საუკეთესო მომღერალი საუკეთესო ფალავნებს შორის - გზაპრესი

საუკეთესო მომღერალი საუკეთესო ფალავნებს შორის

1964 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე უნიკალური სიტუაცია შეიქმნა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირზე, ქვესაშუალო წონაში ასპარეზობები კი დასრულდა, მაგრამ ჩემპიონ-პრიზიორების ვინაობა გაურკვეველი დარჩა. მაშინდელი ჩახლართული წესების ახსნას დიდხანს მოვუნდები, ამიტომ მოკლედ გეტყვით, რომ ერთდროულად სამ ფალავანს: ირანელ მოჰამედ ალი სანატკარანს, თურქ ისმაილ ოგანსა და ქართველ გურამ საღარაძეს არც ერთი შეხვედრა არ წაუგიათ და ფინალში 4-4 მოგებით შევიდნენ, იქ კი ერთმანეთში ფრედ იჭიდავეს. გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო გახდა მეტოქეების აწონა, რათა გაერკვიათ, ვინ იყო ყველაზე მსუბუქი. ოქროს მედლის ბედი 400-მა გრამმა გადაწყვიტა. ჩემპიონი ოგანი გახდა. საღარაძეს ვერცხლის მედალი ერგო, ხოლო სანატკარანი ბრინჯაოს დასჯერდა.

დღეს ჩვენ სახელოვან ფალავანს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს, ფილას ორდენის კავალერს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, გურამ საღარაძეს 85 წელი შეუსრულდა. მინდა ჩვენი ჟურნალის სახელით მივულოცო მას ეს საიუბილეო თარიღი და ჯანმრთელობა, ბედნიერება ვუსურვო.

ბატონ გურამთან ინტერვიუს დროს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მისი ჯანმრთელობით დავინტერესდი, მაგრამ ვიდრე ამ ინტერვიუს შემოგთავაზებთ, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი იუბილარი ქართველ ჩემპიონებს შორის საუკეთესო მომღერალი და ჩინებული თამადაა. თუმცა არ ვიცი, დღეს ვინ ვის აჯობებს, რაჭველი მოჭიდავე მისივე კუთხის ხვანჭკარას თუ პირიქით.

- ჩემო გოგი, ხვანჭკარასთან და სხვა დიდებულ ქართულ ღვინოებთან უკვე აღარ ვჭიდაობ, - ალალად მითხრა ბატონმა გურამმა: - დიდი სპორტი, ადრე თუ გვიან, ყველას უტოვებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პატარ-პატარა პრობლემებს. ასე რომ, 85 წლისამ ასაკს ანგარიში მეც უნდა გავუწიო. თუმცა არ გეგონოთ, ბუხართან ვიჯდე და შვილიშვილებს ზღაპრებს ვუყვებოდე. ვცდილობ ჩვეული აქტიური ცხოვრება მქონდეს, მუდამ საქმის კურსში ვიყო, რა ხდება ქვეყანაზე, სპორტში. მინდა ძველებურად სასარგებლო გახლდეთ ჩემი ქვეყნისთვისაც და ოჯახისთვისაც - ორივე ძალზე მნიშვნელოვანია ჩემთვის და თუ აქაც და იქაც მშვიდობაა, მაშინ მეც მხნედა ვარ, არაფერი მიჭირს. მაგრამ თავადაც იცი, რაც დღეს ხდება საქართველოში. ყველგან დაპირისპირებაა, ყველას თანამდებობა და ფული უნდა, ყველა საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძვის. ქვეყანაში პოლიტიკოსები არა გვყავს, ესენი პოლიტიკანები არიან, ხალხზე არავინ ზრუნავს. მახსოვს, დიდი სამამულო ომის დროს, გასული საუკუნის 1940-იან წლებში, საერთო გაჭირვება იყო, მაგრამ მეზობელი მეზობელს გვერდში ედგა, გლეხი გლეხს ხელს უმართავდა და მთავრობაც, როგორც შეეძლო, ისე ზრუნავდა თანამემამულეებზე. იმ ძნელბედობის ჟამს ერი ერთმანეთის და ქვეყნის სიყვარულმა გადაარჩინა. ღმერთის წყალობით აი, ასე მოვედით დღემდე. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა გვაქვს, უამრავი წმინდანით და მჯერა, როგორც ჩვენი პატრიარქი ქადაგებს, მალე საქართველო გაერთიანდება და გაბრწყინდება. ამ გაბრწყინებას მინდა ყველა ერთად მოვესწროთ.

- რამდენიმე წლის წინ რომ ვისაუბრეთ, ორი შვილიშვილი გყავდათ, თანაც კიდევ ელოდით მატებას. ახლა როგორ არის საქმე?

- მას შემდეგ გვარიანად დრო გავიდა. საღარაძეების გვარს ტყუპი გოგო შეგვემატა, მარიამი და ეკატერინე. ჩოგბურთზე დადიან. უკვე ბაბუს ეჯიბრებიან მკლავის გადაწევაში. ამათ გარდა ქალიშვილისგან უფროსი ბიჭებიც მყავს, რატი და ბიჭი ივანიშვილები. რატი შესანიშნავად უკრავს გიტარაზე, ბიჭი კი ძალიან საინტერესო ლექსებს წერს. ამასთან, შენი კოლეგაა, სპორტი უყვარს, კალათბურთის რეპორტაჟები მიჰყავს ტელევიზიით. ასე რომ, ჩემს შვილიშვილებს, თავიანთი მშობლების გარდა, ბაბუსგანაც დაჰყვათ რაღაცის ნიჭი.

- თუ დღევანდელი და თქვენი თაობის ფალავნების ჭიდაობას შევადარებთ, რომელი უფრო საინტერესოდ მიგაჩნიათ?

- ამ ორი ეპოქის შედარება არც კი შეიძლება. რა თქმა უნდა, ჩემს დროს უფრო სანახაობრივი, ლამაზი იყო კლასიკური და თავისუფალი ჭიდაობაც. გივი კარტოზია, ვახტანგ ბალავაძე, ავთანდილ ქორიძე თუ ლევან თედიაშვილი, ილეთების კორიანტელს აყენებდნენ ხალიჩაზე და დიდი უპირატესობით იმარჯვებდნენ კიდეც. მე ფეხით ჭიდაობა არ ვიცოდი, სამაგიეროდ, სხვა ილეთებს ვფლობდი. ტოკიოს ოლიმპიადაზე ინდოელ მადხო სინგხს, მაგალითად, 20-ქულიანი უპირატესობით მოვუგე. დღეს კი ერთ ან ორ ქულას აუღებენ მეტოქეს და აღარ ჭიდაობენ, ხალიჩიდან გარბიან.

givi-kartozia-vaxtang-balavadze-guram-sagaradze-copy-1711459709.jpg

- ხალიჩიდან, რამდენადაც ვიცი, თქვენს დროსაც გარბოდნენ მოჭიდავეები. იმავე 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე სწორედ ასე დაეუფლა ოქროს მედალს თურქი ისმაილ ოგანი.

- ოგანი ეშმაკი მოჭიდავე იყო. ტოკიომდე მე მას 1963 წლის სოფიის მსოფლიოს ჩემპიონატზეც შევხდი. მაშინაც გარბოდა. თან ტანზე ზეთი წაისვა და ისე გამოვიდა ხალიჩაზე. ასეთ ფალავანთან ჭიდაობა შეუძლებელია, ხელს ვერ ჩაავლებ. მსაჯმა რამდენჯერმე გააჩერა შეხვედრა და ტანი პირსახოცით გააწმენდინა, მაგრამ რომ გაოფლიანდებოდა, ისევ მისრიალებდა ხელი. მოკლედ ის ორთაბრძოლა ფრედ დასრულდა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მაინც მე მოვიპოვე.

ზუსტად იგივე განმეორდა ტოკიოს ოლიმპიადაზეც, ოღონდ ფრე ამჯერად ოგანს აწყობდა. ის 400 გრამით მსუბუქი იყო ჩემზე და ოქროც მას ერგო. სხვათა შორის, ტოკიოში ჩემსავით დაუმარცხებლად იჭიდავეს რომან რურუამ და როსტომ აბაშიძემ, თუმცა ვერც ისინი ავიდნენ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. უფრო მეტიც, როსტომი პრიზიორებშიც ვერ მოხვდა. რომანი კი ვერცხლის მედალს დაეუფლა. მახსოვს, ეროსი მანჯგალაძემ და დოდო აბაშიძემ დეპეშა გამომიგზავნეს იაპონიაში: „გურამ, შენ ოღონდ მშვიდობით ჩამოდი თბილისში და ჩვენ შენი ვერცხლი გვირჩევნია სხვის ოქროს“. იცით, სპორტსმენს იღბალიც სჭირდება. ვერ ვიტყვი, რომ ისმაილ ოგანი სუსტი ფალავანი იყო, მაგრამ ტოკიოს ოლიმპიადის გარდა, არც არაფერი მოუგია. როსტომ აბაშიძემ კი სამჯერ გაიმარჯვა მსოფლიოს ჩემპიონატში, მაგრამ ტოკიოს ოლიმპიადის წინ "ბოტკინი" დაემართა და ისე ვეღარ იჭიდავა. ფორტუნამ მეც მიღალატა. 1965 წელს მანჩესტერის მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ დავეუფლე ჩემპიონის ტიტულს. სხვათა შორის, მანჩესტერშივე მსოფლიოსთან ერთად ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მომანიჭეს. მომდევნო წლებში ორჯერ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი, თუმცა 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადაზე შანსი აღარ მომცეს, ჩემს ნაცვლად იური შახმურადოვი აჭიდავეს და კარიერა ისე დავასრულე, ოლიმპიური ჩემპიონი ვერ გავხდი. შახმურადოვმა კი მექსიკაში მე-6 ადგილი დაიკავა.

- საყოველთაოდ ცნობილია, საბჭოთა ნაკრებში მოხვედრა ძალიან რთული იყო. ბევრ რესპუბლიკას ჰყავდა კარგი ფალავნები და მწვრთნელებსაც დიდი არჩევანი ჰქონდათ. საინტერესოა, თქვენ როგორ მოხვდით ქვეყნის მთავარ გუნდში?

- 1961 წელს თბილისში ირანის ნაკრები ჩამოვიდა. ჩემს წონაში მათ ძალიან ძლიერი ფალავანი ჰყავდათ, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი იმამ ალი ჰაბიბი. ყველა საბჭოთა მოჭიდავე ჰყავდა დამარცხებული, მე კი ჯერ არავითარ ტიტულს არ ვფლობდი, მაგრამ მწვრთნელებმა მაინც მაჭიდავეს მასთან. საოცარი შეხვედრა გამოგვივიდა. თავიდან მე დავწინაურდი, 6:2. ეტყობა ამას ირანელი არ ელოდა, გაბრაზდა და ისეთი ძალით შემომიტია, რომ ბოლოს ვეღარ ვუძლებდი. გონგი რომ შემოჰკრეს, 6:5 იყო ანგარიში ჩემს სასარგებლოდ. გავიმარჯვე, მაგრამ ფეხზე ვერ ვიდექი. ისე დავიღალე, ჭიდაობა აღარ შემეძლო, ჰაბიბი კი კიდევ რამდენიმე მეტოქეს დაამარცხებდა. ნამდვილი ვაჟკაცი იყო. ირანელებს ჭიდაობის კარგი სკოლა ჰქონდათ. თუმცა ჩვენც კარგი ბიჭები გვყავდა. მოგეხსენებათ, მაშინ სსრკ-ის ჩემპიონატში გამარჯვება უფრო რთული იყო, ვიდრე ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება, მაგრამ ქართველებს ყოველთვის ჩინებული ფალავნები გვყავდა. შეგახსენებთ, რომ 1964 წლის საკავშირო ჩემპიონატში, 8-დან 4 წონით კატეგორიაში, ჩემთან ერთად ოქროს მედლები მოიპოვეს: ზარბეგ ბერიაშვილმა, შოთა ლომიძემ და ნუგზარ გოგიბედაშვილმა. მომდევნო წელს: საღარაძეს, ბერიაშვილს, ლომიძეს დაემატნენ ტარიელ ალიბეგაშვილი და სპარტაკ ქარსაულიძეც, ხოლო 1966-ში ჩემპიონები ისევ საღარაძე, ბერიაშვილი, ლომიძე და ზაურ შეყრილაძე გავხდით. ამიტომაც, საბჭოთა ნაკრებში ხშირად, ნახევარი გუნდი ქართველები ვიყავით, მე კი კაპიტნადაც ამირჩიეს.

- დღეს როგორი ფალავნები გვყავს? ისიც საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ, პარიზის წლევანდელ ოლიმპიადაზე რა შანსები გვაქვს?

- მოდი, გადავხედოთ ჩვენი მოჭიდავეების ბოლო წლების შედეგებს. ტოკიოს XXXII ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 2021 წლის ზაფხულში ჩატარდა, არც თავისუფალ და არც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩემპიონი არ გვყოლია. იმავე წლის შემოდგომაზე მსოფლიოს ჩემპიონატი ოსლოში ჩატარდა და იქიდანაც ტიტულის გარეშე დაბრუნდნენ ქართველები. იგივე განმეორდა 2022 წელს ბელგრადში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზეც. შარშან კვლავ ბელგრადმა უმასპინძლა მსოფლიოს ჩემპიონატს, სადაც პირველობა მხოლოდ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ლერი აბულაძემ მოიპოვა, თუმცა ის არაოლიმპიურ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. ამიტომაც, პარიზულ შანსებზე გეტყვით, რომ საპრიზო ადგილი თუ დავიკავეთ, დიდი საქმე იქნება, ჩემპიონობა კი გამორიცხულია. დღეს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას არაპროფესიონალი პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. თავად არასდროს უჭიდავია და არც ჭიდაობისა ესმის რამე. პოლიტიკოსებმა დანიშნეს ჩვენი ფალავნების თავკაცად. მწვრთნელებიც დაბალი დონის ჰყავთ. ამიტომაც ის თანხები, რაც ჭიდაობისთვისაა გამოყოფილი, ტყუილად იხარჯება, შედეგი არ ჩანს.

guram-sagaradze-mahmut-atalay-hossein-tahami-1966-copy-1711459696.jpg

- თქვენი თაობის ფალავნებთან, ვთქვათ მეგობრებთან ან მეტოქეებთან თუ გაქვთ კავშირი, თუ ეხმიანებით ერთმანეთს?

- ჩვენ სხვა ეპოქაში ვცხოვრობდით. მოჭიდავეები ერთმანეთის მეტოქეები მხოლოდ ხალიჩაზე ვიყავით, ცხოვრებაში კი ბევრთან ვმეგობრობდი. ჭიდაობაში თუ ვინმეს წავაქცევდი, მერე თავადვე წამოვაყენებდი, გადავეხვეოდი და ერთმანეთს მეგობრებად ვშორდებოდით. ეს წესი შეიცვალა. რაც მთავარია, დროსთან ერთად ჩემი თაობაც ნელ-ნელა მიდის, თანდათან სულ უფრო ცოტანი ვრჩებით, მაგრამ ვინც შემომრჩა, ვცდილობ არ დავკარგო. ჩემს დაბადების დღეზე, ქართველებთან ერთად, ხშირად მოდიოდნენ ჩრდილოკავკასიელი ფალავნებიც. იმედია, არც ახლა დამივიწყებენ. სხვათა შორის, იმამ ალი ჰაბიბი ცოცხალია და მასთან ისევ ვინარჩუნებ მეგობრულ ურთიერთობას...

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც გავახსენდები და იუბილე მომილოცა, ვისაც არ გავახსენდი და ამჯერად მოლოცვა დაავიწყდა. ქართველები სიყვარულის ხალხი ვართ და მჯერა, სწორედ ერთმანეთის სიყვარული გადაგვარჩენს. თუ ჩემი ასაკის კაცს დაეჯერება, მინდა იცოდეთ, რომ ნიჭიერი ერი ვართ. სიმღერაც შეგვიძლია, ცეკვაც, ღვინის დაყენებაც და ჭიდაობაც. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.

გოგი ფრანგიშვილი