„აღფრთოვანებას ვერ ფარავენ, როდესაც ხედავენ, როგორ ცეკვავენ ეს პაწაწინა ბავშვები“
სადაც მეუღლესთან, გურანდა ქუმსიაშვილთან ერთად ხელმძღვანელობს ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლს „ქართული“. როგორც თავად ამბობს, ანსამბლის დაარსება და დარბაზის დაქირავება საკმაოდ დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, არაერთხელ აღმოჩნდა იმედგაცრუებული, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო სურვილი, რომ ყველა პრობლემასა და წინააღმდეგობას გაუძლო და დღეს წარმატებული ანსამბლის ქორეოგრაფია.
„დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის, რომ ემიგრანტ ბავშვებს - მათ, ვისაც საკუთარი სამშობლო არც კი უნახავთ, ქართული კულტურა და ცეკვა შევაყვარო“, - აღნიშნა ჩემთან საუბრისას. დავითი წარმოშობით კახეთიდან, გურჯაანიდანაა. მშობლებს 5 წლის ასაკში მიუბარებიათ ქორეოგრაფთან, მას შემდეგ კი ქართული ცეკვა მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. მასთან ერთად ანსამბლის წევრებსაც ვესაუბრეთ.
დავით ტორიაშვილი:
- წლებია კანადაში ვცხოვრობ. ემიგრაციაში ბევრი ყოფითი პრობლემაა - მონატრება, სიშორე, ენის ბარიერი, ახალი ნაცნობები. ამ ყველაფერმა შეიძლება ადამიანს ფსიქიკა დაუნგრიოს ან პირიქით, შეიძლება უფრო გააძლიეროს და დაეხმაროს წინსვლასა და მიზნების მიღწევაში. სამშობლოში ცხოვრების წლები ჩემი ცხოვრების ძალიან ძვირფასი ნაწილია.
- ემიგრაციამდე რას საქმიანობდით?
- გურჯაანის ანსამბლში ვცეკვავდი, ასევე მქონდა ჩემი ანსამბლიც. რადგან ძალიან მცირე დახმარება ჰქონდა ანსამბლს და ამით არანაირი ხარჯის დაფარვა არ შემეძლო, გადავწყვიტე ემიგრაციაში წამოვსულიყავი. ვფიქრობდი, აქ ჩემი შრომა უფრო დაფასდებოდა.
- უცხო ქვეყანაში საკუთარი პროფესიით მუშაობას ბევრი ვერ ახერხებს.
- ეს ემიგრანტისთვის მართლაც იშვიათი ბედნიერებაა. პირველ რიგში, უნდა დააინტერესო შენი საქმიანობით; უნდა დაარწმუნო, რომ შენ ის ადამიანი ხარ, ვისაც შეიძლება ბავშვები მიანდონ აღსაზრდელად. გარდა ამისა, აუცილებელია, მეტ-ნაკლებად ყველასთვის სასურველი პირობების შექმნა, ეს არის დარბაზის მდებარეობა, დღეები და საათები, რომელიც ყველასთვის მოსახერხებელი უნდა იყოს, რადგან იქ ყველა სხვადასხვა დროს და დღეს მუშაობს. აუცილებელია დააინტერესო უცხოელი მაყურებელი იმით, რასაც აკეთებ. თავიდან მხოლოდ სამი მოსწავლე მყავდა, ისიც მეგობრის შვილები, სამივე ბიჭი იყო. შემდეგ გამოჩნდნენ მსურველი გოგონები. შესაბამისად, დამჭირდა გოგონების ქორეოგრაფიც. ნათია კუსრაშვილთან ერთად დავიწყე მუშაობა იქამდე, სანამ ჩემი მეუღლე შემოგვიერთდებოდა... შემდეგ უკვე რეკომენდაციებით მოჰყავდათ ბავშვები, ახლა ორმოცდაათამდე ვართ.
- როგორც ვიცი, საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ შემოგთავაზეს სხვა ქვეყნის სახელით მიგეღოთ მონაწილეობა ერთ-ერთ ფესტივალში.
- სანამ ჩვენი დარბაზი გვექნებოდა, აზერბაიჯანელებთან ერთად ვვარჯიშობდით. ისინი ერთ-ერთ ფესტივალზე მიიწვიეს და მითხრეს ამ ფესტივალზე ქართული ცეკვით გამოვსულიყავით, ოღონდ აზერბაიჯანის სახელით. ამის სანაცვლოდ საკმაოდ დიდი თანხაც შემომთავაზეს. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, რადგან თუ ოდესმე ფესტივალზე გამოვალთ და ქართულ ცეკვას წარვადგენთ, ეს იქნება საქართველოს სახელით და არანაირ თანხაზე ჩემს პრინციპსა და სამშობლოს სიყვარულს არ გავცვლი. ამის შემდეგ დარბაზში ვარჯიშზეც უარი მითხრეს და იძულებული გავხდი სხვა დარბაზის ძებნა დამეწყო. 2022 წელს პირველად მივიღეთ მონაწილეობა ფესტივალში, დღეს კი უკვე არაერთი თასისა და ოქროს მედლის მფლობელები ვართ. დამასახელეს საუკეთესო ქორეოგრაფად.
- დიდი პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული საკუთარ თავზე, სამშობლოსა და საკუთარ კულტურას მხოლოდ თქვენი დახმარებით ეცნობიან ბავშვები.
- ამას ვაცნობიერებ, მართლაც დიდი პასუხისმგებლობაა, თან სასიამოვნოა, რომ ამ პატარა გოგო-ბიჭებს შთააგონებ სამშობლოს სიყვარულს, განავითარებ მათში ქართულ გენს. თუ ვერ შეძლებ და მათთან ყველაფერს სწორად ვერ მიიტან, ცეკვის სურვილი გაუქრებათ.
ნატალი თედიაშვილი, ანსამბლის წევრი:
- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ცეკვის შესწავლა. ამით ვცდილობ სამშობლოს სიყვარული არ განელდეს ჩემში, შევისწავლო ჩვენი ქართული კულტურა და მივიტანო უცხო ქვეყნის წარმომადგენლებამდე. ვაჩვენო მათ, თუ რა ძლიერი ერი ვართ და როგორი კულტურა გვაქვს. ძალიან ვღელავთ, როდესაც უცხოელი მაყურებლის წინაშე გვიწევს გამოსვლა და ამისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით.
გიო შაღაშვილი:
- ჩემთვის ქართული ცეკვა საქართველოს სიყვარულსა და პატივისცემას ნიშნავს. როდესაც ფესტივალზე გავდივართ, ძალიან გვეშინია, არ ვიცით, მათ მოეწონებათ თუ არა, თუმცა კონცერტის ბოლოს ყოველთვის აპლოდისმენტებს ვიმსახურებთ, ზოგჯერ მოდიან და პირადადაც გვეუბნებიან მადლობას. ბედნიერი ვარ, რომ ამ ანსამბლში გახლავართ. ჩვენ ყველა ერთად ერთი დიდი ოჯახი და ძალიან ძლიერი ძალა ვართ.
- რამდენად მოსწონთ ქართული ცეკვა კანადელებს?
- აღფრთოვანებას ვერ ფარავენ, როდესაც ხედავენ, როგორ ცეკვავენ ეს პაწაწინა ბავშვები. მოდიან კონცერტის შემდეგ და ხელს ართმევენ მოცეკვავეებს. იყო შემთხვევა, რომ ბავშვებს ხელით ეხებოდნენ, ამოწმებდნენ, ნამდვილები იყვნენ თუ არა. იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როდესაც შენი შრომის შედეგს ხედავ.
- ჩვენი საკონსულო თუ გეხმარებათ?
- რამდენჯერმე მივაკითხე საქართველოს საკონსულოს დახმარების თხოვნით. მითხრეს, რომ დამიკავშირდებოდნენ, მაგრამ დღემდე არავინ გამოჩენილა. არადა, სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვარ. ვცდილობ, წარმატებას ჩემი შრომით მივაღწიო, მაგრამ ვხედავ, რომ რატომღაც არ გვწყალობს საკონსულო. არაერთი ღონისძიება იმართება ქართული დღესასწაულების აღსანიშნავად, მაგრამ ჩვენ არავინ გვეპატიჟება. გია ჯაჯანიძეც იყო ჩამოსული გადაღებაზე, დავუკავშირდი და მივმართე თხოვნით, რომ ჩვენთანაც მოსულიყო. მინდოდა, ჩვენც მიგვეწვდინა ხმა საქართველომდე, მაგრამ დროის არქონის გამო მის ეთერშიც ვერ მოვხვდით. მხოლოდ ორი ქართველისგან ვგრძნობთ დიდ მხარდაჭერას - ქალბატონი თამუნა ალთუნაშვილი და ჟუჟუნა რახრახაძე, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო.
ფიქრია რობაქიძე