ხათუნა კოტრიკაძე - არასდროს რომ არ დაგავიწყდება, ისეთი ადამიანი წავიდა...
პოპულარობა მის ცხოვრებაში მოულოდნელად, 15 წლის ასაკში მოვიდა, როცა ფილმში ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე გადაიღეს...
სულ სამ ფილმში ითამაშა და მაყურებელს თავი სილამაზითა და გულწრფელობით სამუდამოდ დაამახსოვრა, მაგრამ კინოდან მალევე, ასევე მოულოდნელად გაქრა... არტისტობაზე უარი მეუღლის, ფეხბურთელ დავით გოგიას თხოვნით თქვა, თუმცა საჯაროობის მოყვარული თავადაც არ ყოფილა. თვალთახედვის არიდან წლების განმავლობაში გაქრა, მაგრამ მაინც დარჩა - ასეთი ბედი ბევრს არ ჰქონია...
"პატარა კი ვიყავი, მაგრამ ჯერ კიდევ სკოლის ფორმაში მახსოვს მისი ფოტოები, როლზე რომ დამტკიცდა ამ კაბაში. თემო ფეხბურთს მეთამაშებოდა, ხათუნა კი ადამიანად არ მთვლიდა. "მეთხუთმეტე გაზაფხული" ბიძაჩემის, სოსო ჩხაიძის მეორე მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო და ხათუნა კოტრიკაძისთვის პირველი კინონამუშევარი", - დაწერა ხელოვნებათმცოდნე დავით ცხადაძემ, რომელიც ამის შემდეგ AMBEBI.GE-საც გაესაუბრა:
- ხათუნას დებიუტი კინოში ბიძაჩემის, სოსო ჩხაიძის მეორე ფილმში "მეთხუთმეტე გაზაფხული" შედგა... სახლი სავსე გვქონდა ლამაზი გოგოების ფოტოებით, ხათუნა იმ ფოტოებში და იმ გოგოებიდან გამორჩეულად ლამაზი იყო, რაც მთავარია, კინოგენურიც გახლდათ...
...იმ ფოტოებიდან, რაც მაგიდაზე ეწყო, ხათუნა სკოლის ფორმაში მახსოვს... მერე გაზაფხული და ზაფხული რომ დადგა, ხათუნა კაბაში გამოჩნდა, საოცარი იყო... მახსოვს, ბიძაჩემმა თქვა, ამ კაბაში გადავიღებო და ასეც მოხდა...
...უცნაური ბედის აღმოჩნდა - ფეხბურთელის, თბილისის "დინამოს" მეკარის, დავით გოგიას ცოლი გახდა, თავისი თავი ოჯახს მიუძღვნა და საერთოდ გაქრა. არანაირი კონტაქტი არ ჰქონია არც ბიძაჩემთან და არც არავისთან... გული დამწყდა, ასე ადრე რომ გარდაიცვალა...
ლელა ოჩიაური, კინოკრიტიკოსი:
- ხათუნა არ იყო მხოლოდ ლამაზი, ლამაზი გოგოები მაშინაც იყვნენ, დღესაც არიან, მაგრამ მას კიდევ რაღაც სხვა ჰქონდა - გამორჩეული ფაქტურა, ჟღალი თმა, ჭორფლი, ლამაზი ტუჩები, თვალები, მომხიბვლელი გამოხედვა. ასევე ჩანდა, რომ ძალზე დადებითი ადამიანი იყო. მაყურებელი ასე აღვიქვამდით... ამ ფილმების შემდეგ კინოდან მალევე გაქრა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვისაც ის ფილმები ნანახი აქვს, ხათუნა დღესაც ყველას ახსოვს... მერე მასზე ამ ნამუშევრებიდან, მისი გარეგნობიდან და საზოგადოებისთვის დახურული პირადი სივრცის გამო, რაღაც ლეგენდის მსგავსიც გაჩნდა... ისეთი ადამიანი წავიდა,
არასდროს რომ არ დაგავიწყდება. საწყენია, რომ ასე ადრე გარდაიცვალა და საერთოდ, კინოში მეტად აღარ გამოჩნდა, მაგრამ ეს იყო მისი არჩევანიც, ცხოვრებაც, რომელშიც ჩვენ ვერ ჩავერევით და ვერავის განვსჯით. ამასთანავე, ეს მისი ბედისწერაც იყო...
თითქმის არც ერთ მედიასაშუალებას არ მოეპოვება მისი ინტერვიუ, არ მომზადებულა მასზე სატელევიზიო გადაცემა, სიუჟეტი. ამ ყველაფერზე უარს თავად აცხადებდა, რადგან პოპულარობა არ იზიდავდა და საჯაროდ გამოჩენაც არ უყვარდა. ინტერნეტსივრცეში ინტერმედია.გე-ზე მხოლოდ ერთადერთი სტატია "გოგონა "მხიარული რომანიდან" არსებობს, სადაც ამ ფილმის გადაღების სხვადასხვა ეპიზოდს ხათუნა კოტრიკაძე იხსენებს (ოღონდ, მითითებული არ არის, სად, ვისთან და როდის არის ეს საუბარი ჩაწერილი): "გადაღებების დროს ძალიან მანებივრებდნენ. ამ ფილმში ახალგაზრდები მხოლოდ მე და რამაზ გიორგობიანი ვიყავით. რამაზი ძალიან განათლებული, კეთილი, ნამდვილი ინტელიგენტი კაცი იყო. მასთან თამაში მსიამოვნებდა. დანარჩენები ცნობილი ასაკოვანი მსახიობები იყვნენ... იღებდნენ სცენას, როდესაც იპოლიტე ხვიჩია სხვენზეა ასული ჩემს "საქმროსთან" ერთად და ის თოკით აბამს. იმ დროს კი იპოლიტეს წყალს ასხამდნენ. ეს ეპიზოდი რამდენიმე დუბლით გადაიღეს. იპოლიტეს იმდენი წყალი შეასხეს, რომ ქვევით ჩამოვიდა და ჩვენც გავიწუწეთ...
ქორწილის სცენა, სადაც იპოლიტე პისტოლეტს იღებს და ტყვიას თავში იხლის, ყველაზე სასაცილო იყო. ამ ეპიზოდის გადაღებისას ყველას სიცილი უტყდებოდა, ვეღარ ჩერდებოდნენ და ყველაფრის თავიდან გადაღება გვიწევდა".
იქვე ჰყვება, რომ ფილმის "მოიტაცეს თამარ ქალი" გადაღებები თურმე მის დაბადების დღეს დაემთხვა. შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაწყვიტა, მსახიობისთვის გრანდიოზული დაბადების დღე მოეწყო და დაუვიწყარი დღესასწაული ეჩუქებინა: "ის დაბადების დღე არასოდეს დამავიწყდება. გია ავალიშვილი ფილმში ჩემს შეყვარებულს თამაშობდა და საოცრად მღეროდა, უკრავდა გიტარაზე. სიმღერები და სასიამოვნო მელოდიები არც დაბადების დღეზე მომაკლო..."
მიუხედავად იმისა, რომ ხათუნა კოტრიკაძემ სამ ფილმში ითამაშა, კინოსამყაროთი არ მოიხიბლა:
"კინო ჩემთვის საინტერესო არ აღმოჩნდა, მისით ვერ მოვიხიბლე. ყველას უკვირდა, ამდენი იმუშავე კამერასთან, გადასაღებ მოედანზე, ასეთ მსახიობებთან და როგორ არ "მოიწამლეო"? არ ვიცი, ეკრანზე როგორი ვჩანვარ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ვარ. კინო სახალხო პროფესიაა, სულ ყურადღების ცენტრში გიწევს ყოფნა, რაც არ მიყვარს. როდესაც ქუჩაში მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ, ის გოგონა არ ხარ, "მხიარულ რომანში" რომ თამაშობო, ვიტყუებოდი, არა-მეთქი. არ ვიცი, რა ჰქვია ამას, მაგრამ ფაქტია, პოპულარობა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს".
P.S. ჟურნალის - "გზა" რედაქცია სამძიმარს უცხადებს მსახიობის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს...