"გავიგონე, როგორ სთხოვა მოხუცმა ქალმა შვილს, დამტოვე და შენ გზა განაგრძეო..." - გზაპრესი

"გავიგონე, როგორ სთხოვა მოხუცმა ქალმა შვილს, დამტოვე და შენ გზა განაგრძეო..."

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, სექტემბერში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ, უკრაინის კიდევ ოთხი რეგიონი - ხერსონი, ზაპოროჟიე, ლუგანსკი და დონეცკი ანექსირებულად გამოცხადდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს ის რეგიონებია, სადაც არც ომია და არც მშვიდობა. ზაპოროჟიელი ირინა მარჩენკო ამბობს, რომ მან არასრულწლოვან ქალიშვილთან ერთად, უდიდესი რისკის ფასად დატოვა ქალაქი. იქ დარჩენილი ნათესავები და ახლობლები უყვებიან, რომ ყოველდღიურად სარაკეტო, საარტილერიო იერიშებისა და დრონების თავდასხმების ქვეშ უწევთ ცხოვრება.

- ომამდე ზაპოროჟიეს ერთ-ერთ სკოლაში, მათემატიკას ვასწავლიდი. მარტოხელა დედა ვარ, მაგრამ იმ ჯოჯოხეთის დღეებამდე მნიშვნელოვანი პრობლემა არ შემქმნია. 30 წელზე მეტხნიანი სტაჟი მაქვს პედაგოგად მუშაობის... შემდეგ დაიწყო ეს საშინელი ომი და ყველაფერი აირია. დილის 5 საათი იყო, არ მეძინა, სამსახურში წასასვლელად ვემზადებოდი. კოლეგამ შემატყობინა, ომი დაიწყოო. მისი ზარის დასრულებისთანავე აფეთქებების ხმა გავიგონე, რომელიც სულ უფრო ახლოვდებოდა. ერთი რაკეტა ან ჭურვი ჩვენგან ორ-სამ კილომეტრში ჩამოვარდა. შვილი სასწრაფოდ გავაღვიძე და სარდაფში ჩავედით, რომელიც სრულიად მოუწესრიგებელი იყო, სავენტილაციო სისტემაც კი არ ჰქონდა, რომ არაფერი ვთქვათ წყალზე ან ელექტროგაყვანილობაზე, რათა ტელეფონები მაინც დაგვეტენა. წყალს ბოთლებითა და პლასტმასის ბიდონებით ვეზიდებოდით.

მერე უკვე, როდესაც თავდასხმა და საჰაერო იერიშები გახშირდა, ბავშვებს პირდაპირ ბეტონზე დაფენილ ხალიჩაზე ვაძინებდით.

24 თებერვლიდან ივნისის ბოლომდე, დღე-ღამეში რამდენჯერმე ჩავრბოდით სარდაფში. ჩემი ბინა, კიდევ კარგი, პირველ სართულზე იყო. შუალედებში ამოვირბენდით, შევჭამდით, ვიბანავებდით და ისევ სარდაფში ჩავრბოდით, ზოგჯერ ამასაც ვერ ვასწრებდით. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, ზაპოროჟიეში მშვიდობა არ ყოფილა. მთელი ქალაქი ისე ზანზარებდა, რომ მე და ჩემი შვილი ჩაის ვსვამდით თუ საჭმელს ვჭამდით, მაგიდაზე ჭურჭელი არ ჩერდებოდა. მე მივეჩვიე, მაგრამ ბავშვი მაგიდის ქვეშ ან ტანსაცმლის კარადაში იმალებოდა, - დავიხოცებითო.

შემდეგაც, როდესაც ზაპოროჟიე დავტოვეთ და გერმანიაში გადავედით, ჭექა-ქუხილის ხმაზეც იგივე ემართებოდა. შემდეგ ექიმების რჩევით, ფსიქოლოგთან მივიყვანე.

- როდის დატოვეთ უკრაინა?

- ზაპოროჟიე 11 წლის ქალიშვილთან ერთად, 2022 წლის ივნისში დავტოვე, მანამდე კი აუტანელ და წარმოუდგენელ ჯოჯოხეთში ვიყავით - სარდაფში ვათენებდით და ვაღამებდით, ვერ ვანთებდით შუქს, არ გვქონდა გათბობა, თერმოსში სულ გამზადებული გვქონდა ჩაი და ყავა, რომლითაც თავი გაგვქონდა. მთავარი იყო არ გავყინულიყავით, დანარჩენს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვიგებდით, რომ უამრავი ადამიანი, ჩვენი ახლობელი გაიყინა, გაცივდა და ზოგმა ჯანმრთელობა, ზოგმა კი სიცოცხლე დაკარგა. არ მინდოდა, ჩემს შვილს ფსიქიკური პრობლემები დასწყებოდა. არადა, თუ იქ დავრჩებოდით, ეს გარდაუვალი იქნებოდა, რადგან ჭამა და თამაში შეწყვიტა, გამუდმებით ცაში იყურებოდა, სულ დაღუპულ მეზობლებზე მეკითხებოდა, - ახლა ისინი სად არიან? ნუთუ ვეღარასდროს ვნახავთო... შვილი უნდა გადამერჩინა. იმაზე დავიწყე ფიქრი, იქიდან როგორ გამოვსულიყავი - ზაპოროჟიედან საევაკუაციო ეტაპს გამოვყევით, თუმცა, როგორც იცით, რუსული არტილერია არც მას ინდობდა, ცეცხლი გაგვიხსნეს. სამი დღე და ღამე ავტობუსით, მატარებლით ვიარეთ. ტრანსპორტში ადგილი არ იყო. ვაგონი გაწამებული, უძილო, შეშინებული ბავშვებით სავსე გახლდათ. ყველა ხმაურზე პანიკა ეწყებოდათ. ასე იყო ჩემი შვილიც...

ჩვენთან ერთად მოდიოდა კაცი, რომელსაც მოხუცი დედა მოჰყავდა. ქალი დამოუკიდებლად თითქმის ვეღარ გადაადგილდებოდა. ჯერ კიდევ მატარებელში ჩასხდომამდე ერთად ვიარეთ. გარკვეული მანძილი ფეხით ერთად დავფარეთ.

- ისინიც ზაპოროჟიელები იყვნენ?

- არა, კრივოი-როგიდან მოდიოდნენ. გზაში რუსეთმა სარაკეტო იერიში დაიწყო. უკან დახევა არ შეიძლებოდა, როგორმე დანიშნულების ადგილამდე უნდა მიგვეღწია, რათა მას შემდეგ, რაც ვითარება ჩაწყნარდებოდა, ტრანსპორტში ჩავმსხდარიყავით. გავიგონე, როგორ სთხოვა მოხუცმა ქალმა შვილს, რომელიც უკვე თავადაც ასაკში იყო და კოჭლობდა, დამტოვე, უკანა გზაზე წამსვლელს ვიპოვი და შინ დავბრუნდები, შენ კი გზა განაგრძეო... ჭურვების გამაყრუებელ ხმებში, ეს სიტყვა ყველაზე მკაფიოდ გავიგონე და პირველი აზრი, რამაც გონებაში გამიელვა, ის იყო, თუ ის კაცი ვერ შეძლებდა დედის წამოყვანას, მე მოვიკიდებდი ზურგზე და სანამდეც შევძლებდი, იქამდე ვათრევდი... ალბათ ასეთია ჯოჯოხეთი-მეთქი, გავიფიქრე. ქალი თავის სახლზე წუხდა: ამბობენ, კრივოი-როგზე მასირებული შეტევა მიიტანეს და ალბათ ჩვენი სახლი ვერ გადარჩებოდაო.

კაცი აღშფოთდა, - რას ამბობ, დედა, თუ ღმერთი გწამს, გაჩუმდი და ხელი კარგად მომკიდე, სულ ცოტა დარჩაო. ისიც გაჩუმდა, მაგრამ შვილის ჩახუტების ძალაც არ ჰქონდა. თავის მეზობელ ქალზე დარდობდა, რომელიც შშმ პირი ყოფილა. მარიას ვინ მიხედავს, წყლის მიმწოდებელიც არავინ დარჩა ან ბომბსაფარში დამოუკიდებლად როგორღა ჩავაო?

შემდეგ, როდესაც გამოველაპარაკე, იმ ქალზეც მომიყვა: შვილები უცხოეთში ჰყავს. როგორც კი ომი დაიწყო, ემუდარებოდნენ, წამოდი, ნუ გვანერვიულებო, მაგრამ არ დაუჯერა. მასაც, ისევე როგორც ჩვენ, არ ეგონა, თუ ომი ასე მასშტაბური გახდებოდაო.

დღემდე, როდესაც ზაპოროჟიეს, იმ საშინელ დღეებს და ქალაქიდან ჩემს გამოსვლას ვიხსენებ, სულ იმ ქალზე ვფიქრობ, - ნეტავ სად არის, თუ გადარჩა?.. როდესაც იქაურობას რაკეტების აფეთქებების ხმა ან დრონების წუილის ხმა გადაუვლის, ნეტავ რაზე ფიქრობს, როგორ უმკლავდება სიკვდილის შიშს? ჩვენ სარდაფში რამდენიმე ათეული ადამიანი ვაფარებდით თავს და ერთმანეთის იმედი გვქონდა, ვიღაც ხმამაღლა ლოცულობდა, ბავშვები მღეროდნენ ან თამაშობდნენ... ჩემი გოგონა სრულიად უცხო ადამიანს დაუმშვიდებია, - ყველაფერი გაივლის, ნუ გეშინია, გადავრჩებითო და წიგნი აჩუქა, რომელსაც დიდხანს თან ატარებდა...

აფეთქებების ხმა რომ მიჩუმდა, ჩვენი მანქანებიც გამოჩნდა. დაქირავებულმა მანქანებმა იმ დღეებში კარგი ფულიც "გააკეთეს". არ ვიცი, რუსები იყვნენ თუ ჩვენები. თითქოს ძალიან მცირე მონაკვეთი იყო გასავლელი, რაშიც დიდ ფულს იღებდნენ. დანარჩენ მანძილს წინასწარ დაქირავებული მანქანებით ვფარავდით, ახლობლები ვკრებდით თანხას, ზოგი მანქანიანი თავად გამოდიოდა სამშვიდობოს, მას საწვავისა და მგზავრობის ფულს ვუხდიდით, ზოგიერთს უფასოდაც მიჰყავდა თავისიანები.

ომში ძნელია ყველას მაღალი ზნეობა და ღირსეული საქციელი მოსთხოვო, მაგრამ ზოგიერთი სწორედ ომში ინარჩუნებს ადამიანობას. მაშინ არც გვქონდა რამის გარკვევის თავი, მთავარი იყო სამშვიდობოს გავსულიყავით... გზაში დედა-შვილმა გაიგო, რომ მათი სახლი მიწასთან გაასწორეს. - ნეტავი მამაშენის საფლავს თუ ვნახავ ოდესმეო, ამოიოხრა ქალმა და ამით ყველას სატკივარი ამოთქვა. სიკვდილს გამოვექეცით, მაგრამ საფლავები, ჩვენი დაღუპული ოჯახის წევრები და ახლობლები გვტკიოდა. თუმცა, იმ მძიმე დღეებში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორმე შვილი გამეყვანა.

irina1-1711210886.jpg

- ევროპაში წახვედით?

- დიახ, რამდენიმედღიანი წვალების შემდეგ პოლონეთში ჩავაღწიეთ, სადაც მოხალისეები დაგვხვდნენ, დაგვაპურეს, მოგვასვენეს, ტანსაცმელი და მედიკამენტები დაგვირიგეს.

იქიდან კი ჯერ ბერლინში, შემდეგ მიუნხენში ჩავედით, სადაც ასევე მოხალისეები დაგვხვდნენ, გაგვიმასპინძლდნენ, კითხვები დაგვისვეს, სად ვაპირებდით წასვლას, გერმანიაში გყვავდა თუ არა ვინმე, მათვე აგვიღეს ბილეთი დიუსელდორფისკენ, სადაც მოხალისეთა კიდევ ერთი ჯგუფი დაგვხვდა და მიუნხენში გაგვამგზავრეს, იქ კი გერმანულმა ოჯახმა შეგვიფარა. დღემდე მათთან ვცხოვრობთ. უზომოდ მადლობელი ვართ ამისთვის, მაგრამ უკვე ვხვდები, როგორმე უნდა ვეცადო, ჩემი კუთხე ვიპოვო.

- გოგონა როგორ შეეგუა ახალ გარემოს?

- ძალიან გაუჭირდა. ომის დღეების გამოვლის შემდეგ, უეცრად ახალ ოჯახში, უცხო ადამიანებში აღმოჩნდა, ამას დაემატა ენის ბარიერი. სკოლაში მივიყვანე, პარალელურად, ენას ეუფლება, მაგრამ ეს ადვილი არ არის. თუმცა, მთავარია, ცოცხალი მყავს და ახალ ცხოვრებასაც თანდათან შეეჩვევა.

- ზაპოროჟიეში ალბათ ნათესავები და ახლობლები დაგრჩათ, არა?

- დიახ, თუმცა, ყველაზე მეტად ვდარდობ მოხუც დეიდაზე, რომელიც არ წამოვიდა. მას შვილები ჰყავს, რომლებიც მოხალისეები არიან. დეიდა ძირითადად ან სარდაფშია, ან მაღაზიაში, რომელიც პირველ სართულზე მდებარეობს და საჭიროების შემთხვევაში, გამყიდველ ქალს ჩაჰყავს ბომბსაფარში.

- მასთან დაკავშირებას ახერხებთ?

- დიახ, კვირაში ორჯერ ვურეკავ და სულ ტირის... ამბობს, როდესაც დავიბადე, ომი იყო, ახლა 80 წელზე მეტის ვარ და ისევ ომში მიწევს ცხოვრება, თან არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ჯოჯოხეთი და რა ბედი გვეწევაო... ათობით ათასი ადამიანია ამ დღეში. ყველაზე მძიმე პირობებში მარტოხელა უმწეო მოხუცები, შშმ პირები და ბავშვები არიან. ჩემ გარშემო ალბათ ათზე მეტი მარტოხელა მოხუცია, რომლებმაც შვილებს არ დაუჯერეს, სახლი არ დატოვეს და ახლა ღვთის ანაბარად არიან. ზოგიერთს ფიზიკურად არ შეუძლია 4-5-დღიანი მგზავრობა და იმის გადატანა, რაც ჩვენ გადავიტანეთ.

თავშესაფრებში, სარდაფსა და ბომბსაფრებში ჩასვლას რომ თავი დავანებოთ, ფრონტის ხაზთან მდებარე რეგიონებში ხშირად წყდება წყალი, გაზი, ქრება შუქი, იკეტება მაღაზიები, მოხუცებს კი არსებობა ხომ უნდათ? ვიცი ოჯახები, სადაც მხოლოდ ხანდაზმულები იყვნენ შინ, ახალგაზრდები ან უცხოეთში არიან, ან ომში. იქ ყოფნისას რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, შშმ პირები, ინფარქტ ან ინსულტგადატანილები შინ გარდაცვლილი რომ იპოვეს. სარაკეტო იერიშისას, ნერვიული ფონი ჰქონდათ და ვერ მოასწრეს სამშვიდობოს გამოსვლა.

- თქვენი სახლი გადარჩა?

- კონკრეტულად ის კორპუსი, სადაც ვცხოვრობდი, გადარჩა, მაგრამ გარშემო მეზობელი შენობები სრულიად განადგურებულია. ჩემი ერთ-ერთი კოლეგა და მეგობარი, რომელიც ვერ წამოვიდა, ხანდახან მეხმიანებოდა და იქაურ ამბებს მიყვებოდა. რამდენიმე დღე დაკარგული იყო, მე კი ვიცოდი, რომ მტერი ჩვენს ქალაქზე იერიშებს არ წყვეტდა და ვნერვიულობდი, ვერც ვერავის დავუკავშირდი, მხოლოდ მედიიდან ვიგებდი, რომ რუსული რაკეტები საცხოვრებელ სახლებს უტევდნენ.

შემდეგ, როგორც იქნა, ეს ქალი გამოვიდა ხაზზე და ატირებულმა მიამბო, რომ ის და მისი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა, რუსებმა მათი კორპუსი დაბომბეს, იყო მსხვერპლი და უამრავი ადამიანი ამ სიცივეში ჭერის გარეშე დარჩა. შემდეგ "ფეისბუკ" გვერდზე მე დავიწყე აქტიურობა მის დასახმარებლად, რათა დროებით მაინც ჰქონოდა სახლი ან მსურველებს რაღაც თანხა ჩაერიცხათ, რათა პირველადი ნივთებით დახმარებოდნენ...

ჩვენი ქუჩა გზის პირას მდებარეობს, კორპუსებიც მთავარი გზის პირას იყო ჩამწკრივებული და პირველი დარტყმებიც სწორედ იქ მიჰქონდათ. თანდათან უამრავი ადამიანი, ვისაც კი შედარებით მშვიდ ადგილას ჰქონდა თავშესაფარი, ჰყავდა ახლობელი ან შეეძლო ბინის ქირაობა, იძულებული გახდა, იქაურობა დაეტოვებინა. ზოგიერთთან კონტაქტი დავკარგე, ვინ სად არის შეფარებული, არ ვიცი. წარმოუდგენელია ტყვიების წვიმაში მცირეწლოვან ან თუნდაც სრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრება. როდესაც არც ერთ წერტილში და არასდროს ხარ დაცული. ყველანი, ვინც დარჩნენ და იქ ცხოვრებას აგრძელებენ, ნამდვილი გმირები არიან.

ვფიქრობ, თუ უკრაინისთვის დახმარების მიწოდება დაგვიანდება და დროულად არ მიაწვდიან, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.

irina5-1711210875.jpg

- კოლეგებს, მეგობრებს უკავშირდებით?

- დიახ, როდესაც ამის შესაძლებლობა მაქვს, ინტერნეტით ვურეკავ... ყოველი დარეკვის წინ გულის კანკალით შევდივარ "ფეისბუკ" კონტაქტებში, მეშინია, რამე ცუდი არ გავიგო მათზე... არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, მოსწავლისთვის მოსაკითხად დამირეკავს და დედას, ცოლს ან ოჯახის სხვა წევრს უპასუხია - ცოცხალი აღარ არის, გმირულად დაეცაო.

ასე გავიგე ჩემი ყოფილი მოსწავლე გოგონას დაღუპვა, რომელიც სამხედრო ექიმი იყო. პაციენტის დასახმარებლად მიდიოდა და მისი მანქანა ქუჩაში, დაბომბვაში მოყვა. მცირეწლოვანი შვილები დარჩა...

- ვიცი, რუსეთშიც გყავთ მეგობრები.

- დიახ, მათთანაც მაქვს მიმოწერა, მათ შორის აზრი ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილის თქმით, რაც მოხდა დასავლეთის პოლიტიკის ბრალია და ვიდრე პროამერიკელი ზელენსკი იქნება უკრაინის სათავეში, ომი გაგრძელდება; სხვების მოსაზრებით, ეს არის ომი, რომელიც იქამდე არ დასრულდება, ვიდრე რუსეთის სათავეში პუტინია, მას კი რამდენიმე დღის წინ მოსახლეობის 85%-მა მისცა ხმა, რაც ნიშნავს, რომ კიდევ რამდენიმე წელი ქვეყანაში ტოტალური მმართველობა არ შეიცვლება. ვინც გააპროტესტებს, ციხე ემუქრება, ვინც პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართავს, ნავალნისა და მსგავსი ადამიანების ბედი ეწევა.

ლალი პაპასკირი