რაში გვეხმარება ასტროლოგია? - გზაპრესი

რაში გვეხმარება ასტროლოგია?

რატომ უნდა შევადგინოთ ჩვენი შვილის ასტროლოგიური რუკა? დაგვეხმარება თუ არა ასტროლოგიური მონაცემების ცოდნა პირადი სირთულეების დაძლევასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში? ან თუ იცვლება ადამიანის ბედი ემიგრაციაში წასვლის შემდეგ? - ამ და კიდევ ბევრ საინტერესო საკითხზე ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გვესაუბრება.

- ასტროლოგიისადმი ინტერესი გამიჩნდა ბავშვობის ასაკიდან. დედასაც აინტერესებდა და სახლში გვქონდა ასტროლოგიური წიგნები, სახელმძღვანელოები. ვკითხულობდი, ადამიანებს ვაკვირდებოდი და ვხვდებოდი, ვერძი ასეთია, კურო ისეთი... ზოდიაქოს ნიშნები არის მარტივი ტიპოლოგია და ბოლოს იქამდე მივედი, რომ ერთ-ერთ მასწავლებელს იმდენ ხანს ვუკირკიტე და იმდენი საერთო აღმოვაჩინე მასსა და დედაჩემს შორის, რომ ზუსტად გამოვიცანი მისი ზოდიაქოს ნიშანი. აღმოჩნდა, რომ ის და დედაჩემი ერთსა და იმავე დღეს იყვნენ დაბადებულები. ასტროლოგია, თავიდან, რა თქმა უნდა, სამოყვარულო დონეზე მიზიდავდა, მაგრამ როცა ჩვენს ცხოვრებაში კომპიუტერები გაჩნდა, განვვითარდი სიღრმისეულად და გარდა თანამედროვე ასტროლოგიისა, ბოლო რამდენიმე წელია ძველ ასტროლოგიასაც ვეზიარე. დღესდღეობით კი ჩემი ფავორიტი თემებია: სამედიცინო და ბიზნესასტროლოგია.

- რა გასწავლა ასტროლოგიამ?

- ზოგიერთი ასტროლოგიას უყურებს როგორც მკითხაობას, ნათელმხილველობას, ზოგს მიაჩნია, რომ პლანეტები განაგებენ ადამიანის ცხოვრებას. გასაგებად რომ გითხრათ, ასტროლოგია არის ასტრონომიის დეფინიცია. რეალურად, პლანეტების მდგომარეობით შესაძლებელია გარკვეული მოვლენების "წაკითხვა" და ასტროლოგები სწორედ ვარსკვლავებით ინფორმაციის წაკითხვის ამ ენას ვფლობთ. ამასთან, გვაძლევს ნებისმიერი ადამიანის "წაკითხვის" უნარს. ასტროლოგიამ ამიხსნა სამყაროს კანონზომიერება, ძველმა ასტროლოგიამ კიდევ უფრო ამიხილა თვალი.

- იმ ადამიანების გასაგებად მინდა გკითხო, რომლებიც ამბობენ, რომ წაკითხული ზოდიაქოს დახასიათება საერთოდ არ ემთხვევა ამა თუ იმ პიროვნებას...

- ეს ტიპოლოგიაა, კაცობრიობა რომ დავყოთ თორმეტ ნაწილად, ზოდიაქოს ნიშნებით, ეს რაღაც ზოგად ინფორმაციას მოგვცემს, მაგრამ თითოეული ადამიანი უნიკალურია. თითოეულს აქვს სამშვინველი, რომელიც არის ის კოდი, რაც უზენაესისგან მოგვენიჭა. კონკრეტული პიროვნება შეიძლება იყოს არატიპური ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი, ანუ გონების მმართველი პლანეტა ერთ ნიშანში ჰყავდეს, ემოციურის და ფასეულობების მმართველი - სხვაგან, ამ პლანეტებს შეიძლება ერთმანეთთან დაძაბული კავშირიც ჰქონდეთ და მეგობრულიც - ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ადამიანზე, მის ხასიათზე. ამიტომაც არ შეესაბამება ზოდიაქოს ზოგადი დახასიათება კონკრეტულ პიროვნებას.

- თუ ადამიანს შედგენილი აქვს ასტროლოგიური რუკა და იცის, რომ საფრთხე ელოდება, შეუძლია თუ არა, თავიდან აიცილოს იგი?

- რაღაც დოზით კი. მაგალითად, თუ ვეუბნებით, რომ კონკრეტული დღე ან გარკვეული მომენტი რთულია და უმჯობესია არ შევიდეს კონფლიქტში, ამით თავის რუტინას, ცხოვრებას გაიუმჯობესებს. ასევეა კარგი პერიოდის შემთხვევაში, რომელსაც სწორად გამოყენება უნდა. ასტროლოგიაა ზუსტად ის ინსტრუმენტი, რომელიც გარდა იმისა, რომ გვეხმარება შევიცნოთ საკუთარი თავი გვირჩევს, რა პერიოდში შეგვიძლია მონიჭებული პოტენციის სწორად გამოყენება. თუმცა, ძველი ასტროლოგია გვეუბნება, რომ არის ფატუმი, საბედისწერო მომენტები, რომელიც არ შეიცვლება.

- დღეს თითქმის ყველას აქვს შედგენილი პირადი რუკა, ასტროლოგის მიერ ან ონლაინპროგრამაში, ზოგადად რაში სჭირდება ადამიანს თავისი ასტროლოგიური მონაცემების ცოდნა?

- პირველ რიგში, პირადი რუკა სჭირდება საკუთარი თავის შესაცნობად. როგორც პრეპარატებს, ნივთებს ან ხელსაწყოებს მოჰყვება ანოტაცია, ისე ადამიანს აქვს ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც ჩვენი პოტენციალი შეგვიძლია შევითვისოთ და გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტურად. ასტროლოგიურ კონსულტაციაზე ხშირად მყოლია ასაკოვანი ადამიანებიც, რომლებმაც თითქოს ამოწურეს თავიანთი შესაძლებლობები, მაგრამ კონსულტაციის შემდეგ სრულიად სხვა მიმართულება აირჩიეს და იქ მიაღწიეს წარმატებას... ან თუნდაც იმისთვის გვჭირდება, რომ სირთულეებს ავარიდოთ თავი. ასტროლოგია არის ერთადერთი სწავლება, რომელსაც შეუძლია "გითხრას", საიდან გექნება შემოსავალი. ადამიანს პროფესია შეიძლება ჰქონდეს ერთი, მაგრამ შემოსავლის წყარო - ათი და ასტროლოგია გიხსნის ამ ათიდან კონკრეტულად საშენო რომელია. ეს არ შეუძლია არც ერთ სხვა ფსიქოლოგიურ ან ეზოტერიკულ მიმართულებას.

- როცა ადამიანი გადაწყვეტს დაქორწინებას, უნდა იცოდეს თუ არა პარტნიორის ასტროლოგიური რუკის მონაცემები?

- პირადად მე ურთიერთობების დროს არასდროს გამომიყენებია, თუმცა, ეს საუკეთესო საშუალებაა, რომ ორმა ადამიანმა გაიუმჯობესოს თავისი პირადი, სასიყვარულო ცხოვრება. თუმცა, აქ არის ერთი მაგრამ... სინასტრია (პარტნიორული რუკების გამოთვლას სინასტრია ჰქვია) არის იმის მეათედი, რასაც რეალურად მოიცავს შეთავსება. მნიშვნელოვანია, თუ გადაიკვეთებით, რამდენი ხნით, რა ბარიერები გელოდებათ, რა იქნება ხელშემწყობი მომენტები. სინასტრია არის ორი ადამიანის ე.წ. სტატიკური მდგომარეობის შესწავლა. თუმცა, რატომაც არა, პარტნიორის რუკის ცოდნა გაგიმარტივებთ ცხოვრებას, მაგრამ მომავლის გამოსათვლელად მათემატიკური გამოთვლები დაგჭირდებათ.

- სასურველია, რომ მშობელს ჰქონდეს შვილის ასტროლოგიური რუკა შედგენილი?

- აუცილებლად. აღვნიშნე კიდეც, რომ ჩემი ინტერესის ერთ-ერთი ძირითადი სფერო სამედიცინო ასტროლოგიაა და თუ ამ კუთხით რაღაც პრობლემები ფიქსირდება, აუცილებელია, მშობელმა წინასწარ იცოდეს. თუნდაც ტემპერამენტს რომ შევეხოთ; ჰიპერაქტიურია ბავშვი და მისგან ელოდებიან, რომ სხარტი გონება ჰქონდეს, ამ დროს კი შეიძლება მისი გონების მმართველი პლანეტა ცოტა შენელებული იყოს, ბავშვი ნელა სწავლობდეს. ამ ყველაფრის ცოდნა მშობელს დაეხმარება, უკეთ წარმართოს შვილის მომავალი. "ჩვენ ვმართავთ" ცოტა არასწორი სიტყვაა, მშობელმა უნდა მისცეს ბავშვს მიმართულება, ის ინსტრუმენტები, რაც დაეხმარება, რომ ცხოვრებაში იყოს ბედნიერი.

- რამდენჯერმე ახსენე სამედიცინო ასტროლოგია და შეუძლია თუ არა ადამიანს თავი დაიცვას ავადობისგან?

- კი, არის კონკრეტული პერიოდები, როცა ადამიანი უნდა გაფრთხილდეს. ნათალურ რუკაშიც ჩანს ჯანმრთელობის მდგომარეობა, პრობლემები. მაგრამ თუ გამოვლენილი არაა, უბრალოდ, უნდა მივუთითოთ, რომ მიაქციოს ყურადღება. თუმცა, თუ უკვე გამოვლენილია დაავადება, იმის მართვაშიც გვეხმარება ასტროლოგია.

- ბოლო დროს ბევრი ადამიანი მიდის ემიგრაციაში. თუ იცვლება ადამიანის ბედი, როცა ის საცხოვრებელს იცვლის?

- კი. ემიგრანტების თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და გადაწყვეტილი მაქვს, ახლო მომავალში მათ დავეხმარო. ასტროლოგიაში არის იზოლაციის სახლი, სფერო და ამ სფეროშიც იკითხება ადამიანის ემიგრაცია, ანუ რა გამოდის, რომ ადამიანი ემიგრაციაში ყოფნის დროს იზოლაციაში იმყოფება, მარტოა, მოკვეთილად გრძნობს თავს. და პირველი, რაც უნდა ვურჩიოთ ემიგრანტს, იზოლაციური მდგომარეობიდან ფსიქოლოგიურად უნდა გამოვიდეს და პირველ რიგში, დაიწყოს საკუთარ თავზე ზრუნვა. შვილებზე, მეუღლეზე, ახლობლებზე მზრუნველს საკუთარი თავი ავიწყდებათ. ამასთან, ასტროლოგიური რუკის მიხედვით ემიგრაციისთვის წინასწარ კარგია კონკრეტული ქვეყნის შერჩევა, სადაც ადამიანი სრულად შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას.

- ბევრისგან მესმის, რომ ატარებს თავისი ზოდიაქოს ნიშნის სიმბოლოს, თილისმას, მინერალს. რამდენად სწორად შეიძლება ადამიანმა შეარჩიოს თილისმა?

- სამოყვარულო დონეზე შეუძლია აირჩიოს. მეც ხშირად ვწერ სიმბოლოების შესახებ. ახლა მზე ვერძის ზოდიაქოშია და სასურველია, ადამიანმა ატაროს ოქროს ან ოქროსფერი სამკაული. მაგრამ თუ ადამიანი ლომია, შეიძლება ასტროლოგიურად ისეთი მონაცემები ჰქონდეს, რომ ლომის თილისმამ, ზედმეტმა ენერგიამ "გადაწვას" და მისთვის სასურველი იყოს დამამშვიდებელი, წყლის სიმბოლოს ტარება. ამიტომ, როცა საუბარია მინერალურ ქვებზე, კონკრეტულ თემის - ფინანსურზე, სასიყვარულო, კარიერული - გასააქტიურებლად, ჯობია ასტროლოგმა გამოუთვალოს.

qeti2-1711906184.jpg

- დაბოლოს, არ შემიძლია არ გკითხო აქტუალურ ასტროლოგიურ მოვლენებზე, რასაც ექნება ჩვენზე გავლენა: რა გველოდება უახლოეს მომავალში?

- ახლა ვიმყოფებით დაბნელებების დერეფანში, რომელიც 8 აპრილს ვერძის ზოდიაქოში მზის დაბნელებით დაიხურება, მაგრამ გარკვეული პერიოდი კიდევ ექნება გავლენა და ძირითადად შეეხება პირად პარტნიორულ ურთიერთობებს. ზოგზე მეტად, ზოგზე ნაკლებად, გააჩნია პირად ასტროლოგიურ მონაცემებს. დაბნელებების დერეფანში არ არის მიზანშეწონილი ახალი წამოწყებები, სამედიცინო პროცედურების ჩატარება. ამასთან, პირველი აპრილიდან უკუღმართი მერკურის (იღიმის) პერიოდი იწყება (გონების მმართველი პლანეტა მერკური რეტროგრადული ხდება პირველიდან 25 აპრილამდე). მერკური ძალიან ანცი ფსიქოტიპის პერსონაჟია. გაიხსენეთ მითოლოგიაში ჰერმესი, ლოკი. თუ უნდა რამე გააფუჭოს ან ვიღაცები შეარიგოს, მასზე კარგად ამას ვერავინ გააკეთებს. და ზუსტად ასე შეიძლება მოხდეს: ქვეყნებს შორის შეიძლება შოკის მომგვრელი მორიგებები გაფორმდეს. ასევე პირიქითაც შეიძლება მოხდეს და ორმა ერთგულმა მეგობარმა იჩხუბოს, დაშორდეს. საქმიან და სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობებშიც მოსალოდნელია ცვლილებები. მოკლედ, ვიხალისებთ...

რუსუდან გელაშვილი