როგორ შევცვალოთ აზროვნება და მოვიზიდოთ სასურველი თანხა
უფრო მეტიც, ადამიანების უმეტესობას საკმარისი ფინანსები არასდროს აქვს. გადავწყვიტეთ, ფულის მოზიდვის ხერხები გასწავლოთ. საინტერესო რჩევებს ფინანსური ქოუჩი ლიზი ხუციშვილი გვიზიარებს:
- მე გახლავართ იურისტი, ქოუჩი, ფინანსური ქოუჩი და ეზოტერიკის მკვლევარი. დაოჯახებამდე, ფაქტობრივად შვილის გაჩენამდე ვმუშაობდი ნოტარიუსის თანაშემწედ. ბავშვის გაჩენის შემდეგ სახლში ჯდომამ მომიწია. შესაბამისად, ვეძებდი განვითარების ახალ შესაძლებლობას. სწორედ ამ ძიების დროს წავაწყდი ქოუჩინგს. დავინტერესდი და უკრაინული სკოლის სერტიფიკატიც მივიღე ქოუჩინგში. ამავე დროს დავიწყე ფიქრი, რა კუთხით დამეწყო მუშაობა.
- იქნებ აგვიხსნათ, რა არის ქოუჩინგი?
- სამწუხაროდ, საქართველოში ქოუჩინგს სწორად არ აღიქვამენ. ჰგონიათ, ეს ფსიქოთერაპია ან რაღაც ახალი სექტაა. ბევრი ადამიანი სახელწოდებაზე - ქოუჩინგი ღიზიანდება, არადა, მისი ზუსტი თარგმანი არ არსებობს, ის ერთდროულად აღნიშნავს მენტორობას, მწვრთნელობას, მხარდამჭერს, მოტივატორს... მოკლედ, ქოუჩინგი არის მიზნის სწრაფად მიღწევის ხელოვნება. კონკრეტულად, ის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ხსნის შენს ცნობიერ თუ ქვეცნობიერ რესურსებს, გადაგალახვინებს შინაგან ბარიერებს და დროის დაკარგვის გარეშე მაქსიმალურად სწრაფად მიგაღწევინებს მიზანს.
- რატომ დაინტერესდით ფინანსური ქოუჩინგით?
- საბჭოთა ოჯახში გავიზარდე და ალბათ კარგად მოგეხსენებათ, რომ ასეთ ოჯახებში იყო ინტელექტის კულტი და ფინანსების მიმართ ცოტა უარყოფითი დამოკიდებულება, მეც ამ აღზრდის გავლენით, ფინანსურ წინსვლას სერიოზულად არ ვუყურებდი და თავად ფინანსებსაც, რბილად რომ ვთქვათ, აგდებით ვეპყრობოდი, თუმცა დაოჯახების შემდეგ ამ საკითხზე შეხედულება მკვეთრად შემეცვალა. ასევე ეზოტერიკის ცოდნაც დამეხმარა იმის გააზრებაში, რომ ფინანსებს თავისი ენერგეტიკა აქვთ და რომ სამყაროსეული ბალანსის აღდგენისთვის აუცილებელია ჰარმონიულად განვვითარდეთ როგორც სულიერად, ასევე მატერიალურად. ეს დიდი და ღრმა საკითხია, ამ შემთხვევაში მხოლოდ ამ განმარტებით შემოვიფარგლები. გადავწყვიტე სწორედ ფინანსური კუთხით დამეწყო მუშაობა და ამავე დროს ვფიქრობდი ფინანსური ქოუჩინგი ჩემს თავზეც გამომეცადა.
ფინანსები ყველას სჭირდება, თუმცა თავადაც შეატყობდით, რომ საკმარისი ფინანსური მდგომარეობის მიღწევას ყველა ნამდვილად ვერ ახერხებს... გულნატკენი ადამიანების ნაწილი უფულობას უიღბლობას აბრალებს, ზოგი კარმას, ზოგი დარწმუნებულია, რომ ჯადო აქვს... დამაინტერესა, იყო თუ არა ამაში გარკვეული ლოგიკური კანონზომიერება და დავიწყე კვლევა... უამრავი ფსიქოლოგისა და მეცნიერის დასკვნა შევისწავლე, დავაკვირდი წარმატებულ ადამიანებს და ერთ დასკვნამდე მივედი, რა საქმიანობასაც უნდა მოჰკიდოს ხელი ადამიანმა, არსებობს რაღაც ფუნდამენტური მომენტები, რის გარეშეც ადამიანი ვერც ერთ საქმიანობას ვერ ააწყობს ფინანსურად წარმატებულად. ალბათ შეატყობდით, თითქმის ასპროცენტიანი საქმე სხვას გამოსდის, შენ - არა. სხვა თითქოს არაფერს აკეთებს სამსახურში და აწინაურებენ, შენ თავს იკლავ და ვერც გამჩნევენ. არსებობს რაღაც საერთო მიზეზები, რაც ზოგადად, ფინანსურ წარმატებაში გვიშლის ხელს. ამ მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, რომელ საქმესაც გინდათ, იმას მოჰკიდეთ ხელი, სათანადო ძალისხმევის შემდეგ უკვე ნამდვილად მიიღებთ კარგ შედეგს.
- თუ ისე გვზრდიდნენ, რომ "ფული ხელის ჭუჭყია", ამ შემთხვევაში როგორ შევცვალოთ ეს დამოკიდებულება?
- კი, ასე გვზრდიდნენ. ჩვენ ცნობიერი და ქვეცნობიერი გვმართავს. ცნობიერადაც და ქვეცნობიერადაც მიდიოდა აქტიური მუშაობა იმაზე, რომ ფული არ მოგვნდომებოდა: ფილმებში, მულტფილმებში, ცხოვრების წესი, აღზრდა, ეს ყველაფერი გაჟღენთილი იყო აზრით, რომ ფული არ ვარგა, რომ მდიდარი ადამიანი ცუდია, რომ "ფული ხელის ჭუჭყია", "კაცი უნდა ეყოს ხელფასს და არა ხელფასი კაცს", ფულში არაა ბედნიერება და ა.შ. ტვინის ნეირონებს შორის მუდმივად მიმდინარეობს ენერგოკავშირები - სინაპსები. ისინი განსაკუთრებით ერთი და იმავე ქმედების დროს ძლიერდება. სწორედ ამ ენერგიის ხასიათი განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებაში ფულის მიღების ან დაბლოკვის საკითხს. შესაბამისად, როცა ასეთი დიდი დოზით მიმდინარეობდა ფულის მიმართ ანტიპროპაგანდა, როცა თავში მუდმივად ტრიალებს აზრი, რომ ფული ცუდია, ყალიბდება ცნობიერი და ქვეცნობიერი ფინანსური ბლოკები ე.წ. ფინანსური პროგრამები. ნებისმიერი ფსიქოლოგი დამეთანხმება, რამდენად დიდი გავლენა აქვს ჩვენში არსებულ პროგრამებს ჩვენს ცხოვრებაზე. ამავე დროს, ამ პროგრამებიდან გამომდინარე გვიყალიბდება არასწორი ფინანსური აზროვნება, არასწორი ფინანსური დამოკიდებულებები და არასწორი ფინანსური ქცევა. შედეგი კი სხვა არაფერია, თუ არა ფინანსური სიდუხჭირე. თითქოს თავს ვიკლავთ შრომით, მაგრამ ფინანსები ნულზეა.
- რა არის გამოსავალი? შეგვიძლია ტვინის გადაპროგრამირება, რათა გავიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა?
- რა თქმა უნდა, შეგვიძლია. ამისთვის დავსვათ შეკითხვა: საიდან მოდის ფული და მივყვეთ ლოგიკურ ჯაჭვს. ფული თავისით არ ჩნდება ჩვენს საფულეებში თუ ბანკის ანგარიშებზე. ერთადერთი, რაზეც არის დამოკიდებული ჩვენი ფინანსური შემოსავალი, ესაა ჩვენი მოქმედება. მივდივართ, რაღაც საქმეს ვაკეთებთ და ვიღებთ ფულს, ქმედება კი პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს აზრებზე. თუ გვინდა შევცვალოთ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა, აუცილებელია შევცვალოთ ქმედებები; თუ გვინდა შევცვალოთ ქმედებები, უნდა შევცვალოთ აზრები. რაში მდგომარეობს ქოუჩინგური აზროვნების უპირატესობა, ჩვეულებრივ, ქოუჩინგური მიდგომების გარეშე, როცა გვაწუხებს ფინანსური საკითხი, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ვცდილობთ შევცვალოთ ჩვენი ქმედება, ოღონდ ქაოსურად, სიღრმისეული გააზრების გარეშე: მეზობელმა გახსნა საშაურმე, მოდი, მეც გავხსნი; მეგობარი წავიდა უცხოეთში, მოდი, მეც წავალ. ასეთი მიდგომების შედეგად უმრავლეს შემთხვევაში ვიღებთ წაგებულ საქმეს, იმედგაცრუებას, ვალებს... ქოუჩინგური მიდგომა მეტ გააზრებას გვთავაზობს. ცვლილებებისთვის სერიოზულად უნდა ვიყოთ მზად, ნამდვილად უნდა გვინდოდეს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
- შეგიძლიათ რჩევა მოგვცეთ, როგორ შევცვალოთ აზროვნება?
- ჩვენს აზრებში ძირითადად 5 საკითხია შესაცვლელი: 1. დამოკიდებულება ფულის მიმართ, აზრები ფინანსებზე და ფინანსური ენერგია; 2. ფინანსური მიზნის დასახვა: რამდენი მინდა თვეში შემოსავალი და რისთვის. რატომაა ეს მნიშვნელოვანი: ჩვენი ტვინი ვერ მიდის იქ, სადაც არ იცის, სად წავიდეს. მაგალითად, "მინდა ბევრი ფული" ტვინს არ ესმის, უცებ რომ მოხდეს სასწაული და მართლა მიიღოს ეს ფული, მან არ იცის, რა გაუკეთოს ამ ფულს და უთავბოლოდ ხარჯავს ფულს, ტვინი იბნევა. როცა მიზანს არ ისახავ, ტვინისთვის გაუგებარია რა რესურსი უნდა დახარჯოს (ზედმეტად დიდი მიზანიც აბნევს ტვინს, ის შეჩვეული არაა) და ეშინია. ამიტომაა მიზნის ზუსტი განსაზღვრა აუცილებელი. მიეცი პროგრამა შენს ტვინს და ის შენზე იმუშავებს. სხვათა შორის, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მდიდრებისა და ღარიბების აზროვნების ერთ-ერთი განმასხვავებელი ფაქტორი სწორედ ისაა, რომ მდიდრებმა ზუსტად იციან რა უნდათ, რატომ უნდათ და რისთვის; 3. დაზუსტება: რა ფორმით, საიდან მოდის ფინანსები, რა სფეროში უნდა ვიმოღვაწეო, რომ მივიღო ფინანსები და რატომ; 4. რა რესურსი და ცოდნა გვაქვს საამისოდ და რა გვაკლია. 5. ფულის სწორი მართვა.
- თქვენმა მუშაობამ გამოიღო შედეგი? შეცვალა ადამიანთა ფინანსური მდგომარეობა?
- კი. საკმაოდ კარგი შედეგები გვქონდა მათთან, ვინც წესები ზედმიწევნით ზუსტად დაიცვა. უამრავმა ადამიანმა ტრენინგის დამთავრებისთანავე გაიუმჯობესა ფინანსური მდგომარეობა და დამოკიდებულება ფულის მიმართ.
რამდენიმე რჩევა ფინანსური ცვლილებებისთვის:
1. თუ მუდმივად გეშინიათ ფულის დახარჯვის, რომ ფული არ გეყოფათ, მართლა ასე იქნება: გადაიხადეთ 50 თეთრით მეტი, ამით არაფერი დაშავდება. გაეცით ფული მშვიდად, აგრესიის, სიბრაზის გარეშე. იყიდეთ ოდნავ უკეთესი, ამას ტვინი მიეჩვევა და მიხვდება, რომ მეტს იმსახურებს, ამით სამყაროდან მოიზიდავთ მეტ ფინანსებს;
2. იარეთ ძვირად ღირებულ მაღაზიებში: იკითხეთ ფასი, შეეხეთ ძვირფას ნივთებს, იყიდეთ რამე, თუნდაც წინდა იმისთვის, რომ ფსიქიკა მიეჩვიოს: რადგან შეიძლება ცნობიერად გვსურს სიმდიდრე, მაგრამ ფსიქოლოგიურად შესაძლოა გავურბოდეთ მას. ამ ვარჯიშით ხდება ფსიქიკის შეჩვევა სიმდიდრესთან;
3. იმის მაგივრად, რომ იფიქროთ მორიგ ეკონომიაზე, პარალელურად მაინც იფიქრეთ, რა უნდა გააკეთოთ, რომ ეკონომია აღარ დაგჭირდეთ, მეტი გქონდეთ;
4. ჩამოწერეთ 50 მიზეზი, რატომ ხართ ფინანსების მადლიერი. ამით ცნობიერ დონეზე ხდება ტვინის გადაპროგრამირება უარყოფითიდან დადებითისკენ;
5. უყიდეთ საკუთარ თავს საჩუქარი რეგულარულად, რათა თქვენი ფსიქიკა შეაჩვიოთ აზრს, რომ თქვენ იმსახურებთ ფინანსურ ბედნიერებას.
რუსუდან გელაშვილი