ფანდური - იშვიათი ჟღერადობის საკრავი და მისი გამომთლელი თიანეთელი ოსტატი - გზაპრესი

ფანდური - იშვიათი ჟღერადობის საკრავი და მისი გამომთლელი თიანეთელი ოსტატი

ფანდური ქართული ხალხური სიმებიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტია - მთისა დიდი ზომისაა, ბარის კი შედარებით პატარა. ფანდური საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იყო გავრცელებული. პირველად ამ ტერმინს მე-10 საუკუნის წერილობით წყაროებში ვხვდებით. მასზე უკრავდნენ როგორც მამაკაცები, ისე ქალები. წარსულში ის საუკეთესო სამახსოვრო ნივთად ითვლებოდა, რომელსაც ოჯახში თვალსაჩინო ადგილას, კედელზე ჰკიდებდნენ. მისი დამზადება რთულია, საკრავი მთლიანი ხისგან ითლება. ამ მიმართულებით ბევრი ხის ოსტატი არ გვყოლია და არც ახლა არიან. მათ შორის ერთ-ერთი ფანდურის გამოთლის ოსტატი ვლადიმერ გუშარაშვილია. თიანეთელი კაცი ამ უძველესი საქმის ნამდვილი ოსტატი ყოფილა. ვლადიმერ გუშარაშვილის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები თეოლოგმა ვატო ურუშაძემ ხის ოსტატის შვილიშვილის - გიორგი გუშარაშვილის დახმარებით შეაგროვა.

ვატო ურუშაძე:

- ძველად მთაში ფანდური ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი იყო და ეს საკრავი ფაქტობრივად, ყველა ოჯახში ჰქონდათ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ერთგვარი საკრალური მნიშვნელობაც ენიჭებოდა. დროსთან ერთად ბევრი რამ დავიწყებას ეძლევა, მათ შორის ტრადიციული ხალხური ფანდურის დამზადებაც. ესეც ერთგვარი რიტუალი იყო და საქმის მაღალპროფესიულ ცოდნას მოითხოვდა. სწორედ ამ საქმის ოსტატი გახლდათ ლადო გუშარაშვილი, რომელსაც თავის ხელობა სიცოცხლის ბოლომდე არ დავიწყებია.

ის 1929 წლის 15 დეკემბერს, თიანეთის სოფელ საყდრიონში დაიბადა. მამა - ალექსანდრე გუშარაშვილი მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას მისდევდა, ხოლო დედა - რახიელ ქარჩაიძე დიასახლისი იყო. ქალმა მთელი ცხოვრება შვილების აღზრდას მიუძღვნა. ოჯახს დიდი ტკივილის გადატანამაც მოუწია, 8 შვილიდან 3 ბავშვი ყვავილის სახადმა იმსხვერპლა.

გუშარაშვილები ხელმომჭირნედ ცხოვრობდნენ, ამიტომ სკოლის დამთავრების შემდეგ, ლადომ სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო. ის მშობლებს სამეურნეო საქმიანობაში ეხმარებოდა. თანდაყოლილი სიმღერის ნიჭი ბავშვობიდანვე გამოუვლენია. საინტერესოა მისი პირველი შეხება ფანდურთან, რამაც აღნიშნული საკრავით დაინტერესება და შემდგომში მისი დამზადების შესწავლა განაპირობა.

- ეს როგორ მოხდა?

- ლადო 16 წლის იყო, როცა ხატობისას შეესწრო, თუ როგორ უკრავდნენ ფანდურზე. ნანახმა და მოსმენილმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იმ დღიდან დაინტერესდა არა მარტო დაკვრით, არამედ საკრავის დამზადების ხელოვნებითაც. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ კი აღნიშნულ საქმიანობას უკვე აქტიურად შეუდგა. ძველი წესის თანახმად, ტრადიციული ხალხური ფანდური ერთი მთლიანი მორისგან ითლება. როგორც ჩანს, ვლადიმერ გუშარაშვილს ხეზე მუშაობის განსაკუთრებული ნიჭიც ჰქონდა, რადგან მთლიანი ხისგან მხოლოდ ცულის დახმარებით თლიდა ფანდურს, სხვა იარაღებს უკვე მოგვიანებით, საკრავის მუცლის ამოღებისას იყენებდა. რა თქმა, უნდა ფანდურის სიმებსაც ძველებური ძუისაგან აკეთებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით არანაირი განათლება არ ჰქონდა, მაინც ძალიან კარგად უკრავდა, მღეროდა და ამას შემორჩენილი ვიდეოჩანაწერებიც ადასტურებს. განსაკუთრებულად საყურადღებოა, რომ ლადოს სიმღერის დროს იმპროვიზაცია შეეძლო. ზოგჯერ ტექსტს გადააკეთებდა და ასევე მელოდიასაც, გარდა ამისა, ზოგჯერ ორივეს თავად იგონებდა. თბილისში ყოფნის პერიოდში ვლადიმერ გუშარაშვილს ცნობილი ქართველი შემსრულებელი, ჰამლეტ გონაშვილი გაუცნია. მომღერალი ლადოს მუსიკალური ნიჭით იმდენად მოხიბლულა, მისთვის დედაქალაქში დარჩენა და ანსამბლში სიმღერა შეუთავაზებია, მაგრამ ხელმოკლეობის გამო, ლადომ ეს ვერ მოახერხა. მოგვიანებით კი დაოჯახდა და ბევრად მეტი საქმეც დააწვა, ვიდრე მანამდე. ამიტომ ძირითადად, ისევ ფანდურის დამზადებით იყო დაკავებული, სიმღერით კი მხოლოდ ოჯახსა და შინაურ წრეში მღეროდა. მისი ნახელავი დიდი მოწონებით სარგებლობდა და მოთხოვნაც იყო, ამიტომ გარდაცვალების შემდეგაც არაერთს მოუკითხავს ლადო გუშარაშვილის დამზადებული ფანდური.

vladimer3-copy-1708933755.jpg

- როდის და როგორ აღესრულა? შთამომავლობა თუ დარჩა?

- როგორი საინტერესოც იყო მისი ცხოვრება, ასევე საინტერესოა მისი გარდაცვალების ამბავიც. ლადოს მეუღლე ძალიან ჰყვარებია და თურმე, ხშირად ამბობდა, - ღმერთო, მის სიკვდილს ნუ მომასწრებო. მართლაც, ღრმად მოხუცებული - 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, მეორე დღეს კი მისი მეუღლეც აღესრულა და ცოლ-ქმრის დაკრძალვის რიტუალი ერთ დღეს გაიმართა. რაც შეეხება მის ოჯახსა და შთამომავლებს, აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ლადოს ძმა - მიხაც ძალიან მაღალ დონეზე ამზადებდა ფანდურებს და ასევე არაჩვეულებრივი დაკვრა სცოდნია. დღეს ვლადიმერ გუშარაშვილის 2 ძმა ცოცხალია: ომარი თიანეთის სოფელ დევენაანთხევში ცხოვრობს და ნოდარი, რომელიც სოფელ საყდრიონშია დასახლებული. თავად ლადო გუშარაშვილს კი 3 ვაჟი, 8 შვილიშვილი და 10 შვილთაშვილი დარჩა.

ანა კალანდაძე