სპორტი, რომელიც საზღვრებს შლის და ეთნიკურ ნიადაგზე გაჩენილ განხეთქილებას დროებით მაინც გვავიწყებს - გზაპრესი

სპორტი, რომელიც საზღვრებს შლის და ეთნიკურ ნიადაგზე გაჩენილ განხეთქილებას დროებით მაინც გვავიწყებს

რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთიდან ბავშვობის მეგობარი მესტუმრა. მას რეგიონში აფხაზი ნათესავები ჰყავს და ადგილობრივთა განწყობებსაც კარგად იცნობს, თუმცა, ამ თემაზე საუბარს ერიდება. "ენგურთან რუსი მესაზღვრეები რომ არ იდგნენ, ჩვენ შორის გამყოფი კარგა ხნის მოშლილი იქნებოდა", - თქვა მან. მისივე თქმით, რეგიონის მოსახლეობას, კრიპტომაინერების გამო, გრაფიკით მიეწოდება დენი, არ აქვთ წყალი. ფასები მუდმივად იზრდება. ამას ემატება ის წნეხი, რომელსაც რუსეთი სულ უფრო მეტად უჭერს. ცნობილი გახდა, რომ უახლოეს ხანებში სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ათობით მოსახლის გასახლება იგეგმება. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და სხვა საინტერესო თემებზე გვესაუბრა.

- სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივების გასახლება მოსალოდნელიც იყო. აფხაზებს ხელი აქვთ მოწერილი, რომ აეროპორტის შეუფერხებლად ფუნქციონირებას მაქსიმალურად მოკლე ხანებში უზრუნველყოფდნენ. იქამდე დენის მიყვანა და გზების გაყვანა-მოწესრიგება, აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობამ თავის თავზე აიღო. შესაბამისად, თუ მოსახლეობის იქ ცხოვრება აეროპორტის მუშაობას ხელს შეუშლიდა, მათი გასახლება გარდაუვალი იქნებოდა. მათ კომპენსაციას ჰპირდებიან, თუმცა რამდენად კეთილსინდიერად მოხდება მათი დაკმაყოფილება, ძნელი სათქმელია. ის ჩუმი პროტესტი, რომელიც ახლა რეგიონშია, ამაზეა დამოკიდებული. თუ ის ხალხი კმაყოფილი იქნება, სხვების უკმაყოფილებით არაფერი შეიცვლება. იმის გათვალისწინებით, რამდენადაა კორუფცია მოდებული, ძნელი წარმოსადგენია ყველაფერმა პროტესტის გარეშე ჩაიაროს.

თუმცა, რუსეთს, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ძალიან სჭირდება და უღირს ამ აეროპორტის აშენება, რადგან მას სულ მცირე, ორი ფუნქცია ექნება: მისი საშუალებით გვერდს აუვლის დასავლეთის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, აფხაზეთში მიიღებს ტვირთებს, რომელსაც შემდეგ მატარებელზე გადატვირთავენ რუსეთში წასაღებად ან პირიქით, რუსეთიდან წამოღებულ ტვირთებს ჩატვირთავენ იქ სხვა ქვეყნებში გასაგზავნად;

მეორე და მთავარი - რუსეთისთვის მნიშვნელოვანია სამხედრო დანიშნულება. მეეჭვება, იმ აეროპორტს სამოქალაქო დანიშნულება ჰქონდეს. სოჭიც იქვეა, ადლერიც და არა მგონია, სოხუმის აეროპორტს მიაწყდნენ. შესაძლოა თვალის ასახვევად რამდენიმე თვითმფრინავმა იფრინოს სადმე, როსტოვში ან მსგავს ქალაქებში. ძირითადად მაინც სავაჭრო და სამხედრო დანიშნულება ექნება. შესაბამისად, შეიძლება იქაურ მცხოვრებთა რაღაც ნაწილს თავად უყიდონ ბინები, მით უფრო, რომ აფხაზეთში ბინების ფასი დღეს არცთუ ისე მაღალია, რომელიმე რუს ოლიგარქს მათი ინტერესების დაკმაყოფილება არ გაუჭირდება.

- ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის თქმით, მათთვის ეს ფაქტი პოლიტიკურად და მორალურად ძალზე მძიმეა, ამას ისიც ადასტურებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ე.წ. დეპუტატებმა შუაღამისას მიიღეს.

- პოლიტიკურად არაფერს ნიშნავს, თუმცა, მორალურად მართლაც ძალზე მძიმეა, რადგან რუსეთი ლამის ყოველდღე ამტკიცებს, რომ თავისუფლად შეუძლია მათ საქმეებში ხელი აფათუროს. რაც შეეხება, პოლიტიკურ მხარეს, იმდენად დამძიმებულია იქ სიტუაცია ბიჭვინთის აპარტამენტებით, უცხო ქვეყნის აგენტებითა და მსგავსი აბსურდული თემებით, რომ სოხუმის აეროპორტის თემა თავისი მნიშვნელობით უკვე მეორეხარისხოვანია. აფხაზები ამბობენ, რუსეთი გვპირდება, მაგრამ არაფერს ასრულებს, სამაგიეროდ, თავისი ინტერესების გასატარებლად გზას ნაჯახით ჩეხენო. ამ ყველაფერს შორიდან უყურებენ და ყოველდღე, წვეთ-წვეთად გუბდება უსუსურობის განცდა.

- აფხაზები ანტირუსულ განწყობებს სოციალურ ქსელებშიც კი არ მალავენ, რაც ადრე არ ყოფილა. თეორიულად არსებობს შანსი, რომ პროტესტი მასშტაბურ სახეს მიიღებს?

- პროტესტი უფრო მკაფიო სახეს დიდი ხნის წინ მიიღებდა, გამოსავალი რომ ჰქონდეთ. ერთადერთი იმის იმედი აქვთ, რომ ადრე თუ გვიან, უკრაინაში ომი დასრულდება და გლობალური პოლიტიკა შეიცვლება, ანუ შესაძლოა, რუსეთის რეჟიმი შეიცვალოს. აფხაზებს მიაჩნიათ, რომ ახლა რუსეთი უკრაინაში თავის მიზნებს ვერ აღწევს, გაბრაზებულია, მთელ ბრაზს აფხაზეთში ანთხევს და ასე უმტკიცებს მათ თავის ძლევამოსილებას. თუ უკრაინის ომამდე მსოფლიოს, ევროპას რაღაც იმედის თვალით უყურებდნენ, ნიკარაგუა, სირიისა და სხვა მსგავსი ქვეყნებისგან აღიარების იმედი ჰქონდათ, ახლა ხვდებიან, შავ ზღვაზე, ისეთ უნიკალურ ადგილას ცხოვრობენ, რომ რუსეთი რეგიონს არავითარ შემთხვევაში არ დათმობს.

- ამ ფონზე რისი შეთავაზება შეუძლია ქართულ მხარეს?

- ბევრი რამის, მაგრამ ტრაგიკულია ის, რომ არაფერს სთავაზობენ. ამ ვითარებაში შეიძლება ისევ დაიწყოს საუბარი ფედერაციულ მოწყობაზე, საერთო სახელმწიფოში ცხოვრებაზე. თუნდაც იმაზე, რომ მათ შეეძლებათ მიწა და უძრავი ქონება განკარგონ. ფედერაციული მოწყობის კონტექსტში, აფხაზეთის (და არა აფხაზური, რადგან დევნილები უნდა დაბრუნდნენ) უფლებამოსილება განსხვავებული იქნება და თბილისში ამის განსახილველად მზად არიან. როდესაც ვხედავთ, როგორ ართმევს რუსეთი მათ ყველაფერს, შეიძლება მათთან საუბრის შეთავაზება. ახლა მათ აქვთ განცდა, რომ სრულიად მარტო არიან რუსეთის პირისპირ, საქართველოს ხელისუფლება პუტინის მმართველობასთან მეგობრობს და ამ ფონზე, თანდათან ბედსაც ეგუებიან.

რუსეთის იმედი ჰქონდათ, მაგრამ ჯერ სომხეთის, მერე კი უკრაინის მაგალითზე შესანიშნავად დაინახეს, თუ რას წარმოადგენს მათი "მეგობარი სახელმწიფო".

მისი დახმარებით აფხაზეთში ჭაობი არათუ გაქრა, პირიქით, კიდევ უფრო გაღრმავდა, ე.წ. ჩინოვნიკები სწორედ რუსების "დაკრიშვით", მაინერების ბიზნესში არიან ჩართული და 21-ე საუკუნეში, მოსახლეობა თითქმის უშუქოდ არის. არ აქვთ წყალი და ცხოვრების ელემენტარული პირობები. არაფერს ვამბობ განათლებაზე, ნარკომანიაზე, ახალგაზრდების უპერსპექტივობაზე. ამ ფონზე კი ხედავენ, როგორ მიდის წინ ქართველი ახალგაზრდობა. ფეხბურთი მათთვისაც შეუცვლელი, საყვარელი სპორტია და ეროვნული ნაკრების ევროპაზე გასვლას ენგურსგაღმაც დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს. თანაც, იციან, რომ ორ ფეხბურთელს, ნიკა კვეკვესკირსა და გიორგი ჩაკვეტაძეს აფხაზეთთან დიდი კავშირი აქვთ; წლებია ხვიჩა კვარაცხელიას მხურვალე გულშემატკივრები არიან. სიამაყით ამბობდნენ, აფხაზეთის ახალგაზრდებს გენეტიკურად აქვთ ფეხბურთის ნიჭიო და ვიტალი დარასელიას მაგალითი მოჰყავთ. ეს არის სპორტი, რომელიც საზღვრებს შლის და ეთნიკურ ნიადაგზე გაჩენილ განხეთქილებას დროებით მაინც გვავიწყებს და ამ შემთხვევაშიც, ნაწილობრივ მაინც ასე მოხდა. თუმცა, მხოლოდ ფეხბურთის იმედი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ მის მიმართ დამოკიდებულება ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა, ამდენწლიანი გაუცხოებისა და დისტანცირების მიუხედავად, ფეხბურთი არის ის, რის გამოც მათ ქართველი ახალგაზრდები უყვართ და ეამაყებათ. როდესაც ვიღაცები კომენტარებში უწერდნენ, - თქვენ რა გიხარიათ, ეს ხომ ჩვენ არ გვეხებაო? ისინი პასუხობდნენ, რომ ფეხბურთი ყველას ეხება, ეროვნების მიუხედავად.

ასე რომ, ამ კუთხით, დასაახლოებლად შეგვიძლია კულტურაც გამოვიყენოთ. როგორც ვიცი, სამხრეთ კავკასიაში მრავალხმიან სიმღერებს მხოლოდ ქართველები და აფხაზები მღერიან. რატომ არ შეიძლება ამაზე კონცეფციები ავაგოთ? ჩავატაროთ კონცერტები, გამოვუშვათ ალბომები. ერთხელ ჩემმა მეგობრებმა აფხაზური სიმღერა ჩაწერეს, რომელიც შემდეგ აფხაზებს გავუგზავნე და ძალიან გაუხარდათ, - თურმე გახსოვართო... არ ვამბობ, რომ ამგვარი პროექტები აფხაზეთს დაგვიბრუნებს, მაგრამ ასეთი გაუცხოება მაინც არ იქნება.

არ ვიცი, რას აძლევს ეს არგაღიზიანების პოლიტიკა ქართულ მხარეს. აზერბაიჯანის ან თურქეთის პოლიტიკის, კი ბატონო, მესმის, ისინი თავიანთ საქმეს იკეთებენ, მაგრამ ჩვენ რას ვიგებთ?.. "ქართული ოცნების" მთავარი ამოცანა არჩევნებში გამარჯვებაა, ამიტომ ცდილობენ, რაიმე ზედმეტი ნაბიჯი არ გადადგან და არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა არ გაიფუჭონ, ამიტომაც სრული სიჩუმე, დინებას მიყოლა ურჩევნიათ. არჩევნებამდე არაფრის იმედი არ მაქვს, პირიქით, შესაძლოა ვითომ საქართველოს მიმართ მადლიერების გამოსახატად, აფხაზეთის დაბრუნების ყალბი დაპირებები დაიწყოს.

- რას გულისხმობთ?

- ვგულისხმობ, აფხაზეთთან ერთად ვითომ კონფედერაციის შექმნას, რაც ფედერაციისგან განსხვავებით, სრულიად დაუჯერებელი მგონია. ფედერაციისა თუ სხვა ნებისმიერი ფორმატის გარშემო მსჯელობა უნდა დაიწყოს რუსეთის გარეშე, მასთან ერთად არაფერი გამოვა.

paata0-1712505461.jpg

- რამდენიმე დღეა, დასავლურ მედიაში აქტიური განხილვის თემაა "ჰავანის სინდრომი" თბილისში, რომლის ფარგლებშიც გამოძიება აღწერს, თუ როგორ მუშაობს რუსეთის "გრუ" ამერიკელი დიპლომატების წინააღმდეგ. არაერთი შემთხვევა მოხდა, როდესაც მათ აქ მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება და შემდეგ გაირკვა, რომ მათ საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს "გრუს" აგენტები შენიშნეს... რა შეგიძლიათ ამაზე გვითხრათ?

- დიახ, ცნობილია, რომ არსებობს ასეთი იარაღი და რუსეთი ამას იყენებს. ეს სინდრომი პირველად კუბის ქალაქ ჰავანაში დაფიქსირდა 2016-2017 წლებში, იმ დროს, როდესაც კუბამ და ამერიკამ დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს. თუმცა, "ჰავანის სინდრომი" ჯერაც ამოუხსნელი "ჯანმრთელობის ანომალიური ინციდენტია", რაზეც წლებია, მსოფლიოს მასშტაბით ამერიკელი დიპლომატები და უშიშროების ოფიცრები მუშაობენ. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია ქრონიკული თავის ტკივილი, შეგრძნება, თითქოს ადამიანი, მის გარშემო საგნები ან ორივე ერთად მოძრაობს ან ბრუნავს, გულისრევა, წონასწორობის დაკარგვა, ტინიტუსი - სრულ სიჩუმეში ხმაურის გაგონება, ინსომნია - ძილის მოშლა, ფსიქო-ფიზიოლოგიური დარღვევები, ზოგ შემთხვევაში კი უეცარი სიბრმავე და სიყრუე. ეს სინდრომი ძირითადად, შეერთებული შტატების თანამშრომლებს, თეთრი სახლის თანამშრომლებს, დიპლომატებს, უსაფრთხოების ოფიცრებს, მათი ოჯახის წევრებს აღენიშნებათ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

სიმართლე გითხრათ, მაშფოთებს ამბავი, რომ თურმე რუსეთის "გრუს" აგენტები მას საქართველოში თავხედურად, უტიფრად იყენებენ. ანუ საქართველო არის ადგილი, სადაც შეიძლება დასავლელი დიპლომატების ნელი ლიკვიდაციისთვის რუსეთის ხელისუფლების მიერ გადაბირებული ადამიანები ჩამოვიდნენ და ამერიკელი დიპლომატების, აშშ-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების, მათი საელჩოს თანამშრომლების წინააღმდეგ თავისუფლად გამოიყენონ სახიფათო იარაღი იმ ფონზე, როდესაც აქ პუტინის ოპონენტ ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და ბლოგერებს არ უშვებენ. თუ ეს საქართველოს შესაბამისმა სამსახურებმა არ იციან, ასევე ტრაგედიაა.

ლალი პაპასკირი