პოლიციელი, მასწავლებელი და მსოფლიოს ჩემპიონი - გზაპრესი

პოლიციელი, მასწავლებელი და მსოფლიოს ჩემპიონი

მინდა გიგა ბერიაშვილი გაგაცნოთ. ის 30 წლისაა, ამჟამად გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტში მუშაობს, არის სპორტსმენი, კერძოდ - ძიუდოისტი და ძალოვანებს შორის ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. გიგა საინტერესო ამბებს გვიზიარებს.

ჩემპიონი

- ბავშვობიდან დავდიოდი ძიუდოზე და 18 წელი ამ სპორტით ვარ დაკავებული. პარალელურად, მამასთან ერთად ვავარჯიშებდი ბავშვებს. შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების მოქმედი წევრი ვიყავი სამბოში, აქტიური სპორტიდან რაღაც გარემოებების გამო წამოვედი და 2018 წელს კრიმინალურ პოლიციაში დავიწყე მუშაობა.

მოჭიდავეები განსაკუთრებულად ვერ ვიტანთ უსამართლობას და თუ გინდა, რომ უსამართლობას ებრძოლო, პოლიცია სწორედ ის სტრუქტურაა, სადაც შეგიძლია ეს გააკეთო.

2021 წელს გადავედი საპატრულო პოლიციაში. 2022 წელს მსოფლიოს ოლიმპიური თამაშები ჩატარდა ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში, პოლიციელებსა და მეხანძრეებს შორის, სადაც ვმონაწილეობდი ძიუდოში.

სამინისტროდან 5 სპორტსმენი ვიყავით და ოთხი ოქრო ჩამოვიტანეთ. 2023 წელს, ესპანეთის ქალაქ ტორევიეხაში კვლავ ჩატარდა ოლიმპიური თამაშები, სადაც მე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან ვიყავი წარდგენილი, ხოლო ჩემი მეგობარი - კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან. მე 66 კილოგრამი წონით კატეგორიაში, მეგობარმა გიორგი ბათიაშვილმა კი 73 კილოგრამ კატეგორიაში დავიკავეთ პირველი ადგილები და გავხდით ჩემპიონები.

ახლა გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტში ვმუშაობ. წელს ივლისში ევროპის ჩემპიონატი ტარდება სოფიაში და ამისთვის ვემზადები. ძალიან მინდა იქიდანაც პრიზი ჩამოვიტანო და დეპარტამენტიც ვასახელო.

420052736-3797966090431903-4273487397318720375-n-1708933433.jpg

"თქვენ სიცოცხლე გადაარჩინეთ"

- ესპანეთში რომ მივდიოდით, რაღა თქმა უნდა, ბინა წინასწარ ვიქირავეთ და თანხის ნაწილიც გადავიხადეთ, თუმცა, ადგილზე მისულებს სიურპრიზი დაგვხვდა - მეპატრონემ საკმაოდ სოლიდური თანხის დამატება მოგვთხოვა იმის გამო, რომ თურმე, ოთახში წესრიგია და ინტერნეტი. ეს, რა თქმა უნდა, გავაპროტესტეთ, საქმე იქამდე მივიდა, რომ პოლიცია გამოიძახეს. გული დაგვწყდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელებს ავუხსენით, მათი კოლეგები ჩემპიონატის გამო ვიყავით ჩასულები, მათი მხარდაჭერა ვერ მივიღეთ და ლამის დაგვიჭირეს...

როდესაც ჩემპიონატი დამთავრდა, ქართველებმა გასეირნება გადავწყვიტეთ და სანაპიროზე, ბულვარში წავედით. უეცრად მოხუცი ქალბატონის ყვირილი გავიგონეთ. მივხვდით, შველას ითხოვდა. გავიქეცით. ახალგაზრდა გოგონა მოხუც მამაკაცს ებღაუჭებოდა წყალში და მის გადარჩენას ცდილობდა - ამ მოხუცი ქალბატონის ქმარი ყოფილა. დაუფიქრებლად გადავხტით წყალში და ხელში აყვანილი გამოვიყვანეთ ნაპირზე. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან ერთად იყო ერთ-ერთი უცხოელი სპორტსმენიც, ჩემპიონატის მონაწილე, რომელიც მეხანძრე-მაშველი გახლდათ და ისიც მოგვეხმარა. მამაკაცმა თვალები ამოატრიალა, ბევრი წყალი ჰქონდა ნაყლაპი და დაახლოებით 35-40 წუთი ვუმუშავებდით გულს. ერთმანეთს ვენაცვლებოდით მე, ჩემი მეგობარი და ის პიროვნება. შემდეგ მოვიდა პოლიცია და გვთხოვა, თავი დაგვენებებინა. დავემორჩილეთ, გვეგონა, თვითონ ჩაგვენაცვლებოდნენ, მაგრამ არაფერი გააკეთეს, "სასწრაფოს" მოსვლას ელოდნენ, რომელიც აგვიანებდა, რადგან პლაჟზე შემოსვლა გაუჭირდა.

კაცმა აატრიალა თვალები და მთლიანად გათეთრდა. პოლიციელებს ვუთხარით, ვინც ვიყავით და ვთხოვეთ, - მიგვიშვით, რომ გული ავუმუშაოთო და ნება დაგვრთეს.

15 წუთის მერე მოვიდა "სასწრაფო". დაუდგეს შესაბამისი აპარატურა და მამაკაცი გადარჩა. შემდეგ გვითხრეს, - მადლობა, თქვენ სიცოცხლე გადაარჩინეთო. ეს იყო ჩვენთვის უბედნიერესი დღე.

ამ ფაქტს ირლანდიელი კაცი შეესწრო, ვინმე კევინ ბრაუნი. გვითხრა: სიცოცხლე გადაარჩინეთ და ახლა ჩემი სტუმრები ხართ, ჩემთან უნდა წამოხვიდეთო. რა თქმა უნდა, გავყევით. ჩვენს პატივსაცემად ძალიან დიდი სუფრა გაშალა. როცა ვუთხარით, ვიყავით სპორტსმენები, ჩემპიონები და პოლიციელები, სულ გადაირია და წამოსვლის დღემდე ჩვენთან ერთად იყო, არ მოგვშორებია. სამი დღე სუფრიდან სუფრაზე გადავყავდით, ძალიან დიდი პატივი გვცა.

406280243-1303269773714508-4741539261408183130-n-1708933418.jpg

ქართული ფინალი

- ოქტომბრის ბოლოს აბუდაბიში ვეტერანებს შორის ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც საქართველო 70 მონაწილით იყო წარმოდგენილი. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალამდე სამი შეხვედრა მოვიგე და შემდეგ შედგა ქართული ფინალი - ორი ქართველი ვიბრძოდით გამარჯვებისთვის. მეორე ადგილზე გავედი, მაგრამ მაინც გახარებული ვიყავი, რადგან ჩემპიონი ქართველი გახდა...

რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან კარგია და მადლობელი ვარ, რომ სამინისტრო ხელს გვიწყობს და საერთაშორისო ჩემპიონატებზე გამოვდივართ, მაგრამ კარგი იქნებოდა, თუ უფრო განავითარებდნენ ამ სფეროს თანამშრომელთათვის, შიდა ტურნირებს ჩაატარებენ. ბიჭებს იმის საშუალება ჰქონდეთ, რომ ივარჯიშონ და ტურნირებზე გამოვიდნენ. ეს იქნება მოტივაცია, ძალოვან სტრუქტურაში ბევრი სპორტსმენი მუშაობს. იმის თქმა მინდა, რომ უფრო მეტი წახალისება რომ ჰქონდეთ და უფრო მეტი ორგანიზებულობა, ბიჭებს გაცილებით მეტის სტიმული ექნებოდათ.

ახლა ბავშვებს ისევ ვავარჯიშებ, წყნეთში. სხვათა შორის, საკმაოდ ბევრია დაინტერესებული ამ სპორტით და 30 ბავშვიდან 20 ჩემპიონის გაზრდა შეიძლება. თავადაც ძალიან მოწადინებულები არიან და იმედი მაქვს, ბევრ ჩემპიონს აღვუზრდი ქვეყანას.

მაშო როინიშვილი