ბრმა, რომელიც ბევრ მხედველზე თვალხილულია - გზაპრესი

ბრმა, რომელიც ბევრ მხედველზე თვალხილულია

ადაპტირებულია გარემო პირობებთან და თანამედროვე ტექნოლოგებს აქტიურად იყენებს, რაც საშუალებას აძლევს, მუდმივად განვითარდეს და საკმაოდ ფართო აუდიტორიასთან იურთიერთოს. უძღვება ლიტერატურულ გვერდს სოციალურ ქსელში, აფასებს კარგ ლიტერატურას და მასთან ურთიერთობამ დამარწმუნა, რომ ბევრ ადამიანზე თვალხილულია.

- დავიბადე 1977 წლის 23 აგვისტოს, გორის რაიონში, სოფელ ახალუბანში. დავამთავრე თბილისის უსინათლოთა ახლანდელი ორასმეორე სკოლა-პანსიონი. მაშინ სხვადასხვა გარემოების გამო ვერ შევძელი სწავლის გაგრძელება, თუმცა კი ძალიან მინდოდა. ამჟამად ვცხოვრობ სოფელში, ოჯახს შეძლებისდაგვარად ვეხმარები.

- ვინ გყავთ ოჯახში, ვისთან ერთად ცხოვრობთ?

- მყავს ძმა, რომელიც შშმ პირია და დედა. მამა გარდაიცვალა.

- უსინათლო დაბადებიდან ხართ თუ სიბრმავე შემდეგ განვითარდა?

- კი, დაბადებიდან შშმ პირი ვარ. უფრო სწორად, ოთხ-თვენახევრის ვყოფილვარ, როცა გამიღვიძია და აკვანზე გაბმული სათამაშოებისთვის თვალი არ გამიყოლებია. აქედან მიმხვდარან, რომ მხედველობა დავკარგე. ჩემი ძმაც შშმ პირია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ვერ საუბრობს.

- დაავადებები გენეტიკურია?

- მშობლები ჯანმრთელები არიან. მე მხედველობა მაქვს ნული პროცენტი, ფერებსაც ვერ ვხედავ.

- სამყაროს როგორ აღიქვამთ?

- ჩემეულად, რაღაცნაირად, შეხებითა და სმენით, თუმცა სმენაზეც პრობლემა მაქვს - სავარაუდოდ, გრიპისგან დამაკლდა ორივე ყურში.

- ჩვენ ახლა მესიჯებით ვსაუბრობთ და როგორ კითხულობთ, ახლა რასაც გწერთ?

- მიხმოვანებს სინთეზატორი, რომელიც ინსტალირდება ტელეფონსა და კომპიუტერზე, ანუ რაც მონიტორზე გამოდის, მე ხმით გადმომეცემა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ვწერ: კლავიატურაზე უკვე ვიცი, რომელი ღილაკი სადაა.

- მინახავს თქვენი კომენტარები, რომელსაც წერთ "ფეისბუკში", ამა თუ იმ პოსტზე. როგორ აგნებთ იმ ველს, სადაც უნდა დაწეროთ? მერე იმასაც ხვდებით, რომ პასუხი გაგცათ პოსტის ავტორმა და ისევ პასუხობთ.

- დიახ, ხმოვანი პროგრამა მეუბნება, ამან და ამან პატიოსნად გიპასუხა კომენტარზეო. ძალიან ბევრჯერ, რა თქმა უნდა, შეცდომაც მომსვლია, მაგრამ ძირითადად სწორად ვმოქმედებ. წიგნები ბრაილის შრიფტით ნაკლებად გამოდის, სამწუხაროდ, ხარჯებთანაა დაკავშირებული და თანდათან პოპულარობასაც კარგავს, რის გამოც გული მტკივა. სამაგიეროდ, მაქვს საკმაოდ მდიდარი ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა და რაც ახალგაზრდობაში, ოთხმოცდაათიანებში ვერ წავიკითხე, ახლა ვკითხულობ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უსინათლოების სახელით მადლობა გადავუხადო "ფეისბუკის" ჯგუფ PDF -ლიგის ადმინისტრაციას, რომელიც უსასყიდლოდ აკეთებს ჩვენთვის ასე საჭირო ბევრი წიგნის ელვერსიას.

- გაოცებული ვარ, რადგან ასე, ონლაინ, საერთოდ არ იგრძნობა, რომ მხედველობა არ გაქვთ.

- მართლა ასეთები რომ ვიყოთ ადამიანები, როგორც ონლაინ ჩანს, კარგი იქნებოდა.

- ვიცი, რომ სოციალურ ქსელში უძღვებით ლიტერატურულ გვერდს...

- კი, 2019 წელს, მე და ქალბატონმა ირმა სარაულმა დავაფუძნეთ ლიტერატურული ჯგუფი „ნიჭიერთა სამყარო“, სადაც ვდებ ქართულ და უცხოურ ნაწარმოებებს. ჯგუფში თავის ნაწარმოებებს ასევე დებენ მოქმედი მწერლები. ყოველთვის მინდოდა მქონოდა ჯგუფი, სადაც წიგნებს დავდებდი და წაიკითხავდნენ. მე პირადად არ ვწერ, თუმცა ვკითხულობ შეძლებისდაგვარად. რთული ოთხმოცდაათიანები რომ არა, ალბათ ფილოლოგიურზეც ვისწავლიდი. დღემდე ვამაყობ, რომ ჩემი შერჩეული ავტორები გამორჩეულია ინტერნეტში. დღემდე მყავს აქტიური მკითხველები.

409521242-1395563534676932-883881490738219023-n-copy-1710097162.jpg

- სხვა ადამიანის დახმარება თუ გჭირდებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში და რაში, კონკრეტულად?

- ყველაზე მეტად გადაადგილებაში მჭირდება დახმარება. უსინათლოსთვის ყველაზე დიდი პრობლემა დამოუკიდებლად გადაადგილებაა. რა თქმა უნდა, ოჯახშიც ელემენტარული საჭმლის მომზადება და მერე მოწოდებაა საჭირო. დალხენილი ცხოვრება ჯანმრთელს არა აქვს და შშმ პირს - მით უმეტეს.

- პირადზე მომიყევით რამე.

- ჯერჯერობით მარტო ვარ, ოჯახი არ მყოლია. ნუ, ვარიანტები კი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ან მე არ ვიყავი მისი შესაფერისი, ან ის - ჩემი. ერთი ქალბატონი ინტერნეტში გავიცანი. შემიყვარდა, შევხვდი კიდეც, მაგრამ მალევე დამშორდა და მძიმედ გადავიტანე. სამაგიეროდ, მეორე რომ გავიცანი და შევუყვარდი, ასე ახლოს აღარ მიმიშვია და რომ დამშორდა, - ქმარი ჩამოვიდა და ვეღარ მოგწერ, ვერ შეგხვდებიო, მძიმედ აღარ გადამიტანია.

- დედასა და ძმაზე მომიყევით.

- ჩემი ძმა 1969 წელსაა დაბადებული, დაბადებიდან ვერ ხედავს და ვერ ლაპარაკობს. ყველას უკვირს, ჯანმრთელი მშობლების ორივე შვილს თითქმის ერთნაირი პრობლემები რომ გვაქვს, მაგრამ შესაძლოა, წინაპრებიდან იყო ვინმე უსინათლო. ჩემი ძმა მწოლიარეა, ძალიან ცოტა ხნით თუ წამოჯდება. შეუყვარდა წოლა. ჭამს და არის თავისთვის, აგრესიული არაა, მარტოც ვტოვებთ ხოლმე, ასე ყოფნა უყვარს. სმენა კი აქვს, შეგრძნებებიც, გონებრივად აბსოლუტურად სრულფასოვანია. დედა 81 წლისაა, ძალიან ბევრი ჭირ-ვარამი გამოიარა. ამბობს, მთელი ცხოვრება არ გამიხარიაო და მაგრად განვიცდი, ამას როცა ამბობს.

- ფულს როგორ ცნობთ?

- ადრე ტელეფონზე მქონდა პროგრამა, ფულს აჩვენებდი კამერას და გეუბნებოდა, რა კუპიურა იყო. გაფუჭდა ეგ პროგრამა. რომ ვიცი, ლარიანი მაქვს, მეორე მონეტას დავატოლებ და ოდნავ დიდი თუა, ე.ი. ორლარიანია და ასე... ქაღალდის კუპიურები კი გადადებული მაქვს ცალ-ცალკე და ვიცი, რომელი სად მიდევს.

- ოჯახის შემოსავალი დედის და თქვენი პენსიაა თუ მეურნეობასაც ეწევით?

- სოფლის მეურნეობას არ ვეწევით, გვაქვს სოციალური შემწეობა, მე პენსია მომემატა, რადგან მთის ზონაში ვარ. რაღაცნაირად განვიცდი, მე რომ მაქვს სხვებზე ცოტათი მეტი... გარდა ამისა, დედაჩემს პატარა მაღაზია აქვს, სადაც ორივე ვმუშაობთ. უფრო მეტად დედაჩემი, მაგრამ მეც ვეხმარები.

P.S. ზვიადს ვკითხე, თქვენი წარმოდგენით ლამაზი როგორია-მეთქი? - რაღაცნაირი, სათუთი და სიფრიფანაო, - მიპასუხა. ჩვენ, ხილული ადამიანები ვერასოდეს გავიგებთ, როგორ აღიქვამენ უსინათლოები გარემოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღქმა მათ უფრო გამძაფრებული აქვთ და შესაძლოა, უფრო ფერადადაც კი ხედავენ, ვიდრე ჩვენ.

მაშო როინიშვილი