გალაკტიონთან შეხვედრის 5 ეპიზოდი - გზაპრესი

გალაკტიონთან შეხვედრის 5 ეპიზოდი

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჯერ გაზეთ "სოფლის ცხოვრების" თანამშრომელი გახდა, ხოლო შემდეგ მთელი ცხოვრება, გარდაცვალებამდე, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტში მუშაობდა ლიტერატურულ-დრამატული პროგრამების რედაქციის მთავარ რედაქტორად. გთავაზობთ მის მოგონებებს გალაკტიონზე, რომელიც ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება.

გალაკტიონის დედულეთი

"1955 წლის ნოემბრის ბოლოა. უნივერსიტეტის პირველ-მეორეკურსელები თითქმის ძალით წაგვიყვანეს "იმელში" მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეებთან შესახვედრად. ოვალურ დარბაზში ლოდინი დიდხანს არ დაგვჭირვებია. ისინიც მალე გამოჩნდნენ. ტაშმა იმატა, როდესაც გალაკტიონი ყველას გამოეყო, წინ წამოვიდა, მკერდზე ხელი მიიდო, წელში მოიხარა და თავის დაკვრით მადლობა გადაგვიხადა. შეხვედრას აკადემიკოსი ნიკო მუსხელიშვილი უძღვებოდა. გამომსვლელთა თანამიმდევრობა არ მახსოვს, მაგრამ კარგად მახსოვს გალაკტიონი ხელებს იფშვნეტდა და ვერ ისვენებდა. როდესაც მისი გვარი გამოაცხადეს, ტაშის გრიალში ნერვიული ცახცახით ადგა, კათედრასთან მივიდა და ერთიანად დაძაგრულმა წაიკითხა "დროშები ჩქარა" და "რევოლუციურ საქართველოს". ხანგრძლივი ოვაცია იმის მიმანიშნებელიც იყო, რომ სხვა ლექსებიც ეთქვა, მაგრამ არასდიდებით არ წაიკითხა. ეგ კი არა, რამდენჯერმე სცენიდან გასვლაც კი დააპირა, მაგრამ ვიღაცამ შეაჩერა...

შეხვედრა დასრულდა თუ არა, შთაბეჭდილებით სავსენი ნელ-ნელა დავიშალეთ და გარდერობს მივაშურეთ. პალტო ჩავიცვი და თანაკურსელს, ახლა კარგ მეცნიერსა და მწერალ გიგი ხორნაულს მივუბრუნდი შთაბეჭდილების გასაზიარებლად. გიგის უცებ სახე გაუბრწყინდა. თვალებით ვიღაცაზე მიმანიშნა. მივიხედე და რას ვხედავ, - გალაკტიონს ხელი პალტოს სახელოში გაუყრია და ოდნავ მარცხნივ გადახრილი, მეორეზე წვალობს. სახელოს კი არ უყურებს, თავი აუღერებია და წინ - ჩვენს ზემოთ იცქირება. მაშინვე ვეცი, სახელო გავუსწორე, მივუმარჯვე. მან ხელი გაუყარა, ტანი შეარხია, პალტო კარგად მოირგო და ზედაც არ შემომხედა, ისე გადამიხადა მადლობა.

ახლა იწყებოდა ჩემი შავი დღე. საქმე ის გახლავთ, რომ თანაკურსელებს ვეტრაბახებოდი, გალაკტიონს კარგად ვიცნობ, ჟურნალისტიკის განყოფილებაზე მისი დახმარებით მოვეწყე-მეთქი... დეიდაჩემი მარიამ შარაშენიძე ცოლად ჰყავდა გალაკტიონის მკვიდრ ბიძაშვილ აგაბო ადეიშვილს, რომელიც საკმაოდ განათლებული კაცი გახლდათ, ორი ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და მშობლიური სოფლის - ვანის რაიონის სოფელ ყუმურის საშუალო სკოლაში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. ბედის განჩინებით, ყუმურში - გალაკტიონის დედულეთში გავიზარდე. როგორ მოვხვდი ამ ოჯახში? თბილისში დავიბადე 1935 წელს. მამაჩემი მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს და მისი დაღუპვის ცნობაც მალე მივიღეთ. დედაჩემმა მუშაობა გააგრძელა, მე კი დეიდაჩემმა წამიყვანა ყუმურში. იქ დავამთავრე საშუალო სკოლა ოქროს მედალზე... აგაბოს ჰყავდა და ანტისა, რომელიც გალაკტიონის კბილა იყო და როცა ჭყვიშიდან დედულეთს ავიდოდა გატუნია (ასე ეძახდნენ), ერთად თამაშობდნენ და ერთობოდნენ ხოლმე. ანტისა ბევრ რამეს მიყვებოდა გალაკტიონზე...

ერთი სიტყვით, პოეტმა პალტო მოირგო და ის იყო, წასასვლელად ფეხი უნდა გადაედგა, რომ თავგანწირული გადაწყვეტილებით, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი მუცელზე მივარტყი. გაკვირვებულმა შემომხედა და სანამ რამეს მეტყოდა, სხაპასხუპით მივაყარე: ბიძია გალაკტიონ (თანაც ბიძია), იცით, როგორ გიგონებენ ყუმურში აგაბო და ანტისა?! სახე შეეცვალა, თვალები გაუბრწყინდა, მგონი, მოუწყლიანდა კიდეც. - ოო, აგაბო... ანტისა... როგორ არის ანტისა? მკლავში ხელი მომკიდა და გაოცებისგან პირდაღებული ჩემი ამხანაგების თვალწინ, შენობიდან გამოვედით. ამის შემდეგ ის მეკითხებოდა, მე კი ვპასუხობდი სოფელზე, იმ ძველ სახლზე, მდინარეზე, თევზებზეც კი... განსაკუთრებით ანტისას ამბავი აინტერესებდა. - ისევ აქვს გრძელი, წაბლისფერი ნაწნავები? დარჩა ხომ გაუთხოვარი... ეეჰ, ანტისა, ანტისა... ამასობაში ჩავცდით რესტორან "ყაზბეგს". გალაკტიონი მოწყვეტით შეჩერდა და თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოო, უეცრად დამემშვიდობა.

რუსთაველზე ამოვბრუნდი, პროსპექტი გადავჭერი და ტროლეიბუსს დაველოდე. ერთხანს არ გამოჩნდა. ის იყო, ფეხით წასვლა დავაპირე, რომ პირდაპირ, დიდი გასტრონომის შესასვლელთან დავინახე. ამ დროს მოვიდა ტროლეიბუსიც და ავედი. დღემდე მაწუხებს ფიქრი: ნეტავ, ფული რომ მქონოდა, გამებედა და რესტორანში დამეპატიჟა, თუ დამთანხმდებოდა?.. ვინ იცის!"

გაჩერებასთან

"ერთხელ მელიქიშვილის ქუჩის დასაწყისში იდგა გალაკტიონი, ხუთ ნომერ ტრამვაის ელოდა. თავაღერილი რაღაცას მისჩერებოდა. მერე უეცრად შებრუნდებოდა ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, რამდენიმე ნაბიჯს გადადგამდა, ტყავის დიდ ჩანთას გაიქნ-გამოიქნევდა და პირვანდელ ადგილს უბრუნდებოდა. ერთხელ ისე მომიახლოვდა, მეგონა, აი, ახლა გამიღიმებს და მეტყვის: აა, შენ ის ყმაწვილი არა ხარ, ანტისასა და აგაბოზე რომ მელაპარაკე?.. მით უმეტეს, ისეთი გაბრწყინებული სახით შევცქეროდი. არაფერი ამის მსგავსი! გალაკტიონი თითქოს ყველას და ყველაფერს უყურებდა, მაგრამ ვერავის ამჩნევდა... ხალხის ყურადღება კი ჩანდა, ძალიან სიამოვნებდა..."

ბიძაშვილ-მამიდაშვილის შეხვედრა

"1957 წლის ზაფხულში სოფლიდან ბიძაჩემი აგაბო მეწვია. ივლისის შუა რიცხვები იყო. იმ წელს აგაბოს უფროსმა ქალიშვილმა დარეჯანმა ოქროს მედალზე დაამთავრა ყუმურის საშუალო სკოლა. ბიძამ მთხოვა და მის სახელოვან მამიდაშვილთან წავყევი. კარი გალაკტიონმა გაგვიღო. აგაბო დაინახა თუ არა, სახეგაბრწყინებული გარეთ გამოვიდა, გაშალა მკლავები და გადაეხვია: აჰ, აგაბო... აგაბო! სახლში შეგვიპატიჟა, თან ბოდიშს იხდიდა, რომ არეულ-დარეული იყო ყველაფერი. მართლაც, პატარა ჰოლი სავსე იყო ძველი გაზეთებით, გაშლილი თუ დაგრაგნილი აფიშებით. იატაკზე თაბაშირით შესრულებული პოეტის საკმაოდ დიდი ბიუსტი იდო. გალაკტიონი განაგრძობდა: რა ვქნა, აგაბო, აი ასე ვცხოვრობ. ხვალ აქვე, ქუჩის გადაღმა ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის კლუბში შეხვედრა მაქვს მკითხველებთან. მე თვითონ თუ არ მოვაწყე ყველაფერი, ნამდვილად ჩამიშლიან. ხომ იცი, მტრები მყავს, ბევრი მტერი!.. საუბარში ეს სიტყვები რამდენჯერმე გაიმეორა. მერე სამუშაო ოთახში შეგვიძღვა. ბიძაჩემს სკამი მიუმარჯვა, მეც გვერდით მივუჯექი, გალაკტიონმა კი ჩვენს პირდაპირ, საწერი მაგიდის შუაგულში დაიკავა ადგილი. საამბობს რა გამოულევდათ, არ ენახათ ერთმანეთი 22 წელიწადზე მეტხანს, აგაბოს დის - მაკინეს დასაფლავების შემდეგ.

აგაბო მორიდებით და მობოდიშებით გადავიდა მთავარ სათქმელზე. შევეცდები ზუსტად გადმოვცე მათი დიალოგი. - გალაკტიონ, უნდა შეგაწუხო, სხვა გზა არა მაქვს. რამდენიმე საათი უნდა დაკარგო ჩემთვის. - გისმენ, აგაბო! - ჩემმა ქალიშვილმა ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა და სამედიცინო ინსტიტუტში სამკურნალო ფაკულტეტზე უნდა საბუთების შეტანა. ნიჭიერიც არის და კარგად მომზადებულიც, მაგრამ ხომ იცი, მანდ ბევრი რამ ნაცნობობასა და სხვა რამეზეა დამოკიდებული, დამიჩაგრავენ ბავშვს. - მერე, მერე აგაბო... - ქვეყანა გიცნობს, პატივს გცემს. მიმყევი დირექტორთან ერთი თხოვნით - გასაუბრებაზე ბავშვი არ დამიჩაგრონ. - მივიდეთ. მართალია, პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ამბობენ, სამართლიანი კაციაო და არა მგონია, ანგარიშიც არ გამიწიოს. - როდის გცალია? - ხვალ ხომ შეხვედრა მაქვს მკითხველთან... ზეგ! - კარგი, ზეგ 12 საათზე შევხვდეთ ერთმანეთს ინსტიტუტის შესასვლელთან. - შენ რაღა გინდა, აგაბო, მე მივალ და ვნახავ. ბიძაჩემი დაიბნა. გალაკტიონმა განაგრძო: შეიძლება ის კაცი არც იყოს ადგილზე. მე დაველოდები და აუცილებლად ვნახავ! აგაბოს შეპასუხებას ყურადღება არ მიაქცია, წამოდგა და ხელების ფშვნეტას შეუდგა. ჩვენც ავდექით, გალაკტიონმა გამოგვაცილა და გულთბილი სიტყვებით დაგვემშვიდობა. კიბეზე ჩამოსვლისას გულგატეხილმა აგაბომ ჩაილაპარაკა: ეეჰ, ტყუილია ბიძია, მაგი იქ მიმსვლელი არაა..."

shexvedraze-1710140247.jpg

"როგორ გავაცანი გალაკტიონს ჩემი თანაჯგუფელი"

"1958 წლის გაზაფხულია. მე და ჩემი თანაჯგუფელი ანზორ ჯუღელი რუსთაველზე მივდივართ. კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობას რომ გავცდით, გალაკტიონი დავინახეთ. დგას ილიასა და აკაკის ძეგლის პირდაპირ ტროტუარზე, ხელები უკან დაუწყვია, წელში გამართულა, მკერდი წინ წამოუწევია და ერის სათაყვანებელ მოღვაწეებს მონუსხული მისჩერებია... გვერდით ჩავუარეთ და რამდენიმე მეტრში გავჩერდით. ცოტა ხანში პოეტს მივუახლოვდით... შემოგვხედა თუ არა, მაშინვე ნაცად ხერხს მივმართე, გავიღიმე და ანტისა... აგაბო... დავიწყე. - აა, ბეჭზე ხელი მომითათუნა. ანზორი ხომ გიჟდებოდა გალაკტიონზე, მისი უამრავი ლექსი ზეპირად იცოდა. გალაკტიონს სულის მოთქმა არ დავაცადე: გაიცანით, ჩემი თანაჯგუფელია, ჯუღელი... გვარმა თითქოს რაღაც გაახსენა, რამდენჯერმე გაიმეორა, თვალებში ჩააცქერდა, ხელი ჩამოართვა. მე დავამატე: ლექსიცა აქვს თქვენთვის მოძღვნილი... - ოჰო, ლექსებსაც ვწერთ? - გემრიელად გაიცინა და გამოუმშვიდობებლად გაგვცილდა. პოეტი ზმანებიდან, თავისი დიადი სამყაროდან გამოვიყვანეთ და არ გვაპატია. ანზორი კი ახლაც მემადლიერება, მისივე სიტყვებით რომ ვთქვა - ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე მაჩუქეო..."

გალაკტიონი და მეარღნეები

"1959 წლის იანვრის დასაწყისია, 10-12 საათი იქნება. მარჯანიშვილის მოედნის კუთხეში, აფთიაქის ახლოს იყო ბორჯომის მაღაზია. ერთი ჭიქა ბორჯომი იქვე დავლიე, რამდენიმე ბოთლი ბადურაში ჩავაწყვე და გარეთ გამოვედი. ორიოდე ნაბიჯი გადავდგი და საპირისპირო მხრიდან მომავალი გალაკტიონი დავინახე, ვიღაცა საშუალო ხანს კარგად გადაცილებულ, შავგვრემან კაცთან ერთად. ორივენი შეზარხოშებულები იყვნენ. სად იყო და სად არა, იქვე სადარბაზოსთან ორი ტანდაბალი, კანტუზიანი კაცი გამოვიდა. ერთ მხარზე არღანი გადაეკიდა, თითქმის ასფალტამდე დასთრევდა, დაღლილები ჩანდნენ. გალაკტიონმა დაინახა თუ არა, არღნიანს სახელი დაუძახა. ეტყობა, ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. პოეტი შეეხვეწა: მოდი, რამე დაუკარიო. იმანაც უარი ვერ უთხრა. ღვედი კარგად მოირგო, არღანს მუხლი შეაშველა და რაღაც ბაიათი ჩართო. - არა, ეგ არა, "მუხამბაზიო", - სთხოვა პოეტმა. მეარღნემ ხათრი არ გაუტეხა. საახალწლოდ მორთულ მოედანს "მუხამბაზის" დიდებული ჰანგი მოეფინა. გალაკტიონი მეარღნეებს შორის ჩადგა, ორივეს მხრებზე ხელები დააწყო, მართლაც, დევივით იდგა. პალტო შეხსნილი ჰქონდა, თავი მაღლა აეწია, თვალები დაეხუჭა და მუსიკის ტაქტს გრიგოლ ორბელიანის სიტყვებით მიჰყვებოდა. ცნობისმოყვარეთა წრეც შეიკრა.

საოცარი სანახავი იყო. თუმცა, მანამდე მისი მხლებელი არ გაჩერდა, წავიდა. გალაკტიონმა, - დათიკო, მოდიო, დაუძახა. იმან მოიხედა, ხელი ასწია, მერე ჩაიქნია და ლენინგრადის ქუჩაზე ჩაუხვია. მოკლედ, გალაკტიონი დგას ბუმბერაზივით, "მუხამბაზს" ღიღინებს, ამ ქვეყნისა აღარ არის... ამასობაში "მუხამბაზიც" დასრულდა. მეარღნემ მხარზე მოიგდო თავისი ინსტრუმენტი, გალაკტიონს დაემშვიდობა და ძმაკაცთან ერთად გზას გაუდგა. გალაკტიონი შებრუნდა, მოედანი გადაჭრა და მარჯანიშვილის ქუჩას დაუყვა..."

ბოლოთქმა

"1959 წლის 17 მარტს საქართველოს რადიომ უკანასკნელი ცნობების 18:00 საათის გამოშვებაში გადასცა ინფორმაცია გალაკტიონის დაღუპვის შესახებ. პროგრამა ისე იყო დაგეგმილი, რომ ათწუთიან გამოშვებას ქართული ხალხური სიმღერები მოჰყვებოდა. ცეკას პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების უნებართვოდ, რადიოს ხელმძღვანელი პროგრამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეცვლიდა. საამისოდ კი თავი არავინ შეიწუხა, ამიტომ ისე მოხდა, რომ პოეტის გარდაცვალების ცნობას (ეს იყო ბოლო ინფორმაცია) მიაყოლეს ქართული ხალხური სიმღერები. მართლაც, საშინელება იყო... აბა, რომელიმე პატივცემული პარტიული გვამი გარდაცვლილიყო?!"

ნანული ზოტიკიშვილი