"ერთი ძაღლის გადარჩენა ვერ შეცვლის სამყაროს, მაგრამ ამ ერთი ძაღლისთვის სამყარო სამუდამოდ შეიცვლება" - გზაპრესი

"ერთი ძაღლის გადარჩენა ვერ შეცვლის სამყაროს, მაგრამ ამ ერთი ძაღლისთვის სამყარო სამუდამოდ შეიცვლება"

- ეს ქვეყანა, ქალაქი, ქუჩა, ბუნება - ცხოველისიცაა. მარტო ადამიანის მიმართ გაწეული დახმარება და თანადგომა არაა სიკეთე, ცხოველის მიმართ გულისხმიერი დამოკიდებულებაც სათნოებაა უფლისთვის. ბოლოს და ბოლოს, ისინიც ხომ ჩვენსავით, ღმერთმა შექმნა. მათაც ჩვენსავით, არჩევანი არ ჰქონდათ...

თანაც, მაგალითად ძაღლს შეუძლია, ბედნიერების განცდა მოგვანიჭოს: სიყვარულის, მადლიერების, მზრუნველობის, ნდობისა და ერთგულების სახით. დღეს მინდა გაგაცნოთ, ჩვენი ქვეყნის გამორჩეული ადამიანები, რომელთაც ძაღლთმოყვარეები ჰქვიათ. ისინი სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ ერთი გულისტკივილი აერთიანებთ და სამაგალითო ცოცხალ სიკეთის ჯაჭვს ერთად ქმნიან.

fb-img-1707416674190-copy-1708714829.jpg

ქუთაისელი, 40 წლის ონისე მელქაძე ვიდეოოპერატორია და ცხოვრობს დედასთან, ასევე ოთხ ძაღლთან ერთად. ამ ცხოველებისადმი მისი ერთგულება უკვე 15 წელს ითვლის:

- პირველად ჩემს ცხოვრებაში ბიმი გაჩნდა, რომელიც მეგობარმა მაჩუქა, ხოლო მერე იყო პინგო, რომელიც პირველად სამტრედიის თავშესაფარში, სხვა ძაღლის გადასარჩენად ჩასულმა შემთხვევით ვნახე და ჩემს დანახვაზე ისეთი ისტერიკული წკავწკავი მორთო, გულმა არ მომითმინა და წამოვიყვანე... მერე იყო დალმა, რომელიც ერთ დღეს სამსახურში მიმავალს, ჩემი მანქანის საბურავის ქვეშ შესკუპებული დამხვდა... მერე იყო ბუძგურია, რომელსაც სასაფლაოს გზიდან მომავალი შევხვდი და პურის ნატეხი გადავუგდე; შიშისგან არც კი მიჰკარებია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიანაც შიოდა. მეორე დღეს გულმა არ მომითმინა და მის სანახავად ისევ ავედი. აღარ მიუცხოვა, ჩემი მიწოდებული პურის ნატეხიც დააგემოვნა და იმ დღეს სახლში კიდევ ერთი ნამატით დავბრუნდი. სამი დღის მერე მეზობლად გავაჩუქე, სადაც ერთი ღამე დაჰყო და ვაი, იმ ყოფნას, ახალ პატრონს კარის გაღებას სთხოვდა, არაფრით მოასვენა და როგორც კი გაუღეს, ჩემთან დაბრუნდა. თითოეული ოჯახის წევრივით მიყვარს, მაგრამ პინგო მაინც განსაკუთრებულია, თბილი და მოსიყვარულე. სულ ცდილობს მაგრძნობინოს, რომ მადლიერია.

აბა წარმოიდგინეთ, რომ ევროპაში, გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში ბავშვის და ქალის უფლებების მერე, ძაღლის უფლებებია დაცული და მხოლოდ ამის შემდეგ - კაცთა უფლებები. ჩვენ ხშირად ვხვდებით სოციალურ ქსელებში ვიდეოებს, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ხელგაწვდილი ადამიანები ლუკმაპურს მიუსაფარ ქუჩის ძაღლებთან ერთად როგორ შოულობენ და მათ ლუკმას უყოფენ. კარგია, რომ ევროპელობა გვინდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მსგავსი მაგალითებით თუ ვიხელმძღვანელებთ, იქნებ მიზნის მოღწევა იმაზე ადრეც შევძლოთ, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია.

მხოლოდ ერთი-ორი კაცის სიყვარული არ ეყოფა ამხელა ქვეყანას, სახელმწიფომაც უნდა მიიღოს ზომები. თანხების გამოყოფა არაა მთავარი. თუ მასობრივად დაიწყება ძაღლების სტერილიზაცია და კასტრაცია, ნაკლები მიუსაფარი ეყოლება ქვეყანას, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავშესაფრების არასაკმარისი რაოდენობაა დასავლეთში და ამ მხრივაც, ძაღლების ყოფა უკვე გაუსაძლისია. არ შეიძლება სხვის იმედად გიყვარდეს ცხოველი.

- ძაღლთმოძულეებს რას ეტყვით?

- თქვენს შვილებს თავიდანვე შეაყვარეთ ცხოველები, თუ გინდათ, რომ ისინი კაცთმოძულეებად და მოძალადეებად არ ჩამოყალიბდნენ.

- ახალი კანონის მიღებასთან დაკავშირებით რა აზრის ხართ?

- მისაღებია და აბსოლუტურად ვემხრობი ჯარიმის დაწესებას ცხოველის მიტოვებასთან დაკავშირებით. კარგი იქნებოდა, ჯარიმის ოდენობა უფრო კოლოსალურიც ყოფილიყო. აუცილებელია ითქვას, რომ თუ ქუჩის ცხოველების მასობრივი წმენდა დაიწყება, ჯანმრთელი ცხოველი უნდა იყოს ხელშეუხებელი. მერე რა რომ ქუჩისაა?.. სამ ცხოველს ბევრი არ იყოლიებს შინ, მაგრამ ვისაც გვყავს, ისინი ვკითხულობთ: აქვს კი სახელმწიფოს იმის საშუალება, რომ ჩვენ, ვისაც უკვე გვყავს სამზე მეტი ცხოველი შეფარებული და იძულებით უარს ვიტყვით მათ მოვლაზე, აიღებს კი მათზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო? ვინ იზრუნებს ამ ცხოველებზე და შეუქმნიან კი იმ პირობებს, როგორშიც ჩვენ ვამყოფებთ? ვიდრე რამეს აგვიკრძალავენ, კითხვებზე პასუხი უნდა გაგვცენ, აუცილებლად!

matilta-mirzoeva-copy-1708714851.jpg

48 წლის, სიღნაღელი მატილდა მირზოევა ორი შვილისა და ოცდაშვიდი მიუსაფარი ძაღლის პატრონია:

- ბავშვობაში, დაახლოებით ხუთი წლიდან ქუჩის ძაღლებს დავდევდი და მერე მამამ მოსკოვიდან "ბალონკა" ჩამომიყვანა, საკუთარი რომ ეყოლება, ქუჩის ძაღლებს შეეშვებაო. ადრე ჩემს სახლთან მიტოვებული ნაგავსაყრელი იყო და მთელი რაიონის უპატრონო ძაღლები იქ ირეოდნენ. როცა მომრავლდნენ, საშიშად მოეჩვენათ და მათი მოწამვლით დაიწყეს ამ პრობლემის მოგვარება. ჰოდა, ზოგი გადავარჩინე, ზოგი სახლში გადავმალე, მაგრამ უმრავლესობა ხელში ჩამაკვდა. ხალხმა ვერ გაიგო, რომ ცხოველის მოკვლა არ არის გამოსავალი... არაერთი ძაღლი ჩემს კართან დაუსვამთ. ჰოდა, ასე გაიზარდა ჩვენი ოჯახი და დღეს ჩემს ორსართულიან სახლში ოცდაშვიდი ძაღლი მყავს. შვილები თბილისში სწავლობენ და მუშაობენ. თუ რამე შეუძლიათ, მეხმარებიან. თუმცა, ხანდახან გაუსაძლისია, მით უმეტეს ზამთარში. გეფიცებით, საიდან რას ვახერხებ, არ ვიცი. ბოლო დროს მიხაროდა, თითქოს ადამიანებმა მზრუნველობის გამოჩენა დაიწყეს, მაგრამ მერე, როცა ვიღაცებმა ცხოველების მოვლა შემოსავლის წყაროდ გაიხდეს, ბევრ კეთილ ადამიანს გული აუცრუვდა და ამით ჩვენც დავზარალდით...

იცით, ცხოველსაც აქვს სიცივისა და შიმშილის განცდა, უბრალოდ ლაპარაკი არ იცის და ამ კუთხით სისტემა დასალაგებელია. თუნდაც მასობრივი აგიტაცია დაიწყონ და მოსახლეობას მზრუნველობის გამოჩენის მაგალითი მისცენ... ვიდრე ჩემი ძაღლები იცოცხლებენ, მე მათ ვერასოდეს ვუღალატებ. დედა რომ დამეღუპა, არ ვიცოდით სახლში როგორ და სად დაგვესვენებინა, ამიტომ "ეკიპაჟმა" გადაიყვანა ჩემი ძაღლები სხვა ქალაქის თავშესაფარში და დასაფლავების მერე უკან დამიბრუნეს.

ჩემი ნატვრაა, სადმე სოფელში თავშესაფარი მქონდეს, რომელსაც ეზო ექნება და ასე სახლში გამოკეტილები კი არ იქნებიან, სარბენი და სანავარდო ადგილი ექნებათ. ამათ მოვლაში ხან ისე შემომაღამდება, ლუკმა არა მაქვს ნაჭამი და შეიძლება არც გამახსენდეს, რომ უჭმელ-უსმელი ვარ. რა ვქნა, ძაღლს რომ უვლი და გრძნობ, მასაც შეუყვარდი, ეიმედები, მერე გიჭირს მისი დათმობა.

- განქორწინების შემდეგ დაოჯახება აღარ გიცდიათ?

- ზოგს ერთშვილიანი გოგო არ უნდათ ცოლად და ოცდაშვიდი ძაღლით მე ვინ წამიყვანს (იცინის)?

- დაბოლოს, რას ფიქრობთ ახალმიღებულ კანონზე ცხოველთა შესახებ?

- როცა ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსს დავთანხმდით, ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი პირდაპირ გვავალებდა, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა ჰუმანური დამოკიდებულება მიუსაფარი ცხოველების მიმართ. მასობრივი კონტროლი კი არ უნდა დაიწყოს, თუ ვის რამდენი ცხოველი ჰყავს, არამედ როგორც არჩევნების დროს ხდება, უნდა დაიწყოს ოჯახების აღრიცხვა და გაკონტროლდეს სტერილიზაცია-კასტრაცია, ჯარიმებიც ამ მიმართულებით უნდა დაწესდეს... ჩემი აზრით, ეს კანონი უფრო გაამრავლებს მიუსაფარი ცხოველების რაოდენობას. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ცხოველთმოყვარე ადამიანი ჩემსავით გაოგნებულია და გვაქვს კითხვა: ვინც უკვე შევიკედლეთ თუნდაც ძაღლები, ახლა უკან, ისევ ქუჩაში გავყაროთ?..

41 წლის ქობულეთელი ანეტა გოგმაჩაძე 5 აყვანილი და 17 შეფარებული ძაღლის პატრონია. დღედაღამ ქუჩის ძაღლების მოსავლელად გასულს, უკვე ორი კვირაა ამაოდ ვდარაჯობ, რომ საუბრისთვის ცოტაოდენი დრო წავართვა, მაგრამ თბილი და ტკბილი ბოდიშებით დროებით მემშვიდობება; ყველა ბოდიშს თავისი ისტორია აქვს: ერთხელ სასაფლაოზე მცხოვრები ძაღლი მიჰყავდა გასასტერილებლად, მეორედ ცენტრალურ გზაზე ორი ლეკვი უნახავს და, - გზას თუ არ მოვაშორე, დაიღუპებიანო; მესამედ პირზე მავთულხლართიანი ძაღლი იპოვეს და სასწრაფოდ უნდა დავაძინოთ, რომ გადავარჩინოთო... შემდეგ ცდაზე ტირილით მოთქვამდა, ორი ძაღლი გადმოუსვიათ და მანქანამ დაარტყა, ერთი დაიღუპა და მეორეს ფეხი აქვს მოგლეჯილი, სასწრაფოდ საოპერაციოა და გავრბივარო...

aneta-copy-1708714873.jpg

ამიტომ ანეტას "ფეისბუკს" გადავხედე და მის ერთ პოსტს გიზიარებთ:

"თუ გარეთ მიუსაფარ ცხოველს შენიშნავ, რომელსაც სცივა, შია, სწყურია ან შენგან მოფერებას ითხოვს, ნუ აუვლი გვერდს, მცირედი ზრუნვაც კი ბევრს ნიშნავს მათთვის..."

ღმერთო, ამხელა მადლიანი საქმითა და სიყვარულით ცხოვრება რა ძნელია და თან რა დიდი ბედნიერება...

ჩვენ, ვისაც ცხოველებზე ასეთი მზრუნველობის გამოჩენა არ შეგვიძლია, ასეთი ადამიანები მაინც შევიბრალოთ და გვერდით დავუდგეთ, რომ იგრძნონ, ამხელა სიკეთისთვის ბრძოლაში მარტონი სულაც არ არიან, რომ ჩვენ ბევრნი ვართ, ძალიან ბევრნი და ჩვენც მათთან ერთად ოდესმე აუცილებლად შევძლებთ შეუძლებელს.

ლიკა ჯანანაშვილი