"სტაბილური სამსახური დავტოვე, გავრისკე და გამომივიდა" - გზაპრესი

"სტაბილური სამსახური დავტოვე, გავრისკე და გამომივიდა"

ნინო წიკლაურმა პროფესია მცირე ასაკიდანვე აირჩია და გადაწყვიტა, საკუთარი ბანკი ჰქონოდა. ამჟამად ბანკი არა, მაგრამ საკუთარი ტურისტული კომპანია აქვს. უფრო მეტიც: მისი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ ბანკში არასოდეს უმუშავია. სამაგიეროდ, ბიზნესრეპორტიორი გახლდათ, ამჟამად კი "პალიტრანიუსის" გადაცემის - "მონეტიზაცია" თანაწამყვანია...

- დაახლოებით 6 წლის ვიყავი, როცა გადავწყვიტე, რომ ეკონომისტი უნდა გამოვსულიყავი და ჩემი ბანკი მქონოდა. დეიდა ეროვნულ ბანკში მუშაობდა და მასთან ყოფნა ხშირად მიწევდა: მაშინდელ პიონერთა სასახლეში, ცეკვაზე დავდიოდი. მშობლებს ჯერ დეიდასთან, ეროვნულ ბანკში მივყავდი, იქიდან კი დეიდა ცეკვაზე წამიყვანდა ხოლმე. მოკლედ, ეროვნულ ბანკში საქმიან გოგო-ბიჭებს რომ ვუყურებდი, ჩემთვის ეს ინსპირაციის წყარო გახდა, რომ აუცილებლად ეკონომისტი გავმხდარიყავი, საკუთარი ბანკი მქონოდა, დამოუკიდებელი ვყოფილიყავი... სკოლა ისე დავამთავრე, ეს სურვილი არ გამნელებია... ეკონომიკის ფაკულტეტზე (საგარეო ურთიერთობების მიმართულებით) ჩავაბარე. გაცვლითი პროგრამით გერმანიაში მოვხვდი. ეს ყველაფერი ისე დამოუკიდებლად გავაკეთე, ამის შესახებ ოჯახის წევრებს მხოლოდ "პოსტ ფაქტუმ" ვუთხარი, - ერთი წლით გერმანიაში მივდივარ-მეთქი... შოკში იყვნენ. თან, იმ პერიოდში, ცოტა სხვა გარემოში ვიზრდებოდით: ამდენი ინფორმაცია, ინტერნეტი, მობილური ტელეფონი არ იყო... საერთოდ, ჩემი მისწრაფებები ყველას უკვირდა, მაგრამ რეალურად, ოჯახის წევრები ყველაფერში მხარში მედგნენ. ძალიან ლაღი ბავშვობა და სტუდენტობა მქონდა. ალბათ, სწორედ ოჯახმა მოახდინა გავლენა ჩემს დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე... გერმანიაში ყოფნა მეც გამიჭირდა და 1 წლის შემდეგ, როცა შანსი მქონდა, იქ დავრჩენილიყავი, მაგისტრატურაში სწავლა გამეგრძელებინა, გავაცნობიერე - გოეთეს ინსტიტუტში 2 წელი რომ ვისწავლიდი, შემდეგ ნებისმიერ გერმანულ ბანკში ვიმუშავებდი და ალბათ, საქართველოში ვეღარ დავბრუნდებოდი. ამიტომ ავიბარგე და სამშობლოში წამოვედი. მიფიქრია, - იქნებ, შეცდომა დავუშვი? ნეტავ, გერმანიაში დავრჩენილიყავი-მეთქი... მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში ვარ და ქართული ოჯახი მყავს.

- პირველი სამსახური როგორ იპოვეთ?

- ინტერნეტკაფეში მივდიოდი და დღეში რამდენიმე საათს "სივების" გაგზავნას ვუთმობდი... ჩემი პირველი სამსახური საინფორმაციო სააგენტო იყო: პროფესიით ეკონომისტები სჭირდებოდათ, რომლებიც ჟურნალისტებად იმუშავებდნენ ბიზნესის მიმართულებით. "სივი" გავგზავნე და დამირეკეს... შემდეგ 2-თვიანი საცდელი პერიოდი მქონდა. საერთოდ, ჟურნალისტიკის სფეროში საკუთარი თავი არასოდეს წარმომედგინა, მაგრამ კარგად ავუღე ალღო. სამსახურში ისეთი კარგი გარემო მქონდა და ხალხთან ურთიერთობა ისე მომეწონა, სააგენტოში 8 წელი ვიმუშავე, უფრო მეტიც - პანდემიის დროს მათთან ონლაინ კიდევ ვთანამშრომლობდი... აღმოვაჩინე, რომ თურმე, ადამიანებთან ურთიერთობა მომწონს და არ შემიძლია, დილიდან საღამომდე სადღაც ვიჯდე და მონოტონურად, ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებდე... მერე უკვე ისეთი ეტაპი დამიდგა, თითქოს პიროვნულად ვეღარ ვვითარდებოდი. ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობის გაგრძელება აღარ მინდოდა. დავფიქრდი, რა გამეკეთებინა? მეუღლესაც ვუთხარი, რომ რაღაც ახლის წამოწყება, ახლის სწავლა მსურდა. მაშინ 2 მცირე ასაკის ბავშვი მყავდა... 2 მიმართულებაზე ვფიქრობდი - ერთი ტურიზმის სფერო იყო: ბავშვობაში ცეკვაზე დავდიოდი და ე.წ. გასტროლებზე სიარული ხშირად მიწევდა (მაშინ საზღვრები ისე გახსნილი არ იყო, როგორც ახლაა). შემდეგ, გერმანიაში ცხოვრებისას, ნახევარი ევროპა მოვიარე და მივხვდი, მოგზაურობაზე ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა! ვიფიქრე, ჩემი ეს ჰობი საქმედ რომ ვაქციო, ალბათ, კარგი გამოვა-მეთქი... მეორე იდეა ქორწილების ორგანიზებას უკავშირდებოდა... მოკლედ, საქმის წამოწყებისას, მოგზაურობის სიყვარულმა მძლია და ტურისტული კომპანიის შექმნა გადავწყვიტე, თუმცა არანაირი გამოცდილება არ მქონია. მაშინ რაც კი ტრენინგი არსებობდა, ყველაფერი გავიარე. რეალურად, ძალიან გავრისკე, რადგან ყველაფერი არაფრისგან დავიწყე.

- კომპანია მალევე აამუშავეთ ისე, როგორც თავად გინდოდათ?

- კი, ძალიან მალევე. საერთოდ, ადამიანები ჯერ ტურისტულ კომპანიებში ოპერატორებად მუშაობას იწყებენ, გამოცდილების მიღების შემდეგ საკუთარ კომპანიას ხსნიან, მე კი გამოცდილება არ მქონია. კომფორტის ზონა დავტოვე და დიდი რისკის ფასად, ახალი საქმიანობა დავიწყე. ჩემი ჟურნალისტური "ბექგრაუნდი" დამეხმარა: ვმეგობრობდი ჟურნალისტებთან, ბიზნესმენებთან, მთავრობის წევრებთან... ყველას გავაგებინე, რომ ტურისტული სააგენტო მქონდა და როცა რამე დასჭირდებოდათ, მოემართათ. როცა ჟურნალისტი კმაყოფილია, ამის შესახებ ბევრს საუბრობს. ჩემი კომპანიის მომხმარებელთა რაოდენობა მალევე გაიზარდა, კომპანია მალე დავაყენე ფეხზე და დღემდე ასე მოვდივარ - ჩემი საქმით ბედნიერი (იღიმის)...

- ალბათ, პირველი ტური განსაკუთრებულ მღელვარებას უკავშირდებოდა, არა?

- პირველი იყო ეგვიპტის ტური, რომელიც ორმა ჟურნალისტმა გოგონამ შეიძინა. კარგად მახსოვს, როგორი ბედნიერი გახლდით! ყოველ წამს "ხაზზე" ვიყავი, - აბა, რა ხდება, როგორ ხართ-მეთქი? ეს ნამდვილად ძლიერ ემოციებს უკავშირდებოდა. საქმისადმი ჩემი მიდგომები დღემდე არ შეცვლილა: 11 წელი ხდება, რაც ტურისტული კომპანია მაქვს და დღემდე ყველა მგზავრს მოვიკითხავ ხოლმე, ყველა ნიუანსს ვიგებ. პირველი ჯგუფური ტური ნიკა წულუკიძესთან ერთად, სტამბოლში მოვაწყვე (კომპანიის გახსნიდან 1 წელიც არ იყო გასული), რაც დიდ მღელვარებას უკავშირდებოდა. ცალკე ნიკას წინაშე მქონდა პასუხისმგებლობა... ყველა დეტალი უნდა გამეთვალა. ტურის მონაწილეები რიგშიც კი არ უნდა მდგარიყვნენ არსად. მაშინ ჯგუფური ტურები ისე მასობრივად არ ეწყობოდა, როგორც ახლაა... მას მერე, ჯგუფური ტურების მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებ ნიკა წულუკიძესთან, კახა მიქიაშვილთან, ზურა ბალანჩივაძესა და საზოგადოებისთვის საყვარელ, ცნობილ ბევრ ადამიანთან ერთად. მათ მიერ დანახული ესა თუ ის ქვეყანა ტურს მეტ ეშხს სძენს.

- უკმაყოფილო მგზავრები არ გყოლიათ? ან რამე გაუგებრობას თუ ჰქონია ადგილი?

- ნებისმიერი დაადასტურებს, რომ უკმაყოფილო მგზავრი არ გვყავს. გაუგებრობებს რაც შეეხება, ყოფილა, მაგრამ - იშვიათად. მსგავსი რამ მეც გადამხდენია: მაგალითად, კიევში ჩასულს სასტუმროში მითხრეს, რომ "ოვერბუქინგი" ჰქონდათ და ნომერში ვერ განმათავსებდნენ. მაგალითად, ზაფხულში, თურქეთში სასტუმროები ისეთი გადატვირთულია, რომ სისტემაში ასახვას ვეღარ ასწრებენ და როცა თავისუფალი ნომრები აღარ აქვთ, ნომრები მაინც იყიდება, ადგილზე ჩასულ მგზავრს კი ეუბნებიან - სასტუმრო გადაჭედილიაო. მხოლოდ ამ ტიპის გაუგებრობები ყოფილა, რასაც მარტივად ვაგვარებ: ძალიან კარგი პარტნიორები გვყავს. მგზავრები უკეთეს სასტუმროში გადაგვყავს...

- "პალიტრანიუსის" გადაცემის - "მონეტიზაცია" თანაწამყვანი როგორ გახდით?

- როცა გადაცემიდან დამიკავშირდნენ და ტურიზმის შესახებ რუბრიკის მომზადება მთხოვეს, ვიფიქრე, - სად მცალია? ახლა ამაზე მანერვიულე-მეთქი (იცინის)! აბსოლუტურად ახალი პასუხისმგებლობები მეკისრებოდა, ვინ მომეწვია, რა და როგორ გამეკეთებინა... გასაგებია, რომ ჟურნალისტიკის სფეროში გამოცდილება მქონდა, მაგრამ ტელევიზიაში არასოდეს მიმუშავია. თავდაპირველად ცოტათი დავფრთხი, შევცბი, მაგრამ როცა გადაცემის წარმომადგენლებს დაველაპარაკე, მივხვდი, საოცარი ადამიანების გარემოცვაში ვიყავი. გამამხნევეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ეს გადაცემა ჩემი მეორე სახლია. ყოველ პარასკევს იქ მისვლა მიხარია. თან, ყველაფერი კარგად გამოგვივიდა, საზღვარგარეთიდან კარგი ჩართვები გვაქვს ხოლმე... თავს ისე ბედნიერად ვგრძნობ, რომ მივხვდი, ეს საქმეც ჩემი ყოფილა. კმაყოფილი ვარ, რომ გავრისკე და აქ მუშაობა დავიწყე. თანაწამყვანები ისე დავმეგობრდით, რომ უკვე "მონეტიზაციის" ეგიდით, საოცარ ტურებს ვაწყობთ. ახლა პირველი ბიზნესტურიც გვექნება ნაპოლიში... მოკლედ, ამ გადაცემაში ჯანსაღი ურთიერთობების საოცარი თანხვედრაა.

386895602-702559737964369-4357936627956579368-n-1709538774.jpg

- საქმეს და ოჯახურ ცხოვრებას ერთმანეთს როგორ უთავსებთ?

- ოჯახისა და კარიერის ერთმანეთთან შეთავსება საკმაოდ რთულია, მაგრამ რაღაცნაირად გამომივიდა, ოღონდ - მეუღლის მხარში დგომით. 16 წელია, დაოჯახებული ვარ. 15 და 13 წლის შვილები მყავს. სულ ისეთი განცდა მაქვს, რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს, მშობლებს ვაკლივარ, მაგრამ ვფიქრობ, მაინც ურთიერთობის ხარისხს აქვს მნიშვნელობა, ვიდრე ყოველწუთიერ კონტაქტს. მეუღლის გარდა, შვილები და მშობლებიც გვერდით მიდგანან. შედეგად ჩემი რეჟიმი და "გადარბენები" რაღაცნაირად დავაბალანსე...

- დასაქმების ან საკუთარი საქმის წამოწყების მოსურნე ქალბატონებს რას ურჩევთ?

- საკუთარ ოცნებებს აუცილებლად უნდა მიჰყვნენ, ბევრი იშრომონ და არ შეეშინდეთ - აუცილებლად გამოუვათ. მთავარია, ზუსტად გადაწყვიტონ, რომ კონკრეტული საქმე უნდათ. შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა აუცილებელია. პირადად მე, შემიძლია, დღე და ღამე ვიმუშაო. ადრე ცოტათი ვწუწუნებდი, - ბევრი საქმე მაქვს-მეთქი, მაგრამ პანდემიის დროს მივხვდი, რომ ჯობია, ბევრი საქმე გქონდეს და წუწუნიც მაშინ დავასრულე. შვილებს ვეუბნები, - ოცნებებს აუცილებლად უნდა მივდიოთ, კოსმოსში დადებითი ენერგია გავუშვათ და შესაბამისად დაგვიბრუნდება-მეთქი. რა თქმა უნდა, ოცნებას შრომისმოყვარეობა უნდა ახლდეს თან, თორემ ფეხი ფეხზე რომ გადაიდო და მხოლოდ იოცნებო, არაფერი გამოვა. ნაბიჯების გადადგმის არ უნდა შეგვეშინდეს. თუნდაც მე, სტაბილური სამსახური დავტოვე, გავრისკე და გამომივიდა. თუკი ერთ ადამიანს გამოსდის, სხვასაც გამოუვა. ახლაც ბევრი ოცნება მაქვს, მათ მივყვები, რომ განვახორციელო. მჯერა, ყველაფერი გამოგვივა, თუ ვიმოძრავებთ!..

ეთო ყორღანაშვილი