„ყველაფერი ხელს უწყობს, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი გახდეს“
7 წლის ლუკა დუნდუა ამერიკაში მოკლემეტრაჟიან ფილმში „საჰარა“ გადაიღეს, რომელიც "ოსკარზე" იქნება წარდგენილი... ლუკა ამერიკაში, ნიუ-იორკში დაიბადა, ახლა მეორე კლასში სწავლობს და უყვარს სიმღერა, ცეკვა, ხატვა, ჩოგბურთი, ცურვა. ოცნებობს მსახიობობაზე... სწავლობს ქართული კულტურის ცენტრში, საბავშო თეატრში ცუცა კაპანაძესთან...
მამამისი გიორგი დუნდუა პროფესიით მსახიობია. იგი 25 წელია ამერიკაში ცხოვრობს. დედა - ანა ვასაძე ფარმაცევტი გახლავთ. ლუკა კარგად საუბრობს ქართულად. ის რამდენჯერმე იყო კიდეც საქართველოში და მართალია, ამერიკაში ცხოვრობს, მაგრამ სულით ხორცამდე ქართველია...
ანა ვასაძე:
- ლუკა მოკლემეტრაჟიან ამერიკულ ფილმში "საჰარა” გადაიღეს... ასევე გადაღებულია ფილმში „ამერიკიდან ფიროსმანამდე“, რომლის რეჟისორები მიხეილ და მარიამ ყანდარელები გახლავან... ლუკა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა კურთხევით "საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების” წევრია ნიუ-იორკში...
ცუცა კაპანაძე:
- უკვე მესამე წელია, რაც ლუკა დუნდუა ჩემი მოსწავლეა. დაუსრულებლად შემიძლია მასზე ვისაუბრო, მართლაც უნიჭიერესი, არაჩვეულებრივი, უნიკალური ბავშვია... ლუკა ლიკა და ვიქტორ სირელსონების მიერ დაარსებული ქართული კულტურის ცენტრთან - Dანცინყ ჩრანე ჩომპანყ - Gეორგიან ჩულტურალ ჩენტერ არსებული ბავშვთა ქართული თეატრის პატარა მსახიობია, ჩვენთან უკვე მესამე სპექტაკლს თამაშობს. მასთან და საერთოდ, ყველა ბავშვთან მუშაობა ერთი დიდი სიამოვნებაა... როცა სპექტაკლის დადგმას ვიწყებ, მათ უმეტესობას აინტერესებს, რა პიესაა, მისი როლი რა იქნება და ასე შემდეგ... ლუკას განსაკუთრებით ბევრი შეკითხვა აქვს, ისე, რომ ბოლოს ვიღლები და ვეუბნები: ძალიან ბევრ კითხვას სვამ, ცოტაც მოიცადე, ნელ-ნელა ყველაფერს აგიხსნი-მეთქი...
ლუკა ერთ-ერთ სპექტაკლში ვამღერე... ებრაელის, შალომის როლი არაჩვეულებრივად ითამაშა. მარტო მე კი არა, მაყურებელიც გაოცებული დარჩა მისით. ჯერ ისეთი ჩაცმული მოვიდა, როგორც ებრაელი... არაჩვეულებრივად იმღერა, რა თქმა უნდა, ცოცხლად... ჩვენი მუსიკის მასწავლებელს - ეკა ჩიჩუას ვუთხარი: მინდა ცოცხლად იმღერონ-მეთქი და მან მიპასუხა: არ შეგეშინდეს, ყველა ბავშვი იმღერებსო. მართლაც უკვე მესამე წელია, ცოცხლად მღერიან და არაჩვეულებრივად თამაშობენ.
ლუკას სპექტაკლში „ბულბულის იუბილე“ მონოლოგი ჰქონდა და როლს იმდენად სერიოზულად მოეკიდა, მეტი არ შეიძლებოდა... ახლა ვდგამთ სპექტაკლს „ძველი თბილისი“, სადაც მოქმედება იტალიურ ეზოში ხდება. სპექტაკლში ფიროსმანის გმირები - მარგარიტა და მეთევზე შევიყვანე...
ლუკას რომ ავუხსენი, ფიროსმანი ვინ იყო, კავშირი რომელ გმირებთან ჰქონდა, შემდეგ დაინტერესდა მარგარიტას ვინაობით. თავის გმირიდან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაიგოს, რომ კარგად ითამაშოს, ხასიათი შექმნას. ჩამოყალიბებული მსახიობივით იქცევა... ამ პიესაზე რომ ვისაუბრეთ, იმ დღეს შინ მისულს დედისთვის უთხოვია, ფიროსმანზე წიგნი თუ გვაქვს, მომეციო. როლზე ხომ ასე მუშაობს და თან, საოცარი დამოკიდებულება აქვს პარტნიორებთან...
როცა ახსნას ვიწყებ, ფიროსმანის პერიოდის თბილისში რაც ხდებოდა, ვერ წარმოიდგენთ, როგორი გაფართოებული თვალებით მიყურებენ ჩემი ბავშვები და ამით ვარ ბედნიერი. ბავშვები აქ მარტო ქართულად მეტყველებას, საუბარს კი არ სწავლობენ, არამედ თავიანთ სამშობლოზე ძალიან ბევრს იგებენ... შეიძლება მათგან მსახიობი არც ერთი არ გამოვიდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თითოეული ძალიან კარგი მაყურებელი იქნება, სხვა სპექტაკლებს სწორად შეაფასებენ... ჩემთვის უმთავრესია, ქართულად იმეტყველონ, ჭეშმარიტი ქართველები გაიზარდონ, ქართული ხელოვნება, განსაკუთრებით კი თეატრი უყვარდეთ. ზუსტად აღიქვან ის, რაც აუცილებელია, რომ თეატრიდან მიიღო და ამით დატკბე...
- ლუკას მამაც მსახიობი ჰყავს, არა?
- დიახ, გიორგი დუნდუა მსახიობია, ჩვენ ნიუ-იორკის ქართულ თეატრში პარტნიორები ვართ.
- ლუკაც ამბობს, რომ მსახიობობაზე ოცნებობს...
- დიახ და შესაძლებელია, ჰოლივუდშიც აღმოჩნდეს... არაფერია გამორიცხული, რადგან აქ დაბადებულია და ყველანაირი პირობა აქვს საიმისოდ, რომ ვარსკვლავი გახდეს და სამშობლო ასახელოს!
დაბოლოს, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს პედაგოგებს, რომლებიც მხარში მიდგანან: ანი გადელია, თენგიზ შაუთიძე, ილია სვიანიძე, მხატვარი ნინო სიხარულიძე და განსაკუთრებული მადლობა ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელებს ვიქტორ და ლია სირელსონებს... მათ გარეშე წარმოუდგენელია რამე გაკეთდეს. ჩვენ ყველა ერთად დიდი ოჯახი ვართ.
მანანა გაბრიჭიძე