ეპიზოდები მთამსვლელის ცხოვრებიდან - გზაპრესი

ეპიზოდები მთამსვლელის ცხოვრებიდან

"მხოლოდ მთებშია თავისუფლება!" - ამ სიტყვების არსი და მნიშვნელობა მთამსვლელებმა ყველაზე კარგად ვიცით", - გვითხრა საქართველოს მთამსვლელთა ეროვნული ფედერაციის წევრმა - ოთარ ჯაფარიძემ, რომელსაც საქართველოს მთებზე საუბარი უსასრულოდ შეუძლია...

- მთები ყოველთვის მიყვარდა, ჯაფარიძე ვარ და ეს გასაკვირი არც არის, რადგან ჩვენმა გვარმა ქართული ალპინიზმის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა. ადამიანები მთების სიყვარულით პატარაობიდანვე იწამლებიან, მაგრამ მე ბავშვობაში მთამსვლელობაზე არ მიფიქრია. უნივერსიტეტის მეორე კურსზე ვიყავი, როცა ჩემი უფროსი მეგობრის - ზურაბ კუჭავას გარემოცვაში მოვხვდი, რომელსაც ალპინიზმის სკოლა ჰქონდა გახსნილი, სადაც სერიოზული გამოცდილება მივიღე და ყველა ეტაპი გავიარე, რაც პროფესიონალმა მთამსვლელმა უნდა გაიაროს. სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი ალპინიზმით გატაცება. ერთი წამით წარმოიდგინეთ 1996-1997 წლები, როცა საქართველოში ურთულესი მდგომარეობა იყო, ირგვლივ ნათელი წერტილიც კი არ ჩანდა და ამ დროს გამიჩნდა შანსი, გაცილებით სუფთა, ლამაზ სამყაროში გადავსულიყავი. მთების დალაშქვრა უნივერსიტეტის ალპინიადით დავიწყე და ეს დიდი გატაცება სულ მალე პროფესიად მექცა.

- მთამსვლელს ცხოვრების გზაზე ბევრი დაბრკოლება ხვდება. გამონაკლისი არც თქვენ იქნებოდით.

- რასაკვირველია, ეს ურთულესი პროფესიაა. როგორც ყველა საქმეს, ამასაც შრომა, თავდადება და თავგანწირვა სჭირდება. თავგანწირვა იმიტომ, რომ დიდ რისკთან არის დაკავშირებული. ბევრჯერ ვყოფილვარ მეც ისეთ სიტუაციაში, როცა მიფიქრია, ღმერთმა გადამარჩინა-მეთქი... ნაპრალებშიც ჩავვარდნილვარ, მთიდანაც დავცურებულვარ და მეგობრებს ამოვუყვანივარ, მაგრამ ყველაზე დიდი განსაცდელი ტიან-შანის დალაშქვრისას შემხვდა: ჩვენი ჯგუფი ერთ-ერთ მწვერვალზე - ხან-თენგრიზე აპირებდა ასვლას. ცუდი ამინდი დაგვემთხვა, თანაც, უბედური შემთხვევა მოხდა - ზვავი ჩამოწვა და 14 ადამიანი დაიღუპა. ჩვენ იმ საბედისწერო ამბავს რამდენიმე საათით გავასწარით და უკვე სამშვიდობოს ვიყავით - 6 ათასი მეტრის სიმაღლეზე. რა თქმა უნდა, მწვერვალის დალაშქვრას თავი დავანებეთ და სამაშველო საქმიანობაში ჩავერთეთ. ეს ამბავი დღესაც მძიმედ მახსენდება, რადგან სამი დაღუპული მთამსვლელი თოვლიდან ჩვენმა ჯგუფმა ამოიყვანა. ბუნებრივია, მწვერვალზე ვეღარ ავედით. ეს სურვილი მომდევნო წელს ჩემმა მეგობრებმა აისრულეს. ერთხელ მთელი ჯგუფი დაგვეკარგა, დიდხანს ვეძებეთ და მეორე დღეს ვიპოვეთ: შეცდომით სხვა ხეობაში მოხვედრილან, გზა აჰბნევიათ. მადლობა ღმერთს, ეს შემთხვევა მშვიდობით დასრულდა. ბევრი მეგობარი მყავს მთაში დაღუპული, თითოეული მათგანის გახსენებაზე გული მეკუმშება, მაგრამ იქაურობა მაინც ანდამატივით მიზიდავს.

zamtari-1710096095.jpg

- ალბათ, საქართველოს მთები ბევრი სასიამოვნო ამბის მოწმეც ყოფილა...

- რა თქმა უნდა. რამდენიმე წლის წინ ჩვენმა კოლეგამ, ნიკა ლებანიძემ მყინვარწვერზე დაიწერა ჯვარი. მყინვარზე, 4 ათასი მეტრის სიმაღლეზე არის პატარა ეკლესია, სადაც მაშინ მამა იოსები მოღვაწეობდა. სხვათა შორის, ის ახლა უკვე არქიმანდრიტია. ცოტა ხნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაზე მაღლა ჩატარებული ქორწინების ცერემონიალი ყოფილა და გინესის რეკორდების წიგნშიც შეიტანეს. ის ძალიან ლამაზი, ორიგინალური ქორწილი იყო, სადაც დედოფალს თეთრი სპორტულები ეცვა, ტრადიციულად თაიგულიც ისროლა და სტუმრებმა მათი შეუღლება კარგი ქართული სუფრითაც აღნიშნეს. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ამ ქორწილს ჯიხვიც დაესწრო, მაყრიონს ყველასათვის მოულოდნელად შეუერთდა, სტუმრებმა მასთან ერთად ფოტოები გადაიღეს და კარგადაც მოილხინეს. ყველა ამბობდა, რომ ეს მართლა საოცარი, უჩვეულო ქორწილი იყო.

- როგორც ყველა მთამსვლელს, სვანეთი თქვენც გიყვართ?

- მე რაჭველი ჯაფარიძე ვარ, თუმცა, სვანეთი ძალიან მიყვარს. იქ წასვლა ყოველთვის მიხარია, რადგან ამ მხარის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა მაქვს. სამწუხაროდ, უშბაზე ჯერ არ ავსულვარ - გვქონდა ამის მცდელობა, მაგრამ ცუდი ამინდი იყო და მთელი ჯგუფით უკან მოვტრიალდით.

- უცხოელებისთვის ყველაზე მიმზიდველი მწვერვალი რომელია?

- მყინვარწვერი, რადგან სიმაღლე აქვს, მაგრამ მისი დალაშქვრა გამოცდილებას და ტექნიკურ მონაცემებს არ საჭიროებს. შედარებით გამოცდილი ტურისტებისა და ალპინისტებისთვის მიმზიდველი მწვერვალებია თეთნულდი, უშბა და შხარა... უშბასა და შხარაზე მოყვარული ვერ ავა, აი, მყინვარწვერი კი შედარებით ადვილი დასალაშქრია. ამის გამო, იქ უსიამოვნო შემთხვევები უფრო ხშირად ხდება: მყინვარზე ბევრი მოყვარული ადის და როგორც წესი, ისინი უსაფრთხოების წესებს არ იცავენ. კარგია, როცა ყველაფერი დაჟეჟილობით ან მოტეხილობით სრულდება, მაგრამ იქ ბევრი ტრაგიკული შემთხვევაც მომხდარა! როცა მოყვარულები მყინვარზე ან სხვა შედარებით "მსუბუქ" მწვერვალზე ადიან, პროფესიონალი ალპინისტი თან უნდა ახლდეთ.

- რა აიძულებს ადამიანს, თავისი მყუდრო ბინა მიატოვოს და მთებში, ყინვასა და სიცივეში წავიდეს?

- ძნელია იმის ახსნა, თუ როგორ უყვარდებათ მთები ან როგორ ხდებიან მთამსვლელები... მაგალითად, მე მყავს მეგობარი, რომელიც 1990-იან წლებში, უბნის "ბირჟაზე" იდგა. მეგობრებმა შესთავაზეს, მთებში წამოდი, ცოტას დაისვენებო და მას შემდეგ იქაურობას ვეღარ შორდება. მე მეგობრებს წავყევი უნივერსიტეტიდან და ამ სამყაროთი მაშინვე მოვიხიბლე. კიდევ ერთი ჩემი მეგობარი თეატრალურში სწავლობდა, საკურსო ფილმს იღებდა, მთებში ამ მიზეზით მოხვდა და მერე პროფესიონალი ალპინისტი გახდა - მოკლედ, ყველა მთამსვლელს თავისი ისტორია და თავგადასავალი აქვს, მაგრამ ჩემს თაობას ერთი რამ აერთიანებს: 1990-იანების ნაცრისფერი სამყაროდან უეცრად აღმოვჩნდით მშვენიერ, ზღაპრულ გარემოში, სადაც სილამაზის დაფასება და მეგობრობის ფასი ვისწავლეთ. სულ ვამბობ, რომ მთაში დაწყებულ მეგობრობას სხვა ძალა აქვს. რამდენიმე მეგობარი მყავს, რომელსაც მარტო მთებიდან ვიცნობ. შეიძლება წელიწადში ერთი კვირა გავატაროთ ერთად, მაგრამ იქ გატარებული ერთი კვირა სავსებით საკმარისია, ადამიანში საუკეთესო მეგობარი რომ ამოიცნო.

otar-jafaridze-1710096082.jpg

- თქვენი ოჯახის წევრები თუ დადიან ლაშქრობებზე?

- მეუღლე სტუდენტობისას გავიცანი, კურსელები ვიყავით. ის ახლა პროფესორია და უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს, თუმცა მთები ძალიან უყვარს. მყინვარზეც არის ნამყოფი და ზაფხულობით ექსპედიციაშიც მომყვება. როცა მე მთებში ვარ და ის თბილისში, რა თქმა უნდა, განიცდის, მაგრამ იცის, რომ ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომლის გარეშე ის არ ვიქნები, ვინც ახლა ვარ. რაც შეეხება შვილებს, ორი გოგოს მამა გახლავართ: უფროსი ამერიკაში სწავლობს, ხოლო უმცროსი, ნათია ჯერ 6 წლისაა. რა თქმა უნდა, მთებისკენ თუ გაიწევს და ალპინისტი გახდება, ხელს არ შევუშლი, ბოლოს და ბოლოს, დიდი ალექსანდრა ჯაფარიძის მოგვარეა... მე ბევრ ქალ მთამსვლელს ვიცნობ, და ისინი სიმამაცითა და პროფესიონალიზმით მამაკაცებს არ ჩამოუვარდებიან.

ინტერვიუს დასასრულს კი გეტყვით, რომ ამ თაობას ჩვენზე მეტად გაუმართლა: დღევანდელ საქართველოში ალპინიზმს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ - მთამსვლელთა ეროვნული ფედერაცია ახალგაზრდებს ნორმალურად აფინანსებს. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდა ქართველი ალპინისტები "ოქროს ძერაყინის" მფლობელები გახდნენ, ეს იგივეა, რაც "ოქროს ბურთი" - ფეხბურთში. მეც და ჩემი მეგობრებიც, მთებში ჩვენი სახსრებით მივდიოდით და თანხას დიდხანს ვაგროვებდით, ჩემი შვილების თაობას კი სულ სხვა შესაძლებლობები აქვს, რაც ძალიან მახარებს!

ხათუნა ჩიგოგიძე