"ქართველის მეტოქე - მიზია გოდებსკა ნახევარი საუკუნის მანძილზე განსაზღვრავდა პარიზის კულტურულ ცხოვრებას"
"მე მხოლოდ ქმრები მყავდა, არასდროს - საყვარლები, - იცოდა ხოლმე თქმა მიზიამ. მის მეგობარ კოკო შანელს კი პირიქით - ყოველთვის საყვარლები ჰყავდა, ქმარი - არასოდეს", - წერენ წიგნის ავტორები...
"...არსებობს სამწუთიანი ფილმი, ბ. გ. ჩეპმენის მიერ გადაღებული 1934 წელს. ფირზე ასახულია სამი მანდილოსანი: რუსუდან მდივანი, მიზია გოდებსკა და მიზიას მეგობარი მადამ კოლე. მადამ კოლე უძრავად ზის, მკლავით ფანჯრის რაფას დაყრდნობილი. რუსუდანი თავის მოშინაურებულ მაიმუნს ეთამაშება, უზრუნველად და ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება..." - ლიტერატურის კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე უნიკალურ ცნობებს გვაწვდის...
- მწერლები - პოლ ვერლენი, სტეფან მალარმე, პოლ ვალერი, მარსელ პრუსტი, ჟან კოქტო, გიიომ აპოლინერი, ჟიულ რენანი, სენ-ჟონ პერსი, პიერ რივერდი, პოლ მორანი; მხატვრები - ოგიუსტ რენუარი, ტულუზ-ლოტრეკი, ედუარდ ვიუიარი, პიერ ბონარი, პაბლო პიკასო, ფელიქს ვალოტონი; კომპოზიტორები - გაბრიელ ფორე, მორის რაველი, იგორ სტრავინსკი, კლოდ დებიუსი -
რა აქვთ საერთო ზემოთ ჩამოთვლილ ხელოვანთ, გარდა იმისა, რომ ყველანი ევროპული მოდერნიზმის ლეგენდარული წარმომადგენლები არიან? ყველა მათგანი აღმერთებდა (მათი უმეტესობა აშკარად თუ ფარულად, თუმცა ყოვლად უიმედოდ ეტრფოდა კიდეც) მიზია გოდებსკას, პოლონური წარმომავლობის პარიზელ ქალბატონს. მიზია იყო მათი მუზა, შთაგონება, მფარველი, ხელის გამმართავი, ფართო ასპარეზზე გამომყვანი, მესაიდუმლე, მეგობარი... მათ კი მიზია გოდებსკას სილამაზე უთვალავ ფერწერულ ტილოსა თუ გრაფიკულ ნამუშევარში უკვდავყვეს; კომპოზიტორები მას უძღვნიდნენ თავიანთ ქმნილებებს; შეცვლილი სახელით ფიგურირებს იგი მეგობარ მწერალთა (მაგალითად, მარსელ პრუსტისა და ჟან კოქტოს) თხზულებებში.
მიზია გოდებსკასა და მისი ქართველი მეტოქის, რუსუდან მდივნის დრამატული, მრავალმხრივ უნიკალური ურთიერთობის შესახებ ამერიკელი მუსიკოსების, არტურ გოლდისა და რობერტ ფიცდეილის წიგნიდან შევიტყვე, რომელსაც გერმანულად თარგმნილს გავეცანი. წიგნის სახელწოდებაა "მიზია - მუზა, მეცენატი, მოდელი".
1872 წელს სანქტ-პეტერბურგში დაბადებული მიზია გოდებსკა მე-19 საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ნახევარი საუკუნის მანძილზე განსაზღვრავდა და წარმართავდა პარიზის კულტურულ ცხოვრებას, პარიზი კი იმ დროს, მოგეხსენებათ, დასავლური კულტურის უპირველესი ცენტრი იყო. "მიზია არბიტრი იყო გემოვნების საკითხებში", - წერენ წიგნის ავტორები და იქვე იმასაც დასძენენ: "რაკი იმ დროს (იგულისხმება XX საუკუნის 20-იანი წლები) კერძო აზრი უფრო მეტად ფასობდა, ვიდრე რეცენზიები, ავანგარდისტები დაახლოებით ისევე ცდილობდნენ მიზიას კეთილგანწყობა დაემსახურებინათ, როგორც დღეს ესწრაფვიან კრიტიკოსთა კეთილგანწყობის მოპოვებას".
დიახ, მიზია გოდებსკა შეუმცდარი არბიტრი ყოფილა ხელოვნების საკითხებში! ჩინებული მუსიკალური განათლება ჰქონდა მიღებული (გაბრიელ ფორეს მოწაფე გახლდათ), დიდებული საშემსრულებლო ტალანტით დაჯილდოებული, მაგრამ პროფესიონალი ხელოვანის კარიერაზე უარი თქვა და მხოლოდ უახლოესი ადამიანებისთვის გამართულ შინაურ კონცერტებზე მიუჯდებოდა ხოლმე როიალს.
ასევე ჩინებულად ერკვეოდა მხატვრობაში, ლიტერატურასა და თეატრალურ ხელოვნებაში. თუმცა "ჩინებულად ერკვეოდა" ბევრს ვერაფერს გვეუბნება მის გასაოცარ უნარზე, შეემჩნია და ღირსეულად დაეფასებინა სიახლე, ამოეცნო ტალანტი, წინასწარ განეჭვრიტა რას შეიძლებოდა ჰქონოდა მომავალი.
საფრანგეთის კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჟურნალი "რევიუ ბლანშ" ("თეთრი ჟურნალი"), რომელსაც მიზია თავის პირველ მეუღლესთან, ტადე ნატანსონთან ერთად 90-იან წლებში გამოსცემდა.
მეოცე საუკუნის ტანსაცმლის მოდის კანონმდებელი, ნამდვილი რევოლუციონერი ამ დარგში, ლეგენდად ქცეული კოკო შანელიც მნიშვნელოვანწილად მიზია გოდებსკას უნდა უმადლოდეს თავის დიდებას - მან გამოიყვანა ის ფართო ასპარეზზე. მიზია გოდებსკა მფარველობდა და შეიძლება ითქვას, ინახავდა სერგეი დიაგილევის რუსულ საბალეტო დასს პარიზში.
პარიზულ კულტურულ ცხოვრებაში ამგვარი როლი რომ შეგესრულებინა, ამისთვის რასაკვირველია, არც უდახვეწილესი გემოვნება იკმარებდა, არც ტალანტების ამოცნობის არაჩვეულებრივი უნარი, ყოველივე ამასთან ერთად ძალიან ბევრი ფული იყო საჭირო. მიზია სამჯერ გათხოვდა შეძლებულ მამაკაცებზე და რაც მთავარია, ყოველი მომდევნო ქმარი წინაზე მდიდარი შეხვდა.
მიზიას მესამე მეუღლე, რომელიც ამჯერად ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს, მასზე სამი წლით უმცროსი ესპანელი მხატვარი-მონუმენტალისტი ხოსე მარია სერტი გახლდათ (დაიბადა 1876 წელს ბარსელონაში, გარდაიცვალა 1945 წელს პარიზში) - მესამე ქმარი და, მიზიასავე სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი პირველი ნამდვილი სიყვარული.
ხოსე მარია სერტი უმდიდრესი ოჯახის შვილი იყო (სერტები ტექსტილის ფაბრიკებს ფლობდნენ). მას ჩინებული იეზუიტური განათლება ჰქონდა მიღებული, ბავშვობიდანვე გულში ამოიჭრა მხატვარი გამოსულიყო. ტანმორჩილი, ჩასკვნილი, სიცოცხლით სავსე მამაკაცი წარმატებული იყო ქალებში. მიზია მისი პირველი ცოლი იყო.
ხოსე მარია სერტის მოხატულია ბარსელონასთან მდებარე ვიჩის ტაძარი (მისი მოხატვა სერტს ესპანეთის სამეფო ოჯახმა სთხოვა), "როკფელერის ცენტრი" ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების სასახლე ჟენევაში. ამ სამუშაოებში მან უზარმაზარი ჰონორარები აიღო. ნიუ-იორკის ვალდორფის სასტუმროს მოხატვისთვის ხოსე მარია სერტს 150.000 დოლარი გადაუხადეს, რაც, წიგნის ავტორების აზრით, ახლანდელ ნახევარ მილიონ დოლარს უდრის. მის ხელოვნებას დიდად აფასებდნენ ანდრე ჟიდი, მარსელ პრუსტი და განსაკუთრებით პოლ კლოდელი. ბევრი მისი თაყვანისმცემელი იმ აზრისა იყო, რომ სერტმა მხატვრობის ოქროს ეპოქა დააბრუნა. წიგნის ავტორების თქმით, ამ ფრესკების ხილვისას დღესაც ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს მათი მასშტაბურობა, თანამიმდევრულობა და ფანტაზიის გრანდიოზულობა. კოლორიტით მათი ავტორი, როგორც ამბობენ, მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის, მაგრამ მისი ნახატი ოსტატურია და დიდი სივრცის დაძლევის პრობლემას უნაკლოდ წყვეტს.
- როდის გაიცნო რუსუდან მდივანი?
- 12 წლის არაოფიციალური ცოლქმრობის მერე მიზიამ და სერტმა 1920 წელს იქორწინეს. 1925 წელს კი, როცა სერტი 50 წლის იყო, მიზია კი 53-ისა, ასპარეზზე რუსუდან მდივანი გამოჩნდა, ქართველი პრინცესა (ასე აცნობდა იგი ყველას თავის თავს). 19 წლის მაღალი, ტანწერწეტა, თავზარდამცემი სილამაზის გოგონა ატელიეში გამოეცხადა ხოსე მარია სერტს: მოქანდაკეობას ვსწავლობ, თქვენი რჩევა-დარიგება მჭირდება და დიდი მხატვრის სახელოსნოს დათვალიერებაც ძალიან მაინტერესებსო. ხოსე მარია სერტი ვეღარაფრით დააღწევს თავს ამ ქალიშვილის ჯადოს. რუსიმაც (ასე ეძახდნენ მოფერებით რუსუდანს) თავდავიწყებით შეიყვარა სახელოვანი ხელოვანი. შეყვარებულები მიზიასაგან მალულად ხვდებოდნენ სერტის სახელოსნოში.
ქართველი მზეთუნახავი რუსუდან მდივანი ბათუმის ყოფილი გუბერნატორის, გენერალ ზაქარია მდივნის ქალიშვილი იყოო, - გვაუწყებენ წიგნის ავტორები. გენერალი ზაქარია მდივანი რევოლუციის შემდეგ მთელ თავის ოჯახთან ერთად კონსტანტინოპოლში გაქცეულა, იქიდან კი მოგვიანებით პარიზში ჩასულან. ზაქარიას მეუღლე ნახევრად ქართველი, ნახევრად პოლონელი ყოფილა. მისგან ხუთი შვილი შესძენია ზაქარიას: ნინო, დავითი, სერგი, რუსუდანი და ალექსი.
ევროპასა და შემდეგ ამერიკაშიც ძმები მდივნები თავიანთი დაიკოს მსგავსად, თავადიშვილებად (პრინცებად) ასაღებდნენ თავს. ამიტომ ახალი ნაცნობები მათ მამას, ზაქარიასაც "თავადოთი" მიმართავდნენ, რის გამოც იგი ხუმრობდა: მე ალბათ ერთადერთი ადამიანი ვარ ამქვეყნად, რომელმაც თავადის ტიტული შვილებისაგან მიიღოო.
ხოსე მარია სერტი შინ აღტაცებით ლაპარაკობდა თავის ახალგაზრდა მეგობარ გოგონაზე და მიზიამ საფრთხე იგრძნო - მიხვდა, ეს არ იყო მისი მეუღლის უბრალო, წარმავალი გატაცება, რომლის მსგავსიც მანამდე არაერთი ჰქონია მას და რომლებზეც მიზია დიდსულოვნად ხუჭავდა თვალს.
მიზიამ გადაწყვიტა გაეცნო, დაახლოებოდა მას, ოჯახში მიეწვია, მეუღლის წინაშე თვითონვე ექო და ედიდებინა - იმედოვნებდა, ამ ხერხით გაენელებინა სერტის მძაფრი სიყვარული ქალიშვილისადმი.
ერთხელაც მეუღლის ატელიეს წინ თვალი მოჰკრა მაღალ, ქერა, უმშვენიერეს ქმნილებას, რომელმაც აჩქარებული ნაბიჯით გადაჭრა ქუჩა და მიზია მიხვდა, ეს არის ჩემი ქმრის ახალი გატაცებაო. იგი უზომოდ მოხიბლა ქართველმა "პრინცესამ". დაურეკა და მეორე დღესვე ეწვია პაწაწინა სახელოსნოში. იმ დროს მისულა, როცა რუსუდანი იაპონელი მსახიობის ბიუსტზე მუშაობდა. მიზიასთვის აშკარა გახდა, რომ უძლური იყო რამე დაეპირისპირებინა ამ არაჩვეულებრივი სილამაზისთვის და... თავდავიწყებით შეიყვარა რუსუდანი.
ალერსითა და საჩუქრებით აავსო მიზიამ იგი. იმ ხანებში რუსუდანს დედა გარდაეცვალა. დედის დაკარგვა გოგონამ მეტად მტკივნეულად განიცადა და უშვილო მიზია დედობრივ მზრუნველობას არ აკლებდა თავის მეტოქესა და უმცროს მეგობარს. რაც დრო გადიოდა, სულ უფრო იზრდებოდა მიზიას სიყვარული ამ გოგონასადმი, მაგრამ მისდა საუბედუროდ, ქართველი მზეთუნახავისადმი მისი საყვარელი მეუღლის გრძნობებსაც არ ეწერა დაცხრობა - ხოსე მარია სერტი კვლავინდებურად ჭკუას კარგავდა რუსუდან მდივნის გამო. არც სერტისადმი მიზიას სიყვარული იკლებდა. "მიზიას ვეღარ გაერკვია, ვინ უფრო მეტად უყვარდა, რუსი თუ სერტი", - წერენ ამერიკელი ავტორები.
სერტი და რუსუდანი ყველანაირად ეცადნენ, გულში ჩაეკლათ თავიანთი სიყვარული, მაგრამ ვერას გახდნენ. მათი გრძნობა ვერც თითქმის ერთწლიანმა განშორებამ გაანელა, როცა რუსი ამერიკაში, ძმებთან გაემგზავრა, რათა იქნებ ასე მაინც ჩაექრო ტრფობის ალი.
სხვა გზა აღარ იყო და მიზია განქორწინებაზე დათანხმდა. მაგრამ ხოსე მარია სერტს, მორწმუნე ესპანელ კათოლიკეს, ეკლესია თუკი საერთოდ მისცემდა განქორწინების ნებას, ამას წლები დასჭირდებოდა. ამიტომ რუსუდანის უფროსი დის, ნინოს რჩევით (იგი ამერიკელ ადვოკატზე იყო გათხოვილი), გადაწყვიტეს, რომელიმე პროტესტანტულ ქვეყანაში ჩაეტარებინათ სამოქალაქო განქორწინებისა და შემდეგ სამოქალაქო ქორწინების პროცედურები და ამ მიზნით ჰოლანდიას მიაშურეს. "ნუ ტირი, - ეჩურჩულებოდა რუსუდანი მიზიას ჰააგის სასტუმროში. - ჩვენ ორივეს გვეყვარები შენ, არასოდეს მიგატოვებთ, ჩვენ ხომ ჩვენს ბედნიერებას შენ გიმადლით".
სერტი და რუსი პარიზში დიდებულ სასახლეებს ქირაობდნენ და მეფურად ცხოვრობდნენ. სერტი შეკვეთებს შეკვეთებზე იღებდა, "ფულებში ცურავდა". ესპანეთშიც შეიძინეს მამულები და სასახლეც აიშენეს.
მაგრამ სიმდიდრე და სილამაზე ბედნიერების გარანტია რომ არ არის, ეს კიდევ ერთხელ დაგვანახვა ცხოვრებამ რუსუდან მდივნის მაგალითზე: 1935 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა რუსუდანის უსაყვარლესი ძმა ალექსი. ქალი ლამის ჭკუიდან შეშალა ამ უბედურებამ. ოთახში გამოიკეტა, აღარც ჭამდა და აღარც ვინმეს დანახვა შეეძლო. ძლივს გამოკეთდა და ახალი ტრაგედია დაატყდა თავს - ფლორიდის შტატში ცხენიდან გადმოვარდა და დაიღუპა მისი მეორე ძმა - სერგიც. დარდმა ისე დაასუსტა რუსუდანი, რომ ფილტვების ტუბერკულოზით დაავადდა. მიზია გვერდიდან არ შორდებოდა, უვლიდა, საწოლთან უთევდა ღამეებს, ცდილობდა გაერთო, დეპრესიიდან გამოეყვანა...
რუსის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა. ავადმყოფი კლინიკურ მკურნალობას საჭიროებდა და კოკო შანელმა ასეთ ხერხს მიმართა: ავადმყოფობა მოიგონა და რუსუდანს შეეხვეწა, შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში გაჰყოლოდა. რუსუდანი დათანხმდა.
"რუსუდან მდივანს მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენს", - ასეთი იყო შვეიცარიელი ექიმების დასკვნა. სასწაული კი არ მოხდა. 1938 წლის 16 დეკემბერს ოცდათორმეტი წლის რუსუდან მდივანი აღესრულა.
ამ უბედურებით თავზარდაცემულმა მიზიამ ლამის დაკარგა თვალისჩინი - ერთბაშად ძლიერ დაუქვეითდა მხედველობა.
მიზია გოდებსკამ 1950 წლამდე იცოცხლა. სიკვდილის წინ თავის მეგობარ ქალბატონს გულის მოყვანილობის მედალიონი აჩუქა. მიზიას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მედალიონი გახსნეს, მასში რუსუდანის ფოტო აღმოჩნდა.
დაბოლოს: არსებობს სამწუთიანი ფილმი, ბ. გ. ჩეპმენის მიერ 1934 წელს გადაღებული. ფირზე ასახულია სამი მანდილოსანი: რუსუდან მდივანი, მიზია გოდებსკა და მიზიას მეგობარი მადამ კოლე. მადამ კოლე უძრავად ზის, მკლავით ფანჯრის რაფას მიყრდნობილი. რუსუდანი თავის მოშინაურებულ მაიმუნს ეთამაშება, უზრუნველად და ძალზე ახალგაზრდულად გამოიყურება. მიზია უკანა პლანზე მოძრაობს: ეს გახლავთ ხანში შესული დიდად ღირსეული ქალბატონი. ფილმი ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ფილმოთეკაში ინახება. ამ ფილმის ამბავიც არტურ გოლდისა და რობერტ ფიცდეილის არაჩვეულებრივ წიგნში ამოვიკითხე.
მანანა გაბრიჭიძე