"Вова, Володя, Владимир" - ინტერვიუ პუტინის ბიოგრაფთან - გზაპრესი

"Вова, Володя, Владимир" - ინტერვიუ პუტინის ბიოგრაფთან

მონსტრი, საიდან მოვიდა პუტინი, რა წარსული აქვს, რატომ სძულს ასე კაცობრიობა?.. პასუხის ძიებაში კი წიგნი დავწერე და ბევრ საინტერესო დეტალს მივაგენი..." - ამბობს ჟურნალ "გზასთან" საუბარში პოლონელი ჟურნალისტი და მწერალი კრისტინა რედლიხი, "Вова, Володя, Владимир. Тайны России Путина?"-ს ავტორი. ის წლების განმავლობაში იკვლევდა რუსეთის პრეზიდენტის ბიოგრაფიას.

- 14 წელზე მეტხანს ვიცხოვრე მოსკოვში და თავად ვარ შემსწრე, თუ როგორ "იბადებოდა" ვლადიმირ პუტინის ფიგურა; როგორ ვითარდებოდა პოლიტიკური პროცესები მისი, "ვაჰაბიტებისა" და სხვა რადიკალური რელიგიური დაჯგუფებების გარშემო. მაშინ ვთანამშრომლობდი პოლონურ ტელეკომპანია "პოლშასთან", რომელიც მხოლოდ ბინის ქირას მიხდიდა, რაც ჩემთვის კარგიც იყო და ცუდიც - ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან მიწევდა, მაგრამ კარგი ის იყო, რომ სადაც კი ეპატიჟებოდნენ ჟურნალისტებს, მეც მივყვებოდი და ბევრ რამეს ვიგებდი.

იმ ხანებში რამდენჯერმე შევხვდი ბორის ბერეზოვსკის, რომელიც ჩეჩნეთში თავის კავშირებზე, იმ ადამიანებზე საუბრობდა, ვისაც ჩეჩნები ან ჩეჩნეთიდან იტაცებდნენ. ორივე მხარესთან თანამშრომლობდა. ეს სპონტანური ადამიანი ისე მუშაობდა, ცუდ საქმეში ვერავინ დაადანაშაულებდა. ჰქონდა იდეა, ფული, "შეკვეთებსაც" იღებდა და პუტინის საქმეებსაც აქტიურად აფინანსებდა. იმ პერიოდში "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტთან, ანა პოლიტკოვსკაიასთან ძალიან ახლო მეგობრობა მქონდა. მასთან ერთად, არალეგალური გზებით რამდენჯერმე ჩავედი ჩეჩნეთში და იქ არსებულ ჯოჯოხეთზე ფილმი გადავიღე. იქ მეორე, მასშტაბური ომი მიმდინარეობდა. მუშაობის პროცესში ასლან მასხადოვის გარემოცვასთან მიწევდა ყოფნა... როდესაც იჩქერიის დამოუკიდებლობის კურსს არ გადაუხვია, მოსკოვმა მასზე ძებნა გამოაცხადა. პუტინის გვარი ჩეჩნეთში უკვე სიკვდილთან ასოცირდებოდა, მაგრამ რუსეთის ფართო წრეებში ასე გავრცელებული არ იყო. იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ცდილობდნენ მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, თუ რას სჩადიოდა მოსკოვი ჩეჩნეთში, დაუნდობლად გვებრძოდნენ... ჩეჩნეთში ომი იყო, მაგრამ პუტინს, როგორც ჩანს, ეს არ აკმაყოფილებდა, სხვა მასშტაბებზე გასვლა უნდოდა, ამიტომაც ერთმანეთის მიყოლებით ზედიზედ მასშტაბური ტერაქტი მოხდა მოსკოვში, საცხოვრებელი სახლების აფეთქებას 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ითქვა, რომ ამის უკან ახალგამოჩეკილი პოლიტიკოსი პუტინი იდგა, რომელიც ჩეჩნეთში გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდა. ასაკში შესულ, ალკოჰოლის მოყვარულ ელცინის ფონზე, პუტინს ახალგაზრდა, მებრძოლი და შეუვალი პოლიტიკოსის იმიჯი სჭირდებოდა, რომელიც მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევდა.

- რუსებს ასეთი მმართველები უყვართ.

- დიახ, მათ აღქმაში წარმატებულ სახელმწიფოს მკაცრი ხელი უნდა მართავდეს... "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია ცდილობდა, ყველაფერი ზუსტად აღეწერა. ხშირად ერთად ვიყავით, შეიძლება ითქვას, ეს ყველაფერი ჩემ თვალწინაც ხდებოდა - ანუ ვხედავდი როგორ მუშაობდნენ პუტინის ჯაშუშები და როგორ იბირებდნენ ჩეჩნებს, როგორ ცდილობდა პუტინი წერტილოვანი, მაგრამ სასტიკი და გამანადგურებელი დარტყმები მიეყენებინა მოწინააღმდეგეებისთვის - იქნებოდა ეს მედია თუ თავად ჩეჩნები, რომლებიც უდიდესი ადამიანური დანაკარგის ფონზე, წლების განმავლობაში იბრძოდნენ დამოუკიდებელი იჩქერიისთვის. ბოევიკებსა და მათ ოჯახებს კი არა, იმ მოხუცებსაც არ ინდობდნენ, ვინც დუდაევის იდეას უჭერდა მხარს. ერთი ასეთი ოჯახის წევრი, რომელიც სასწაულებრივად გადარჩა, ახლა ლონდონში ცხოვრობს...

ჩემს ძველ ნაცნობს, აწ გარდაცვლილ ბორის ნემცოვს, რომელიც ელცინმა ვიცე-პრემიერად დანიშნა, სურდა გარემოცვა ახალგაზრდა კადრებით გადაეხალისებინა. თავად ვარ მომსწრე, როგორ გადასცა ადმინისტრატორმა მისაღებში ტელეფონის ყურმილი - ვიღაც პუტინი გირეკავთ. ამბობს, ეფ-ეს-ბეს შეფი ვარო... ანუ მხოლოდ ის ადამიანები იცნობდნენ, ვინც ჩეჩნეთის ამბებში ერკვეოდა. პროპაგანდა მაშინაც იგივე იყო - "პატარა ჩეჩნეთი თავს ესხმის რუსეთს, აწყობს ტერაქტებს და ხოცავს უდანაშაულო ადამიანებს, ამიტომ საჭიროა მასშტაბური სპეცოპერაცია, თორემ ყველაფერი ცუდად დამთავრდება..." სპეცოპერაციის ინიციატორი პუტინი იყო.

2000-იანი წლების დასაწყისში, ჩეჩნეთის თემაზე მუშაობისას გავიგე, რომ პუტინის პეტერბურგული წარმოშობა გამოგონილი იყო. ჟურნალისტები მის ძალადობრივ წარსულზე საუბრობდნენ. მისი პეტერბურგული ცხოვრებითა და საქმიანობით დავინტერესდი - იმ უწყებებში, სადაც უმუშავია, კრიმინალური კვალი ჰქონდა დატოვებული. 90-იანი წლების რუსეთში ეს არავის უკვირდა. სულ ვფიქრობდი, საიდან აქვს ამდენი ბოროტება, რა აქვს გადატანილი, კაცობრიობის მიმართ ასეთი ზიზღი რომ ამოძრავებს-მეთქი... ამაზე პასუხის გასაცემად კი წარსულსა და პიროვნებაზე უფრო მეტი უნდა გამეგო.

2000-იან წლებში, როდესაც ჩეჩნეთში მეორე ომი წამოიწყო, ინგუშეთის ქალაქ ნაზრანში ვიყავი. გროზნო იბომბებოდა, მსოფლიო აღშფოთდა, ოღონდ სიტყვიერად... პუტინმა განაცხადა, რომ გროზნოდან ინგუშეთის მიმართულებით, ჰუმანიტარულ დერეფანს გახსნიდა, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა ქალაქიდან გასულიყო, ოღონდ ჩეჩენი ლტოლვილების მიღება ყველას აუკრძალა. თუმცა, ინგუშეთის პრეზიდენტმა, აუშევმა ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა და ლტოლვილთა დიდი ბანაკი გახსნა - ჩეჩენი და ინგუში ერი ერთი ფესვებიდან მოდის, მათ სიკვდილისთვის ვერ გავწირავო... პასუხად კი, ჩეჩნეთ-ინგუშეთის დამაკავშირებელი გზა დაიბომბა... ნაზრანში ყოფნისას რუსმა ჟურნალისტმა მითხრა, - საქართველოში ვაპირებთ წასვლას. როგორც ამბობენ, ტირანი პუტინის ბიოლოგიური დედა სწორედ იქ ცხოვრობს, იქამდე ავტობუსი მიდის და ვაპირებთ, ხვალ გავყვეთო... ქალაქი სავსე იყო დაჭრილებით. უმძიმესი სურათის შემსწრე გავხდი, მაგრამ საქართველოში წასვლის ცდუნება მაინც დიდი იყო. თან, ამბავიც ცოტათი არასერიოზული მეჩვენებოდა. 2000 წლის 10 მარტს ისინი ჩასხდნენ ავტობუსში და ჩემ გარეშე წავიდნენ, თუმცა, საზღვარზე არ შეუშვეს, იქიდან პირდაპირ მილიციაში გადაიყვანეს... ძალიან მალე, შერემეტიევოს აეროპორტში კატასტროფა განიცადა იმ თვითმფრინავმა, რომელშიც ცნობილი ჟურნალისტი, არტიომ ბოროვიკი იჯდა, ის პუტინის ამბებს იკვლევდა. ყველა, ვინც მის წარსულზე მუშაობდა, სტატიებს წერდა მის სახიფათო კავშირებზე გერმანიასა და სხვა ქვეყნებში, საეჭვო ვითარებაში ასრულებდა სიცოცხლეს... ბოროვიკი პირველი იყო, ვინც თქვა, პუტინის ლენინგრადული წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ ვნახეო... როდესაც ელცინმა თავის მემკვიდრედ პუტინი წარადგინა, მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ რუსი ეროვნების ქალი, რომელმაც ელცინის მიერ წარდგენილ კაცში შვილი ამოიცნო, საქართველოს ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. ეს ამბავი დაუჯერებელი მოეჩვენებოდა ყველას, რომ არა ადგილობრივები, სოფლის მოსახლეობა, უფროსი ასაკის ადამიანები, რომელთაც კარგად ახსოვდათ პატარა რუსი ბიჭი ვოვკა, მუდამ მოუწესრიგებელი, საცოდავი და დაჩაგრული.

hq720-1710770794.jpg

გავრცელდა ჩანაწერი, სადაც ადგილობრივებს ეკითხებოდნენ, ახსოვდათ თუ არა პატარა რუსი, ვოვკა? ისინი უდასტურებდნენ, - რა თქმა უნდა, გვახსოვსო... ამის შესახებ მერე ქართულ მედიაშიც დაიწერა და ჟურნალისტები კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მცხოვრებ ვერა ოსეფაიშვილს მიადგნენ, რომელიც ჰყვებოდა, რომ მისი შვილი მე-4 კლასამდე მასთან იყო.

ჩეჩენმა ჟურნალისტმა ვაჰა იბრაგიმოვმა პუტინის ბავშვობის შესახებ უამრავი მნიშვნელოვანი დეტალი, მათ შორის ფოტოები მოიძია... ცდილობდა, ყველაფერი რუსეთში არჩევნებამდე მოეძიებინა, რადგან ძალზე მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, თუ საიდან მოდიოდა, რა ტრავმა ჰქონდა გადატანილი... ვიცოდი, რომ ვიდრე პუტინი რუსეთის პირველი პირი გახდებოდა, ვერა ოსეფაიშვილს ჟურნალისტების მოსაგერიებლად დაცვა დაუყენეს. ბრიტანეთიდანაც კი ჩამოსულა ჟურნალისტი, ჯეკ კლაუზენი. ნიდერლანდებიდან ჩასულმა ჟურნალისტმა დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღო "პუტინის დედა". არჩევნების შემდეგ ამ თემამ აქტუალობა დაკარგა, თუმცა, ჩემთვის არა...

2019 წელს ჩავედი საქართველოში. მეტეხში ვერას სახლში რომ მივედით, გამიკვირდა, ოსეფაიშვილების თითქოს ღარიბ ოჯახს ძალიან მაღალი რკინის ღობე ჰქონდათ შემოვლებული და ჭიშკარს ბოქლომი ედო. მოხუცი გარეთ იჯდა, მაგრამ არ დამელაპარაკა. ვემუდარებოდი, პოლონეთიდან ჩამოვედი, რომ გაგსაუბრებოდით-მეთქი. კარგა ხანს დუმდა... არ მოვეშვი, - ასე ჩაკეტილი რატომ ჰყავხართ-მეთქი?.. გაფრთხილებული ჰყავდათ, რა უნდა ეპასუხა ჟურნალისტებისთვის, - ცუდი მხედველობა მაქვს და ქუჩაში გასვლას მიშლიანო... ორივე ქალიშვილი უკრძალავდა ჟურნალისტებთან საუბარს. ერთი თბილისში ცხოვრობდა, მეორე კი მასთან და ფაქტობრივად, იცავდა.

როდესაც უკვე გავშინაურდით, მითხრა, ათეული წლებია შვილი არ მინახავს, თითქმის ყველაფერი მახსოვს, მის იხვივით სიარულს რა დამავიწყებსო?..

თქვა, რომ ვოვკას გაშვილება ყველაზე დიდი შეცდომა იყო, მაგრამ დასძინა, - რომ არ გამეშვა, პრეზიდენტი ვერასდროს გახდებოდაო... ვკითხე, ჟურნალისტებს გაურბიხართ, მე რატომ დამელაპარაკეთ-მეთქი? პოლონელი დედა მყავდა, ჩემს ხალხთან საუბარი მენატრებოდაო. მამამისს ცოლი პირველი მსოფლიო ომის დროს, პოლონეთიდან ჩამოუყვანია. ვალოდიაზე მითხრა, კარგად სწავლობდა და ქართულადაც თავისუფლად ლაპარაკობდა. მას შემდეგ, რაც ლენინგრადში გადაიყვანეს, ჩემთან კონტაქტი სამუდამოდ გაწყვიტაო. შემდეგ გავარკვიე, როდესაც მისი პრეზიდენტობის ამბავი გადაწყდა და საქართველოში მისი ბიოლოგიური დედობის ამბავიც გავრცელდა, ეფ-ეს-ბემ ჩეჩნებს მისი გატაცება სთხოვა თანხის სანაცვლოდ, მაგრამ უარი უთქვამთ... მოშორება უნდოდათ.

- მსგავსება არის?

- აშკარა მსგავსებაა. ნანობდა, შვილის მშობლებთან დატოვება რატომ გადავწყვიტეო. ისტერიკულად ტიროდა. მისი ემოციების გამძაფრება არ მინდოდა და არც კი ჩავეხუტე, არ მეგონა, სამუდამოდ თუ ვკარგავდიო... შემდეგ მის ქალიშვილებს არაერთხელ დაურეკავთ ურალში, ბებია-ბაბუასთან, რათა უფროსი ნახევარძმის ამბავი გაეგოთ, მაგრამ ცივად უპასუხიათ, ინტერნატში ჩავაბარეთ და არავისთან კომუნიკაცია არ სურსო... მიამბო, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას, 19 წლისამ ურალში, სადაც მექანიზაციურ ტექნიკუმში სწავლობდა, პლატონ პროვალოვი გაიცნო და დაფეხმძიმდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ პლატონი ცოლიანი იყო და შვილებიც ჰყავდა. როდესაც ვერას ფეხმძიმობის შესახებ გაუგია, გაქცეულა. ვერა ჯერ სხვა ქალაქში წავიდა, სადაც იმშობიარა, შემდეგ კი მშობლების სახლში დაბრუნდა. მერე პრაქტიკებზე ტაშკენტშიც მოუხდა წასვლა, სადაც სამხედრო გარნიზონი იყო და სწორედ იქ გაიცნო სიმპათიური ქართველი, გიორგი ოსეფაიშვილი, რომელმაც მიამიტ ქალს ოსტატურად დაახვია თავბრუ. მალევე დაქორწინდნენ და საცხოვრებლად საქართველოში წავიდნენ...

ვოვკას ვერას მშობლები ზრდიდნენ, რომლებიც მასზე ზრუნავდნენ. გათხოვებიდან ერთი წლის შემდეგ ვოვკაც წაიყვანა - ანუ სამი წლის ბავშვი სრულიად ახალ გარემოში აღმოჩნდა.

ქართულ სოფელში ქერათმიანი პატარა ბიჭი შეუმჩნეველი არავის დარჩენია. თანატოლები უცხოტომელს ჩაგრავდნენ. ოჯახს ძალიან უჭირდა. ადგილობრივების თქმით, ბავშვი უმეტესად მშიერი, დაუბანელი იყო, დახეული ტანსაცმელი ეცვა... მეზობელი იხსენებდა, რომ არაერთხელ უნახავს თანატოლებისგან ნაცემი, ატირებული პატარა ვოვკა. დედას მისთვის არ ეცალა, რადგან მეორე ქმრისგან ფეხმძიმედ დარჩა და მალევე, ორი პატარა გოგო შეეძინათ. ხშირად "უკანონოდ შობილს" უწოდებდნენ, ჩაგრავდნენ. კავკასია ხომ მკაცრი ტრადიციების ქვეყანაა... დროთა განმავლობაში მეზობლები გააჩუმეს, მაგრამ პირველ ხანებში პირდაპირ ამბობდნენ, რომ პატარა ვოვკასთვის იქაურობა ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ამიტომაც ის სპორტულ დარბაზში, სამბოს წრეზე მივიდა...

2008 წელს "დეილი ტელეგრაფმა" დააკონკრეტა სკოლა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი სწავლობდა. ჟურნალისტმა მიაგნო არქივს, რომელშიც იმ წლებში მეტეხის სკოლის მოსწავლეების სია იყო, ვოვკას ეროვნებად "ქართველი" ეწერა... შემდეგ არქივი გააქრეს. უცხოელ ჟურნალისტებს ყველა გზით უშლიდნენ ვერასთან შეხვედრას. 2000-იანი წლების დასაწყისში ეფ-ეს-ბეს წარმომადგენლები მეტეხის მოსახლეობაში დადიოდნენ და პუტინის ბავშვობის ფოტოსურათებს, მასზე ინფორმაციებს აგროვებდნენ. იმ პერიოდში საქართველოში სპეცსამსახურების უფროსი, რომელიც კა-გე-ბეს სკოლაში მისი კურსელი იყო, პუტინის დავალებით მოქმედებდა - მასზე ცნობები უნდა გაექრო...

რაც დრო გადიოდა, მამინაცვალი ვოვკაზე წნეხს კიდევ უფრო აძლიერებდა და ცოლს მის მოშორებას სთხოვდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ის პერმში უნდა დაებრუნებინათ. ვოვკა ამ დროს უკვე 9 წლის იყო... ვოვკა გააშვილეს. პუტინის დედობილი მარია უკვე 41 წლის იყო, მამობილი ვლადიმირ პუტინი - 55-ის. ის ჯერ კიდევ ომამდე, "ენკავედეს" ოფიცერი და დიდი კომუნისტი გახლდათ. ორი შვილი ჰყავდათ დაღუპული, ერთი ომამდე, მეორე ლენინგრადის ბლოკადის დროს. ქალი თავადაც ლენინგრადის ბლოკადაგამოვლილი იყო და როგორც გავარკვიე, თითქმის ცოცხალ-მკვდარი, ძლივს გადარჩა, გვამებს შორის მიაგნეს. 5 წლის თავზე, ასეთი წარსულის მქონე ქალს შვილი არ გაუჩნდებოდა, მით უფრო, იმ ასაკში... მისი მეგობარი ბოგდანოვი იხსენებდა, მაშა დეიდამ ბიჭი მოიყვანა, - ეს ჩემი შვილია, კარგად მოექეცითო... "კომუნალკაში" ცხოვრობდნენ, რომელსაც დიდი ეზო ჰქონდა. ბავშვები ერთმანეთს იცნობდნენ, ეს კი იქაც უცხო აღმოჩნდა...

თურმე, პატარა ვოვას დაბადების მოწმობა შეუცვალეს, დაბადების თარიღად 1950 წლის ნაცვლად, 1952 წელი ჩაუწერეს და პირველ კლასში შეიყვანეს... ამან მეტად დათრგუნა ბიჭი - შესახედავად დიდი იყო და პირველ კლასში შეჰყავდათ, თან რუსულად სწავლა კი არა, ლაპარაკს ძლივს ახერხებდა... იქაც ჩაგრავდნენ. მუდმივად უწევდა, იმის დამტკიცება, რომ განსხვავებული არ იყო და ამისთვის ჩხუბიც უწევდა. მოგვიანებით ჟურნალისტებთან ტრაბახობდა, ხულიგანი ვიყავიო, და ნამდვილად იყო.

მოკლედ, 9 წლის ბიჭი, უკვე მეორედ იწყებდა ახალ ცხოვრებას, სრულიად უცხო ადამიანებთან. არ შიოდა და სციოდა, მაგრამ კომუნისტი, ცივი მამობილი ძალზე მკაცრად ზრდიდა... ბავშვობის ტრავმებს ახლა კაცობრიობის მიმართ სასტიკი დამოკიდებულებით ინაზღაურებს, თავისი ძალაუფლების დამტკიცებით, სამყაროზე შურისძიებით... მისთვის ადამიანი ვერასდროს იქნება კეთილშობილი ქმნილება. მნიშვნელობა არა აქვს, ეს რუსი იქნება, ქართველი, უკრაინელი თუ პოლონელი...

იმასაც იტყუება, რომ კა-გე-ბეს სკოლაში პირველ ჯერზე ჩააბარა, ამისთვის ოთხი მცდელობა დასჭირდა და სინამდვილეში იმიტომ მიიღეს, რომ დასმენა ეხერხებოდა. ყველაფერი: ტერაქტები რუსეთში, ომი საქართველოში, უკრაინაში, სირიაში, არის შურისძიება სამყაროზე, კაცობრიობაზე. ბულინგის კვალი არ დაკარგულა. მუდამ ეშინია, რომ თავისი გარემოცვიდან ვიღაც მოკლავს, მას ხომ ადამიანების მიმართ უნდობლობა აქვს - საკუთარმა დედამ უღალატა, რომელიც ისე დასაჯა, რომ მისი არსებობა დაივიწყა.

მისი ლენინგრადელი მასწავლებელი, რომელიც მასთან სახლში ხშირად იყო, იხსენებდა: მოზარდს არასდროს ეფერებოდნენ, თბილ სიტყვას არ ეუბნებოდნენ, სიყვარულს არ აგრძნობინებდნენ. მძიმე წარსულის მქონე, სიცოცხლის ხალისდაკარგული ადამიანები იყვნენო. კომპლექსებს ახალგაზრდობაშიც არ მიუტოვებია - 30-გრადუსიან სიცხეში კოსტიუმითა და ჟილეტით, ე.წ. სამეულით დადიოდა, ასე მნიშვნელოვანი პერსონის იმიჯის შექმნას ცდილობდა.

მისი ხელწერა ფსიქოლოგმა გაშიფრა - ეს არის ადამიანი, ბავშვობიდან გამოყოლილი არასრულფასოვნების კომპლექსებით, რომელიც ყველა გზით ცდილობს "მაღლა ავიდესო".

ee7e3378-d87b-427f-b876-ae54677c029d-1710770780.jpg

- რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია CNN-მა გაავრცელა ცნობები, რომ 2022 წლის ბოლოს, აშშ-მა დაიწყო "აქტიური მზადება" რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ბირთვული იარაღით მიტანილი პოტენციური დარტყმისთვის. პუტინი ამაზე წავიდოდა?..

- ყველაფერზე წავა, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი უსაფრთხოება დაცული იქნება. რამდენადაც კაცობრიობა სძულს, იმდენად უყვარს საკუთარი თავი. ის, რომ კრემლის დიქტატორი ამდენს ბედავს, დასავლეთის უსუსურობის ბრალია. როდესაც დასავლეთის ლიდერებსა და პუტინზე საუბრობენ, ავიწყდებათ, რა განსხვავებაა კრემლის დიქტატორსა და დემოკრატიული ქვეყნის მმართველებს შორის - პუტინი არასდროს ითვლის დაღუპული ადამიანების რაოდენობას, მას არაფრად უღირს მათი სიცოცხლე. შოლცი რამდენ ხანს ფიქრობდა, დახმარებოდა თუ არა უკრაინას იარაღით, რადგან მარტო ვერ იღებდა გადაწყვეტილებას, სხვების აზრი უნდა გაეთვალისწინებინა, ასეთია დემოკრატია, რითაც პუტინმა ისარგებლა... თუ პუტინი ამ ომს წააგებს, ჰააგის სამხედრო ტრიბუნალი არ ასცდება, ეს იცის და ამიტომაც, მუდმივად აშანტაჟებს ატომური იარაღის გამოყენებით, უნდა, დრო გაწელოს და სათავისოდ გამოიყენოს.

ლალი პაპასკირი