ნიკა აგიაშვილის ნატვრა, „ეჭვმიტანილი“ ოტია პაჭკორია, რას ნიშნავს პატიოსანი დამსმენი - გზაპრესი

ნიკა აგიაშვილის ნატვრა, „ეჭვმიტანილი“ ოტია პაჭკორია, რას ნიშნავს პატიოსანი დამსმენი

ლევან ბრეგაძის ძველი თუ ახალი ჩანაწერები, როგორც ყოველთვის საინტერესო და იუმორით გამორჩეულია. ზოგი ამბავი სწორედ მისი წყალობით შემორჩება ლიტერატურის ისტორიას. მაგალითად: „ახალი გამოქვეყნებული იყო ბესიკ ხარანაულის „კარტოფილის ამოღება“, როცა დაიბეჭდა რევაზ ინანიშვილის „ღორის დაკვლა“. ნიკა აგიაშვილმა თქვა: „კარტოფილი ამოღებულია, ღორი დაკლულია. ახლა დროა, ვინმემ „სოუზის მომზადება“ დაწეროს“.

გთავაზობთ ბატონი ლევანის მიერ შემოთავაზებულ ეპიზოდებს:

ნატვრა

- ნიკა აგიაშვილმა ინატრა: რა იქნებოდა, „დონ კიხოტი“, „ჰაჯი მურატი“, „დანაშაული და სასჯელი“ და ბაირონის ერთი-ორი პოემა ჩემი დაწერილი იყოსო. მე ვუთხარი: მაშინ იმასაც უნდა დათანხმდეთ, რომ ერთდროულად იყოთ ეპილეფსიით დაავადებული და სიკვდილმისჯილთა საკანში ნაჯდომი - დოსტოევსკივით, ეკლესიის მიერ შერისხული ტოლსტოისავით, ომში დასახიჩრებული და ტყვეობაში ნატანჯი - სერვანტესივით. თანაც, ეს ყოველივე მანამდე უნდა მოასწროთ, ვიდრე შუახნის ასაკში სხვა ერის თავისუფლებას შესწირავდეთ თავს ბაირონივით-მეთქი. - არა, არა, არ მინდაო! - ხელები გაასავსავა.

„ბიძია“ - რუსულად

- რა საინტერესოა: თუ ერთხელ თქვი „ძია“, ეს „ბიძია“ იქნება ქართულად, ხოლო თუ ორჯერ იტყვი „ძიაძია“ - ესეც „ბიძია“ იქნება, ოღონდ რუსულად!

ეჭვმიტანილი თუ ბრალდებული

- ოტია პაჭკორიას ნაამბობი: „ერთ-ერთ პირველ დაკითხვაზე გამომძიებელმა უხეშად მომმართა. მე ვუთხარი, რატომ მკადრებთ მაგას, მე ხომ ჯერ მხოლოდ ეჭვმიტანილი ვარ და არა ბრალდებული-მეთქი? მოკვდა სიცილით. მერე ფანჯარასთან მივიდა, ხელი ქუჩაში მოსიარულე ხალხისკენ გაიშვირა და მითხრა: ეჭვმიტანილები ისინი არიან, შენი საქმე გათავებულიაო“.

ორი დოლარი და ოთხმოცი ცენტი

- ერთმა ამერიკულმა სავაჭრო სახლმა ერნესტ ჰემინგუეის შინ ჰალსტუხი გაუგზავნა ამგვარი ბარათითურთ: „ჩვენი ჰალსტუხები ძალიან პოპულარულია. იმედი გვაქვს, არც თქვენ იუკადრისებთ გახდეთ ჩვენი მუშტარი და გამოგვიგზავნით ამ ჰალსტუხის საფასურს – ორ დოლარს“.

რამდენიმე დღის შემდეგ სავაჭრო სახლის ხელმძღვანელობამ ჰემინგუეისგან პაკეტი მიიღო, რომელსაც ასეთი ბარათი ახლდა: „ჩემი წიგნები ძალიან პოპულარულია. იმედი მაქვს, არც თქვენ იუკადრისებთ გახდეთ ჩემი მკითხველი და შეიძენთ ჩემს წიგნს, რომელსაც ამ პაკეტით გიგზავნით. ის ორი დოლარი და ოთხმოცი ცენტი ღირს. ასე რომ, თქვენ ჩემთვის მხოლოდ ოთხმოცი ცენტის გამოგზავნა მოგიწევთ“.

ჰემინგუეის ცხოვრების ამ ეპიზოდს იმისთვის მოგვითხრობენ, რათა დაგვანახვონ, თუ როგორ გაამასხარავა დიდმა მწერალმა თავხედი ბიზნესმენი. სინამდვილეში, დაუკვირდით, ვინ ვის აჯობა ჭკუით, ვინ დარჩა მოგებული. ჰემინგუეის მიერ გამოგზავნილი მისივე წიგნი და რაც მთავარია, ჰემინგუეის ავტოგრაფი - წერილი, რომელიც მაშინვე რამდენიმე ათეულ დოლარად გაიყიდებოდა, მერე და მერე კი სულ უფრო ძვირად და ძვირად - ამხელა სიკეთე სულ რაღაც ერთ ჰალსტუხად და ოთხმოც ცენტად!

მორალი: მაშინაც კი, როცა მწერალი ასი პროცენტით დარწმუნებულია, რომ ჭკუით აჯობა ბიზნესმენს, იგი ცდება.

პატიოსანი დამსმენი

- დათო წერედიანისაგან ვიცი თამაზ ჩხენკელისეული დახასიათება ერთი მწერლისა: დამსმენი იყო, მაგრამ პატიოსანი დამსმენი – არაფერს უმატებდაო (იგულისხმება: ნათქვამი ზუსტად მიჰქონდა იქ, სადაც ჯერ არს, თავის მხრივ არაფერს უმატებდა, ფერებს არ ამუქებდა).

სულ რაღაცის რიგში...

- გოგი ჯორჯანელმა მითხრა: „ჩვენი ცხოვრება იყო განუწყვეტელი რიგში დგომა, სულ რაღაცის რიგში ვიდექით: პურის რიგში, ნავთის რიგში, ბილეთის რიგში, ბინის რიგში, ტელეფონის რიგში...“

საყვარელი ფრაზა

- ელდარ კერძევაძის (ღვიღვის) საყვარელი ფრაზა ჭადრაკის თამაშისას, სვლის გაკეთების წინ: „იძულებული ვარ ვითამაშო გენიალურად!“

ხასიათები

- სუფრას ორი კაცი უზის: ერთი ლაპარაკობს განუწყვეტლივ, მეორე უხმოდ სვამს. ვინც ლაპარაკობს, იმას ლაპარაკის საღერღელი აქვს აშლილი და მსმენელი უნდა, მეორეს კი სმა უნდა და ამისთვის თანამეინახე ესაჭიროება. უცებ ეს მდუმარე წამოდგება და ამბობს ღირსშესანიშნავ ფრაზას: „შენ არ გაჩერდე, ილაპარაკე და მე ახლავე მოვალ!“

(მოგვითხრო რევაზ სირაძემ, 2007 წლის 12 სექტემბერს საგურამოში).

საბჭოური ანეკდოტი

- უბის წიგნაკების თვალიერებისას 1989 წლის 9 მაისს ჩაწერილი ეს საბჭოური ანეკდოტი ვიპოვე:

„ერთი ნატრობდა, ნეტავი 2000 წლის 20 დეკემბერს მომასწროო. რატომ მაინცდამაინც 20 დეკემბერსო? – ჰკითხეს. რატომ და, – თვის ბოლო ხომ იქნება, კვარტლის ბოლო ხომ იქნება, წლის ბოლო ხომ იქნება, საუკუნის ბოლო ხომ იქნება და ათასწლეულის ბოლოც ხომ იქნება... ჰოდა, რამდენ რამეს გამოიტანენ მაღაზიებში!“

ვისაც „გეგმიური“ საბჭოთა ეკონომიკის პირობებში ხანგრძლივად უცხოვრია, ვისაც ახსოვს, რომ მაღაზიებში თვის, კვარტლისა და წლის ბოლოს ჩნდებოდა პროდუქცია გეგმის შესასრულებლად, დღეს მარტო ის თუ მიხვდება, რაში მდგომარეობდა მილენიუმის (ათასწლეულის) დასასრულისადმი მიძღვნილი ამ მშვენიერი სატირული მინიატიურის „მარილი“. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კი ამის ანეკდოტობას ვინ დაიჯერებს!

მხიარული რითმები

სახელი უნდა გაგივარდეს,

ოღონდ არ უნდა გაგიტყდეს.

სულ დამივიწყა ამანაც,

აღარ მიგზავნის ამანათს.

რუბლი ანაცვალა მანაც

აზერბაიჯანულ მანათს.

გაოცებული გერმანელი ტურისტი

- დღეს (26. 10. 2006) ერთმა ხნიერმა გერმანელმა მამაკაცმა ქაშუეთის ეკლესიასთან, ალექსანდრეს ბაღის კიდეში მდგარ ლადო გუდიაშვილის ძეგლზე მკითხა, ეს ვინ არისო? მხატვარი არის-მეთქი, ვუთხარი.

- მხატვარიო?! მხატვარი თუა, ფუნჯი რატომ არ უჭირავს ხელში? - გაიოცა. მხრები ავიჩეჩე: რა მოგახსენოთ-მეთქი.

- რა მშვენიერი ძეგლია, - განაგრძო მან. - მაგრამ მხატვარი თუა, ფუნჯი სადღაა?..

მისალმება ჩხოროწყუს

- დათო წერედიანმა მიამბო: „გიგლა ფირცხალავა (მხატვარი-კარიკატურისტი) ჩხოროწყუში მიუწვევიათ ზეიმზე და სიტყვით გამოსვლაც უთხოვიათ. გიგლა ასე მისალმებია ქალაქს:

„შენ სოფელი აღარა ხარ, აღარა ხარ, ნწუ! / ახლა უკვე ქალაქი ხარ, ჩემო ჩხოროწყუ!“

მსმენელის შეკითხვა

- ვუსმენ რადიოს, ნარკომანიაზეა გადაცემა. რეკავს მსმენელი და კითხულობს: ჩამორთმეულ ნარკოტიკებს მართლა ანადგურებს ხელისუფლება თუ თვალს გვიხვევენო? ანადგურებსო, უპასუხეს. მართლა ანადგურებენ! თავს დავდებ, რომ ანადგურებენ. ჩვენი ტელევიზიითაც გვინახავს და უცხოურითაც, ქვეყნის დასანახავად როგორ წვავენ უზარმაზარი რაოდენობის „წამალს“, მილიონებად ღირებულს!

2033741516-1711908386.jpg

ფასდაუდებელი წიგნი

- ერთი ამბავი მახსენდება უნგრელი ავტორის იშტვან რატეგის წიგნიდან „წიგნის კომედია“:

ინგლისელმა კოლექციონერმა, რომელსაც ეგონა გამქრალი გამოცემის ერთადერთ გადარჩენილ ეგზემპლარს ფლობდა, ერთ მშვენიერ დღეს შეიტყო, რომ იმავე უიშვიათესი წიგნის კიდევ ერთი ცალი არსებულა და მისი მფლობელი პარიზელი ბიბლიოფილი ყოფილა. მიაკითხა:

- ესა და ეს წიგნი გქონიათ და უნდა მომყიდოთო.

- ეს ფასდაუდებელი წიგნია, როგორ მოგყიდიო! - იუარა ამან.

- ათი ათას ფრანკს გაძლევ ოქროთიო.

- არა, ბატონო, ხომ გითხარით, არ ვყიდი-მეთქი.

- ოცი ათასი!

ფრანგს ყოყმანი დაეტყო.

- ოცდახუთი ათასი, - მოუმატა ინგლისელმა.

ვეღარ გაუძლო ცდუნებას ფრანგმა და წიგნი დათმო. მყიდველმა ფული ჩაუთვალა მასპინძელს, ახალშეძენილი წიგნი ხელში შეატრიალ-შემოატრიალა და... ბუხარი იყო იმ ოთახში, ხოლო ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა გემრიელად... იმ ცეცხლში მოისროლა იმ ინგლისელმა ის წიგნი, რომელშიც წუთის წინ ამდენი ფული გადაიხადა.

ნანული ზოტიკიშვილი