როგორ გაიტაცა ექიმი თოჯინების ქსოვამ - გზაპრესი

როგორ გაიტაცა ექიმი თოჯინების ქსოვამ

თოჯინების მიმართ სიყვარული ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ კიდევ უფრო გამძაფრდა, როცა ბავშვობაში, ჩეხი მწერლისა და პოეტის ჰელენა შმახელოვას ნაწარმოები - "როდის მოვა დორა" წაიკითხა. დღეს ეკოლოგიურად სუფთა, ხელით ნაქსოვ თოჯინებს ნინო აბესაძე თავად ქმნის და მათ შესახებ გვიყვება.

- ექიმი-თერაპევტი ვარ, გასტროენტეროლოგი. ჩემი პროფესიით ვმუშაობდი, მაგრამ შემდეგ სამსახურს თავი დავანებე. კორონავირუსის პანდემია რომ დაიწყო, ინტერნეტში სათამაშოების ფოტოები ვნახე და კარანტინის პერიოდში გადავწყვიტე, თოჯინები მეც მომექსოვა. ორი ჩხირით ქსოვა ვიცოდი, მაგრამ მანამდე ყაისნაღით არასდროს მიცდია. ვიდეოგაკვეთილების მეშვეობით შევეცადე, ეს ტექნიკა ამეთვისებინა, ამიტომ გამოდის, თვითნასწავლი ვარ. ახალბედა ვიყავი და რასაკვირველია, თავიდან გაკეთებული პირველი თოჯინები დახვეწილი არ გამოდიოდა, მაგრამ გარშემო ვისაც ვჩუქნიდი, ყველა ბავშვს უხაროდა. თავდაპირველად ბაჭიებს ვქსოვდი, მერე უკვე სხვა ფიგურებიც დავიწყე. თან მინდოდა განსხვავებული პროდუქცია ყოფილიყო და ამისთვის საკუთარი სქემების შექმნა დავიწყე. ბევრი მეკითხება, ჩემი ხელით შექმნილ სქემებსაც ხომ არ ვყიდი, მაგრამ ახლა ამაზე არ ვფიქრობ, რადგან მინდა გამორჩეული, ჩემი ხაზი მქონდეს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ დედა კარგად კერავს, ხოლო მამა არქიტექტორი და მხატვარი მყავდა, კარგად ჭრიდა ხეზეც. ალბათ გენებმა შეუწყო ხელი ჩემში თოჯინების ქსოვის ნიჭის გამოვლენას. რაც შეეხება ჩემს დას, ის თოჯინების დიზაინზე ზრუნავს, ანუ ფერებისა და ტანსაცმლის შერჩევაზე. ჩემი და პროფესიით ექიმი-პედიატრია, მაგრამ ხატავს და ამიტომ კარგად ერკვევა ამ საკითხში. ესკიზებს ასევე მაწვდის მამის კოლეგის, არქიტექტორ გრიგოლ ცანავას შვილი, დიაკონი ალექსანდრე ცანავა, რომელიც ასევე ფერმწერი და ჩვენი ოჯახის მეგობარი გახლავთ. ის ძირითადად ქართულ ფოლკლორულ ფიგურებს ხატავს, რომლის მიხედვითაც მერე მე თოჯინას ვქსოვ. ჩემი სულიერი მოძღვარი, დეკანოზი ლევან ჟღენტი დიდი სიყვარულით ლოცავს ამ საქმეს და ამიტომაც, ჩვენს სახელოსნოში მუდამ სიხარული და ბედნიერებაა.

4-1711906025.jpg

- რომელი ფიგურები სარგებლობს ყველაზე დიდი პოპულარობით და აქვე გკითხავთ, სამომავლოდ თქვენს პროფესიაში დაბრუნებას აღარ გეგმავთ?

- ყველაზე დიდი მოთხოვნაა თოჯინა ბაჭიებზე, რომლებიც დიდი რაოდენობით მაქვს მოქსოვილი. გრძელყურა ბაჭიები ბავშვების ფავორიტია და მშობლებსაც ძალიან მოსწონთ. მეორე ადგილას ჟირაფი ჟოზეს ფიგურაა, პატარებს ეს პერსონაჟიც უყვართ. ზოგჯერ უფროსები ისეთი ზღაპრების გმირების ფოტოებს მიგზავნიან და მათ შექმნას მთხოვენ, რომლის მოქსოვაზეც უარს ვამბობ. რასაკვირველია, კეთილი და დადებითი გმირების თოჯინებზე უარს არავის ვეუბნები, მაგრამ არის შემთხვევები, როცა აზიური მულტფილმებიდანაც სურთ სხვადასხვა პერსონაჟის მსგავსი ფიგურა გავაკეთო. ზოგიერთი ანიმეს პერსონაჟს იმდენად ბოროტი სახე აქვს, ჩასისხლიანებული თვალები, აქაჩული წარბები და აგრესიული გამომეტყველება, რომ ამის გამო ბევრისთვის უარი მითქვამს. როგორც გითხარით, პროფესიით ექიმი ვარ და ასეც რომ არ იყოს, ყველამ უნდა ვიცოდეთ, თუ რა უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე მსგავსი ტიპის მულტფილმები და ამგვარ სათამაშოსთან ურთიერთობაც. როცა მშობლებს უარს ვეუბნები, უკვირთ, მიზეზს ვერ ხვდებიან. არადა ვფიქრობ, ყველას მოვალეობაა თვალი ადევნოს, თუ რას უყურებს მისი შვილი და რის მიმართ იჩენს ინტერესს. სამწუხაროდ, ეს ძალიან ცუდი ფაქტი და ტენდენციაა.

1-1711906014.jpg

რაც შეეხება ჩემს პირველად პროფესიას, როგორც გითხარით, თოჯინების შექმნა 2000 წელს დავიწყე. ამ ეტაპზეც დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ამ საქმეს და თანდათან როლში შევდივარ (იღიმის). ჯერჯერობით ჩემი პროფესიისადმი მონატრებას ვერ ვგრძნობ. სამომავლოდ მინდა თოჯინებს მიმართულებით მეტი სქემა შევიმუშაო და ამ საკითხთან დაკავშირებული გეგმები განვახორციელო.

ანა კალანდაძე