"ასე გადაწყვიტა სამყარომ ჩემი მოკვლა" - გზაპრესი

"ასე გადაწყვიტა სამყარომ ჩემი მოკვლა"

"ასე გადაწყვიტა სამყარომ ჩემი მოკვლა", - ეს სიტყვები დაწერა სოციალურ ქსელში თერჯოლის რაიონში, სოფელ ზედა საზანოში დატრიალებული ტრაგედიის დროს გადარჩენილმა გოგონამ, ანა რობაქიძემ. ძალიან მძიმეა დღეს მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა, რადგან სწორედ მის თვალწინ დატრიალდა ენით აღუწერელი ტრაგედია. იმ საბედისწერო დღეს რობაქიძეების სახლში სტუმრად ლიზის თანაკლასელი გოგონები ჭიათურიდან ჩავიდნენ.

როგორც ირკვევა, სტუმრებისათვის სოფლის საინტერესო ადგილების დასათვალიერებლად ყველანი ერთად წავიდნენ. ჩანჩქერის სანახავად ამ სოფელში თურმე ბევრი ტურისტი დადის. მათ თან მიჰყვებოდა მასპინძელი ლიზი რობაქიძის მამა, არსენა რობაქიძე, ასევე ლიზის და. თურმე ერთ-ერთ ბავშვს სურათის გადაღების დროს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა, მის დასახმარებლად პირველი წყალში არსენა შევიდა, მაგრამ ვერ შეძლო ბავშვის შველა. მერე სხვებიც შეეცადნენ მათ დახმარებას და სამწუხაროდ, 4 ადამიანი მდინარეში დაიხრჩო. ნაპირზე დარჩენილმა ერთ-ერთმა გოგონამ საშველად 112-ში დარეკა, მაგრამ იქ მისულ მაშველებს უმძიმესი სურათი დახვდათ. მათ წყლიდან მხოლოდ ერთი გოგონას ამოყვანა შეძლეს, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, "გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და გაეწერა. მას ჰიპოთერმია და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა აღენიშნებოდა".

გადარჩენილი გოგონა ლიზის დაა. მათი დედა ემიგრაციაში იყო, იტალიიდან ამ საშინელი ტრაგედიის დატრიალების შემდეგ ჩამოვიდა. გარდაცვლილი არიან ლიზი და არსენა რობაქიძეები, ნინო კენჭოშვილი და ელენე შუკაკიძე.

ძალიან გაუჭირდა მომხდარზე საუბარი მათი სკოლის დირექტორს: "საშინელი დღე გათენდა, ენით აღუწერელი ტრაგედიაა. ჩვენი სკოლის სამი მოსწავლეა გარდაცვლილი. რა უნდა ვთქვა, არ ვიცი. სტუმრად იყვნენ თანაკლასელის სახლში. ამბობენ, ერთს ფეხი დაუცდაო, სხვები ცდილობდნენ დახმარებას და მოხდა უბედურება. გადარჩენილი გოგონაც ჩვენი სკოლის მოსწავლეა, ერთ-ერთი დაღუპულის და... საოცარი ბავშვები იყვნენ, სანიმუშოდ ზრდილი, თბილი და გონიერი გოგონები, მომავლის იმედით და გეგმებით სავსე. წელს სკოლას ამთავრებდნენ და არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა მათ ოჯახებს. დიდი ტკივილია. ყველა განიცდის. სიტყვები უძლურია".

elene-da-nino-1710140552.jpg

მოგვიანებით სოციალურ ქსელში მათი სკოლის გვერდზე გამოსამშვიდობებელი წერილი დადეს: "გაქვავდა ქალაქი... სამი ანგელოზი, რომელიც სიცოცხლით ხარობდა, მომავალს გეგმავდა, ათასნაირად ხატავდა ბედნიერების გზას, გულით მზეს დაატარებდა და ყოველი დღის გათენებას ზეიმობდა, გაფრინდა. გაფრინდა შორს, უცნობ გზაზე, ცოცხლად დარჩენილთათვის მიუვალ ნაპირზე... დუმს სკოლა... სკოლა, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ მათი ნაბიჯებით ხარობდა, მათი სიცილით ხმაურობდა და მათი მომავლის გეგმებს ისმენდა... თითოეული მასწავლებლის გულში ცეცხლი ანთია. ცეცხლი, რომელსაც ვერაფერი აქრობს... ბავშვები, რომლებთან ერთადაც გაიზარდეთ, თორმეტი წელი ისწავლეთ და და-ძმანივით შეიყვარეთ ერთმანეთი, თავზარდაცემულნი არიან. მათ ხომ სამი თანაკლასელი, სამი და დაკარგეს. დაკარგეს მაშინ, როცა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადიოდნენ, სიცილ-კისკისით სტუდენტობის ზეიმობას აპირებდნენ და ახალ ცხოვრებას იწყებდნენ. რა იცოდნენ, თუ თქვენ ასე სწრაფად გადაიფრენდით ურთულეს გზებს, დაიპყრობდით ცის კამარას და მზეს შეუერთდებოდით კაშკაშა სხივებად. "ნუთუ, ღმერთო, ამისთანა მსხვერპლი, მართლა საჭირო იყო?!" - ყველა სიტყვა უძლურია ამ ტრაგედიასთან. ნუგეში, უბრალოდ, არ არის... ჩვენო თვალმერცხალა ანგელოზებო: ნინო, ელენე, ლიზი, ერთი რაც შეგვიძლია გითხრათ, ისაა, რომ თქვენ მუდამ იცოცხლებთ თითოეული ჩვენგანის გულებში. ის წილი მზე, რომელიც ჩვენში აანთეთ და სითბოდ და სიყვარულად დატოვეთ, არასდროს ჩაქრება. ქალაქ ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური საზოგადოება, მოსწავლეები და მათი მშობლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ამავე სკოლის, მე-12 კლასის მოსწავლეების - ნინო კენჭოშვილის, ელენე შუკაკიძის და ლიზი რობაქიძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო".

მერის წარმომადგენელი სოფელ ზედა საზანოში ამბობს, რომ არსენას გულის პრობლემები ჰქონდა და სავარაუდოდ მას წყალში გული გაუსკდა: "დიდი ტრაგედიაა. არსენა რობაქიძე და მისი ქალიშვილია გარდაცვლილი, მეორე ქალიშვილი, ანა გადარჩა. არ ვიცი რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია. იქ ჩანჩქერია და ალბათ სველი იყო ადგილი წყლის შხეფებისგან, ფეხი დაუცდათ. ძალიან ცივი წყალია, მარტო სიცივე მოკლავდა. სურათის გადაღების დროს გადავარდნილა ერთი ბავშვი და შემდეგ მამა გადამხტარა საშველად. არსენას გულის პრობლემები ჰქონდა, ოპერაცია გაიკეთა და ეტყობა, ცივ წყალში გულმაც უმტყუნა. ეტყობა ამ ცივ წყალში რომ შეცვივდნენ ბავშვები, შიშიც ჰქონდათ. დიდი გლოვაა სოფელში. თანავუგრძნობ მათ ოჯახებს".

P.S. ჟურნალის "გზა" რედაქცია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებს ამ დიდი ტრაგედიის გამო.

თეა ხურცილავა