„მამამ დედას უთხრა: რა განერვიულებს, საკონცენტრაციო ბანაკი გამომივლია, დამხვრეტენ, მეტი რას მიზამენო?“ - გზაპრესი

„მამამ დედას უთხრა: რა განერვიულებს, საკონცენტრაციო ბანაკი გამომივლია, დამხვრეტენ, მეტი რას მიზამენო?“

ოჯახი აფხაზეთში, კერძოდ ბიჭვინთაში 1962 წელს დასახლდა, რადგან მიხეილ ნიორაძე იქ სამუშაოდ მიიწვიეს. მისი უფროსი ქალიშვილი სვეტლანა მაშინ 10 წლის იყო. მან სკოლა ბიჭვინთაში დაამთავრა, მერე თბილისში სწავლობდა, აქვე გათხოვდა... თუმცა, დაბაში ხშირად ჩადიოდა, მისი მშობლები ომის მერეც იქ ცხოვრობდნენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრო-მეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე იხსენებს სკოლას, პედაგოგებს, მეზობლებს...

სკოლის წლები

- მამაჩემი მშენებელი ინჟინერი იყო, ჯერ სამეგრელოში აშენებდა მცირე ჰესებს, მერე აფხაზეთში მოხვდა, იქაურობა ძალიან მოეწონა და დარჩა საცხოვრებლად. მე და ჩემი ორი და ბიჭვინთის რუსულ საშუალო სკოლაში ვსწავლობდით, ქართული მოგვიანებით აშენდა. როცა სენაკში ვცხოვრობდით, ქართულ სკოლაში დავდიოდი სამი წელი. მშობლებს უნდოდათ, ქართულად გვესწავლა, მაგრამ მხოლოდ გაგრაში იყო ქართული სასწავლებელი, იქამდე კი 20 კმ-ზე მეტი უნდა გაგვევლო და თან მგზავრობას ვერ ვიტანდი... ჩემს კლასში აფხაზები არ სწავლობდნენ, ვიყავით - 4 ქართველი, რუსები (ძირითადი კონტინგენტი) და სომხები. აფხაზი კლასელები ჩემს დას ჰყავდა. აფხაზი დირექტორი გვყავდა, ჯაკონია სულიკო გრიგორიევიჩი, კარგი ადამიანი იყო. სკოლის პერიოდში ექსკურსიებზე დავდიოდით ახალ ათონში, რიწის ტბაზე, სოხუმში... მამაჩემსაც ხშირად დავყავდით რიწის ტბაზე.

კლასელები ვმეგობრობდით. მაგრამ 2008 წლის მერე ყველასთან გავწყვიტე კონტაქტი. საშინელებებს ამბობდნენ: თქვენ იქ ბავშვებს კლავდითო; რუსებს არაფერი დაუბომბავთ, ეგ ტყუილიაო... ვწერდი, რომ ჩემი შვილი იბრძოდა ომში და გორიც დაბომბეს, ფოთიც-მეთქი. რად გინდა, ვერაფერს ვუმტკიცებდი!.. წლები გავიდა და ახლა იშვიათად, თუმცა რაღაცას მაინც მწერენ ხოლმე თანაკლასელები.

ომის დროს...

- ბიჭვინთაში თავიდან სანაპიროზე ვცხოვრობდით, მერე მამას ბინა მისცეს ახალაშენებულ კორპუსში, სადაც უმრავლესობა რაჭიდან გადმოსახლებული რაჭველები იყვნენ. ომის დროს ყველა გაიქცა... ქართველებსა და აფხაზებს შორის ომამდე არავითარი დაძაბულობა არ იგრძნობოდა, მე არაფერი შემიმჩნევია. 17 წლიდან თბილისში ვცხოვრობდი, მაგრამ იქ ხშირად ჩავდიოდი. ომი რომ დაიწყო, იმ ზაფხულს ჩემი ოთხივე შვილით ბიჭვინთაში ვიყავი. იქიდან რაღაც საშინელი კატერით გამოვიქეცით, რომლითაც აფხაზებს ქართველები გადაჰყავდათ ადლერამდე. შიშით ქართულად არ ვლაპარაკობდით. უმცროსი შვილები, ტყუპი - ვახო და ირინა სამი წლის იყვნენ და მხოლოდ ქართული ენა იცოდნენ. სასაცილო იყო, ამ პატარებს რომ ვეუბნებოდით, ქართულად ხმა არ ამოიღოთო, ისინი ხომ ვერაფერს ხვდებოდნენ...

ტრაგიკული ამბები უფრო გაგრაში მოხდა, მაგრამ ბიჭვინთაში ომის მერეც არაერთი ქართველი დახვრიტეს ბინის გამო. ჩვენს მეზობელ კორპუსში მცხოვრები ერთი ქალის შვილები სოჭში გაიქცნენ. შეძლებულები იყვნენ და დედას ეხვეწებოდნენ, დაეტოვებინა სახლი, მათთან ერთად წასულიყო, მაგრამ ქალი კატეგორიულ უარზე იდგა, - აქედან არ წავალო, ჯიუტად იმეორებდა. აფხაზები დილის 6 საათზე დაადგნენ, დარეკეს ზარი და გარეთ გაიყვანეს. დედაჩემი მიყვებოდა, მთელ ბიჭვინთას ესმოდა მაგისი კივილიო. თურმე ზღვაზე წაიყვანეს და დახვრიტეს. აფხაზები აფრთხილებდნენ ბინის მეპატრონეს: წადი, ეს ბინა ჩვენ გვინდაო...

ჩემმა მშობლებმა არ დატოვეს ბიჭვინთა. მამაჩემს ყველა პატივს სცემდა, მათ შორის, აფხაზებიც. იყო ეპიზოდები, როცა მიდიოდნენ სახლებთან და იძახდნენ: ყველა ქართველი გარეთ გამოვიდესო... შემდეგ მათ სარდაფში ამწკრივებდნენ. ერთ დღეს მათ შორის მოხვდა მამაჩემის ბიძაშვილი ბორის ნიორაძე, ისიც მშენებელი იყო, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ბიჭვინთაში. ბიძაჩემს ეგონა, რომ დახვრეტდნენ, თუმცა დილით რატომღაც ყველა გაუშვეს. ამ ფაქტის მერე ბიძამ თქვა, - აღარაფერი მინდაო, დატოვა ბინა და მთელი ოჯახი უკრაინაში წავიდა. მისი ერთი შვილი ხარკოვში ცხოვრობდა, ის ბიჭი იქ ომამდე დასახლდა. ბიძაჩემი ცოცხალი აღარაა, მისი შვილები ისევ უკრაინაში არიან...

აფხაზები ჩვენს კორპუსს რომ მოადგნენ ქართველების გამოსაყვანად, დედაჩემი კინაღამ გაგიჟდა (დედა უკრაინელი მყავდა). მამამ უთხრა: რა განერვიულებს, საკონცენტრაციო ბანაკი გამომივლია (იქიდან გამოიქცა), დამხვრეტენ, მეტი რას მიზამენო? მაგრამ აფხაზმა მეზობლებმა თქვეს, - ამ ბინაში ქართველები არ ცხოვრობენო...

პედაგოგების უცნაური საქციელი

- სკოლაში ფიზიკას მასწავლიდა ქიშმარია რომან სერგეევიჩი, რომელიც ქართველი იყო, მეგრულიც კარგად იცოდა. ომამდე არ აფხაზობდა და უცებ, ომის დროს აფხაზი გახდა! სამწუხაროდ, ასე ბევრი ადამიანი მოიქცა. აფხაზი იყო ჩვენი ქიმიის მასწავლებელი ზულფია ვლადიმიროვნა ზვამბაია, მისი მშობლები ბათუმში ცხოვრობდნენ (სხვათა შორის, იქ ბევრი აფხაზი ცხოვრობდა) და ქართულად სუფთად ლაპარაკობდნენ. ის კი არა, ბათუმში ვიყავი პრაქტიკაზე სტუდენტობის დროს და მათთან სტუმრად მივედი, არაჩვეულებრივი პიროვნებები იყვნენ, შესანიშნავად მიმიღეს. როცა ომი დაიწყო, ისე რადიკალურად შეიცვალა ამ ხალხის დამოკიდებულება ქართველების მიმართ, რომ გაკვირვებული ვიყავი. ჩემი მასწავლებლისგან, ასეთი ინტელიგენტი ქალისგან ამას ვერ წარმოვიდგენდი. ზულფიას ქმარი ჩინჩორ ეზუგოვიჩი (გვარი არ მახსოვს) ბიოლოგიის მასწავლებელი იყო, კარგი კაცი ჩანდა...

23231563-929010203920263-2138238831006700318-n-copy-1710704637.jpg

ბიჭვინთა დღეს

- ბიჭვინთაში ბევრი ქართველი დარჩა, ახლაც იქ ცხოვრობს ჩემი უმცროსი და. ომის შემდეგ იქ აღარ ჩავსულვარ, სურვილი არ მქონდა. დედა მეუბნებოდა, საშვს გაგიკეთებო, მაგრამ უარი ვუთხარი. მამა 1999 წელს გარდაიცვალა, თბილისში ჩამოვასვენეთ. დედას და დას აფხაზები დაეხმარნენ საზღვრამდე გადმოსვენებაში, თუმცა ეწყინათ, რომ იქ არ დავკრძალეთ. დღეს ბიჭვინთაში რა მდგომარეობაცაა, რუსეთიდან ჩასული ახლობლების მონაყოლით ვიცი. საშინელება ხდება, დაამახინჯეს იქაურობა: აშენებენ პატარ-პატარა სასტუმროებს, სანაპიროზე კაფეებს და არაფერს დაეძებენ, ოღონდ შემოსავალი ჰქონდეთ. იქ ერთხელ ჩასული ადამიანი მეორედ აღარ მიდის დასასვენებლად, რადგან არის ყაჩაღობა, ძარცვა-გლეჯა, უხარისხო პროდუქტს ყიდიან და ყველგან საშინელი მომსახურებაა.

აფხაზეთი ხომ სამოთხეა და ბიჭვინთაც განსაკუთრებული იყო თავისი ბუნებით. ომამდე რელიქტური ფიჭვის თითოეული ხე დანომრილი გახლდათ, მათ საგულდაგულოდ უვლიდა ქართველი მეტყევე, მამაჩემის მეგობარი, რომელიც ლამის იქვე, ტყეში ცხოვრობდა. ის ადგილი მაშინ შემოღობილი იყო, ახლა ღობე მოხსნილია და მანქანები დადიან. ყველაფერი ნადგურდება, არაფერს უვლიან, არ უფრთხილდებიან იშვიათი ჯიშის ფიჭვებს. ბიჭვინთაში იყო „სამშიტოვაია როშჩა“, ასე ეძახდნენ ბზის კორომს. სოჭის ოლიმპიადისთვის პლაჟიდან ქვიშა წაიღეს და „როშჩიდან“ ბზა, რომელსაც მერე ჭია გაუჩნდა და განადგურდა, ბზის ნარგავები სულ გახმა. ის ფიჭვებიც არ აინტერესებთ, ალბათ, ისინიც გახმება მოუვლელობით. ერთადერთი, რაც უნდათ - ტურისტები ჰყავდეთ, რომ გაძარცვონ და რაც შეიძლება ძვირი გადაახდევინონ. მეტი სადარდებელი არაფერი აქვთ. მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც სასიკეთო ძვრები არის, აფხაზებს რუსები არ უნდათ და მგონია, უფრო საქართველოსკენ იხრებიან. ვნახოთ, რა იქნება...

ნანული ზოტიკიშვილი