"მეუღლეს პირობა არ წაუყენებია, ერთად გადავწყვიტეთ, დრო ოჯახისთვის დამეთმო" - გზაპრესი

"მეუღლეს პირობა არ წაუყენებია, ერთად გადავწყვიტეთ, დრო ოჯახისთვის დამეთმო"

2000 წელს, ქეთი მერკვილაძე პოპულარული ადამიანების რეიტინგში პრეზიდენტის შემდეგ, მეორე ადგილზე გავიდა. მისი სიმღერები ყველგან ისმოდა, მისი პირველი ალბომი კი მილიონი ეგზემპლარით გაიყიდა. გავიდა წლები, იშვიათად, მხოლოდ სატელევიზიო გადაცემებში ჩნდება. მუსიკაზე უარი არ უთქვამს, თუმცა კარიერაში ხანგრძლივი პაუზა აქვს. ახლა დროს ოჯახს, მეუღლესა და შვილს უთმობს. ბედნიერია, ხალხი რომ დღემდე ცნობს, ახსოვთ და უყვართ... მომღერალს ამბები.გე-ს ჟურნალისტი, ნინო გიგიშვილი დაუკავშირდა:

- ქეთი, იმ წლებიდან, როდესაც მთელი საქართველო თქვენს სიმღერებს მღეროდა, დიდი ხანი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ შოუბიზნესში აღარ დარჩით, უამრავ ადამიანს დღესაც ახსოვხართ. როგორია დღეს თქვენი ყოველდღიურობა?

- დიახ, დრო გავიდა და ცხოვრების სხვა ეტაპი დაიწყო. რაც მთავარია, იმ პერიოდმა ხალხის სიყვარული მომიტანა, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი და ახლაც ვგრძნობ. შოუბიზნესში დარჩენა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი. როდესაც სიმღერას ვიწყებდი, ის პროფესიად არ მქონია არჩეული, პოპულარობამ და დროის დეფიციტმა არ დამიტოვა დრო სხვა საქმისთვის. მეორე პროფესიით კლიპების რეჟისორი ვარ, კლიპმეიკერი. ახლა ჩემი ცხოვრება ძირითადად მოცულია ჩემი ოჯახით, ასევე სამსახურით. ბავშვებთან ვმუშაობ, მაქვს მუსიკალური წრე. მუსიკასთან მაინც დაკავშირებული ვარ.

- თქვენი მეუღლე ყოფილი სპორტსმენია. ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ თავიდან არ ჰქონია სურვილი, კარიერა გაგეგრძელებინათ. ეს გახდა მიზეზი, რომ შოუბიზნესიდან წახვედით?

- ასე ვამბობ?.. ეს ხუმრობით. რთულია ქართველი მამაკაცისთვის, როდესაც მეუღლე სახლიდან მუდმივად გასულია. როდესაც რომელიმე პროფესიას ემსახურები, საქმე კარგად რომ გააკეთო, მაქსიმუმი უნდა ჩადო, მით უმეტეს, როდესაც შოუბიზნესში ხარ. ეს არის მუდმივი მუშაობის პროცესი, სიმღერები, სტუდია, ტელევიზია, ინტერვიუები, გასტროლები, საღამოები. ფაქტობრივად, სახლში მხოლოდ დასაძინებლად მიდიხარ. ასეც იყო, როდესაც აქტიურად ვიყავი შოუბიზნესში, მე და მამა გვიან მოვდიოდით სახლში. ის ჩემი პროდიუსერი იყო... მეუღლეს ასეთი პირობა არ წაუყენებია ჩემთვის. ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ძირითად დროს ოჯახს დავუთმობდი. გადაცემებში, შოუებში ახლაც მივდივარ, თუ რა თქმა უნდა, თემა მომწონს.

bff4d35f-479b-4998-a426-874e739469db-38326-1711211123.jpg

- როგორი მეუღლე ხართ, რა არის თქვენი ოჯახის სიმყარის საიდუმლო?

- არ ვიცი, საკუთარი თავის მიმართ, რამდენად ობიექტური ვიქნები. ჩვენ 15 წელია უკვე ერთად ვართ, რაც შევხვდით, პირველი დღიდან. ის ძალიან გაწონასწორებული ადამიანია, მე შედარებით ემოციური ვარ, მაგრამ მალე "ვქრები". ორივეს ჩვენი ხასიათი გვაქვს და კომპრომისზე წასვლა ვისწავლეთ. რაც დრო გადის, მით უკეთესად იცნობ ადამიანს და ნაკლები გაუგებრობა ხდება ურთიერთობაში. თუ გიყვარს ადამიანი, წლების შემდეგ კიდევ უფრო გიყვარდება. მე ასე ვარ.

- შვილზე მოგვიყევით, უკვე დიდი ბიჭი იქნება. იცის, რომ დედა ერთ დროს ძალიან პოპულარული მომღერალი იყო?

- შვილის დაბადებამ საერთოდ შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა. ორი ადამიანი გავხდი. ძალიან აფასებს და მოსწონს რაც გამიკეთებია, ხალხი რომ მხვდება და სიხარულს, პატივისცემას მიზიარებენ, გადაცემაში რომ მხედავს. საერთოდ, ახლანდელი ბავშვები აზროვნებენ, როგორც უკვე დიდი, ჩამოყალიბებული ადამიანები; განვითარებულები და ნიჭიერები არიან. ბევრი ინფორმაცია აქვთ, რაც ჩვენ არ გვქონდა, ამიტომ სწორად შეუძლიათ ანალიზი და კითხვებზე პასუხების გაცემა. იცის, რომ ამ ყველაფერში თავის დროზე დიდი შრომა და ენერგიაა ჩადებული...

- თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა მამას, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მახსოვს, ჰყვებოდით, რომ დაავადების შესახებ გვიან გაიგეთ და მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდა...

- მამა იყო ძალიან ნიჭიერი და შემოქმედი ადამიანი. მან შექმნა პირველი ხმის ჩამწერი სტუდია "აია", რომელიც წერდა და ასევე რეალიზაციას უკეთებდა საკუთარ სტუდიაში შექმნილ მუსიკალურ პროდუქციას. წლები მუშაობდა ეს სტუდია. ბევრი მომღერლის და მუსიკოსის ალბომი ჩაიწერა ჩვენთან, ყველას ვერ ჩამოვთვლი. ბევრი არანჟირების ავტორი, რომელიც დღეს შოუბიზნესში მუშაობს ამ პროფესიით, ჩვენს სტუდიაში აღიზარდა, რადგან იმ წლებში ინსტრუმენტის ყიდვა და საკუთარი სტუდიის შენახვა ძალზე რთული იყო. მამა აძლევდა მათ სწავლის და განვითარების საშუალებას. ჩემი რამდენიმე ალბომიც სტუდია "აია"-ში შეიქმნა...

ყოველთვის ვფიქრობ, გარკვეულ სიტუაციაში ის ახლა როგორ მოიქცეოდა, რას იტყოდა. ძალიან რთულია მის გარეშე.

24665303-4b9d-4a3e-9952-21ef1813a62b-38262-1711211112.jpg

- 2000-იან წლებში პოპულარობამ ალბათ ბევრი უარყოფითიც მოგიტანა, მახსოვს, ხშირად იგონებდნენ თქვენზე ჭორებს, ეს ყველაფერი ამ გადმოსახედიდან ღირდა? მგონია, რომ ძალიან განიცდიდით...

- სიმართლე გითხრათ, ჩემი ოჯახის წევრები უფრო განიცდიდნენ. დედა, რომელიც ასევე ჩართული იყო ჩემს საქმიანობაში, მამაც. ჭორებმა იმდენად არა, ერთმა ისტორიამ სიმღერასთან დაკავშირებით უფრო მატკინა გული, თუმცა, ახლა აღარ მინდა ამის გახსენება. რაც შეეხება ღირდა თუ არა - ღირდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხის სიყვარული მომიტანა...

- დასასრულს გკითხავთ, რას შეცვლიდით იმ წლებიდან და მგონია, რომ ძალიან ენდობოდით ადამიანებს და ბევრმა გული გატკინათ.

- მოკლედ ვიტყვი, ბევრ მათგანს ახლოს არ გავიკარებდი.