ვინ დგას მოსკოვის ტერაქტის უკან - გზაპრესი

ვინ დგას მოსკოვის ტერაქტის უკან

"ისლამური სახელმწიფოს" თავდასხმას ოფიციალური ინფორმაციით, 140-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 180-ზე მეტი დაშავდა, 90-მდე ადამიანმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ, გამოძიების მოთხოვნით, "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე 3 ეჭვმიტანილი, ძმები დილოვარი და ამინჩონ ისლომოვები, ასევე მათი მამა ისროილი დააკავა. უკვე გაიმართა სამივე მათგანის სასამართლო პროცესი. დილოვარსა და ამინჩონ ისლომოვებს ბრალი უკვე წაუყენეს, მამა კი ეჭვმიტანილად რჩება.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, კრასნოგორსკის საკონცერტო დარბაზზე მომხდარი თავდასხმა ბოლო წლების რუსეთში მომხდარი ყველაზე დიდი ტერორისტული აქტია. ამიტომაც, კრემლის განცხადებით, "დამნაშავე პირები უმკაცრესად დაისჯებიან". რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის განცხადებით, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო და ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ თავდასხმის უკან უკრაინა არ დგას, კრემლი ამ დრომდე უწყვეტად მიანიშნებს კიევის მიზნებსა და ზრახვებზე.

რუსი აქტივისტის, ოლგა ოგანოვას თქმით, მოსკოვში მომხდარი ტერაქტი სრულად დაგეგმილი და შესრულებულია რუსული სპეცსამსახურების მიერ, პუტინის დავალებით:

- მისი იდეაა იმის გამართლება, რასაც უკრაინაში აკეთებს, როგორც უკრაინელი, ასევე თავისი ხალხის წინაშე. ახლა აპირებს მასშტაბურ, საყოველთაო ტოტალურ მობილიზაციას, ამისთვის კი რაღაც ძალიან დიდი დრამა სჭირდებოდა, რათა შემდეგ მოსახლეობამ, რომელიც ისედაც პროპაგანდის მსხვერპლია, საბოლოოდ დაიჯეროს, რომ მას კი არ უნდა ომი, მაგრამ უკრაინა, დასავლეთის წაქეზებით, სხვა გამოსავალს არ უტოვებს; მათი მესიჯები ასეთია - რუსეთს აღარ სურს ომი, მაგრამ ამერიკის მიერ დანიშნული უკრაინის ხელისუფლება არ აძლევს მოლაპარაკების უფლებას, მეტიც, ცდილობს, საზღვრისპირა რუსეთის რაიონებში დესტაბილიზაცია შექმნან, ქვეყნის შიგნით კი ტერაქტებს აწყობენ და უდანაშაულო ხალხს ხოცავენ. ამიტომ, მოსახლეობა რომ უსაფრთხოდ იყოს, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ... მუშაობს პუტინის პროპაგანდისტული მანქანა და ამის უამრავს სჯერა. თუ ომამდე მისი მხარდამჭერები უფროსი თაობის წარმომადგენლები იყვნენ, ახლა მისი "პრინციპულობით", სხვა ასაკის ადამიანებიც მოიხიბლნენ. შესაძლოა, ეს პროპაგანდისტული წნეხის გაძლიერების შედეგი იყოს. ყოველ შემთხვევაში, პუტინის მხარდამჭერთა რაოდენობა არ შემცირებულა.

- არსებობს მოსაზრება, რომ ომის მასშტაბის გაფართოება პუტინის ძალაუფლებას კიდევ უფრო გაამყარებს. ასეა?

- დიახ, ასეა. პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, პოლიტიკურად თავს მყარად გრძნობს და შესაბამისად, მისთვის სასარგებლო ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. ხელს ვერავინ შეუშლის. პოლიტიკური ოპონენტები თითქმის არ ჰყავს. ნავალნის განეიტრალება, ჩვენმა საზოგადოებამ მასშტაბური, მაგრამ სრულიად უსუსური, არაფრისმთქმელი მსვლელობით აღნიშნა. ფაქტობრივად, პირდაპირ თქვეს, - ვიცით, რომ პუტინმა მოკლა, მაგრამ სისტემას ვერაფერს ვუხერხებთო.

ახლაც იგივეა - იციან, რომ მოსკოვის ტერაქტის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან, პუტინს მსგავსი საქმეების უდიდესი გამოცდილება აქვს და ყოველ ჯერზე ძალაუფლებას იმყარებს, ამიტომ ვერაფერს უხერხებენ. ზოგიერთს კი ისევ ურჩევნია, დამნაშავე უკრაინაში ეძებოს - ამ ტერაქტის შემდეგ, უკვე ის ადამიანებიც გაჩუმდნენ, ვინც აქამდე უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე მიტანილ იერიშს აპროტესტებდა. შესაბამისად, არ გამიკვირდება, თუ უახლოეს ხანებში, როდესაც პუტინი მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ თავდასხმას განახორციელებს, ამ ხალხმა ეს მოსკოვში მომხდარი ტერაქტით გაამართლოს.

აღარ არსებობს რუსეთში ოპოზიციური მედია, რომ საკითხი ასე დასვას - კი მაგრამ, მოსკოვის ცენტრში ავტომატებით შეიარაღებული ადამიანები ისე როგორ გადაადგილდებოდნენ, სპეცსამსახურებმა რომ ვერ შეამჩნიესო? პოლიტიკურ აქციაზე გასულ ადამიანებს რამდენიმე საათში აკავებენ, იზოლატორებში ყრიან და როგორ დავიჯეროთ, რომ ისინი გამოეპარათ?

როგორც მოსალოდნელი იყო, უმეტესობას სჯერა, რომ მომხდარი რუსეთის დასუსტებას ემსახურება. ამიტომაც, პირველ რიგში, დამნაშავეები მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ, შემდეგ კი, ამ რთულ ვითარებაში ჩავარდნის გამო, პასუხი "ეფესბემ" უნდა აგოს...

მეორე ნაწილი დამნაშავედ ისევ დასავლეთს მიიჩნევს, რომელიც სხვადასხვა ძალის გამოყენებით ცდილობს, რუსეთში შიდაარეულობა დაიწყოს... თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ პუტინს საყოველთაო მობილიზაციის გამოსაცხადებლად ფონი სჭირდებოდა. ასე მოიქცა 2000-იანების დასაწყისში, როდესაც ჩეჩნეთში მეორე მასშტაბური ომის დაწყება უნდოდა.

ოლესია, 37 წლის, ადგილობრივი:

- დაკავებული ადამიანების გარშემოც არსებობს კითხვები - ითქვა, რომ რეალურმა დამნაშავეებმა ქვეყანა უკვე დატოვეს. ეს მხოლოდ ვერსიებია, მაგრამ სრულ ქაოსში, უფრო სწორად, იმ პირობებში, როდესაც პროპაგანდა იმ ინფორმაციას ავრცელებს, რაც სურს, სრულიად მარტივი რამეებიც ძნელი გასარკვევია. "ეფესბეს" მიერ ისმინება და კონტროლდება სოციალური ქსელები, ფრონტის ხაზზე არსებული პრობლემების შემცველი ვიდეოებისა და ფოტოების გავრცელება, ეს არმიის პირდაპირ დისკრედიტაციადაა მიჩნეული და პატიმრობით ისჯება. შესაბამისად, ამ პირობებში ასე სწრაფად რეალური ინფორმაციის გარკვევა ურთულესი ამოცანაა.

თუმცა, ყველა ტერორისტი, რომელსაც იარაღი ეჭირა და ხოცავდა ხალხს, თეატრს ცეცხლი წაუკიდა, უპრობლემოდ გაერიდა ტერიტორიას, რაც კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ ამაში სპეცსამსახურების ხელი ურევია. აშკარაა, რომ ტერაქტში ოთხი კი არა, ათამდე ადამიანი მაინც მონაწილეობდა და მთავარი მოქმედი პირები უკვე სამშვიდობოს არიან.

რეალური იქნება, რომ დაპატიმრებული ტაჯიკები ე.წ. თვალის ასახვევად "გახსნილი" საქმე იყოს, რადგან საბანკო ბარათზე გადარიცხული თანხა, 250.000 რუბლი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ოთხი ადამიანი, რომელიც შენობაში ხალხს ხოცავდა, არ არიან დაკავებულებს შორის. გარდა ამისა, ბრიანსკის მიმართულებით იმ მანქანით მოძრაობა, რომელიც თეატრის ახლოს, ქალაქის ცენტრში გადაადგილდება, ადასტურებს, რომ ტაჯიკები უბრალოდ კვალის ასარევად გამოიყენეს და ვინ გააკეთა ეს, ტერორისტებმა თუ თავად სპეცსამსახურებმა, მსჯელობის საგანია. რუსეთში კი ობიექტურად კარგა ხანია აღარ მსჯელობენ. ვინც ამას ბედავს, აპატიმრებენ.

გარდა ამისა, ტერორისტების ქცევა, წინასწარ დაგეგმილი, აუღელვებელი მოქმედება, მაშინ, როდესაც მხოლოდ ერთი მონჯღრეული ავტომატი უჭირავთ ხელში, გათიშული ე.წ. უსაფრთხოების ტურნიკეტები, დაძინებული დაცვა და სხვა უამრავი დეტალი, მხოლოდ სპეცსამსახურების კვალზე მიანიშნებს.

არაფერს ვამბობ ცეცხლის წაკიდების დროს წინასწარ გამორთულ ან დაზიანებულ, ან სულაც გაუმართავ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაზე. ის ტაჯიკები, რომლებიც დააკავეს და რომელთა ფოტოებიც ვრცელდება, არა მგონია, ასეთი პროფესიონალები იყვნენ.

თეატრის შენობიდან სულ რამდენიმე, მაქსიმუმ 5 წუთის სავალზეა მოსკოვის ოლქის ადმინისტრაცია, ასევე, საოლქო სასამართლო და თითქმის მეზობლად, სპეცრაზმ "ომეგას" ერთეულის ბაზა მდებარეობს. სამივე დაწესებულებიდან შეიძლებოდა სწრაფი რეაგირების ჯგუფის გამოგზავნა, რათა დარბაზში მყოფ ტერორისტებს თავიანთ გემოზე არ ეხოცათ ხალხი, მაგრამ ეს რატომღაც ვერ მოხერხდა.

გარდა ამისა, ტერორისტებმა პირველი სახანძროს გამოჩენამდე მოასწრეს მიმალვა და შემდეგ ისიც გაირკვა, რომ არასაკმარისი რაოდენობის მეხანძრეები გამოგზავნეს, - ასეთ მასშტაბურ ხანძარს არ ველოდითო. პირველ ხანებში, ალბათ ერთი-ორი დღე ეს კითხვები არსებობდა, თუმცა შემდეგ საქმეში ჩაერთო პროპაგანდა, რომელიც პატრიოტიზმისკენ, საერთო საფრთხის პირისპირ ერთად დგომისკენ მოუწოდებდა მოსახლეობას და ჩვენმა ხალხმაც მაშინვე აიტაცა. კვამლით გაგუდული და შენობის სახურავის ჩამოშლის შედეგად დაღუპული არიან ადამიანები, ის უამრავი შეცდომა, რომელიც შესაბამისმა სამსახურებმა მათი გამოყვანისას დაუშვეს, მეორეხარისხოვანი ხდება.

თვითმხილველი ჰყვება, რომ ორმა მამაკაცმა შეძლო ერთ-ერთი ტერორისტის გათიშვა, რომელიც ავტომატის მჭიდს ცვლიდა და სავარაუდოდ, ისაა ერთ-ერთი დაკავებული ტაჯიკი.

ამ საყოველთაო გლოვის, დასავლეთთან დაპირისპირებისა და ვითომ მათგან ორგანიზებული ტერაქტების ფონზე, ის მუსიკალური ჯგუფი, რომლის კონცერტზეც საშინელი ფაქტი მოხდა, 27 მარტს სანქტ-პეტერბურგში მართავს კონცერტს იმ არგუმენტით, რომ რამდენიმე თვის წინ იყო დაანონსებული და ხალხი ელოდება...

სერგეი ჟირნოვმა, პოლიტოლოგმა, კა-გე-ბეს ყოფილმა ოფიცერმა ტელეგრამ-არხით თავის გამომწერებს საკუთარი მოსაზრება გაუზიარა:

- პუტინი ის ადამიანია, რომელსაც უყვარს გამარჯვება ყველაფრის ფასად, თუმცა, საქმე ის არის, რომ დიქტატორი უკვე ვეღარ უმკლავდება ახალ-ახალ პრობლემებს და მოსახლეობის ყურადღების სხვადასხვა თემაზე გადატანა უწევს. ლოგიკურად, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თითქოს არც სჭირდებოდა ახალი ტერაქტი, მაგრამ ასე არ არის, შიდა პრობლემები პერიოდულად მწვავდება და ამის დასაბალანსებლად ახალი საქმეა საჭირო, რათა ხალხი კიდევ უფრო დარწმუნდეს, რომ პუტინის გარეშე რუსეთი დაიშლება, რადგან ყველა მხრიდან ჩასაფრებული არიან.

მძიმე მდგომარეობაში რომ არის, ამას ისიც მოწმობს, მედიაში მოსკოვის ტერაქტიდან 19 საათის შემდეგ რომ გამოჩნდა, მოკლე ინტერვიუთი შემოიფარგლა და დაბნეული ჩანდა. რა საოცარია, რომ ჩავარდნილ დაზვერვაზე, თითქოს "ძლევამოსილი ეფესბეს" მუშაობაზე არავინ არაფერი ჰკითხა.

olga1-1711905804.jpg

სრული პარანოია რომ აქვს, ამაზე მის გარემოცვაში უკვე უამრავი ადამიანი საუბრობს და შესაძლოა, იმანაც დააბნია, აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურების გაფრთხილებაზე, რომ თავდასხმა მზადდებოდა, რეაქცია არ ჰქონია. უზომოდ ეჭვიანი კაცია და სრულიად შესაძლებელია ეფიქრა, რომ სპეცსამსახურები ამ საქმის პარალელურად, მის მოშორებასაც აპირებდნენ. ფიქრობდა, რა ტექსტით წარმოდგენილიყო მედიის წინაშე. რუსეთი უკვე კარგა ხანია ის ქვეყანაა, სადაც ხელისუფლება, პოლიტიკური ელიტისა და მედიის წინაშე პასუხისმგებლობას არ გრძნობს.

მაშინვე მომზადებული ჰქონდათ არგუმენტი, თითქოს ტერორისტებს უკრაინამ "ფანჯარა" გაუხსნა, რაც ერთგვარი წინა პირობაა, რომ ამის შემდეგ არ მოერიდება უკრაინაში მშვიდობიანი ადამიანების დახოცვას, არც საკუთარი მოსახლეობისა და არც საერთაშორისო საზოგადოების წინაშე თავის მართლება არ მოუწევს...

მიუხედავად იმისა, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" მომხდარი საკუთარ თავზე აიღო, პუტინი მაინც უკრაინის კვალზე საუბრობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი პასუხისმგებლობა უნდა მათ დააკისროს და უფრო გახსნილად იმოქმედოს. თუ ტერაქტის უკან რუსეთის ხელისუფლება დგას, მაშინ უახლოეს კვირებში რუსეთის ფედერაცია დაიწყებს კანონების გამკაცრებას და უსაფრთხოების ძალების უფლებამოსილების გაფართოებას, რათა "დაიცვან ჩვენი ხალხი". შეშინებული ადამიანები კი, როგორც წესი, არც კი შეეწინააღმდეგებიან (ბესლანის შემდეგ ერთხელაც არ გაუპროტესტებიათ) ხელისუფლების გადაწყვეტილებას. შესაბამისად, გაფართოებული უფლებამოსილების მქონე უშიშროების ძალებს გაუადვილდებათ ხალხის, ადგილობრივი მამაკაცების დიდი ნაწილის ჯარში გაწვევა. ასე რომ, თუ აქამდე რეკრუტირება ცოტა გართულებული იყო, ახლა გაადვილდება. საერთოდ, ისეთ ქვეყანაში, სადაც ძალოვანი უწყებების უფლებამოსილება ფაქტობრივად განუსაზღვრელია, სიტუაციის კონტროლი ბევრად იოლია, ვიდრე იქ, სადაც ადამიანის უფლებები არსებობს. პუტინს კი ამ პირობებში კიდევ მარტივად მართვადი სიტუაცია სჭირდება და შესაბამის პირობებსაც იქმნის.

ლალი პაპასკირი