"ჩვენ რუსეთის ოპოზიცია ვართ, ოღონდ რეალური, შეიარაღებული ოპოზიცია..."
უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ფონზე, პერიოდულად, რუსეთში, ბელგოროდის რეგიონში შეტაკებები მიმდინარეობს. თავდაპირველად რუსეთი ამაში უკრაინას ადანაშაულებდა და ტერორიზმის მუხლით გამოძიებას აანონსებდა, თავის მხრივ, კიევი ბრალდებებს უარყოფდა, თავდამსხმელები რუსეთის მოქალაქეები არიანო. მალევე გაირკვა, რომ ასეც არის - თანდათან ბელგოროდში მიმდინარე ამბების მთავარი ავტორები ჩრდილიდან გამოვიდნენ.
ბელგოროდში მიმდინარე შეტაკებებსა და მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ორი ჯგუფი, "რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" და "რუსეთის თავისუფლების ლეგიონი" იღებდა. რუსეთის მოხალისეთა კორპუსი ულტრამემარჯვენე რუსი მოქალაქის მიერ გასული წლის აგვისტოში დაარსებული ჯგუფია, რომელშიც გაწევრებული არიან ის რუსები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ წლებია იბრძვიან; არიან ისეთები, ვინც 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი გახსნა, რუსულ ძალებს ებრძვიან.
მას შემდეგ კი, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსეთის მოხალისეთა კორპუსის წევრები აქტიურად იბრძვიან უკრაინა-რუსეთის საზღვართან. საბოლოოდ, გასული წლის მარტში მათ სხვადასხვა ოპერაციაზე, ასევე ბელგოროდში მომხდარ თავდასხმებსა და აფეთქებებზე პასუხისმგებლობა აიღეს.
რუსეთის რეგულარული არმიის წინააღმდეგ ბრძოლა 22 მაისს უკვე რუსეთის ტერიტორიაზე დაიწყო. რუსეთის "მოხალისეთა კორპუსმა" ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ორი მამაკაცი ამბობს, რომ მათ რუს სამხედროებს ჯავშანტრანსპორტიორი წაართვეს. მაშინ დასავლურმა მედიამ ერთ-ერთი მათგანის ვინაობა დაადგინა, ის რუსეთის მოქალაქე ილია ბოგდანოვია, რომელიც 2015 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის თავისუფლების ლეგიონი 2022 წლის გაზაფხულზე შეიქმნა. მათი გაცხადებული სურვილია "იბრძოლონ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში პუტინის შეიარაღებული ბანდის წინააღმდეგ".
ჯგუფის მეთაურობის განცხადებით, ისინი თანამშრომლობენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და უკრაინის მითითებებით მოქმედებენ. "თავისუფლების ლეგიონი" ადასტურებს, რომ ბელგოროდში მიმდინარე სამხედრო თავდასხმაში მონაწილეობენ, მანამდე კი ისინი რუსეთის წინააღმდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძოდნენ.
უკრაინის სამხედრო დაზვერვა განმარტავს, რომ ბელგოროდზე თავდასხმაში მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები არიან ჩართულნი და ისინი ქმნიან "უსაფრთხოების ზონას უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად".
ალექსეი ბარანოვსკი "თავისუფალი ლეგიონის" წევრია. მას ჟურნალი "გზა" ფრონტის ხაზზე დაუკავშირდა და ლეგიონის დასახულ გეგმებზე, პუტინისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე, ასევე, ბელგოროდსა და დანარჩენ რუსეთში განსახორციელებელ მიზნებზე ესაუბრა.
- როდის დაიბადა ლეგიონის შექმნის იდეა?..
- ზუსტად მაშინ, როგორც კი ომი დაიწყო. პირველი დღიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, გამოჩნდნენ რუსები, რომელთაც აგრესიული თავდასხმისგან უკრაინის დაცვა უნდოდათ. იმ დროისთვის ზოგიერთი მათგანი უკვე იმყოფებოდა უკრაინის ტერიტორიაზე, ვიღაცები უფრო ადრეული პერიოდიდან ცხოვრობდნენ უკრაინაში... იყვნენ ისეთებიც, ვინც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს განგებ ჩაუვარდა ტყვედ, რათა შემდეგ, უკრაინის მხარეს გადასულიყო და რუსეთის წინააღმდეგ ებრძოლა.
- მსგავსი ფაქტები ხშირად ხდებოდა?
- სიმართლე გითხრათ, არც ისე, მაგრამ ხდებოდა... პირველ ხანებში უკრაინის ხელისუფლებამ არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა ამ ხალხისთვის, ვგულისხმობ ტყვედ ჩაბარებულ რუსებს. ერთი მხრივ, ესენი ის ადამიანები იყვნენ, ვინც აგრესორი ქვეყნის წითელ პასპორტს ფლობდა, თუმცა, მეორე მხრივ, იმ ვითარებაში, რომელშიც უკრაინა იმყოფებოდა და იმყოფება, ყოველ მოტივირებულ მებრძოლს ოქროს ფასი ჰქონდა. ჩვენ კი, მოხალისეები მაქსიმალურად მოტივირებულები ვართ.
ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, უკრაინის ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ფარგლებშიც მათ შეიარაღებულ ძალებში ინტერნაციონალური ლეგიონი შეიყვანეს. თუმცა, ამ ყველაფერს წინ უძღოდა სპეციალური პროცედურები, შეთანხმება გაფორმდა და მხოლოდ ამის შემდეგ, დოკუმენტაციის გაფორმების საფუძველზეც გვანდეს იარაღი.
ძალიან მადლიერები ვართ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა ჩვენი ყოფილი სამშობლოს, რუსეთის მიერ უკრაინისთვის მიყენებული ზიანი საკუთარი სისხლით გამოვისყიდოთ.
- როგორია თქვენი პროგრამა მაქსიმუმი და პროგრამა მინიმუმი?
- ჩვენი სამხედრო ვერტიკალი მთლიანად მიმართულია უკრაინის თავდაცვისკენ, ვემორჩილებით და ვასრულებთ ჩვენთვის მოცემულ დავალებას. აქტიურად ვმონაწილეობთ დონეცკის ოლქში, ბახმუტი-ტორეცკის მიმართულებით მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში. ჩვენი სამხედრო მოქმედებები კონკრეტულ დავალებებს მოიცავს: საჰაერო დაზვერვა და თავდასხმითი ღონისძიებები, ასევე, დანაღმვითი სამუშაოები, მოიერიშე ჯგუფები.
თქვენ პროგრამა მაქსიმუმზე მკითხეთ: ეს არის რუსეთის გათავისუფლება პუტინის რეჟიმისგან. როდესაც ჩვენ რუსეთის ტერიტორიაზე რეიდებისთვის შევდივართ, უკრაინელი სამხედროები კი არა, ასე ვთქვათ, შვებულებიდან დაბრუნებული ადამიანები, რუსეთის მოქალაქეები ვართ, რომლებიც შინ ბრუნდებიან, რათა იქ წესრიგი დაამყარონ იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რომელიც გვეძლევა, ანუ შეიარაღებული სამხედრო გზით სამართლიანობის აღდგენისთვის ვიბრძვით. ცნობისთვის, ოპოზიციას სხვა გზა და საშუალება არ დარჩა.
- პოლიტიკურ ოპოზიციას გულისხმობთ?
- დიახ, ოღონდ ნამდვილ პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელსაც რეალურად სურს რაღაც ცვლილებები და ფსევდო, პუტინის რეჟიმის მიერ ხელოვნურად შექმნილ პოლიტიკურ ერთეულებს.
- ის, რასაც ლეგიონი ბელგოროდის ოლქში აკეთებს, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და უდიდესი დისკომფორტია პუტინის რეჟიმისთვის. თუმცა, ამგვარი პროპაგანდის პირობებში, როგორ წარმოგიდგენიათ პუტინის რეჟიმის დამარცხება და რუსეთის გათავისუფლება?
- კარგად მესმის თქვენი კითხვის კონტექსტი, მაგრამ მთავარია დავიწყოთ... შესაძლოა, შორიდან არ ჩანს, სწორედ თქვენ მიერ ნახსენები პროპაგანდის უდიდესი ძალისხმევის შედეგად, რუსეთში ასობით ათასი ადამიანი ძალზე უკმაყოფილოა არსებული რეალობით, მაგრამ მათ ეშინიათ ამაზე ილაპარაკონ და მით უფრო, იმოქმედონ. პუტინმა იმდენად ეფექტური პოლიციური სახელმწიფო ააშენა, რომ ნებისმიერი განსხვავებული პოზიციის გამოხატვა უმკაცრესად ისჯება. თუმცა, სახალხო უკმაყოფილება, უსასტიკესი რეჟიმის მიმართ სიძულვილი, აგრესია არსად მიდის, გროვდება და სწორედ ჩვენ გავხდებით ის ძალა, რომლისგანაც შიდა შეიარაღებული კონფლიქტი იფეთქებს. მთავარია, იმ ადამიანებს მივცეთ იმედი და მოტივაცია, რომ ყველაფრის მიუხედავად, ბრძოლა და ომი გრძელდება. პუტინი არც ისეთი უძლეველია, როგორც ამას მისი პროპაგანდისტული მედია წარმოაჩენს. საბოლოოდ, ყველა დიქტატურა დასრულდა და ასევე ყველა დიქტატორი დაამხვეს.
რუსეთის ფედერაციაში ჩვენი ახლანდელი რეიდები იმაზე მიანიშნებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი გზის, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს რევოლუციას და შეიარაღებულ ბრძოლას პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ.
- რა სჭირდებათ ლეგიონსა და მის მოკავშირეებს სტაბილური წინსვლისა და საბოლოო გამარჯვებისთვის?..
- პირველ რიგში, რასაკვირველია, გვჭირდება მეტი ხალხი, ჩვენი არმია უფრო მასშტაბური რომ გახდეს. ასევე, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოგვიერთდეს რუსეთიდან და ევროპიდან. ამისთვის სპეციალური ქსელები გვაქვს, რათა მსურველებმა ჩვენთან დაკავშირება შეძლონ იმ არხზე, რომლის დახმარებითაც უკვე ბევრი დაგვიკავშირდა. ამასთან, რასაკვირველია, გვჭირდება ფინანსური მხარდაჭერა - ომს ძალიან დიდი დანაკარგები ახლავს. მუდმივად გვჭირდება ავტომობილები, დრონები, თერმული გამოსახულების კამერები, მათი ნაწილები...
- დაფინანსებაზეც გკითხავთ, რაც ომში ძალიან მნიშვნელოვანია - ვინ გეხმარებათ?
- ჩვენი ფონდი მუშაობს რუსი ქველმოქმედებისა და სხვების დახმარებით, მეგობრების, მათი ახლობლების შემწეობით. გადარიცხვა შესაძლებელია კრიპტოვალუტის მეშვეობითაც... თუმცა, არც ევროპელი პოლიტიკოსების მხარდაჭერა იქნებოდა ცუდი. გვესმის, რომ ახლა საქვეყნოდ ჩვენს მხარდასაჭერად არც ისე ბევრი ევროპელია მზად, თუმცა, კულუარებში სრულიად სხვაგვარი ვითარებაა. მაგალითად, ვიცით, რომ ევროპარლამენტში ჩვენ შესახებ გამუდმებით საუბრობენ, ოღონდ იქაც დახურულ სივრცეებში. ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს, პოლიტიკა ხომ დახურულ კარს მიღმა კეთდება. ასე რომ, ჩუმი მხარდაჭერაც გვჭირდება და ამ მიმართულებით გარკვეული დადებითი ტენდენციები უკვე შეინიშნება.
- აუცილებლად უნდა გკითხოთ მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე - ერთ-ერთი ვერსიით, ტერაქტის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან. სხვები მიიჩნევენ, რომ დაზვერვა ჩავარდა... თავად როგორ ფიქრობთ?
- დიახ, როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრნაირი ვერსია გავრცელდა. მე ვფიქრობ, რომ რუსული დაზვერვა ჩავარდა. მგონია, ისინი შესაძლოა ელოდნენ ტერორისტების ჯგუფს, მაგრამ მათი პოტენციალი ვერ შეაფასეს. მიზანი იყო პასუხისმგებლობის უკრაინაზე გადატანა, მცირე, მაგრამ გახმაურებული თავდასხმით, რასაც შემდეგ პუტინი სათავისოდ გამოიყენებდა. დღემდე ძალზე მოუხერხებლად ცდილობს ის მისთვის სასურველი "სიმართლე" წარმოაჩინოს, მაგრამ შემდეგ ტერორისტები კონტროლიდან გამოვიდნენ და უდანაშაულო ადამიანების სასაკლაომ ძალზე მასშტაბური სახე მიიღო. მათ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბეს. შესაბამისად, სიტუაციამ ისეთი სახე მიიღო, რომ მომხდარის უკრაინისთვის გადაბრალებას უკვე საფუძველი გამოეცალა. ძალიან ცდილობენ რუსული პროპაგანდა და სპეცსამსახურები, მაგრამ მთლად დამაჯერებლად აღარ გამოსდით.
თუმცა, უფრო რთული და მძიმე ვერსიის ხელაღებით გამორიცხვაც არ შეიძლება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ პუტინზე ვსაუბრობთ, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია. 1999 წელს მან საცხოვრებელი კორპუსები ააფეთქა და რუსეთის ზომბირებულ მოსახლეობას ტერაქტად შეასაღა, რათა ჩეჩნეთში მეორე, მასშტაბური ომი დაეწყო. ეს ხომ მისი ხელწერაა - მიზნის მისაღწევად არაფერს ერიდება, ადამიანების სიცოცხლეს არასდროს არაფრად დაგიდევდათ.
პუტინი დაინტერესებულია რუსი საზოგადოება კედელთან მიაყენოს, გამოსავალი არ დაუტოვოს და დაანახვოს - აი, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, აღარ არის პასიურობის დრო, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, თორემ შინ გვივარდებიანო. ასეთი ფონის შექმნა საყოველთაო მობილიზაციისთვის სჭირდება, რათა მშვიდად გააგრძელოს უკრაინაში ომი. ადამიანების, სრულიად მოუმზადებელი ბიჭების სიცოცხლე მისთვის არასდროს იყო ღირებული. მას ახლა რაც შეიძლება მეტი საზარბაზნე ხორცი სჭირდება - ამ ფონზე კი "კროკუსში" მომხდარი ტერაქტი მისთვის სასარგებლო ამბავია.
- და მაინც, გჯერათ, რომ პუტინი დამარცხდება? როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთის გათავისუფლება?
- ეს "დაჯერების" საკითხი კი არა, სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა და თუ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შევეწირები, ჩავთვლი, რომ ტყუილად, უაზროდ და უშედეგოდ არ მიცხოვრია... ჩვენ იმისთვის ვმუშაობთ, რომ პუტინი უკრაინაში დამარცხდეს, ამის შემდეგ კი ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ. ის აუცილებლად უნდა გასამართლდეს სამხედრო ტრიბუნალზე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო.
ჩვენ არც დამკვირვებლები ვართ, რომლებიც რომელიღაც მხრიდან აფასებენ სიტუაციას და მტყუან-მართალს არჩევენ, ჩვენ პროცესის უშუალო მონაწილეები ვართ, რუსეთის ოპოზიცია, ოღონდ, რეალური, შეიარაღებული ოპოზიცია. სრულიად გააზრებულად ურთულეს დავალებას შევეჭიდეთ, ყოველი ჩვენი ნაბიჯი უმძიმესია, ყოველ წუთს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გავდივართ, მცირედი არასწორი ქმედება და შესაძლოა ყველაფერი ძვირად დაგვიჯდეს, მაგრამ პუტინისა და მისი დიქტატურისგან თავის დასაღწევად სხვა გამოსავალი არ არსებობს.
როდესაც რუსეთის გარშემო გარემოებები იცვლება და მძიმდება, ჩვენ საკმარისად ვიზრდებით უკრაინის შეიარაღებული ძალების ფარგლებში. შესაბამისად, გვაქვს მზადყოფნა, შესაძლებლობა და რესურსი, რუსეთის მიერ წარმოებულ ომის ტალღაში გარდატეხა შევიტანოთ და უკრაინა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში დავიბრუნოთ. რუსული ეკონომიკა სანქციების სიმძიმის ქვეშაა მოქცეული და თუ ბზარი გაღრმავებას დაიწყებს, გადამწყვეტი, გამანადგურებელი დარტყმის დროც მოვა, ჩვენ კი ამისთვის მზად ვიქნებით!..
ლალი პაპასკირი