"როცა ვქარგავ, ნამუშევარში "ვიკარგები" - გზაპრესი

"როცა ვქარგავ, ნამუშევარში "ვიკარგები"

ქარგვა მეზობელმა ქალბატონმა შეაყვარა. ეს ჯერ კიდევ მაშინ იყო, როცა გასული საუკუნის 90-იან წლებში მეზობლები ერთმანეთის ბინებში ვიყუჟებოდით - უშუქობასა და უგაზობაში, შეშის ღუმელთან ან "კერასინკასთან" ახლოს, გასათბობად ჩამომსხდარები. შემდეგ წლებში, პერიოდულად ქარგავდა, მაგრამ არა ისე აქტიურად, როგორც დღეს. მაია დარბაიშვილისთვის ახლა უკვე ეს ხელსაქმე ყოველდღიურობის ნაწილია.

maia5-1710705089.jpg

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ფინანსისტი ვარ და ამ ეტაპზეც ჩემი პროფესიით ვმუშაობ. მყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი: ანა 4 წლისაა, ხოლო მათე - 1-ის. რაც შეეხება ქარგვას, დაახლოებით 10 წლის ასაკში ვისწავლე. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში მეზობლებს როგორი ახლო ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, ერთად დიდ დროს ვატარებდით. სწორედ მაშინ, ძალიან საყვარელი მეზობელი ქალბატონი მყავდა, რომელთანაც ვმეცადინეობდი, ამავდროულად ვთამაშობდით ჭადრაკსა და სხვა თამაშებს. სწორედ მან შემასწავლა ხელსაქმეც. მუსიკალურ ტექნიკუმშიც ვსწავლობდი, ძალიან დატვირთული რეჟიმი მქონდა და ქარგვისთვის დრო მხოლოდ ზაფხულობით მქონდა. როცა არდადეგები იწყებოდა, თამაშის გარდა, წიგნს ვკითხულობდი და ხანაც ვქარგავდი. ჩემი მეზობელი ქალბატონი არაჩვეულებრივად ქარგავდა. იმ დროს, როცა საკვებიც კი ძნელი საშოვნელი იყო, თავისი ხელით მოქარგულ მაგიდის გადასაფარებლებს მიზერულ ფასად ყიდდა. საოცრება ის იყო, რომ საქარგ რგოლს არ იყენებდა და მეც ასე მიმაჩვია მუშაობას. თავიდან ძალიან მიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა ნაჭრის ხელით რეგულირებას შევეჩვიე და ნაქარგი კარგი გამოვიდა. ჩემი ნამუშევრები სკოლაშიც მიმქონდა და მახსოვს, რამდენჯერმე შრომის მასწავლებელმა არც დაიჯერა, შენი ხელით ნაქარგი არ იქნებაო. ეს ფაქტი ცუდად დამამახსოვრდა, გულნატკენი ვიყავი. საქართველოს უნივერსიტეტში დავამთავრე ბაკალავრიატი და მაგისტრატურაც. რამდენიმე წელი ისეთი გადატვირთული ვიყავი, ამოსუნთქვის საშუალება არ მქონდა. ამიტომ ქარგვა დიდი ხნით დაპაუზდა (იღიმის). მახსოვს, ქარგვას მაშინ დავუბრუნდი, როცა უკვე პირველ ბავშვზე ორსულად ვიყავი. საქარგი რგოლი მოვიშველიე, რამაც გაამარტივა და შედარებით სწრაფი გახადა ეს პროცესი. ვქარგავდი მიტკალსა და ტილოზე: ყვავილს, ფოთლებს, სახლებს და სხვა მარტივ ფიგურებს. შემდეგ ნამუშევარს კედელზე დასაკიდებლად, ჩარჩოში ვსვამდი. მოგვიანებით, ჩემმა მულმა მარიმ, რომელიც ბაფთებსა და საყელოებს კერავს, ჯვარედინი ტექნიკით ქარგავს, მირჩია, ეს საქმე მეც დამეწყო და მზა ნივთებზე, ბერეტებსა და მაისურებზე მექარგა. ასე დავიწყე ინტენსიური ქარგვა 2023 წლის ნოემბერში. პირველად ჩემთვის მოვიქარგე ძველი კეპი, შემდეგ ბერეტები შევიძინე და მასზე დავქარგე. დიდი სტიმული მომცეს თანამშრომელმაც, წამაქეზეს და დამაჯერეს, რომ ეს საქმე კარგად გამომდიოდა. ბერეტების სეზონი დროებითია, ამიტომ გადავწყვიტე მექარგა: კეპებზე, ხელთათმანებზე, ჯინსებზე, მაისურებსა და პერანგებზე... ვფიქრობ საბავშვო ხაზიც მქონდეს და ბოდეები დავქარგო.

maia4-1710705166.jpg

უმეტეს შემთხვევაში, საქარგ რგოლს არ ვიყენებ. ჩემს ნამუშევრებს "წყლით ქარგვის" ტექნიკით ვასრულებ და როგორც ყველა მეუბნება, მოსწონთ ნახელავიც და ფერთა შეხამებაც. ძნელია კიდევ რამე ვთქვა, საკუთარი თავის ქებას ვერ დავიწყებ (იღიმის). როცა ვქარგავ, ნამუშევარში "ვიკარგები" და როცა ნახელავი კარგი გამოდის, ჟარგონი რომ გამოვიყენო, დიდი "მუღამია". ფაქტობრივად, ჩემი ჰობი ახალ პროფესიად იქცა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, საამისოდ დროს როგორ ვნახულობ: დღის განმავლობაში სამსახურში ვარ, მერე ოჯახი და ბავშვები. შვილებს რომ დავაძინებ, სანამ დავწვები, 2-3 საათი საქარგავად მაქვს გამოყოფილი. დატვირთული დღის ბოლოს, ეს ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა.

ანა კალანდაძე