"ქვეცნობიერად ყოველთვის იმის შიში მქონდა, ომის შემთხვევაში რა უნდა მექნა" - გზაპრესი

"ქვეცნობიერად ყოველთვის იმის შიში მქონდა, ომის შემთხვევაში რა უნდა მექნა"

„...ჩვენი რაიონის სენატორმა, ბატონმა ვილიამ კოლტონმა რაიონის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარჩინებული მანდილოსნები დააჯილდოვა. სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ სხვადასხვა ეროვნების მანდილოსნებს შორის ორი ქართველიც დაგვაჯილდოეს: თქვენი მონა-მორჩილი ეკატერინე ესებუა და ქალბატონი ლელა ნინუა. დაჯილდოების ცერემონიალი გაამრავალფეროვანა, სიმღერებითა და პოეზიით დაამშვენა სტუდია "ფესვების" ულამაზესმა და უნიჭიერესმა მოსწავლეებმა შორენა ბარბაქაძის ხელმძღვანელობით. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო დაჯილდოების ცერემონიალის ერთ-ერთი ორგანიზატორსა და წამყვანს ქალბატონ ნინო მაღალს“, - ამბობს ამერიკაში მყოფი ქართველი ფოტოგრაფი ეკა ესებუა... იგი საქართველოდან რთულ წლებში წავიდა...

- ქალბატონო ეკა, როგორც ცნობილია, თქვენ ნიუ-იორკის ქართულ ემიგრაციაში უმნიშვნელოვანესი როლი გაქვთ...

- დიახ, დღეს მე ვარ ლიდერი ფოტოგრაფი ნიუ-იორკის ქართულ ემიგრაციაში. ჩვენი საზოგადოების ყველა მთავარი მოვლენა თუ დღესასწაული შუქდება ჩემი სტუდიის მიერ. ეს იქნება კონცერტები, დაჯილდოების ცერემონიალები, კონფერენციები თუ შეხვედრები...

- საქართველოში ცხოვრების წლები გაიხსენეთ...

- თბილისის ძველ უბანში, ხარფუხში დავიბადე და გავიზარდე. ინტერნაციონალური, იტალიური ეზო გვქონდა. ბევრი სომეხი, ქურთი და თათარი ბავშვი იზრდებოდა ჩვენს ეზოში. მრავალი წესი, ადათი და ტრადიცია ირეოდა ამ პატარა უბანში. მეეზოვე იეზიდებს სახლების უკან, ხევში პატარა ფარდული ჰქონდათ ცოცხების შესანახად და ბავშვებს იქ სახლობანას თამაში გვიყვარდა. მახსოვს, იეზიდი მეგობარი ლიანა, თავზე ხელაღებული და ყაჩაღი გოგო იყო. სულ ნერვებს მიშლიდა, მაგრამ მაინც საინტერესო გახლდათ მასთან ურთიერთობა. შეეძლო ისე მოქცეულიყო, რაც ჩემს ოჯახში ბავშვისთვის დაუშვებელი და მიუღებელი იყო. მისი ბიძაშვილი ჯამბულიც მახსოვს, შიშის ზარს გვცემდა ეზოში რომ გამოჩნდებოდა. მასთან თამაში ცეცხლთან თამაშს უფრო ჰგავდა, მაგრამ ბავშვობის მოგონებებიდან ეს ორი სახე ჩამრჩა ყველაზე მეტად...

მშობლები ბორის ძნელაძის სახელობის კომკავშირულ ქალაქში მუშაობდნენ. ეს იყო მთელი ქალაქი, აშენებული თბილისის გარეუბანში, ტყიან ფერდობზე, თავისი სამეცნიერო კვლევის კორპუსებითა და სპორტული დარბაზებით. საჩვენებელი ადგილი უცხოელი სტუმრებისათვის და მაშინდელი თბილისური ინტელიგენციის ღირსეული სამუშაო ადგილი. მამაჩემი, ჯემალ ესებუა ყოფილი სპორტსმენი და მძლეოსანი, სპორტული კომპლექსის დირექტორი იყო. ფაქტობრივად, მისი აშენებული გახლდათ საცურაო აუზი და ჩოგბურთის კორტები თავისი საუნის განყოფილებებითა და დისკობარებით... დედა უცხო ლიტერატურას თარგმნიდა ერთ-ერთ სამეცნიერო განყოფილებაში. საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ, სამსახური ორივემ დაკარგა და ოჯახს ძალიან გაგვიჭირდა. დედამ მალევე დაიწყო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობა, სახლშიც გვიანობამდე, მოსწავლეებს იღებდა. მამამ პატარა მიწის ნაკვეთი იშოვა ორთაჭალაში და მეურნეობას მიჰყო ხელი. მახსოვს პირველი მოსავალი - ლობიო ვერ შეწამლა და სულ ჭიანი ლობიო გვაჭამა მთელი ზამთარი. მე და ჩემი ძმა დღესაც იმ ლობიოს ვიხსენებთ, უკვე ხალისით. მთელი ტომარა გვქონდა და ვინ გადაყრიდა იმ პერიოდში, როცა პურიც ტალონებით იყიდებოდა?! მერე იყო ეროვნული მოძრაობა, მიტინგები, 9 აპრილი, სამოქალაქო ომი, ტელევიზორის წინ თვალცრემლიანი ამბების მოსმენა... თუმცა, ამ ეტაპებმა შემქმნეს და ჩამომაყალიბეს პიროვნებად. დღეს ბევრ რაღაცას ღიმილითა და სითბოთი ვიხსენებ...…

eka-20190228-0062-edit-copy-1710704823.jpg

- სკოლა როგორ გახსენდებათ?

- ალბათ უფრო მართებულია იკითხოთ, თუ როგორი იყო საბჭოური სკოლის პერიოდი? დავიწყე კომკავშირელობით! ოთხი წელი მკერდზე ხუთქიმიანი ვარსკვლავი მეკეთა. შემდეგ მუხლმოდრეკილს დამაფიცეს საბჭოურ დროშაზე, რომ სასახელო პიონერი ვიქნებოდი და შემდეგი ხუთი წელი წითელი ყელსახვევი და თავზე თეთრი ბაფთა უნდა მეტარებინა... აი, ყელსახვევსა და ბაფთაზე უკვე დიდი პროტესტი გამიჩნდა. გოგო ვიპრანჭებოდი, მაღალკლასელი ბიჭების ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი და ამათ, - პიონერობაო. მაგრამ ყელსახვევის გარეშე სკოლის დირექტორი, კარის ზღურბლზე არ გვატარებდა, თეთრი ბაფთის გარეშე კი იულია მასწავლებელი არ გვიშვებდა კლასში. ჯოხით იდგა კართან და ვაი იმას, ვინც შესაბამისი წესრიგის დაცვის გარეშე არ შევიდოდა ფიზიკის გაკვეთილზე. მომკალი და ვერ ვიგებდი ფიზიკის კანონებსა და გაურკვეველ ფორმულებს, მაგრამ როგორც ხუთოსან მოსწავლეს, მიწევდა მათი გაზუთხვა. ახლაც მახსოვს როგორ მეშინოდა, იულია ჯოხით ხელში რომ გადაშლიდა ჟურნალს. ცივი ოფლი მასხამდა ჩემი სახელის მახლობლად რომ ჩამოასრიალებდა თითს ჟურნალზე. ყველაზე მეტად იულია „მასწის“ როზგის მეშინოდა, თუმცა არასოდეს მომხვედრია, გადავურჩი როგორღაც!

ერთ დღეს ყველანი სააქტო დარბაზში შეგვკრიბეს, - ახალი დირექტორი მოდის და უნდა გაგაცნოთო. წინა დირექტორი, საკმაოდ მკაცრი ქალბატონი დიდი სიხარულით გავისტუმრეთ ბავშვებმა, - არიქა, გვეშველაო და ახალს დიდი ცნობისმოყვარეობით ველოდით. გვაინტერესებდა, გაგვიმართლებდა თუ არა. შემოდის მთასავით მხარბეჭიანი, მაღალი კაცი და გვესალმება: "გამარჯობა. მე ვარ თქვენი ახალი დირექტორი ბარონ ცხვარაძე!" სიჩუმე ჩამოვარდა. ერთმანეთს გადავხედეთ და ავტეხეთ ხარხარი...…უჩვეულო სახელი და მოკრძალებული გვარი ამხელა გოლიათ კაცს ვერ დავუკავშირეთ და გავხალისდით, ძლივს დაგვამშვიდეს მასწავლებლებმა. ისე მართლა ცხვარივით საყვარელი კაცი აღმოჩნდა, რბილი მმართველი...

კოლორიტი მასწავლებლები გვყავდა, განსაკუთრებით - უფროსი თაობის პედაგოგები; ისინი, ვინც ჩემს მშობლებსაც ასწავლიდნენ და მერე მეც, ზოგი ჩემს შვილებსაც მოესწრო. გეოგრაფიის მასწავლებელი გარეგნობით და ხასიათით ზუსტი ასლი იყო იპოლიტე ხვიჩიასი, მრავალ მის მიერ განსახიერებულ ტიპაჟსაც ზედმიწევნით ამართლებდა. მთელი სკოლა წოპეს ეძახდა და პირველად მის კლასში რომ აღმოვჩნდი, წოპე მასწავლებელო-თქო, დავუძახე. კაცი ახტა და შემოპროწიალდა. ვინ არის გოგო, შენი წოპეო? - გაგიჟდა... მაშინ მივხვდი, რომ ბავშვებმა შეარქვეს მეტსახელად. მელოტი იყო და გარშემო შემორჩენილ თმას ტალავერივით გადმოიწევდა მელოტ ადგილებზე, შავი ნემსითა და ძაფით ჰქონდა გაკერილი. მთელი ბავშვობა ვფიქრობდი, როგორ იკერებდა თმას? ენაკვიმატი მეგრელი კაცი იყო და რომ გაიგებდა, ვინმე მეგრელიაო, გაიბადრებოდა... ეჯიბია ცხენის ქურდო, გამოდი, გაკვეთილი მოყევიო, - გამოიძახებდა ირაკლის, ჩემს კლასელს. ირაკლი გაწითლდებოდა, თავს ჩაქინდრავდა და ჩაიბუტბუტებდა: არ ვარ, მასწ, ცხენის ქურდიო. სამეგრელოში ეჯიბიები ცხენების მომპარავები იყვნენ და შენ რაღა ღმერთი გაგიწყრაო? - ქოქოლას ისე მიაყრიდა, გეგონება, დიდ ტიტულზე ამბობდა ეჯიბია უარს...

მახსოვს, ერთხელ წოპე რომ გამოეკიდა კორიდორში მასზე ორჯერ მაღალ მეთერთმეტეკლასელს, ახტა ჰაერში, სალტო გააკეთა, ამოარტყა პანჩური და ზღართანი მოადინა იატაკზე. ძალიან ამწარებდნენ უფროსკლასელები. დავაშავებ, თუ ამ კოლორიტებში რუსულის მასწავლებელს, ნელი ფილიპოვნასაც არ ვახსენებ. ძალიან მსუქანი ქალბატონი იყო... ბავშვებს დამუღამებული გვქონდა, გაკვეთილის დასაწყისში რაიმე პირადულ შეკითხვას თუ დაუსვამდი, მთელი გაკვეთილი მოჰყვებოდა თავისი ცხოვრების შესახებ. ამ დროს კი მთელი კლასი ყირაზე გადადიოდა. ტყემალი უყვარდა და ვინც ბოთლ ტყემალს მიართმევდა, ერთი კვირა გარანტირებული ჰქონდა რუსულში მაღალი ნიშნები.…

eka-20230611-1119-edit-copy-1710704811.jpg

- ისე საინტერესოდ იხსენებთ წარსულს, სტუდენტობაზეც უნდა გკითხოთ...

- 7 თვის ორსული ვიჯექი მისაღებ გამოცდებზე. ლექტორები მე და ჩემს მუცელს, ერთად გვეფერებოდნენ. მოვხვდი მაღლივში, ეკონომიკურ ფაკულტეტზე და ხუთი წელი სამოქალაქო ომის ფონზე ისე ვისწავლე, მგონი სულ ხუთჯერ ავედი უნივერსიტეტში, ისიც - გამოცდებზე. ჩემი ქმარი უფრო იცნობდა ჩემს ლექტორებს, ვიდრე მე. ძალიან ტრადიციულ ოჯახში აღმოვჩნდი. ჩემი მეუღლე ჩემი კლასელი იყო. 21 წელი ვიცხოვრეთ ერთად. ოთხი შვილი შეგვეძინა: სამი ვაჟი და ერთი გოგონა. მეუღლე ათი წლის წინ გარდაიცვალა... უფროსი უკვე სრულწლოვანი იყო, როდესაც ნიუ-იორკში გადავცხოვრდი. უფროსი ვაჟი, თაზი საქართველოში დავტოვე, ისიც უკვე სრულწლოვანი იყო. დავაქორწინე მშვენიერ მეგიზე და დღეს უკვე სამი ქალიშვილი ჰყავთ...

- ამერიკულ ყოფაზეც გვიამბეთ...

- საქართველოში ცხოვრებისას ქვეცნობიერად ყოველთვის იმის შიში მქონდა, ომის შემთხვევაში რა უნდა მექნა, როგორ დამეცვა ოჯახი ან როგორ გადამერჩინა ისინი ფიზიკურად თუ მორალურად. ასეთი ფობია ალბათ ბევრს აქვს, როცა დაუცველ ქვეყანაში ცხოვრობ. მადლობა უფალს, ეს ფიქრები გამიფანტა ამერიკაში ცხოვრებამ, სადაც ყოველ ნაბიჯზე გარწმუნებენ, რომ ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ღირებულია და აქედან კიდევ უფრო დაუჯერებლად ჩანს ის ფაშიზმი და ვანდალიზმი, რაც დღეს უკრაინაში ხდება...

მანანა გაბრიჭიძე