოგზაურობა.
- საქართველოს როდის სტუმრობდით?
- პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2021 წელს, მონაკოელი მეღვინეებისა და დეგუსტატორების დაკვეთით, მსოფლიოს ოც საუკეთესო სომელიესთან ერთად, საქართველოში მომიხდა ჩასვლა. დაახლოებით ორი კვირა დავრჩით. კახეთის რეგიონს, ასევე, მცხეთასა და საქართველოს რამდენიმე სხვა ქალაქს ვესტუმრეთ. როდესაც ერთკვირიანი გადაღებები დასრულდა, გადავწყვიტე, კიდევ ერთი კვირა დავრჩენილიყავი, ბოლნისის მონახულება მინდოდა.
ჩემმა ქართველმა მეგობარმა, რომელიც თან გვახლდა და ჩვენთან ერთად მუშაობდა, ბოლნისი დამათვალიერებინა. ყველაფერი, რასაც ბებია თავისი ბებიისგან გადმოცემით მიყვებოდა, თვალწინ დამიდგა. იქ შესვლისთანავე გერმანული არქიტექტურა თვალში მომხვდა. თუმცა, შევამჩნიე, რესტავრაცია სჭირდება და ვიცი, ამისთვის დიდი თანხაა საჭირო. იმედია, ოდესმე ესეც მოხდება. ვფიქრობ, ტურისტული თვალსაზრისით, ეს ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება.
- იპოვეთ რამე ისეთი, რაც გერმანიის სოფლებში შემორჩენილ ძველ არქიტექტურაში შეგხვედრიათ?
- ის, რასაც ბებია მიყვებოდა: გერმანული სტილის ქუჩები, სახლები და აივნები, ჩემს ფანტაზიაში არსებულისგან შორს არის, მსგავსი ვერაფერი ვნახე... ადგილობრივებს გამოველაპარაკეთ და ვკითხეთ გერმანელების შესახებ. რასაკვირველია ახსოვდათ, გადმოცემით იცოდნენ რაღაც-რაღაცები მათი ცხოვრების წესზე, ყოველდღიურობაზე.
მოხუცი ცოლ-ქმარი გავიცანი და მათ გვანახვეს ის უბანი, სადაც წლების წინ გერმანელები ცხოვრობდნენ. ძალიან მშრომელები იყვნენ, მიწის მეურნეობას მისდევდნენ, ვენახები ჰქონდათ, ღვინოს აყენებდნენ, კომპაქტურად ცხოვრობდნენ. 90-იან წლებამდე და შემდეგაც, თანდათან დატოვეს აქაურობა, თუმცა, ბოლო წლებში ბევრი ჩასულა, თავიანთი სახლები მოუძიებიათ, ზოგმა შესყიდვა, რეაბილიტაცია და ბიზნესცენტრად გადაქცევა გადაწყვიტაო.
ძალიან გამიხარდა, მრავალფეროვნებისთვის მშვენიერი იდეაა. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი ბიზნესგადაღებაზე, არაერთ დოკუმენტურ ფილმზე მიმუშავია და მათი დიდი ნაწილი, რეპატრიანტების თემატიკას მოიცავს - აბორიგენები ასაკში შესვლის შემდეგ ისტორიულ სამშობლოში ბრუნდებიან ან ის ადამიანები, რომელთაც გადასახლების შემდეგ გარკვეული დრო რომელიმე ქვეყანაში სტაბილურად გაუტარებიათ, აღიარებენ, რომ მომდევნო წლები იქაურობაზე ფიქრი არ ასვენებდათ; ენატრებოდათ ის ადგილი, სადაც რაღაც შეუქმნიათ - სახლი აუშენებიათ, ვენახი გაუშენებიათ, საფლავი გაუჭრიათ და ახლობლები იქაური მიწისთვის მიუბარებიათ. ამიტომ, არც გამკვირვებია, რომ გერმანელებს, უფრო სწორად, ბოლნისიდან წასული გერმანელების შთამომავლებსაც საქართველოსკენ გამოუწიათ გულმა.
სხვებმაც გვითხრეს, ვიღაცებს ბოლნისში დარჩენილი სახლების რეაბილიტაცია და თუნდაც შვებულების გატარება უნდათ, თუმცა, ასეთები ძალიან ცოტანი არიანო.
- ამაზე თავად თუ გიფიქრიათ?
- არ ვიცი, იქ ჩემი წინაპრის სახლს რა ბედი ეწია, საერთოდ დარჩა თუ არა. შესაძლოა, უკვე დანგრეულია, გადაყიდეს ან სულაც, ვიღაცამ ისე შეარემონტა, რომ პირვანდელი იერი დაკარგული აქვს. ახლა ამის ძებნა რთულია. თუმცა, ძალიან მინდა იქაურობაზე დოკუმენტური ფილმი გადავიღო. შევაგროვო ცნობები, რაც თუნდაც ჩემს ნათესავებს აქვთ შემორჩენილი და ადგილობრივებისგან მოსმენილს შევადარო...
გარდა ამისა, მთლიანობაში, საქართველომ ჩემზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, აუცილებლად დავბრუნდები. პროფესიიდან გამომდინარე, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ვყოფილვარ, მნიშვნელობა არა აქვს, განვითარებულია, დაბალი განვითარების თუ სუპერგანვითარებული, მაგრამ ასეთი თბილი ხალხი არსად მინახავს. ბებიისგან ვიცოდი თქვენს სტუმარმასპინძლობაზე, მაგრამ ხომ იცით, ადამიანები, ერი, ქვეყანა თავად უნდა ნახო და გაიცნო. სრულიად უცხო ხალხი მისალმების შემდეგ შინ გვეპატიჟებოდა და როცა არ მივყვებოდით, იქვე, სადაც ვიდექით, სუფრას შლიდნენ... ყველაფრის სწავლა შეიძლება, მაღალი ტექნოლოგიების შექმნა და დაუფლებაც არ არის პრობლემა, თუ შესაბამისი გარემო არსებობს, მაგრამ უძველესი, დღემდე შემონახული მრავალფეროვანი ადათების, ტრადიციად ქცეული სტუმართმოყვარეობის შეძენა შეუძლებელია. ასე მგონია, საქართველოში სტუმარი განსაკუთრებულად უყვართ. ხანდახან, როდესაც საკვებ ობიექტებში შევდიოდით, ისე გვხვდებოდნენ, მეგონა, რომ ტურისტი და ვიზიტორი კი არა, მათი სტუმრები ვიყავით. არაერთხელ, იმაზე მეტი რამ მოუტანიათ, ვიდრე შეგვიკვეთია. თავიდან ვაპროტესტებდი, ეს კერძი არ შეგვიკვეთია-მეთქი, ისინი კი პასუხად მხოლოდ თბილად მიღიმოდნენ. უგემრიელესი სამზარეულო გაქვთ. ვფიქრობ, საქართველოს მეტი პოპულარიზაცია სჭირდება, მენეჯმენტის მხრივაც სამუშაოა. ულამაზესი ბუნება, საინტერესო ტრადიციები მეტ პოპულარობას იმსახურებს.
- თქვენს საქმიანობაზეც გვიამბეთ.
- წლების განმავლობაში ვმუშაობდი იმ ადამიანებთან, ვისაც ლაქშერული ცხოვრება მოსწონს. ვიღებდით მათთვის ძვირფას, სამახსოვრო დღეებს, იუბილეებს, ძეობებს, ქორწილებს, ნიშნობებს, წვეულებებს, რომელთაც ხან ძვირად ღირებულ იახტებზე იხდიდნენ, ხანაც რესტორნებსა და სასტუმროებში. ეს ზოგჯერ ძალიან დამღლელია, მაგრამ საინტერესოცაა. მაქვს ჩემი ტელევიზია, სადაც მსგავსი ადამიანების შესახებ გადის გადაცემები ან დოკუმენტური ფილმები... ხშირად მიწევს მოგზაურობა ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის შვეიცარია, ესპანეთი, იტალია, იქიდან რომ რეპორტაჟი მოვამზადო. ეს არის მულტიმედია, ანუ ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელსაც შემდეგ ვყიდით. გადავიღეთ "ფორმულა 1" და არაერთი მსგავსი პროექტი.
რამდენიმე წელი ვიცხოვრე მონაკოში. ძალიან საინტერესო ქვეყანაა. ბოლო პრეზენტაციაც იქ მქონდა. თუმცა, ზოგჯერ ძალიან მინდა ამ ყველაფერს გავექცე. ჯერჯერობით ამას ვახერხებ. როდესაც ბაზარი დიდია, კონკურენციაც დიდია და მუდმივად მოქმედებაში უნდა იყო, სხვაგვარად გაქრები.
ლალი პაპასკირი