ლადო გამსახურდია:"ჩვენ აუცილებლადშევაჩერებთ რუსულ ტერორს" - გზაპრესი

ლადო გამსახურდია:"ჩვენ აუცილებლადშევაჩერებთ რუსულ ტერორს"

ბოლო ერთი კვირაა, უჩვეულო ამბები ხდება რუსეთში - კურსკისა და ბელგოროდის ოლქების საზღვრისპირა რაიონებში. ვიდრე დასავლელი ლიდერები კიევისთვის შეიარაღების მიწოდების ფორმებსა და ვადებზე მსჯელობენ, ამასობაში უკრაინიდან სახელმწიფო საზღვარი ტანკებითა და ჯავშანმანქანებით გადაკვეთეს რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა და ციმბირული ბატალიონის მებრძოლებმა. კომბინირებულმა რუსულ-იჩქერიულმა ძალებმა პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვეს ბელგოროდის ოლქში - აიღეს და სრულად გაათავისუფლეს რამდენიმე სასაზღვრო სოფელი და დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები. რამდენიმე დღის წინ უკრაინული კამიკაძე დრონებით დაიბომბა კრასნოდარის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა და მოსკოვის დომოდედოვოს საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურაც. „ისინი უახლოეს მომავალში არ აპირებენ გაჩერებას. გააკეთებენ იმას, რისი გაკეთების ძალაც აქვთ და როგორც ვხედავთ, მათ აქვთ საკმარისი ძალა იმისათვის, რომ მიაღწიონ შეზღუდულ წარმატებას. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ“, - განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა კირილ ბუდანოვმა.

„რუსი ლეგიონერები, რუსული მოხალისეთა კორპუსი და ციმბირული ბატალიონი დამოუკიდებლად მოქმედებენ და სავარაუდოდ, ადგილი აქვს მათ ერთობლივ სპეცოპერაციას“, - აცხადებს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსანი ანდრიი იუსოვი. რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში, ვინ დგას რუსი ლეგიონერების უკან, რა ხდება ახლა რუსეთ-უკრაინის ფრონტზე და როგორია იქ მყოფი ქართველი მებრძოლების განწყობები, ამის შესახებ „კავკასიური კავშირის“ სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, „კავკასიის ლეგიონის“ ყოფილი მეთაური ლადო გამსახურდია გვესაუბრება.

sheix-mansuris-batalioni-copy-1711211593.jpg

- უკრაინიდან რუსეთის მიმართულებით სახელმწიფო საზღვარი მხოლოდ ლეგიონს „თავისუფლება რუსეთს“ არ გადაუკვეთია, რუს მოხალისეებთან ერთად არიან ჩრდილოკავკასიური ლეგიონები და კიდევ სხვები, რომლებსაც რიგი გარემოებების გამო ვერ დავასახელებ. ვიდრე ეს მებრძოლები საზღვარს გადაკვეთდნენ, იქ რიგი ღონისძიებები გატარდა. ამაზე უფრო ვრცლად და ამაზე უფრო ვრცლად და საჯაროდ საუბარი ჯერ ნაადრევია. „კავკასიის სამხედრო კომიტეტს“, ყველა კავკასიურ ქვედანაყოფთან გვაქვს კავშირი და ვიცით, რომ რუსული ლეგიონის შემდეგ სხვებიც ემზადებიან შეტევებისთვის. რაც შეეხება თავად რუსეთში არსებულ ვითარებას, იქ უკვე არიან ძალები, რომელთა მოქმედების შედეგებს უკვე ნათლად ვხედავთ - ნადგურდება სამხედრო ინფრასტრუქტურა, იარაღების საწყობები იქნება ეს, საკვანძო გზები თუ სხვა. მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესების წამოწყებაც. სხვათა შორის, „კავკასიურ კავშირს“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან გვაქვს კავშირი, რომლებიც მეორე მხრივ ერთმანეთთან კოორდინირებულად მოქმედებენ. ამ ხალხს არ მოსწონს პუტინის დიქტატურული მართვის სტილი და ქვეყნის შიგნით სხვანაირი რუსეთის შექმნისთვის მუშაობს. ეს ხალხი მიიჩნევს, რომ რუსულმა ჯარმა უკრაინაც უნდა დატოვოს და კავკასიის რეგიონიც. ვფიქრობ, შედეგს ვნახავთ. მალე ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოკავკასიურ ქვედანაყოფებს საკუთარი ქვეყნებიდანაც ჰქონდეთ მხარდაჭერა. ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის მიერ დაპყრობილმა სახელმწიფოებმა უნდა დაიწყონ დამოუკიდებლობის გამოცხადება. ჩვენი ორგანიზაცია სხვებთან ერთად აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და სერიოზული შედეგებიც გვაქვს - უკრაინის ვერხოვნი რადამ აღიარა ინგუშების უფლება, იბრძოლონ დამოუკიდებლობისთვის. მანამდე ჩეჩნეთი აღიარეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყნად. მნიშვნელოვანია, რომ ამ ჩამონათვალს სხვა კავკასიური ქვეყნებიც შეუერთდნენ. ასეთ შემთხვევაში მოხალისეთა ბატალიონები უფრო მოტივირებული იქნებიან და სერიოზულ რეზულტატებსაც დადებენ. რაც შეგვეხება ჩვენ, „კავკასიის ლეგიონს" და ჩვენს ახალ მეთაურს, გიორგი კესარელს, ყველანი ვთანხმდებით, რომ ცეცხლი უნდა გადავიდეს რუსეთის ტერიტორიაზე.

- ომის დაწყების დღიდან ბოლო დრომდე „კავკასიის ლეგიონის“ მეთაური თქვენ იყავით. რას უკავშირდება ეს ცვლილება?

- ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნის დროს, 2020 წელს, თანამოაზრეებთან ერთად შევქმენი ორგანიზაცია „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი კავკასია“. მე საბჭოს თავმჯდომარე ვარ. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა რუსეთის გავლენების წინააღმდეგ კავკასიის რეგიონში. 2022 წელს ჩამოვაყალიბეთ ამ ორგანიზაციის სამხედრო ფრთა და უკრაინაში „კავკასიის ლეგიონის“ სახელით დავიწყეთ ბრძოლა. ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდა ამ გზაზე. პირადად ვმონაწილეობდი ყველა საბძოლო მოქმედებაში, რომელსაც ლეგიონი ასრულებდა. ჩვენმა თავდაუზოგავმა ბრძოლამ სახელიც მოგვიტანა და დავიწყეთ პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა. ე.ი. ჩვენი ორგანიზაცია ერთი მხრივ, ჩრდილოეთ კავკასიის ერებს შორის ურთიერთობის გამყარებაზე ზრუნავს, მეორე მხრივ, მხარს უჭერს თითოეული მათგანის დამოუკიდებლობას. ცოტა ხნის წინ „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი კავკასიის“ საბჭოსთან შეთანხმებით, სამხედრო ფრთის რეორგანიზება მოხდა, რის შედეგადაც „კავკასიის ლეგიონის" ახალ მეთაურად სამხედრო საქმეში გამოცდილი, საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე, რუსეთ-საქართველოს, რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილე გიორგი კესარელი დაინიშნა. მე კი „კავკასიური კავშირის“ სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსით გავუწევ კურირებას „კავკასიის ლეგიონს“. ორი თვის წინ „კავკასიური კავშირის“ სამხედრო კომიტეტის ინიციატივას, მემორანდუმს, საბრძოლო ქვედანაყოფებსა და ბატალიონებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებში, რომელიც ასევე ითვალისწინებს საქართველოში რუსეთის აგრესიის შემთხვევაში სამხედრო თანადგომას შემოუერთდა უკრაინაში მებრძოლი ორი ქვედანაყოფი „შავი არწივი“ და „თბილისი“; თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის მემორანდუმს ასევე შემოუერთდა დაღესტნური „იმამ შამილის სახელობის ბატალიონი“, „პოლონური ლეგიონი“ და კიევის რეგიონის მოხალისეთა ბატალიონი. ჩვენ ვძლიერდებით და ვფართოვდებით. ჩვენი მიზანი არ ყოფილა რუსეთის წინააღმდეგ მხოლოდ იარაღით ხელში ბრძოლა, ყველა მიმართულებით ვაპირებთ ბრძოლას იმისთვის, რუსეთის იმპერიალისტურ მარწუხებს თავი დავაღწიოთ.

shuashi-lado-gamsaxurdia-copy-1711211604.jpg

- რაც შეეხება უკრაინის ფრონტის ხაზზე დღეს არსებულ ვითარებას, სამხედრო ექსპერტების თქმით, დღეს ინიციატივა რუსეთის ხელშია, უკრაინა კი აქტიურ თავდაცვაში გახლავთ...

- დიახ, ასეა. გენერალმა სირსკიმ გასცა ბრძანება, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ თავდაცვაზე, სიღრმისეულად გავაძლიეროთ სანგრები. ეს ძალიან დროული, საჭირო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. თავდაცვის გაძლიერება ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია. ფრონტის ხაზის ყველა მონაკვეთზე პირადად ვარ ნამყოფი და ზედმიწევნით კარგად ვიცი, სად რა ხდება. თავდაცვის ხაზების გაძლიერების გარეშე შეუძლებელია კონტრშეტევების ან სხვა მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციების განხორციელება.

- ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უკრაინისთვის ახლა შეიარაღების საკითხია. მართალია, საფრანგეთის პრეზიდენტი შეუსაბამოს უწოდებს პუტინის მუქარას ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით და რუს კოლეგას შეახსენებს, რომ საფრანგეთიც ბირთვული ქვეყანაა და შესაბამისი დოქტრინაც აქვს, ევროკავშირმა უკრაინისთვის გერმანული ტაურუსების გადაცემის გადაწყვეტილებაც მიიღო და თავის მხრივ, ბაიდენმა უკრაინის დახმარების საქმეში ამერიკის წვლილის გაზრდაზე ისაუბრა, კონკრეტული ნაბიჯები ჯერ კიდევ არ არის გადადგმული. დრო კი უკრაინის სასარგებლოდ არ მუშაობს. როგორ მოქმედებს ეს მოცემულობა მებრძოლების განწყობებსა და მოტივაციაზე?

- სწორედ იმიტომ უნდა გავამაგროთ ფრონტის ხაზი, რომ იარაღის მოწოდებასთან დაკავშირებით გარკვეული დაბრკოლება გვაქვს. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ჩვენი დასავლელი მეგობრები უკრაინას ყველა საჭირო იარაღით მოამარაგებენ. რაც უფრო დროულად გამონახავენ საშუალებებს, რომ მოგვაწოდონ იარაღი, მით უფრო სწრაფ და ეფექტურ შედეგს დაინახავენ.

- რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ამბები იმის შესახებ, რომ თითქოს, ქართველების ნაწილს მოჰბეზრდა გაჭიანურებული ომი და ფრონტის ხაზს ერთიმეორის მიყოლებით ტოვებენ?

- ეს არის აბსოლუტური სიცრუე. ქართველები, ისევე როგორც სხვა უცხოელი მებრძოლები, ომის დაწყების პირველივე ეტაპზე, დროებით ტოვებდნენ ფრონტის ხაზს და მერე ისევ ბრუნდებოდნენ. ეს არავისთვის არის აკრძალული. არც ერთ ქართველს არ დაუტოვებია ბრძოლის ველი, ისინი მხოლოდ შესრულებული ოპერაციების შემდეგ მიდიან ქვეყნიდან და შემდეგ ისევ ბრუნდებიან. ვიდრე ქართველი მებრძოლების დისკრედიტაციას შეეცდებიან, ჯერ ის გაარკვიონ, როგორ თავდაუზოგავად იბრძვიან აქ ქართველები და რამდენი გმირი გვყავს. მთელი პოსტსაბჭოთა სივრციდან, ყველაზე მეტი მებრძოლი საქართველომ დაკარგა ამ ომში. ქართველები იბრძვიან ყველაზე ცხელ წერტილებში. ობიექტურად დაინტერესებულ პირებს თავისუფლად შეუძლიათ კონკრეტული ფაქტების, ვიდეოების ნახვა, თუ როგორ იბრძვიან ცხელ წერტილებში ბატალიონი „თბილისი“, „შავი არწივი“ „ქართული ლეგიონი“, „კავკასიის ლეგიონი“, „შერეკილები“ და ა.შ. ამ ორი წლის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ქართველებს დაკავებული ტერიტორიები დაეთმოთ. იქ, სადაც ქართველები არიან გამაგრებული, რუსები ერთი მეტრითაც ვერ მიიწევენ წინ და ეს ცარიელი სიტყვები არ არის, ამ ყველაფრის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს. ჩვენ შეიძლება დავიღალოთ, როგორც ყველა მოკვდავი, მაგრამ ჩვენ დავისვენებთ, ძალებს აღვიდგენთ და ისევ ძველებური შემართებით ვაგრძელებთ ბრძოლას. არ ვაპირებთ ბრძოლის ველის დატოვებას, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ რუსებთან მოლაპარაკებას არ აპირებს. აუცილებლად შევაჩერებთ რუსულ ტერორს უკრაინის მიწაზე.

ხათუნა ბახტურიძე