გოგონა თანატოლმა საშინელი წამებით მოკლა - გზაპრესი

გოგონა თანატოლმა საშინელი წამებით მოკლა

22 წლის ქეთი ჯავახიშვილი 21 წლის ოთარ ცინდელიანმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. გოგონას დასახიჩრებული სხეული მეორე დილით, სახლიდან 50 მეტრში ადგილობრივმა თხრილში ჩაგდებული ნახა და მეზობლებს საშველად უხმო. ტრაგედიის ადგილას მისულ მამას მისი უფროსი ქალიშვილი შერჩა. ცხედარს ხელები მავთულით ჰქონდა უკან შეკრული და ზემოდან ქვები ეყარა. დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. საქმის პროკურორი ამბობს, რომ ასეთი სისასტიკით ჩადენილი დანაშაული მის პრაქტიკაში აქამდე არ ყოფილა. "ყველა ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია. სხეულის არც ერთი ორგანო არ დარჩენილა, ზემო და ქვემო კიდურები, კისრის წინა და უკანა მხარე, თავი, ყველგან აქვს ათეულობით ჭრილობა მიყენებული. ყველა ეს ჭრილობა შემავალია... ბრალდებული ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. შემთხვევა დაახლოებით ღამის 2-დან 3-ის ნახევრამდე მოხდა... ადამიანი, რომელმაც 59 ჭრილობა მიაყენა ქეთევან ჯავახიშვილს, მიიმალა და შეეცადა გაენადგურებინა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები... ის, რომ გენდერული ნიშნით ჩაიდინა მკვლელობა, მის ფეთქებად ხასიათზე და სტერეოტიპულ აზროვნებაზე მიუთითებს... ჩვენ დაახლოებით 4 საათისთვის მისი ვინაობა ვიცოდით, თუმცა ვაზუსტებდით მტკიცებულებებს, რათა ასეთ მძიმე დანაშაულზე მისთვის ბრალი წარგვედგინა. გამოძიება გრძელდება და ჯერ კიდევ არ ვიცით, ბრალდებულის წინააღმდეგ რა მტკიცებულებებს აღმოვაჩენთ. საზღვარგარეთ აქვს მას კონტაქტები, დედა ჰყავს იქ და ქვეყნის საზღვარიც არაერთხელ აქვს დატოვებული. შესაბამისად, მიმალვის საფრთხე ნამდვილად არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონი ამოღებულია, ყველა მიმოწერა წაშლილი აქვს. ეს ამტკიცებს, რომ მტკიცებულებების განადგურებასაც ცდილობდა. ერთადერთი სასჯელი, რომელიც ამ სამივე საფრთხეს აღკვეთს, პატიმრობაა. ბრალდების მხარე არც პირად თავდებობას და არც გირაოს საკითხს არ განიხილავს. ბრალდებულს არც რაიმე პირადი საკუთრება გააჩნია. გირაოს ვერც ერთი ოდენობა მისთვის შემაკავებელი ვერ იქნება", - განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

როგორც ირკვევა, დამნაშავე ჭუბერიდან თბილისში, სპეციალურად ქეთევან ჯავახიშვილთან შესახვედრად ჩამოვიდა. ჯერ ბებიის სახლში მივიდა, მერე გოგონას მესიჯები მისწერა და გვიან ღამით ქეთის ქუჩაში გამოსვლა მოსთხოვა... დანაშაულის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენის შემდეგ, ოთარ ცინდელიანი იმავე სოფელში მცხოვრები ბებიის სახლში მივიდა, სისხლიანი ტანსაცმელი გამოიცვალა, ქურთუკი იქ დატოვა, შარვალი კი სახლის მიმდებარედ გადააგდო. სწორედ მისი ბებიის ბინიდან აქვს გამოძიებას ამოღებული დანაშაულის იარაღი - დანა და სისხლიანი ქურთუკი.

პროკურორის თქმით, ბებიის სახლში სისხლის ლაქებიც იპოვეს, რომელიც უკვე მოწმენდილი იყო, თუმცა ექსპერტებმა მაინც აღმოაჩინეს კვალი.

ერთი ვერსიით, ბრალდებულს გოგონა უყვარდა, მაგრამ ის ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყო და ეს გახდა ტრაგედიის მიზეზი. მეორე ვერსიით, გოგონას ნარკოტიკისთვის ფულს სძალავდა და უარის გამო გაუსწორდა ასე სასტიკად. დაგროვილ კითხვებს პასუხს მსხვერპლსა და მოძალადეს შორის არსებული მიმოწერა გასცემს. ამ მასალების შესწავლით ბევრ რამეს აეხდება ფარდა. ამ ეტაპზე პროკურორი ამბობს, "ინსტაგრამის" მიმოწერები ადასტურებს, რომ ქეთევან ჯავახიშვილი ბრალდებულს საკუთრებად მიაჩნდაო.

თავად ბრალდებულს სასამართლო პროცესზე მომხდარის დეტალებზე არ უსაუბრია. ის დუმილის უფლებას იყენებს.

ჩემს შვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ამბობს ოთარ ცინდელიანის მამა: "ფსიქიკურად ვერ იყო ნარკოტიკების გამო და იმიტომ მოხდა ყველაფერი. ის იყო ბარსელონაში, იქ მკურნალობდა. ფსიქიკურად უჭირდა, თორემ აბა, მაგის გამკეთებელი იყო? ჩემთან იყო ჩამოსული ბოლოს სვანეთში, მაგრამ მე არ ვიყავი სახლში და უკან წამოვიდა".

ბრალდებულის შეურაცხადობის არ სჯერათ მოკლული გოგონას ახლობლებს. ისინი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. როგორც მეზობლები ამბობენ, ჯავახიშვილების ოჯახი ესპანეთში იყო საცხოვრებლად წასული და ერთი წელია იქიდან დაბრუნდნენ. ესპანეთში იყო ბრალდებული ოთარ ცინდელიანიც. მისი დედა წლებია ემიგრაციაშია. ამ ოჯახებს ერთმანეთთან ნათელმირონობა აკავშირებთ. ოთო ცინდელიანის მშობლები დიდი ხანია, გაშორებულები არიან. ბრალდებულს ბებია ზრდიდა. მარტყოფის საჯარო სკოლა დაამთავრეს ქეთიმ და ოთარმა, ისინი თანაკლასელები იყვნენ. მეზობლების ვერსიით, ბიჭს ქეთი შეუყვარდა, მაგრამ ეტყობა, ნათელმირონობის გამო, გოგონა ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყო და ვარაუდობენ, რომ ეს გახდა ტრაგედიის მიზეზი.

ქეთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობდა, ძალიან განათლებული, ჭკვიანი გოგო იყო. ბეჯითი, მოაზროვნე, ცოდნასა და სწავლაზე შეყვარებული, ხალისიანი, მეგობრული და ძალიან კეთილი. სამსახურში დაწინაურებასაც უპირებდნენ. მეხის გავარდნას ჰგავდა ეს ამბავი. ასეთი სისასტიკე და ძალადობა თავზარდამცემი და გამაოგნებელია", - ამბობს ადგილობრივი.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა