ამბები მარცხენა ფეხზე, კუჭის დაწევაზე, ბრაუნინგის ტყვიაზე და სხვა - გზაპრესი

ამბები მარცხენა ფეხზე, კუჭის დაწევაზე, ბრაუნინგის ტყვიაზე და სხვა

ცნობილი ტელეჟურნალისტი და არაერთი გადაცემის ავტორი მერაბ ბერაძე წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე (საზოგადოებრივი მაუწყებელი). თავად კოლორიტული და იუმორით სავსე პიროვნება, ასევე პოეტი, დრამატურგი და სცენარისტი სისტემატურად აფიქსირებდა პოპულარული ადამიანების კურიოზულ ეპიზოდებს. ბატონი მერაბი ამჯერად, ირაკლი აბაშიძესთან დაკავშირებულ ამბებს იხსენებს:

- საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ირაკლი აბაშიძეს მარცხენა ფეხი ასტკივდა. ვერავითარმა აპრობირებულმა წამალმა რომ ვერ უშველა, ძველ მეგობარ ექიმს დაურეკა, ვიტანჯები კაცი და თუ შეგიძლია, მომხედეო! მკურნალი დაუყოვნებლივ ესტუმრა ცნობილ პოეტს, საგულდაგულოდ გასინჯა და დაამშვიდა: მე მეგონა რაიმე სერიოზული გჭირდათ. საშიში არაფერია, ბატონო ირაკლი, ეს ნამდვილად ასაკის ბრალია... - კაცო, დაკვირვებული ექიმი რომ იყავი, ვიცოდი, მაგრამ ასეთი ნამდვილად არ მეგონე. კი მაგრამ, შე დალოცვილო, მარჯვენა ფეხი მარცხენაზე უფრო ახალგაზრდა მაქვსო?

17972029-1472955706110339-7259802146583014978-o-copy-1709539051.jpg

* * *

ორი აკადემიკოსი: ირაკლი აბაშიძე და სერგი დურმიშიძე კაბინეტში დიდ სავარძელში ისხდნენ და საუბრობდნენ. ოთახში ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე შემოვიდა. მასპინძლებს გაუხარდათ მისი სტუმრობა. - ქალბატონო მარიკა, აგერ ჩვენ შუა დაბრძანდით! - სთხოვა სერგი დურმიშიძემ. - არა, ბატონებო, თქვენ ორივე საშიში ხართ! - ჩაიღიმილა სტუმარმა. - ჩემო ლამაზო და მშვენიერო, ჩვენ ახლა ორივე ისეთ ასაკში ვართ, რომ ჩვენ შორის ჩაჯდომა კი არა, ჩაწოლაც აღარ არის საშიშიო! - გაიცინა ირაკლი აბაშიძემ.

* * *

ირაკლი აბაშიძე და მისი ერთ-ერთი ქართველი კოლეგა უცხოელებს დახვდნენ აეროპორტში. სტუმრები ჯერ თბილისში გაატარეს, მამადავითსა და ფუნიკულიორზე აიყვანეს, ჭრელი აბანოებით და მექისით გააოცეს, ბოლოს სუფრას მიუსხდნენ. თამადა, რა თქმა უნდა, ირაკლი აბაშიძე იყო. ტრადიციული სადღეგრძელოები რომ მოითავა, ბატონი ირაკლი თავის კოლეგას დააკვირდა: ჩემო იმანო, რაღაც არ მომწონხარ სახეზე, რა იყო, რამე ხომ არ გჭირს? - არ ვარ კარგად, ჩემო ირაკლი, კუჭი მაქვს დაწეული 26 სანტიმეტრზე! - მწუხარედ ჩაილაპარაკა ტანმორჩილმა პოეტმა. - გაგვარდნია უკან და ეგ არის!

* * * ირაკლი აბაშიძეს ღამის სამ საათზე მეგობარმა დაურეკა: ჩემო ირაკლი, დიდი ბოდიში, ვიღუპებით და თუ გვიშველი რამეს, თორემ თავი მაქვს მოსაკლავი. - რა იყო, ბიჭო, რა მოგივიდა? - ჩემმა ოთხი წლის შვილიშვილმა ნიკუშამ ბრაუნინგის ტყვია გადაყლაპა და აღარ ვიცი, რა ვქნათ? - "სასწრაფოს" დაუძახეთ, "სასწრაფოს"! - ეგ კი, მაგრამ სანამ მოვა, მანამდე რა ვქნათ? - მანამდე ბაღანას ნუ დაუდგებით უკანო!

* * *

ირაკლი აბაშიძემ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკა რომ აღმოაჩინა (მასთან ერთად იყვნენ აკადემიკოსები გიორგი წერეთელი და აკაკი შანიძე. - ავტ.), ცოტა ხანში ლექსების შესანიშნავი ციკლი გამოაქვეყნა „რუსთაველის ნაკვალევზე“, რომელმაც საზოგადოების უდიდესი ინტერესი გამოიწვია და სულ მალე რუსთაველის პრემიის ერთ-ერთი პირველი მფლობელი გახდა. შემდეგ კი დაიწყო საზეიმო შეხვედრები საქართველოს ყველა კუთხეში, სადაც საპატიო სტუმარს დიდი სიყვარულით ხვდებოდნენ. დამამთავრებელი აკორდი მის მშობლიურ რაიონში - ხონში შედგა. იქაურებმა თავი მოიქაჩლეს და მართლა დასამახსოვრებელი საღამო გაუმართეს ძვირფას და საამაყო თანამემამულეს. კარგად მოგეხსენებათ, ასეთი შეხვედრები რითაც მთავრდება და ბუნებრივია, ტრადიციას არც ხონელებმა უღალატეს.

ერთ-ერთი ადგილობრივი ინტელიგენტის ოჯახში გაშლილ ბრწყინვალე სუფრას ოჯახის უფროსი ხელმძღვანელობდა, რომელმაც თამადობის უმაღლესი კლასი აჩვენა. დაახლოებით ღამის ოთხის ნახევარზე, ფრიად კმაყოფილმა ირაკლი აბაშიძემ ყანწი ასწია და ბრძანა: უზომოდ ბედნიერი ვარ და თუ ერთ თხოვნასაც შემისრულებთ, თქვენი ვალიდან ვერასოდეს ამოვალ!.. ასე მოვილაპარაკოთ, მე ახლა მარტო მინდა გავიდე ჩემი მშობლების საფლავზე და მალე დავბრუნდები! - აჰ, ოღონდ ეგ არაო, - იყვირეს მასპინძლებმა და წამოიშალნენ.

გარეთ საშინლად წვიმდა, თუმცა გზას მაინც დაადგნენ და ცოტა ხანში სასაფლაოზე ამოჰყვეს თავი. კუნაპეტი სიბნელე იდგა. კიდევ კარგი, რომ ვიღაცას მაშუქი აღმოაჩნდა და იმით იკვლევდნენ გზას. ცხადია, ყველა გაილუმპა. ერთს ტალახში ფეხი დაუცურდა, დაეცა და ხელი მოიტეხა, მეორემ ფეხი იღრძო, მესამე წაიქცა და ცხვირიდან სისხლი წასკდა. ტალახში გვარიანად დასვრილი, ფრიად შეწუხებული პოეტი კი უშედეგოდ ეძებდა მშობლების ძვალშესალაგს. ყველა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და როცა კიდევ ერთმა გამყოლმაც მოადინა ზღართანი და წელი ვერ აითრია, გამწარებულმა წამოიძახა: ამ დალოცვილს, შოთა რუსთაველის საფლავის პოვნას, ჯერ საკუთარი დედ-მამის საფლავი ეპოვა, არ ჯობდაო? ყველაზე ხმამაღლა თვითონ ბატონი ირაკლი ხარხარებდა.

ნანული ზოტიკიშვილი