ქართველი, რომელმაც დააპროექტა ბრიჟიტ ბარდოს სახლი, ბრიუსელში შუშის სასახლე ააგო... - გზაპრესი

ქართველი, რომელმაც დააპროექტა ბრიჟიტ ბარდოს სახლი, ბრიუსელში შუშის სასახლე ააგო...

ოთარ ჯაყელმა ბრიუსელის კოლეჯი დაამთავრა, მოგვიანებით არქიტექტურისა და გამოყენებითი ხელოვნების უმაღლესი ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი. იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; მსახურობდა საფრანგეთის "უცხოურ ლეგიონში" მოხალისედ; ომის შემდეგ მუშაობდა ჟორჟ ლამრისა და მარიო კნოუგრის საპროექტო ბიუროებში; 1948 წლიდან ხელმძღვანელობდა საკუთარ არქიტექტურულ ბიუროს; გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისიდან სათავეში ედგა საკუთარ არქიტექტურულ-სამშენებლო ბიუროს აფრიკაში... იყო პარიზის მთავარი არქიტექტორის მოადგილე; გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში პარიზის მთავარი არქიტექტორი; 1967 წლიდან, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში", არქიტექტორ შალვა დავითაშვილის სახელოსნოში, პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე; საფრანგეთში, ბელგიასა და კონგოში (ახლანდელი ზაირის რესპუბლიკა) დააპროექტა და ააშენა: საცხოვრებელი სახლები და კომპლექსები, ისტორიისა და მხარეთმცოდნეობის ეროვნული მუზეუმი (პარიზში), ორლის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი (ალანსონში), ლიცეუმები და სასწავლო ცენტრები (სენტ-ილერში, აგრანსა და პარიზში), აეროდრომი, სკოლები, საავადმყოფოები (ბელგიურ კონგოში), იქვე გახსნა აგურის წარმოება, სადურგლო სახელოსნო, დაასაქმა ადგილობრივი მოსახლეობა (ასწავლიდა წერა-კითხვას, ანგარიშს, სამუშაოს წარმოებას)... საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხელმძღვანელობდა დასასვენებელი და სამკურნალო კომპლექსების (ბიჭვინთასა და გაგრაში), გუდაურის ცნობილი სასტუმრო "მარკო პოლოს", ბაკურიანის გენგეგმის, ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის, საცხოვრებელი სახლების (თბილისში, ბორჯომსა და საქართველოს ბევრ სხვა ქალაქში) დაპროექტებასა და მშენებლობას.

ოთარ ჯაყელი საქართველოში გარდაიცვალა.. მისი შვილები არიან: გივი, თამარი, ალექსი... ლეგენდარულ მამაზე ალექსი და გივი ჯაყელები გვესაუბრნენ..

29-copy-1711907684-1712042949.jpg

ალექსი ჯაყელი:

- მამა მუშაობდა ბელგიაში, საფრანგეთში, აფრიკაში, საქართველოში... ძალიან ბევრი შენობის, ექსპერიმენტალური პროექტის ავტორია. მისი აზროვნება ყოველთვის თანამედროვე იყო, საუკუნეებს უსწრებდა...

80-იან წლებში შეეცადა საქართველოში მიწის არქიტექტურა შემოეტანა... აყალო მიწისგან იქმნება სამშენებლო ბლოკი და არმატურის ნაცვლად ლერწამი გამოიყენება. მიწის არქიტექტურა საფრანგეთში ძალიან განვითარებულია... საქართველოში ალიზის სახლებს რომ ეძახიან, ეს მიწის არქიტექტურაა, მაგრამ ცხადია, ახლა ბევრად განვითარებული მეთოდებით იქმნება. დღეს ევროპაში ასეთი მეთოდით აშენებული ცხრასართულიანი სახლებიც არსებობს... სამწუხაროდ ვერ მოახერხა მიწის არქიტექტურა საქართველოში დაემკვიდრებინა. საერთოდ, იმ პერიოდის საქართველოში სიახლეები არ უყვარდათ და ახლაც ასეა...

- მის მიერ ევროპაში აშენებული შენობების შესახებ რომ გვითხრათ...

- პარიზის ტექნიკური ბიბლიოთეკა, რომელიც როდენის მუზეუმის გვერდით მდებარეობს, პარიზის ძველი სტილის შენობებს შორის თანამედროვე ნაგებობაა, რომელიც ამ გარემოში ფანტასტიკურად ზის... ბელგიაში, ბრიუსელის გარეუბანში ორსართულიანი შუშის სახლი ააგო მანამ, ვიდრე აფრიკაში წავიდოდა... იმ პერიოდში შუშის სახლი სიახლე იყო. ეს შენობა 16 წლის ასაკში ვნახე და მართლაც, ძალზე შთამბეჭდავი გახლდათ...

2-tamr-copy-1711907697-1712042988.jpg

- როგორი იყო ოთარ ჯაყელის ბავშვობა, რას იხსენებდა?

- ქალაქ გორში დაიბადა და სხვათა შორის, იმ დღეს მიწისძვრა მოხდა... 9 წლის იყო, როდესაც დედამისმა - ნინამ კონდრაბანდისტებთან ერთად ფეხით თურქეთში გადაიყვანა. ასე ვთქვათ გააპარა, რადგან ბაბუა ემიგრაციაში წავიდა, მას სტალინი ემტერებოდა... ცხრა წლიდან მამა ევროპაში, ბრიუსელსა და საფრანგეთში ცხოვრობდა. მშობლები ნაადრევად გარდაეცვალა, 17 წლისას არც ერთი აღარ ჰყავდა. ყველაფერს თავისით მიაღწია.

- აფრიკაში როგორ აღმოჩნდა?

- კონგო ბელგიის კოლონია იყო და იქ ბელგიიდან გაგზავნეს. ჰოსპიტლები, სასტუმროები - ბევრი რამ ააშენა. იქაური ფერადკანიანები თურმე მამას ეუბნებოდნენ, - შენ ისეთი თეთრი არ ხარ, როგორიც სხვები არიან, სხვანაირად თბილი ხარო...

- 70-იან წლებში საბჭოთა კავშირში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო...

- დიახ და ვფიქრობ, ეს გმირული გადაწყვეტილება იყო. დღემდე მადლობას ვუხდი, რადგან სხვა შემთხვევაში ქართველობას დავკარგავდი... დღეს ჩემი შვილიშვილები ხშირად მოდიან თბილისში, ქართველი დედა ჰყავთ და ქართულ წერა-კითხვას სწავლობენ. საფრანგეთში იცხოვრებენ, მაგრამ შინაგანად ქართული სული ექნებათ... იმ პერიოდში, როდესაც საბჭოთა კავშირი არსებობდა, საშიშროება იყო გავფრანგებულიყავით. ამიტომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება და საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა...

საქართველოში იყო კაფე "ჩხირები", რომელიც მისი დაპროექტებული გახლდათ... შრომის სასახლე, ახლანდელი თბილისის მერია მისი აშენებულია... მამაჩემს მეც თან ვახლდი ბიჭვინთასთან, გაზეთ "პრავდის" დასასვენებელი პანსიონატი რომ ააგო... მაშინ ედუარდ შევარდნაძე იყო ჩამოსული, რომელსაც სურდა შენობა იქ აშენებულიყო, სადაც ბზის ტყე იყო. მამაჩემმა უარი უთხრა, - ბზის ტყეში ამ შენობის აგება არ შეიძლება, არ უნდა გაიჩეხოსო და ალტერნატიული ადგილი შესთავაზა... დედაჩემი - ეთერ რუხაძე-ჯაყელი

მამას საყვედურობდა, მაგათ რამეს რატომ უშენებო? მამამ უპასუხა: შენ ნუ ნერვიულობ, შემდეგ ეს ყველაფერი ჩვენ, ხალხს დაგვრჩებაო...

kukuriotari-da-nina-1711907708.jpg

- როგორც ვიცი, ოთარ ჯაყელს ძმები ჰყავდა, რომლებიც ბიზნესში წარმატებულები იყვნენ..

- დიახ, ორი ძმა ჰყავდა... გიორგი ჯაყელი ესპანეთში ცხოვრობდა და ხან წარმატებული იყო ბიზნესში, ხანაც გაკოტრებული. მიშა ჯაყელი სერიოზული ბიზნესმენი გახლდათ, კოსმეტიკის საკუთარი ბრენდი ჰქონდა, რომელიც ჩილეში დღემდე არსებობს. სამწუხაროდ, საქართველოში ვერაფერი გააკეთეს, საბჭოთა რეჟიმის პირობებში აქ ბიზნესს ვერ ააწყობდნენ. ბაბუა - ალექსანდრე ჯაყელი ძალიან დიდი ქველმოქმედი იყო. როცა ემიგრაციაში წავიდა, ბევრ ქართველს ეხმარებოდა.

- მამას სურდა საქართველოში დარჩენილიყავით?

- მამას არ უნდოდა, საფრანგეთში რომ წავსულიყავი. სხვათა შორის, ეს არც მე მინდოდა. გავუძელი 90-იან წლებს, მაგრამ მერე მივხვდი, საქართველოში თუ დავრჩებოდი ან ციხეში აღმოვჩნდებოდი, ან სიღარიბეში მოვკვდებოდი. ამიტომაც 1998 წელს დავტოვე საქართველო... მამა საფრანგეთში დაახლოებით ცხრა თვე მკურნალობდა, მძიმე სენს ებრძოდა. საფრანგეთიდან საქართველოში რომ დაბრუნდა და დავემშვიდობე, ათ დღეში გარდაიცვალა.

- ვიცი, რომ საქართველოდან ძალიან ბევრი ქართველი მიიწვიეთ საფრანგეთში. თავად რამდენად ხშირად ახერხებთ აქ ჩამოსვლას?

- ყოველთვის ჩამოვდივარ, თუ სპექტაკლის დადგმას შემომთავაზებენ... თეატრის რეჟისორი ვარ, დაახლოებით ორასი სპექტაკლი მაქვს დადგმული. 2010 წლიდან დღემდე საფრანგეთში ორმოცდაათზე მეტი ქართველი არტისტი ჩამოვიყვანე... სპექტაკლებში ვათამაშე, ერთობლივი პროექტები შევქმენი... წლების წინ რუსთაველის თეატრიდან რობიკო სტურუა დამიკავშირდა, სპექტაკლი უნდა დამედგა, მაგრამ დაფინანსება არ იყო... ეტყობა საქართველოში ვინმემ რომ გაგიცნოს, საკუთარი თავის რეკლამას უნდა ეწეოდე... საფრანგეთში რომ ქართველი არტისტები ჩამოვიყვანე, ამაზე ქართულ პრესაში არაფერი გაჟღერებულა, როცა ფრანგულ პრესაში დაახლოებით 50 სტატია დაიბეჭდა...

გივი ჯაყელი:

- ქალაქის მერმა საპროექტო ატელიეს ხელმძღვანელად მამა დანიშნა; ძალიან პრესტიჟული ატელიე იყო, რომელსაც იმ დროში ევროპაში ცნობილი ადამიანები სტუმრობდნენ და ბრიჟიტ ბარდომაც ამიტომ გადაწყვიტა, თავისი სახლის ინტერიერი ამ ატელიესთვის დაეკვეთა... მამა ამ საკითხზე ყურადღებას დიდად არ ამახვილებდა, იუმორით მხოლოდ იმას იხსენებდა, - ატელიეში ბევრი ახალგაზრდა მუშაობდა, მაგრამ ბრიჟიტ ბარდოს სახლის გასაზომად თავად წავედიო...

- ამბობენ, რომ ოთარ ჯაყელი იმდენად ნოვატორი იყო, დროს საუკუნით უსწრებდაო... მას საქართველოში მიწის არქიტექტურის შემოტანა სურდა, რაზეც ახლა თქვენ ზრუნავთ...

- დიახ, ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია. მამამ გარდაცვალების წინაც მითხრა, ყურადღება მიაქციე, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხიაო... მეც არქიტექტორი ვარ, ჩემი სამშენებლო კომპანია მქონდა, მაგრამ რვა წლის წინ დავხურე და მთლიანად მიწის არქიტექტურის საკითხში ჩავერთე...

მიწის არქიტექტურის მშენებლობა ტრანსდისციპლინურია, რადგან მეცნიერებისთვის სხვადასხვა დარგს აერთიანებს, როგორიცაა: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ლიტერატურა, ფილოსოფია, ანთროპოლოგია და ასე შემდეგ... ვცდილობ, საქართველოში მიწის არქიტექტურის ტრადიციის შესახებ ინტენსიურად გავავრცელო ინფორმაცია, მაგრამ იოლი არ არის... ალვანში ავაშენეთ კედელი ამ მეთოდით. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ახალგაზრდების ჩართულობით უკვე აშენდა მიწის სახლები, ზოგის მშენებლობა კი ახლა მიმდინარეობს...

მანანა გაბრიჭიძე