"არ ვმარცხდებით, მაგრამ ვერც ვიმარჯვებთ" - გზაპრესი

"არ ვმარცხდებით, მაგრამ ვერც ვიმარჯვებთ"

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. ამ დროის განმავლობაში ვითარება პერიოდულად იცვლებოდა. დასავლელი პარტნიორების დახმარებაზე დამოკიდებული უკრაინა ბოლო ხანებში ღიად საუბრობს ამუნიციის, სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალისა და შეიარაღების უკმარისობაზე. უკრაინელი სამხედრო, ალექსანდრ მონჩაკი ჟურნალთან "გზა" ინტერვიუში ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.

- ვიდრე ინტერვიუს დავიწყებდეთ, ვალდებული ვარ გითხრათ, რომ საქართველო და ქართველები ძალიან მიყვარს თავიანთი ერთგულებისა და თავდადების გამო... ეს ერი ჩვენთვის და პირადად ჩემთვის, ძალიან ახლობელია. როდესაც 2014 წელს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები დაიწყო, ე.წ. დნრ, ლნრ-ის მხრიდან დაწყებულ შეტევებს ვგულისხმობ, უამრავი ქართველი, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, მაშინვე ჩაერთვნენ ბრძოლაში. საქართველოდანაც უამრავი ადამიანი ჩამოვიდა, ზოგი იბრძოდა, ზოგი წვრთნიდა... მე პრობლემებსა და ხიფათს არასდროს გავქცევივარ. 2008 წელს მე და ჩემი მეგობრები საქართველოში ვაპირებდით ჩამოსვლას, მაგრამ ყველაფერი რამდენიმე დღეში დასრულდა, შეკრება და ორგანიზებაც ვერ მოვასწარით...

მას შემდეგ, რაც აქ მასშტაბური ომი დაიწყო, უამრავმა უკრაინელმა გაქცევით უშველა თავს, ის ქართველები კი, ვისთვისაც უკრაინა მეორე სამშობლოა, არსად წასულან, მეტიც, საქართველოდან სხვებიც ჩამოვიდნენ. ვიცი, რომ რამდენიმე ათეული ბიჭი აქ გმირულად დაეცა... ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს ძალზე დიდი ტრაგედიაა და ამ ფონზე თქვენი ხალხის თავდადება კიდევ უფრო დასაფასებელია. ამ ომმა გვაჩვენა, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ გვარიგებს ჭკუას...

მოკლედ, ბევრი მიზეზი მაქვს საიმისოდ, რომ როგორც კი ომი დასრულდება, საქართველოს ვესტუმრო და ახლოდან გავიცნო. მანამდე კი, მადლობა საქართველოსა და ქართველებს ფრონტის ხაზიდან.

- რამდენი ხანია, რაც იბრძვით?

- ჩემთვის ომი 2014 წელს დაიწყო. 2018 წლამდე ვიბრძოდი, შემდეგ გარკვეული დროით გავეთავისუფლე, რადგან ომი კი არა, მხოლოდ ლოკალური ბრძოლები და შეტაკებები იყო... 2022 წელს კი, როდესაც რუსეთმა მასშტაბური შეტევები დაიწყო და კიევს დაესხა თავს, ისევ სამხედრო ნაწილში გამოვცხადდი.

- როგორც ქართველი, ასევე უკრაინელი მეომრებისგან ვიცი, რომ პირველ ხანებში არც იარაღი გქონდათ და არც საბრძოლო მასალა. თქვენს სამხედრო ნაწილშიც იყო მსგავსი შემთხვევები?..

- როდესაც რუსეთი დაგვესხა თავს, მან ყველა ის შესაძლებლობა და პოტენციალი გამოიყენა, რაც მაშინ გააჩნდა. შესაბამისად, უკრაინა ამხელა ზეწოლისთვის მზად არ აღმოჩნდა, მტერი ბალისტიკური და საშუალო რადიუსის რაკეტებით გვებრძოდა, მისთვის წინააღმდეგობის გასაწევი სამხედრო ტექნიკა, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები უკრაინას არ ჰქონდა... ისეთი შემთხვევებიც გვქონდა, ღამე ვისხედით და ვმსჯელობდით, რა გვექნა მეორე დღეს. შემდეგ მოკავშირეების დახმარებამ მოგვისწრო. ვერ ვიტყვი, რომ ეს დახმარება საკმარისია, მაგრამ უმოქმედოდ ყოფნას მაინც ჯობს.

- ფიქრობდით, რომ რუსეთი ასეთ მასშტაბურ ომს წამოიწყებდა?

- როდესაც უკრაინა დამოუკიდებელი გახდა, რუსეთის ქმედებებიდან, განცხადებებიდან გასაგები იყო, რომ უსისხლოდ მოპოვებულ დამოუკიდებლობას რუსეთი არ გვაპატიებდა და ადრე თუ გვიან, სისხლი დაიღვრებოდა.

რუსეთი რომ ისტორიულად ჩაბღაუჭებულია უკრაინას, ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. ის უკრაინის გარეშე თავს სახელმწიფოდ ვერ გრძნობს. ძველი პერიოდიდან მოყოლებული შუა საუკუნეებამდე, მთელი ისტორია მოიპარეს და გააყალბეს. რუსული პროპაგანდის ნაწილი იყო ის, რომ რუსეთი მის მიერ დაპყრობილი რესპუბლიკებისთვის როდესაც ფულს ბეჭდავდა, მათ ემბლემასაც ატანდა, ასე იქცეოდა ფინეთის, მოლდავეთის, პოლონეთის, სათათრეთის, საქართველოს შემთხვევაში, მაგრამ უკრაინაში მიმოქცევაში ჩვეულებრივ რუსული მანეთი იყო, იმდენად ერთიან ნაწილად მიგვიჩნევდნენ. მათ, ვისაც საბჭოთა წლებში უცხოვრიათ, მიხვდებიან, რასაც ვამბობ.

პროპაგანდას უშედეგოდ არ ჩაუვლია - რუსეთის მოსახლეობამაც ასე ჩაიბეჭდა გონებაში. ამიტომაც, როდესაც ეს ომი დასრულდება და დიდი იმედი მაქვს, უკრაინის გამარჯვებით, რაღაც დროის შემდეგ ისევ განახლდება, რადგან რუსეთი მზად არის შეეწიროს უკრაინის მიერთებას.

ახლა კი კრემლის მთავარ იდეოლოგებსა და პროპაგანდისტებს მიაჩნიათ, რომ "კიევის რუსეთი" კიევის გარეშე აზრს კარგავს და ყველანაირად ცდილობენ აქამდე მოტანილი, გაყალბებული ისტორია უფრო მეტად გაამყარონ. 2014 წელს, როდესაც რუსეთმა, ყირიმის, ე.წ. ლნრ-სა და დნრ-ის ოკუპაცია მოახდინა, უკვე გასაგები იყო, თუ თავის ორბიტაზე ვერ დაგვაბრუნებდა, ფართომასშტაბიან ომს გამოაცხადებდა.

monchuk8-copy-1709538616.jpg

მეორე წელია, ომმა ყოველი ჩვენგანის ოჯახში შემოაღწია, მთელი თავისი უბედურებით, საშინელებით და ტრაგიზმით. სიკვდილმა ყველას კარზე დააკაკუნა, უკრაინულ მხარეს კი წინააღმდეგობის გაწევა შეზღუდული აქვს. არადა, რაკეტები უკრაინის ცაზე განუწყვეტლივ დაფრინავენ, ნებისმიერ წუთს შეიძლება ჩვენი ოჯახის წევრები დაუცველები აღმოჩნდნენ, თავად ჩვენ ფრონტის ხაზზე, სანგრებსა და საბრძოლო პოზიციებზე ვართ განლაგებული. ამ დროს კი ისინი, ვინც ჩვენს ზურგს უკან თბილ კაბინეტებში სხედან და ჩვენთან შედარებით დაცული არიან, ფულს "აკეთებენ", იარაღს ყიდიან... ამაზე რომ ვფიქრობ, ბრაზი მახრჩობს. როდესაც ომი დამთავრდება, უკრაინაში სასამართლო უნდა გაიმართოს და ის ადამიანები უნდა გასამართლდნენ, ისინი მოღალატეები არიან. ომის შემდეგ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას!

- მასშტაბური ომის დაწყებიდან ორი წელი გავიდა. რა იყო ყველაზე მძიმე და რთული, რასაც ამ დროის განმავლობაში პირადად გადააწყდით?

- ომი საშინელებაა, მაგრამ ამ დროს ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ქალები, ბავშვები და მოხუცები აღმოჩნდებიან ხოლმე. როდესაც კიევის გათავისუფლება დაიწყო, სლავიანსკის მიდამოებში ვიყავით, შემდეგ იზიუმშიც მოგვიხდა ბრძოლა. ყველანი ირპენსა და ბუჩაზე საუბრობდნენ. როგორია, როდესაც ადამიანი, სამხედრო პირი ერთი ტერიტორიის დაცვასა და გაწმენდაზეა ორიენტირებული და ამ დროს საშინელებები ესმის იმ ადგილებიდან, სადაც თავისი ოჯახის წევრები, ახლობლები ჰყავს და მათთან კავშირიც არა აქვს?! იგივე ხდებოდა თითქმის ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის, ხერსონში - იქაც დახვრიტეს ხელებშეკრული, სახით კედლისკენ მიყენებული ადამიანები, დიდიან-პატარიანად და იქაც გაჭრეს გადარჩენილმა ადგილობრივებმა საერთო საფლავები, რადგან დახოცილთა დასაფლავებას ვერ ასწრებდნენ. ისეთი შემთხვევებიც იყო, ოკუპანტებმა ძალადობის კვალი რომ დაეფარათ, დახოცილი ადამიანები მდინარე დნეპრში გადაყარეს. ამაზე რატომღაც ცოტას საუბრობენ, მაგრამ ადგილობრივებმა ხომ იციან ამის შესახებ?!

- რა სჭირდება ახლა უკრაინას დასავლეთისგან წარმატებისთვის?

- ყველაფერი, ყველანაირი შეიარაღება. ჩვენი სუსტი წერტილია მძიმე ტექნიკა, ტანკები, ჯავშანტექნიკა, ქვეითი საბრძოლო მანქანები. რაც ნატომ მოგვცა, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია და დაგვეხმარა, მაგრამ საკმარისი არ არის.

როგორც უკრაინელი სამხედრო, რომელიც მეათე წელია ამ საშინელი მანქანის წინააღმდეგ ვიბრძვი, ვიტყვი, რომ მისი სამხედრო პოტენციალი განუსაზღვრელია. გარდა იმისა, რომ 150-მილიონიანი მოსახლეობა ჰყავს, რომელთა დიდი ნაწილი სოციალისტურ და კომუნისტურ იდეებს იზიარებს და მზად არის "რუსეთის დიდებისთვის" დაეცეს, ამასთანავე, ჩრდილოეთი კორეა, ირანი და მისი მსგავსი დიქტატორი ქვეყნები მუდმივად ამარაგებენ მათ იარაღით.

მისი ტაქტიკაა, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს მშვიდობიან მოსახლეობას, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ კორპუსებს, დააზიანოს სამედიცინო დაწესებულებები, სკოლები, საბავშვო ბაღები, ელექტროგადამცემი ხაზები, სადენები, გზები, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები მორალურად გატეხოს. ჯერჯერობით უძლებს ჩვენი ხალხი, თუმცა, მიგრაციის ნაკადი არც წყდება - უამრავი ადამიანი ტოვებს უკრაინას.

უმეტესობამ ისწავლა ცხოვრება ომში, მაგრამ ყველას ვერ მოსთხოვ ომის გაძლებას. ორი წელია უძლებენ და არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ჯოჯოხეთი... ასეთი მწარე იუმორი გვაქვს: სხვები დილით გემრიელ ცხელ ჩაისა და ყავას ნატრობენ, ჩვენთვის კი მთავარია გაგვითენდეს.

monchaki-copy-1709538580.jpg

ომის პირველ ხანებში, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში ვიყავით, ყველას მადლობელი ვართ, მაგრამ ომი გრძელდება, რუსეთს ჭურვები და რაკეტები არ დამთავრებია. მტერი ყველანაირად ცდილობს, პირველ რიგში, დასავლეთი დაღალოს, შემდეგ კი უკრაინა აიძულოს მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას, თავისი პირობებით. იარაღი კი აქვს და ადამიანური რესურსი არასდროს დანანებია. ეს ნერვების ომია გამოფიტვამდე.

რუსეთს ძალიან ძლიერი სარაკეტო კომპლექსები, რადიოსისტემები აქვს, საპასუხოდ, ძლიერი ანტისარაკეტო და ანტირადიოელექტრონული სისტემები გვჭირდება, რათა საფრთხეები გავანეიტრალოთ.

რუსეთმა ავდეევკაში მართვადი საავიაციო ბომბები გამოიყენა, რომელმაც ვითარება ფრონტის ხაზზე სრულიად შეცვალა, საქმე ის არის, რომ ასეთი ბომბები მას ბევრი აქვს და ინტენსიურად იყენებს კიდეც. ავდეევკის სურათმა აჩვენა, რომ ამ ბომბებთან გამკლავება ძნელია - იმ უკრაინელი სამხედროებიდან, რომლებიც დაბომბვისას იქ იყვნენ, ნაწილი ტრავმირებულია, ძალიან ბევრი კი დაიღუპა. როდესაც მართვადი საავიაციო ბომბები ფეთქდება, აფეთქების ხმა და შედეგი ისეთი ძლიერია, თითქოს სამყარო მიწასთან სწორდება. მის გასანეიტრალებლად, საშუალო რადიუსზე მოქმედი საზენიტო რაკეტები ან თანამედროვე სახის ე.წ. ისტრიბიტელები გვჭირდება. ნატო და ევროპა კი გვაწვდის იარაღსა და საბრძოლო მასალებს, მაგრამ იმ დროს, როდესაც რუსეთს თითქმის მთელი უკრაინის ცის კონტროლი შეუძლია, ადეკვატური წინააღმდეგობის გაწევა ძნელია - არ ვმარცხდებით, მაგრამ ვერც ვიმარჯვებთ. ქვეყანა უკრაინელი ჯარისკაცებისა და მათ მხარეს მებრძოლი სამხედროების სიცოცხლეზე დგას, მაგრამ რამდენ ხანს გავძლებთ, არ ვიცით.

უკრაინის ადამიანური რესურსი ისეთი მდიდარი არ არის, როგორიც რუსეთის.

ვიდრე ომი გაგრძელდება, დასავლეთში უკრაინიდან წასული ადამიანების ტალღა არ შემცირდება, ყველას არ შეუძლია იომოს ან გაუძლოს ომს...

ისტორიის ქურდმა და კრემლის დესპოტმა კი სისხლის გემო იგრძნო და თუ არ გააჩერებენ, არც გაჩერდება. ატომური იარაღით აშანტაჟებს დასავლეთს და მათაც თავის გასამართლებელი არგუმენტი აქვთ. ვიდრე ჩვენ დასავლელი პარტნიორებისგან ნაწილ-ნაწილ ვიღებთ დახმარებას, რუსეთს უწყვეტად ეხმარებიან.

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ლუსტრაცია არ მომხდარა, შესაბამისად, ძალიან ბევრი საეჭვო პერსონა გვყავს, ისეთები, რომლებმაც იანუკოვიჩის პრეზიდენტობის წლებში გაიკეთეს კარიერა, მაშინ ლეიტენანტობიდან გენერლების წოდებას როგორ აღწევდნენ, ახსნას არ საჭიროებს - უამრავი მოღალატე დაგვიგროვდა. იგივე ვითარებაა სამხედრო-საზღვაო ძალებშიც. გარდა ამისა, დღემდე საპასუხისმგებლო თანამდებობებზეც არიან ის პირები, რომლებიც "კიევის მაიდნის" დროს მომიტინგეებს ესროდნენ. შესაძლოა, მერე პოზიციაც კი შეიცვალეს, მაგრამ ეს მათ პასუხისმგებლობისგან ვერ ათავისუფლებს, რადგან მაინც იმ სისტემის აღზრდილები არიან და ოცი წელიწადი იმ რეჟიმს ემსახურებოდნენ, დღეს მათი გულწრფელი პატრიოტიზმი ცოტათი საეჭვოა.

- როგორ ფიქრობთ, შეძლებს უკრაინა გამარჯვებას?

- საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა ასეთი ზღაპარი - "დრაკონი", იქ აღწერილი სცენარი ძალიან ჰგავს დღევანდელს. ბევრი ბრძოლისა და წვალების შემდეგ, იქაც დადგა სამართალი და ბოროტი დამარცხდა. ბოროტ გველეშაპთან ბრძოლაში სამართალი, გვიან, მაგრამ მაინც ნახულობს დღის სინათლეს. ფაშისტური გერმანიის დროსაც ბევრს არ ჰქონდა იმედი, რომ ჰიტლერის ბოროტი ოდესმე დამარცხდებოდა, მაგრამ მის წინააღმდეგ მთელი ცივილიზებული მსოფლიო გაერთიანდა და დაამარცხეს, ოღონდ მოჩვენებითად კი არა, რეალურად. არც ჰიტლერის ჰქონია პუტინზე ნაკლები პროპაგანდა, თუმცა, გერმანელმა ხალხმა ვითარება სწორად შეაფასა და ეს ჭირი მსოფლიოს დროულად მოაშორა. ცნობილი მწერალი, ნიკოლას სტარჰარდტი თავის წიგნში, სადაც გერმანიას აღწერს, მაშინდელ გერმანელებს, რომლებიც ჰიტლერს სისტემის წინააღმდეგ იბრძოდნენ, "მობილიზებულ ნაციას" უწოდებს. ეს ჟინი და ადეკვატურობა რუს ხალხს არ აღმოაჩნდა. ჰიტლერი 12-13 წელი მართავდა გერმანიას, პუტინი კი, 20 წელზე მეტია რუსეთის სათავეშია. ერთი თაობა გაიზარდა, მაგრამ შიგადაშიგ სუსტ პროტესტს თუ არ ჩავთვლით, 80% მაინც მის პოლიტიკას უჭერს მხარს. ეს ტრაგედიაა როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის, ასევე თავად რუსეთისთვისაც.

monchuk7-copy-1709538564.jpg

რუსეთში დავიბადე, შემდეგ მშობლები საცხოვრებლად კიევში გადმოვიდნენ. მურმანსკში უამრავი ნათესავი ცხოვრობს. საბჭოთა კავშირამდე და უფრო ადრეც, იქ ჩემი მოგვარეებისა და ნათესავების ქუჩა იყო, წინაპრები სამხედრო საზღვაო ფლოტში მსახურობდნენ. უამრავი რუსი მეგობარი მყავდა, მაგრამ 2014 წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ბოლოს 2016 წელს ჩამოვიდნენ კიევში, საერთო ნათესავების საფლავებზე. უკვე ვიბრძოდი და როგორც კი შესაძლებლობა ჩაუვარდათ, მკითხეს: რატომ იბრძვი ჩვენს წინააღმდეგ, შენს ძმებს ებრძვიო?!. ვუთხარი, მე კი არ ვებრძოდი, რუსები გვესროდნენ-მეთქი. ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა. სოციალურ ქსელებში უამრავი რუსი ნათესავი, ახლობელი და მეგობარი მყავს, ნაწილი რეალობას ადეკვატურად აფასებს, თუმცა, ასეთი ძალიან ცოტაა.

როდესაც ბახმუტში ვიბრძოდი, მე და ჩემმა მეგობრებმა ერთი "ვაგნერელი" ავიყვანეთ, მძიმედ იყო დაჭრილი, თითქმის სიკვდილის პირას, მაგრამ იმ მიზეზით, რომ მას შემდეგ უკრაინელ ტყვეებზე გავცვლიდით, მისი გადარჩენა გადავწყვიტეთ. როდესაც გონს მოვიდა და საუბარი შეძლო, ვკითხეთ, რატომ წავიდა ომში?.. აღმოჩნდა, რომ "ზეკი" იყო, ანუ ყოფილი პატიმარი, სისხლის სამართლის დანაშაულისთვის 11 წელი მიუსაჯეს, 5 მოხდილი ჰქონდა. როდესაც "ვაგნერელები" ჩვენი პატიმრების გადასაბირებლად შემოვიდნენ, დიდხანს არ მიფიქრია, არჩევანი არც მქონდა, ორ-სამ წელში ციხეში ტუბერკულოზით მოვკვდებოდი ან ომში წავიდოდი და სასჯელი მომეხსნებოდა, მე ეს ვარჩიეო... ჩვენ ჰუმანურად ვექცევით ტყვედ ჩავარდნილ მტრებს, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ გვესროდნენ. ფოტოებში, რომელიც ტყვეთა გაცვლის შემდეგ მედიაში ვრცელდება, ჩანს კიდეც - როგორ გამოიყურება უკრაინის მიერ გადაცემული ტყვეები და რა დღეში არიან ის ბიჭები, ვინც უკრაინაში ბრუნდებიან...

ლალი პაპასკირი