ნიჭიერი მისტერ ანრი
ასეთ კატეგორიას უდავოდ განეკუთვნება ბატონი ანრი ოხანაშვილი. გარდა იმისა, რომ ის უბადლო იურისტი და პოლიტიკოსია, ასევე საოცრად მიხვედრილი ადამიანია და ისეთი რაღაცების დანახვა ხელეწიფება, რაც ჩვენ არ ძალგვიძს. მას შეუძლია უხილავი კავშირები განჭვრიტოს. კომიტეტის სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის ვეტოს განიხილავდნენ, მან საოცარი აღმოჩენა გააკეთა და ჩვენც გაგვიზიარა.
"დღეს არის მეხუთე ვეტო, რაც პრეზიდენტმა გამოიყენა. სიმბოლურია, რომ პრეზიდენტის ვეტო არის მეხუთე. ეს მეხუთე რას ნიშნავს და ვისთან ასოცირდება, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის", - გვითხრა ბატონმა ანრიმ.
აბა, ახლა მითხარით, რომელი თქვენგანი დაინახავდა ასეთ კავშირს და ასე ოსტატურად გაშიფრავდა სალომე ზურაბიშვილის "ნაცობას"? თქვენ შეძლებდით ამას? ვერა. ამიტომაც არ ხართ მასავით ნიჭიერები. მე რომ ბიძინას ადგილზე ვიყო, შემდეგ პრემიერ-მინისტრად მას დავნიშნავდი. ასეთი ნიჭი არ უნდა დაიკარგოს. ეჭვი მაქვს, ორივე ირაკლის აჯობებს.
თან ეს განცხადება ბატონმა ანრიმ პირდაპირ პრეზიდენტის დაბადების დღეს დაამთხვია. ესეც გათვლილი ექნებოდა, რომ მტრისთვის ზეიმი ჩაემწარებინა. თუმცა ეს მეორე ჩანაფიქრი ბოლომდე არ გამოუვიდა, რადგან არც სალომე აღმოჩნდა ჯაბანი და ნასროლი ტყვია ოსტატურად აიცილა.
"ბედნიერი ვარ, რომ დაბადებული ვარ 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაცები კიდევ რაღაცას დამაბრალებდნენ", - განაცხადა პრეზიდენტმა დღის ბოლოს.
ქალბატონო სალომე, თქვენ რომ 5 რიცხვში ყოფილიყავით დაბადებული, "ოცნება" ალბათ ამ ციფრს კანონგარეშედ გამოაცხადებდა, ანრი ოხანაშვილი ხელზე თითს მოიჭრიდა, რომ ხუთი თითი არ ჰქონოდა.
პროპაგანდის მასტერკლასი
რამდენიმე მოსამართლემ გაბედა და ხელისუფლების და სასამართლო კლანის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატა ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით. თქვეს, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი, რომ მოსამართლეების კეთილსინდისიერება შემოწმდეს, მზად ვართ ჩვენც გავიაროთ ეს ტესტიო.
ჰოდა, ხელისუფლება სრულ ისტერიკაში ჩავარდა. იფიქრეს, ამათ სხვა მოსამართლეებიც თუ აჰყვნენ, დაგვემხობა ეს წვალებით ნაშენები სისტემაო და პირდაპირ ემუქრებიან ამ მოსამართლეებს, სახელისუფლებო მედიებს კი, როგორც ჩანს, მათი გაშავება დაავალეს.
შედეგად საოცარი რეპორტაჟი ვნახეთ ერთ-ერთ არხზე: ყველა "ამბოხებული" მოსამართლე სათითაოდ ჰყავდათ მხილებული "ცოდვებში". ერთზე თქვეს, ადრე ბებიის გაუპატიურებაში ბრალდებული ჰყავს გამართლებულიო, მეორეზე - ქმარი ჰყავს "ნაციო". ერთ მოსამართლეზე საერთოდ საოცარი კომპრომატი დადეს, მისი ქმარი გირგვლიანის საქმის მოსამართლე გიორგი ჩემიააო, ანუ ქმარი ასეთი ჰყავს და თავად წესიერი როგორ იქნებაო? არადა, გირგვლიანის საქმის კიდევ ერთი მოსამართლე, მურუსიძე (არა ცოლი ან ქმარი, არამედ თავად მოსამართლე) საერთოდ სასამართლოს თავში უზით. ეს, რა თქმა უნდა, ამ ტელევიზიას არც გახსენებია.
თუმცა ყველაზე საოცარი დასკვნა იყო: ეს მოსამართლეები საკუთარი კეთილსინდისიერების შემოწმებასაც ითხოვენ და გამოდის, თავადვე ეპარებათ ეჭვი საკუთარ წესიერებაში, თორემ წესიერები რომ იყვნენ, რა ექნებოდათ შესამოწმებელიო?
ეს სასაცილო ნამდვილად აღარაა. პროპაგანდა გამიგია, მაგრამ ასეთი სამარცხვინო, არაფერი.
რით განუგეშოთ?
ასეთ ფონზე ხალხს რისი იმედი უნდა ჰქონდეს? ცვლილების, ხომ? და ვინ ემზადება ამათ შესაცვლელად? ოპოზიცია.
ოპოზიციის ნაწილმა ნამდვილად წარმატებული კამპანია წამოიწყო. გაძვირებულ ცხოვრებასა და გაზრდილ ფასებზე საუბრობენ ლამის ყოველდღე. ეს თემა მართლაც ყველაზე მტკივნეულია მოსახლეობისთვის და ხელისუფლების იმიჯს პირდაპირ ურტყამს. თუმცა ერთია პრობლემის მხილება და მეორე მისი მოგვარების გზები. ლევან ხაბეიშვილს, რომელიც ყველაზე მეტს საუბრობს ამ თემაზე, ინტერვიუს დროს ვკითხე, თქვენ რომ იყოთ ხელისუფლებაში, როგორ მოაგვარებდით ამ პრობლემას-მეთქი და საოცარი პასუხი გამცა: ჩვენ რომ მოვალთ, დავანგრევთ მონოპოლიებს, მაგალითად, საწვავის სფეროშიო.
ამას ამბობს იმ პარტიის თავმჯდომარე, რომლის მთავარი დამფინანსებელი კეზერაშვილია - ადამიანი, რომელსაც ბიზნესმენები უჩივიან, ხელისუფლებაში ყოფნის დროს წვრილ-წვრილი კომპანიები დაგვაწიოკა, ჩვენი ავტოგასამართი სადგურები უკანონოდ წაგვართვა და ასე შექმნა მსხვილი კომპანიაო. ჰოდა, ამ ადამიანის დაფინანსებული პარტია გვპირდება, რომ დავბრუნდებით, მონოპოლიებს დავშლითო.
P.S. ასეთი ხელისუფლების და ოპოზიციის ხელში არც კი ვიცი, რით განუგეშოთ.