1990-იანი წლების საქართველო და მოგონებები ზვიად გამსახურდიაზე - გზაპრესი

1990-იანი წლების საქართველო და მოგონებები ზვიად გამსახურდიაზე

1990-იანმა წლებმა ჩვენს სამშობლოს არა მხოლოდ ნგრევა, ცრემლი და შიმშილი მოუტანა, მან ყველაზე რჩეული, საუკეთესო ქართველების სიცოცხლეც შეიწირა. მათ შორის იყო ზვიად გამსახურდია - პიროვნება, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში. სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება ცნობილი მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე.

- რა თქმა უნდა, ბედის მადლობელი ვარ, რომ ზვიად გამსახურდიასთან ვმეგობრობდი. მე ის მსახიობ თათია ხაინდრავასგან გავიცანი, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას დისშვილი იყო. უფრო ადრე მქონდა ბედნიერება, რომ დიდი კონსტანტინეც გამეცნო. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ვსწავლობდი, როდესაც ჩემი პედაგოგი, რეზო მირცხულავა მარჯანიშვილის თეატრში "მთვარის მოტაცებას" დგამდა. 1970 თუ 71 წელი იყო, ამ თეატრში რეპეტიციას ვესწრებოდი და თვალებს ვერ დავუჯერე, როცა ჩემ გვერდით კონსტანტინე გამსახურდია დაჯდა - მწერალი, რომლის ნაწერებს სულმოუთქმელად ვკითხულობდი. ამის შემდეგ თათია ხაინდრავაც გავიცანი, რომელიც ძალიან კარგი მკითხველი იყო. ერთმანეთს "ვეფხისტყაოსანმა" დაგვაახლოვა, რომელსაც ერთად ვკითხულობდით. როგორც ჩანს, თათიამ დაინახა, რომ ამ უკვდავი პოემის წაკითხვა გრძნობითა და ცოდნით შემეძლო. ასე დავმეგობრდით, სწორედ თათიასთან შევხვდი ზვიადს, რომლისგანაც ბევრი რამ ვისწავლე, განსაკუთრებით, თეოლოგიასა და რუსთველოლოგიაში. მახსოვს, ერთხელ როდესაც წარმოვთქვი სიტყვები - "დაჯდა წერად ანდერძისად, საბრალოსა საუბრისად", ზვიადმა შემაჩერა და მითხრა, რომ ეს "საბრალო" საცოდავს არ ნიშნავდა, არამედ რაღაც ბრალეულს, ყველაზე მთავარს... მას კიდევ ბევრი რამ უთქვამს "ვეფხისტყაოსანზე" და დღესაც მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდია დიდი რუსთველოლოგი იყო. ამის უპირველესი დასტურია მისი წიგნი - "ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება". საუკეთესოა "ვეფხისტყაონის" მისეული, ინგლისური თარგმანიც, რომელიც მხოლოდ ათას ეგზემპლარად დაიბეჭდა და დღეს იშვიათობას წარმოადგენს.

- თუ გახსოვთ ზვიად გამსახურდია როგორ გაიცანით?

- ერთ მშვენიერ დღეს თათიასთან ზვიადი მოვიდა. თათიამ ჩემი თავი დაუხასიათა და "ვეფხისტყაოსანი" წამაკითხა. მახსოვს, კითხვა რომ დავიწყე, ყურადღებით მისმენდა და ბოლოს შემაქო, - ყოჩაღ, კარგიაო... ახალგაზრდა ზვიადს არაჩვეულებრივი გარეგნობა ჰქონდა, ძალიან თავმდაბალი და იუმორით სავსე იყო. ასე დაიწყო ჩვენი ნაცნობობა. მის შვილებთან - ცოტნესა და გიორგისთანაც ახლოს ვიყავი, ხშირად მივდიოდით მცხეთაში და ჩვენი ურთიერთობა თანდათან მეგობრობაში გადაიზარდა. მაშინ მე და ჩემს მეუღლეს ჯვარი დაწერილი არ გვქონდა და რამდენჯერმე ერთად წავედით მცხეთაში. ისე მოხდა, რომ ხან მანქანა გაგვიფუჭდა, ხან რაღაცამ დაგვაბრკოლა და ჯვარი წლების შემდეგ დავიწერეთ. ზვიადი ხშირად ამბობდა, უკუდოდ მე არსად დავდივარო, მაშინ "კუდი" რას ნიშნავდა, არ ვიცოდი, ცოტა გვიან მივხვდი, რომ ვიღაც ყოველთვის დაგვყვებოდა.

- მერაბ კოსტავაც ზვიადისგან გაიცანით?

- დიახ. მთაწმინდაზე უნდა შევხვედროდით და ზვიადი ვიღაც წვერიან კაცთან ერთად მოვიდა. მე მოკრძალებით მივესალმე, რადგან ზვიადთან სულ ასეთი დამოკიდებულება მქონდა. მითხრა, ეს მერაბ კოსტავააო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა? - გავიცანი კაცი, რომლის ხმას "ამერიკის ხმით" ვისმენდი და რომელსაც ყველა უდიდეს პატივს ვცემდით. უეცრად, ეს ღვთაება ჩემ გვერდით აღმოჩნდა, მოულოდნელობისა და სიხარულისგან არ ვიცოდი, რა მეთქვა, ლამის დავიჩოქე. მერაბთანაც საუკეთესო ურთიერთობა მქონდა. როცა შემხვდებოდა, ყოველთვის ასე მომმართავდა, - "როგორ ხარ, აჭარელო". საოცარი იყო მათი სიყვარული და მოწიწება ქართული კულტურის, დამწერლობის მიმართ. მაგალითად: ზვიადი პრეზიდენტი რომ გახდა, პარლამენტის პირველივე სხდომაზე თქვა, ქართული ანბანი სრულად უნდა აღვადგინოთ, ორმოცივე ასო-ნიშნითო. მე დღესაც ამ აზრის მომხრე ვარ, რადგან ჩვენი დამწერლობიდან ამოღებული ასო-ბგერების გარეშე ქართული ანბანი სრულყოფილი არ არის. ავიღოთ თუნდაც ხორხისმიერი "ხ": ბევრს ჰგონია, მას მხოლოდ სვანები გამოთქვამენ, მაგრამ ჩვენ ამ სიტყვას ყოველდღე ვამბობთ სიტყვაში - "გაიხარე". როდესაც თათია ხაინდრავასთან ვიკრიბებოდით, სწორედ მსგავს თემებზე ვსაუბრობდით. ყოველთვის ოთხშაბათობით ვიკრიბებოდით და ის შეხვედრები დღემდე ტკბილად მახსენდება. იმ წლებში მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში მუშაობდა პატივსაცემი ქალბატონი - მანანა ანდრიაძე, რომელმაც ზვიადთან შეხვედრა მოაწყო. სასაუბრო თემა იქაც "ვეფხისტყაოსანი" იყო. ამგვარ სითამამეს მაშინ არავის აპატიებდნენ და ამ შეხვედრის მოწყობის გამო, მანანა ანდრიაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. მერე სკოლებშიც დავდიოდით და ბავშვებს ვხვდებოდით. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის შემდეგ, სკოლის დირექტორიც მოხსნეს. ეს იყო უაღრესად საინტერესო შეხვედრები: მე "ვეფხისტყაოსანს" ვკითხულობდი, ზვიადი კი - განმარტავდა. არ ვიცი ეს რა იყო ან რა დავარქვა იმ ცოდნას და განათლებას, რომელსაც ზვიად გამსახურდია ფლობდა!

- მერაბ კოსტავასთან ასეთი მეგობრობა არ გქონიათ?

- არა, რადგან ჩვენი გზები ცოტა გვიან - 1987 წელს გადაიკვეთა, როცა "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება" დავაფუძნეთ: იქ ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც ვიყავი. მახსოვს, როგორ გადაწყვიტეს "კაგებე" ზედმეტად არ გავაწვალოთო და პირდაპირ სია დავბეჭდეთ. იმ სიაში 41 კაცი იყო და მეჩვიდმეტე ვიყავი. ცხადია, მაშინდელი უშიშროება ბევრს მუშაობდა, რომ ჩვენი ერთობა დაშლილიყო. მართლაც, ეს საზოგადოება მალე დაიქსაქსა. ყველას პროფესიონალი დამსმენი ჰყავდა მიჩენილი. ერთს მეორესთან აბეზღებდნენ და თითოეული ჩვენგანი დამსმენად გამოჰყავდათ. შედეგსაც აღწევდნენ, სამწუხაროდ! უშიშროების სამსახური ყველაფერს აკეთებდა, რომ ეროვნული მოძრაობის ხალხი ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა და ასეც მოხდა. ვინც ყველაზე გამბედავი და შეუპოვარი იყო, თავიდან მოიშორეს. პირველი მსხვერპლი მერაბ კოსტავა გახლდათ, რომელმაც "კაგებეს" ხრიკები 10-წლიანი პატიმრობის დროს ისწავლა და მათი სვლები კარგად იცოდა.

90-ianebi-copy-1711354654.jpg

- ოფიციალური ვერსიით, ის ავარიაში დაიღუპა.

- მე კი ვფიქრობ, რომ ეროვნული მოძრაობის ლიდერები ჯერ ერთმანეთს დაუპირისპირეს და მერე თავიდან მოიშორეს. მერაბ კოსტავაც სწორედ მათი ხელით დაიღუპა. ასე მოიშორეს თავიდან შესანიშნავი პიროვნება ზურაბ ჭავჭავაძეც, რომელიც საავადმყოფოში, საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. როგორც ჩანს, ჩემზე იმდენად არ მუშაობდნენ, რადგან ისე საშიში არ ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე ზვიად გამსახურდიას მხარეს დავრჩი. მახსოვს, ზვიადი ბოლოს 20 დეკემბერს, მის კაბინეტში ვნახე, როცა მისი პრეზიდენტობის დასასრული ახლოვდებოდა. დავგეგმეთ, რომ კავკასიაზე ფილმი უნდა გადაგვეღო და ჩეჩნეთის პრეზიდენტს - დუდაევს წერილი გავუგზავნეთ, რომელიც თანახმა იყო და გვეუბნებოდა, მალე ჩამოდითო, მაგრამ თბილისში ისეთი მდგომარეობა იყო, დუდაევთან სტუმრობა გაზაფხულისთვის გადავდეთ. ცუდი ამბები ხდება, მაგრამ თუ გამოვძვრებით, ამ ფილმს აუცილებლად გადავიღებთო, - მითხრა ზვიადმა და ეს "ცუდი ამბები" მეორე დღიდან დაიწყო. 21 დეკემბრიდან მოღალატე ქართველები ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს დაუპირისპირდნენ და სამშობლოდან გააქციეს.

- დღეს ბევრი ნანობს, რომ მაშინ ზვიად გამსახურდიას დაუპირისპირდა. ამ ადამიანებზე რას ფიქრობთ?

- ვფიქრობ, ეს სინანულიც თავის გამოსაჩენადაა. მიხვდნენ, რომ სიმართლე მის მხარეს იყო და ახლა ცდილობენ, თავი იმართლონ. მაშინ ბევრი აიყოლიეს და გააბრიყვეს, შეიძლება ისინი ნანობენ, მაგრამ ვინც ამ ბოროტებას ხელმძღვანელობდა, ვინ ნანობს? - ქვეყნის დამანგრეველი თენგიზ კიტოვანი ახლახან გარდაიცვალა, ჯაბა იოსელიანი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული და მის საფლავზე ყვავილები მიაქვთ... აბა, ვინ ნანობს?! მე იქ ვიდექი, როცა მთავრობის სასახლეს ბომბებს ესროდნენ, ერთ-ერთი მათგანი გია ყარყარაშვილი იყო, რომელიც ამბობდა - ეს შენობა უნდა დავანგრიოთ და მის ადგილას ეკლესია ავაშენოთო... დღეს ის გენერალია და გმირის წოდებით დადის, აბა, ვინ არის მომნანიებელი?! - ისინი სამეგრელოს რომ შეესივნენ და საკუთარი ხალხი არ დაინდვეს იმის გამო, რომ "ზვიადისტობას" აბრალებდნენ?! წლების წინ ანაკლიაში სტუმრად ვიყავი და მითხრეს: მარტო ჩვენთან, 18 სახლი გადაწვესო! შევარდნაძის დრო იყო და ადგილობრივი გამგებელი გამოესარჩლა: აბა, წინააღმდეგობა გაუწიეს და რა უნდა ექნათო?! ვერ მოვითმინე და მივახალე: არ გრცხვენიათ? გაჩუმდით მაინც, თუ არ გრცხვენიათ-მეთქი. ყველგან იპოვეს ქვეყნის მოღალატეები! მოინანიესო... გახსოვთ, იუდამ როგორ მოინანია? - თავი ჩამოიხრჩო. ამ ხალხმა კი ქვეყნის აოხრება განაგრძო, სხვისი უბედურების ხარჯზე თავისი საქმეები მოაგვარა და ცხოვრება ჩვეულებრივად გააგრძელა!

- ზვიად გამსახურდიას გარდაცვალება, მისი ცხოვრების მსგავსად, ტრაგიკული იყო. დარწმუნებული ხართ, რომ თავი არ მოუკლავს?

- ეს შეკითხვაც კი მაღიზიანებს, ისე ვარ დარწმუნებული, რომ თავს არ მოიკლავდა. ეკლესიურობას რომ თავი დავანებოთ, ზვიადი ეროვნული გმირი იყო. თავს რისთვის მოიკლავდა? არა, ის ყოველთვის ამბობდა: გამარჯვებამდე ერთი წამი, ერთი მილიმეტრიც რომ დაგრჩეს, ცხოვრებას აზრი მაინც აქვსო. საუბედუროდ, ისევ ქართველებმა გაიმეტეს, ქვეყანაშიც ისეთი სიტუაცია შექმნეს, რომ ე.წ. ზვიადისტობის გამო, შეიძლება ვიღაცას დაეხვრიტე. ტელევიზორში დღესაც გამოდიან ისინი, ვინც მაშინ, თავის სისხლსა და ხორცს მისდევდა მოსაკლავად, დასახვრეტად, მოსასპობად! თვითონ ხომ იციან, რა დააშავეს?! ხომ იციან, დიდუბეში, "ზვიადისტების" მიტინგს ტყვია რომ მიუშვირეს და ხალხი დახვრიტეს? საუკეთესო ქართველები დაღუპეს და სიკვდილისთვის გაწირეს. რაღა 1937 წლის რეპრესიები და რაღა 90-იანი წლები! რა, მაშინ არ იყო რეპრესიები?! - 1937 წელი უფრო სასტიკი და დაუნდობელი ფორმით განმეორდა. ეს ყველაფერი კარგადაა ნაჩვენები არაჩვეულებრივ ფილმში - "რას გადაურჩა აჭარა", სადაც ჩანს, როგორ ხოცავდნენ ხალხს, როგორ ათხრევინებდნენ განწირულ ადამიანს საკუთარ საფლავს, როგორ აფურთხებდნენ და შეურაცხყოფდნენ მიცვალებულის ნეშტს... მერე აფხაზეთს შეესივნენ! ვინმემ გამოიძია აფხაზეთი რის გამო დავკარგეთ? თბილისში და სამეგრელოში როგორ იქცეოდნენ და იქ რაღას იზამდნენ?!

gamsaxurdia-copy-1711354644.jpg

- როგორ ფიქრობთ, 1990-იანი წლების გამოცდილებიდან რაიმე ვისწავლეთ?

- არა მგონია! თუ აკვირდებით, რას უწერენ ქართველები ერთმანეთს სოციალურ ქსელში და როგორ ასწორებენ მიწასთან ერთმანეთს, მგონი, პირიქით მოხდა - განვისწავლეთ. იცით, ჩვენ როგორი ღირსების მქონე ხალხი ვიყავით? - არის ასეთი ცეკვა - "მთიულური", სადაც ორი ვაჟკაცი იბრძვის, ქალი რიდეს მოიხდის და შუაში ჩაუგდებს. უმეტესობას ჰგონია, რომ ისინი ბრძოლას მანდილის გამო წყვეტენ, მაგრამ ასე არ არის: საქმე ისაა, რომ თავშიშველი ქალის შეხედვა კავკასიელი კაცისთვის შეურაცხმყოფელი და ღირსების ამყრელი იყო. ორი მეომარი, რომელიც ღირსებისთვის იბრძოდა, სწორედ ამიტომ შორდება ერთმანეთს, რომ უსაბურავო ქალის დანახვა არ სურს, - სამწუხაროდ, ჩვენ ეს ღირსება დავკარგეთ! ალბათ ამიტომაც ვამაყობთ, რომ საქართველო დერეფნის ფუნქციას ასრულებს. შეიძლება ქვეყანა იმით ამაყობდეს, დერეფანი ვიქნებიო?!

ხშირად ვფიქრობ, როგორი იქნებოდა საქართველო, 90-იანებში აქ უბედურება რომ არ დატრიალებულიყო - რასაკვირველია, გაცილებით უკეთეს ქვეყანას ავაშენებდით, იმ წლებში ღალატის, შურისა და მტრობის მავნე ბაცილა რომ არ მოგვრეოდა!

ხათუნა ჩიგოგიძე