როგორ მოვუაროთ ფრჩხილებს - გზაპრესი

როგორ მოვუაროთ ფრჩხილებს

"ხშირად გაიღიმე, ხშირად თქვი იმედიანი და მზიანი სიტყვები, ხშირად გადაუხადე მადლობა სამყაროს ყველა ლამაზი წვრილმანისათვის, ხშირად იამაყე საკუთარი თავით, შენ მიერ გამოვლილი რთული გზებითა და შენი გამარჯვებებით... ისწავლე კონცენტრირდე კარგზე და ცხოვრებაც უფრო ფერადი და ლამაზი გახდება", - ილონა არდაშელოვნა-გოგოხია პოსტადაც ხშირად უდევს გამამხნევებელი, მოტივაციური ბლიც-წერილები და თუ ვირტუალური სამყაროს მიღმაც გაიცნობ, აუცილებლად გაგიჩენს მასთან მეორედ შეხვედრის სურვილს. ილონა მანიკიურის სპეციალისტია. ბევრისგან მსმენია, რომ მას ე.წ. კლიენტები ხშირად გაკვირვებული დაუტოვებია მოულოდნელი სიურპრიზებით, მეც სიკეთის მასტერკლასი პირველივე შეხვედრისთანავე ჩამიტარა. ასეთია ილონა, რომელსაც მის საქმიანობაზე ვესაუბრე და ფრჩხილების მოვლისთვის რჩევებიც მივიღე, რომელსაც თქვენც გაგიზიარებთ...

- ორი აზრი არ არსებობს, ყველა ქალი თავისებურად ლამაზია, მაგრამ მოვლა მაინც ყველას სჭირდება. თმა, ფრჩხილები ყოველთვის წესრიგში უნდა გვქონდეს. თუ დამოუკიდებლად შეგვიძლია ამის გაკეთება, ხომ კარგი, თუ არადა, სპეციალისტები დაგვეხმარებიან. სასურველი იქნება, თუ მომხმარებელი მანიკიურ-პედიკიურის სპეციალისტთან საკუთარი ინსტრუმენტებით ივლის. მიუხედავად იმისა, რომ მე 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ ჩემს ინსტრუმენტებსა და სტერილიზაციაში, მაინც უფრო დაცულად ვგრძნობ თავს, როცა ადამიანს მისივე ნივთებით ვემსახურები.

- ჩვენში ეს კულტურა დამკვიდრდა?

- კი, უკვე ბევრი საკუთარი ინსტრუმენტით მოდის.

- მაგრამ ბევრ სპეციალისტს არ მოსწონს სხვისი ინსტრუმენტებით მუშაობა...

- კი, რადგან ზოგიერთი ისეა მიჩვეული თავის ინსტრუმენტს, რომ კლიენტის მოტანილით მუშაობა უჭირს, მაგრამ მეორე მხრივ, კლიენტის სურვილებს უნდა მოვერგოთ, ეს ჩვენთვისაც ერთგვარი თავდაცვაა, რაც უნდა გავაცნობიეროთ.

- ამბობენ, რომ დღესდღეობით ასე პოპულარული შილაკი ფრჩხილებს ძალიან აზიანებს... როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ფრჩხილი მაქსიმალურად წესრიგში გვქონდეს და თან, ნაკლები ზიანი მიადგეს?

- იცით, ჩვეულებრივი ლაქიც კი საზიანოა ფრჩხილისთვის, რადგან ის ხელოვნური საფრით იფარება. ყველაფერს თავისი წესი აქვს და ეს წესები უნდა დავიცვათ. ხანდახან სასურველია ფრჩხილების "დასვენებაც" ყოველგვარი ხელოვნური ჩარევისგან. თუმცა, ქალების უმეტესობა ამას ვერ ვაკეთებთ, იმდენად ვეჩვევით თუნდაც შილაკს. მეხუთე წელია ამ სფეროში ვარ და ერთი დღეც არ დაუსვენია ჩემს ფრჩხილს, იმდენად დამოკიდებული გავხდი შილაკზე. თუმცა, ყოველთვის ვიცავ წესებს: ეს იქნება გამაგრება, დაგრძელება, გელლაქის წასმა თუ შილაკი, აუცილებლად დროულად უნდა ვიზრუნო მის მოშორებაზე. არის მომხმარებლების კატეგორია, რომლებიც თვეში ერთხელ მოდიან, რადგან ფრჩხილი დიდხანს უძლებთ. მათ სულ ვეუბნები: ნუ იჩერებთ ამდენ ხანს-მეთქი. კორექცია ორ კვირაში უნდა გაკეთდეს, თორემ შესაძლებელია ამ ხელოვნური საფრის ქვეშ ფრჩხილი დაზიანდეს: ამ ორი კვირის მანძილზე ფრჩხილი ხომ იზრდება? დასაწყისში თავისუფალი კიდე ჩნდება, რომელიც ზოგჯერ ხელოვნური საფრის სიმძიმეს ვეღარ უძლებს და შესაძლოა გადატყდეს... ასევე, ზოგი ცდილობს თვითონ მოიძროს შილაკი, რაც დაუშვებელია. ასეთ დროს ხშირად აზიანებენ ბუნებრივ საფარს... ჩემი რჩევაა, ნებისმიერი ლაქის მოშორების შემდეგ დროებით დაასვენოთ ფრჩხილი და ასეთ დროს შეგვიძლია ზღვის მარილის აბაზანები დავახმაროთ; იოდის წასმაც კარგია, მაგრამ ეს ყველას არ სჭირდება: დაზიანებულ, სოკოვან ფრჩხილზე ნამდვილად აქვს შედეგი.

- მამაკაცი მომხმარებლები თუ გყავთ?

- კი, მამაკაცებიც მოდიან. როცა მოვლილი ფრჩხილები გაქვს, ეს მეტად თავდაჯერებულს გხდის. ბოლოს და ბოლოს, ჰიგიენის წესები მაინც უნდა დავიცვათ. მოუწესრიგებელი, დამტვრეული, უფორმო ფრჩხილები ცუდ შეგრძნებებს იწვევს.

- მოდა ფრჩხილებსაც აქვს?

- რა თქმა უნდა. ვცდილობ ტენდენციებს არ ჩამოვრჩე, სულ საქმის კურსში ვიყო, ამ სფეროში რა სიახლეა და ამიტომაც, ხშირად ვესწრები ტრენინგებს. ვცდილობ სიახლეებს ფეხი ავუწყო, ტრენდებში გავერკვე. მოდიდან რაც არ გადადის, ეს ომბრე და ფრენჩია, კლასიკური. ასევე ბოლო წლებში აქტუალურია მუქი ფერები.

- ფერებთან დაკავშირებულ რჩევას თუ გეკითხებიან?

- კი, ბევრი მეკითხება, რომელი მომიხდებაო ან რა ფერია უფრო მოთხოვნადიო? მაგრამ ბოლო დროს ბევრი ასტროლოგების რჩევებს ითვალისწინებს და აქ მოსულებმა ზუსტად იციან, რა უნდათ. მაგალითად, ერთხელ ისეთი კლიენტი მყავდა, რომელიც ცაგარელის "მიმდევარია". მითხრა, დღეს განსაკუთრებული დღეა, ამიტომ ლურჯი ლაქი წამისვი, თან უნდა ჩავიფიქროო. მერე დასძინა, მწვანეც კარგია, ფინანსებს იზიდავს, წითელი - სიყვარულსო...

- ილონა, პირველადი პროფესიით ვინ ხარ?

- ფარმაცევტი ვარ, მაგრამ ამ პროფესიით ერთი დღეც არ მიმუშავია, ეს არ იყო ჩემი საქმე. ამიტომაც სულ ვამბობ: შვილების პროფესიულ არჩევანში არ ჩავერევი. ყველას თეთრი ხალათი ხომ არ ეცმება? ის უნდა ვაკეთოთ, რაც სიამოვნებას მოგვანიჭებს.

302755074-5391448224275916-5295514523827675866-n-1711908108.jpg

დაბოლოს, რჩევები ჯანმრთელი ფრჩხილებისთვის:

სუსტი ფრჩხილების გასამაგრებლად: თბილ ზეთს დაუმატეთ A ვიტამინი, 3 წვეთი იოდი ან 5 წვეთი ლიმონის წვენი. ჩაყავით თითები 10-15 წუთით, მერე ამოიღეთ და შეიშრეთ. გაიმეორეთ პროცედურა ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე, მერე კი კვირაში 2-ჯერ.

რომელი ვიტამინები და მინერალები კვებავს ფრჩხილის ფირფიტას და რომლის დეფიციტი აავადებს ფრჩხილებს?

A ვიტამინი ასტიმულირებს ფრჩხილების ზრდას, უნარჩუნებს მას ჯანსაღ სტრუქტურას და რელიეფს. ამ ვიტამინს შეიცავს ბულგარული წიწაკა, სტაფილო, გოგრა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ A ვიტამინი არ შეიწოვება ცხიმებისა და ცხოველური ცილების გარეშე. მისი მიღების პარალელურად რაციონში უნდა შევიტანოთ ცხიმიანი პროდუქტები, მაგალითად, ნაღების კარაქი, მცენარეული ზეთი, ხორცი, ღვიძლი.

E ვიტამინი აუცილებელია ფრჩხილის ფირფიტის ელასტიკურობისა და აქტიური ზრდისთვის. ამ ვიტამინით მდიდარია ნიგოზი, კვერცხი, პარკოსნები, მარცვლოვანები და მცენარეული ზეთი.

B ჯგუფის ვიტამინების უკმარისობა ფრჩხილზე ღარების, თეთრი ლაქებისა და ნახეთქების გაჩენას იწვევს. მნიშვნელოვანია ამ ჯგუფის ყველა ვიტამინი: B1, B2, B3, B5, - რადგან მათში სხვადასხვა კონცენტრაციითაა სასარგებლო ნივთიერებები. ყველაზე მეტ B ვიტამინს შეიცავს მარცვლეული, ნიგოზი, მწიფე პომიდორი, საფუარი და ბარდა.

C ვიტამინი არა მარტო ზოგად, არამედ ადგილობრივ იმუნიტეტსაც ამაღლებს. ფრჩხილებს ის სიმაგრესა და ელასტიკურობას მატებს, სოკოსგან იცავს. ამ ვიტამინის უკმარისობის დროს ფრჩხილის ფირფიტა თხელდება და ტყდება. მას დიდი ოდენობით შეიცავს ასკილი და ქაცვი. შედარებით ნაკლებია ციტრუსებში.

D ვიტამინიც აუცილებელია ფრჩხილებისთვის, რადგან სწორედ მისი დახმარებით შეიწოვება კალციუმი, რომელიც ფრჩხილების სიმაგრეზეა პასუხისმგებელი. ამ ვიტამინის მისაღებად საკმარისია დღეში ნახევარი საათით მზეზე სეირნობა. მარაგი შეიძლება შევივსოთ ზღვის თევზით, კვერცხით, ყველით.

H ვიტამინი (ბიოტინი) უზრუნველყოფს ფრჩხილის საშენი მასალის, კერატინის მაღალ ხარისხს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფრჩხილების მდგომარეობის გაუარესება ბიოტინის მცირე უკმარისობასაც კი შესძლებია. H ვიტამინის ძირითადი წყაროა ქათმის კვერცხის გული, სოკო, ნიგოზი, სუბპროდუქტები.

ლიკა ქაჯაია