მდიდრული საჩუქრები, ყველაზე საყვარელი სიძეები და უპატიოსნესი მოსამართლეები - გზაპრესი

მდიდრული საჩუქრები, ყველაზე საყვარელი სიძეები და უპატიოსნესი მოსამართლეები

როგორც პატარებზე და საჩუქრებით ანებივრებენ. მართალია, ასეთი მშობლები რატომღაც ჯერ მხოლოდ პოლიტიკოსებს და მაღალი თანამდებობის პირებს აღმოაჩნდათ, მაგრამ მოსაყოლად მაინც ღირს.

დიდი შვილების გულს სათამაშოთი და ბურგერებით ხომ ვეღარ მოიგებ? შვილები დიდები არიან და საჩუქრებიც დიდი სჭირდებათ, ამიტომ ზოგი თავიანთ შვილებს მიწის ნაკვეთებს ჩუქნის, ზოგი სახლებს და ზოგიც ფულს. ხომ გახსოვთ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ამერიკაში ჩარტერით გაფრენა მამიკომ რომ დაუფინანსა? მაგრამ თქვენ გგონიათ ღარიბაშვილს ჰყავს მარტო ასეთი კარგი მშობელი? ბოლო დროს გაირკვა, რომ მოსამართლეებიც არ უჩივიან მოსიყვარულე მშობლების ნაკლებობას, სხვათა შორის - არც ცოლისძმებს. აგერ, თუ არ გჯერათ:

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ტრისტან ბენაშვილის მიერ, 2023 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ 2022 წელს მამისგან 60.000 ლარი მიიღო საჩუქრად. მისმა ცოლმა, რუსუდან ძმანაშვილმა კი ძმისგან საჩუქრად მიიღო 30.000 ლარი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა დეკლარაციაში დაწერა ისიც, რომ 3.000 ლარი აჩუქეს ბებია-ბაბუამ მის შვილს".

განა მარტო მოსამართლეები არიან ასეთ კარგ ბედში? მაგალითად, შსს-ს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს მშობლებში არა, მაგრამ მეუღლის ნათესავებში აშკარად გაუმართლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "შსს-ს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილე ბაკურ გიორგობიანმა 2022 წელს მეუღლის მამიდისგან ფულადი საჩუქარი მიიღო 24-ჯერ, ჯამში 14.690 აშშ დოლარის და 410 ევროს ოდენობით, მეუღლის მამიდაშვილის შვილისგან 3.250 აშშ დოლარი, მეუღლის მეგობრისგან 6.000 ევრო, მეუღლის დედისგან 8.450 ლარი და 2.000 აშშ დოლარი, მეუღლის სხვა ნათესავისგან 1.000 აშშ დოლარი, ხოლო საკუთარი მეგობრებისგან 12.110 ლარი და 403 აშშ დოლარი".

მის მეუღლეს თუ ვინმე ჰყავდა ირგვლივ, ყველა ამის დასაჩუქრებით ყოფილა დაკავებული. სიძის პატივისცემაც ასეთი უნდა. ასე უნდა შეაყვარო თავი ცოლის ნათესავებს. თქვენ უყვარხართ ცოლის ნათესავებს ასე? ეტყობა, უვარგისი სიძე ბრძანდებით.

ხუმრობა იქით იყოს და ყველა ეს საჩუქარი შესამოწმებელია, სადმე კორუფციის სუნი ხომ არ დგას, მაგრამ ვინ შეამოწმებს? კორუფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელი უწყება არ არსებობს, ევროკავშირის მოთხოვნით შექმნეს ახალი უწყება, მაგრამ მის ხელმძღვანელს ისევ პრემიერი ნიშნავს, ანუ ვითომ შეასრულეს ეს რეკომენდაცია.

მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, კორუფციას საერთოდ არ ებრძვიანო. რამდენიმე დღის წინ საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. აი, ხომ ხედავთ, დაუჭერიათ ხალხი კორუფციაზე! მოიცა, წალენჯიხა ხომ ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციონერი მერია? ანუ ისევ "ნაცებმა" აიღეს ქრთამი? რა ქნან? რა ამათი ბრალია, თუ ეს ოხერი კორუფცია მარტო ოპოზიციურ მუნიციპალიტეტშია? არ იღებენ "ქოცები" ქრთამს და ძალით ხომ არ ააღებინებენ?

კარგი, ისევ სერიოზულ საკითხებს დავუბრუნდეთ: ევროკავშირი ასევე ითხოვს მოსამართლეები შემოწმდნენ კეთილსინდისიერებაზე, რადგან მათ მიმართაც გაჩნდა ეჭვები კორუფციაზე, ხელისუფლებამ აქ რეკომენდაციის ფორმალურად შესრულებაც კი არ ისურვა. მმართველმა პარტიამ ქვა ააგდო და თავი მოსამართლეებთან ერთად შეუშვირა - არანაირი ვეტინგი და შემოწმება არ იქნება, რა სჭირთ ჩვენს უპატიოსნეს მოსამართლეებს შესამოწმებელი ან ვინ უნდა შეამოწმოს, ყველამ საკუთარ მამიდას მიხედოსო. ევროკავშირი გვეუბნება, სასამართლო რეფორმის გარეშე დაახლოება არ გამოვაო, ხელისუფლება კი რას პასუხობს? "არც ერთი დათქმაც რომ არ შევასრულოთ, უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით, მაინც ლიდერი ვართ. იმედია, ევროკავშირი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ეს დაახლოებით იგივეა, ფეხბურთის გუნდი რომ გამოვიდეს და თქვას: არც ერთი თამაში რომ არ მოვიგოთ, მაინც უნდა დაგვიშვათ ევროპის ჩემპიონატზე, რეიტინგებით სხვებზე წინ ვართო...

P.S. ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ რას ემსახურება ხელისუფლების ახალი ინიციატივა კანონის დონეზე ებრძოლოს ლგბტ პროპაგანდას. ამაზე ბევრი ვთქვით და დაწვრილებით აღარ შევჩერდებით. უბრალოდ მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი წარადგინა და იქიდან ამონარიდი უნდა გაგაცნოთ: "აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვნის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული".

ვინც ამ წინადადებას გამიშიფრავს, ნობელის პრემიაზე წარვადგენ.