"ბაღს როცა ვუვლი, ასე მგონია, თითქოს მიწაზე ვხატავ..."
თუმცა პედაგოგობა კიდევ ცალკე ნიჭია და ამისი განსაკუთრებული მაგალითია ბატონი უშანგი ლონდარიძე, რომელიც 60 წელზე მეტია ბავშვებს ხატვის გარდა, ცხოვრებისეულ ფასეულობებსაც ასწავლის. ის ორჯერ გახდა თბილისის საუკეთესო მასწავლებელი სხვადასხვა წელს. პედაგოგი მოსწავლეებს ძალიან რომ უყვართ, ამის ერთ-ერთი გამოვლინება ისაა, რომ პირველკლასელმა ბიჭუნამ თავისი შექმნილი სპეციალური სიგელი მიუძღვნა საყვარელ ხატვის მასწავლებელს. 87 წლის ხელოვანი თავიდან სპორტით იყო დაინტერესებული, მერე ბედი მუსიკის სფეროში სცადა, თუმცა საბოლოოდ ხატვა გახდა მისი ცხოვრების აზრი. მალე წიგნის გამოცემას აპირებს, რომელსაც ასე დაარქვა - "გზას მინათებდა რწმენა ნამდვილი".
რელიგია და ხატვა
- უფალი ჩემი პირველი ნათლიაა. "არამიანცის" საავადმყოფოში დავიბადე. ჩემს დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე დედამ სიზმარში სამი თეთრი კარტი ნახა, ერთზე ეწერა - "უშანგი" და ეს სახელი დამარქვა. სპარსული სახელია, "კარგი ცხოვრების მქონეს" ნიშნავს. ხატვის ნიჭი უფალმა აღმომიჩინა. ჩემი ცხოვრების გზა რელიგიას და ხატვას უკავშირდება. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. ჩემი პირველი მოძღვარი დავით მექვაბიშვილი იყო. ის ახლა გურიაში ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარია. 12 წლის მანძილზე საირმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის ეზოში გამოფენებს ვაწყობდი. პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ლევან ჩიქვანაია ყველა გამოფენაზე მესწრებოდა. კარგა ხანს ამ სკოლაში ვიყავი ხატვის მასწავლებელი. 27-ე წელი დაიწყო, რაც სულხან ცინცაძის სახელობის ხელოვნების სკოლაში ვასწავლი.
ჩემი მეუღლე გულიკო თავაძე (ლიტერატორი და მუსიკოსი) 1996 წელს გარდაიცვალა. მისი სიყვარულის გამო და ხსოვნისთვის სახელოსნოს გვერდით მიწა მოვასწორე და მშვენიერი პატარა ბაღი გავაკეთე, სადაც დავრგე ყვავილები, დეკორატიული მცენარეები, ვაზი... აი, იაპონური ჯიშის დეკორატიული კომში ყვავის (ხეზე მიმითითებს. - ავტ.). ნახეთ, რა სილამაზეა. ბაღს როცა ვუვლი, ასე მგონია, თითქოს მიწაზე ვხატავ...
პირველი ნაბიჯები ხატვაში, სპორტსა და პედაგოგობაში
- ავლაბარში ვიზრდებოდი და ვსწავლობდი, ჩვენი სკოლის დირექტორი გრიშა კობახიძე იყო. დღეს ის სკოლა გრიგოლ კობახიძის სახელს ატარებს. ხატვას გვასწავლიდა გერმანიაში გიმნაზიადამთავრებული ქართველი ასაკოვანი კაცი (გვარი აღარ მახსოვს). დაფაზე დახატავდა შამფურს, ღორის თავს და მის ნაწილებს - შემწვარს. ბავშვებს ამას გვახატვინებდა. მე-7 კლასში ახალი ქიმიის მასწავლებელი მოვიდა და იმ კაცმა მაინცდამაინც მე მომცა დავალება: უშანგი, მენდელეევის ტაბულა დამიხატეო. დავხატე და კარგი ნიშანიც მივიღე. მას მერე ვხატავ და ვხატავ...
ტანვარჯიშში პირველი
მასწავლებელი გოგი ღლონტი მყავდა, შვილივით მზრდიდნენ ბატონი გოგი და ბატონი გრიშა. პირველ ცვლაში ვინც სწავლობდა, იმათთვის სკოლის ეზოში, დილის ვარჯიშებს ვუძღვებოდი. გვერდით მედგა დირექტორი, ყველა კლასს თავისი ადგილი ჰქონდა გამოყოფილი, მოწაფეების უკან დამრიგებლები იდგნენ. რა ვარჯიშსაც ვაჩვენებდი, ყველა იმეორებდა და ტვინიც "ცოცხლდებოდა". აბა ვინმეს არ გაეკეთებინა, კობახიძე ყველაფერს ხედავდა. დამრიგებლებს ავალებდა, ყურადღებით ყოფილიყვნენ, რომ მოსწავლეებს არ ეზარმაცათ.
ერთხელ სკოლის დირექტორმა დამიძახა: მოდი აქ, ყურუმსაღოო. ვიფიქრე, შენიშვნა უნდა მომცეს-მეთქი, მე-4 ან მე-5 კლასში ვარ. - პირველ კლასში გაკვეთილი ცდება, მასწავლებელი ავადაა და შენ ჩაატარე გაკვეთილიო. შევედი და ზღაპრების მოყოლა დავიწყე, ბავშვები ყურადღებით მისმენდნენ. მაშინ ჩაუყარა საფუძველი გრიშა კობახიძემ ჩემში პედაგოგობის ინტერესს. საერთოდ, სკოლას ვემადლიერები, ძალიან ბევრი რამ მომცა, იქ ვისწავლე მოტოციკლეტისა და მანქანის მართვაც, მერე უკვე ცხოვრებაში რა აღარ გავიარე.
სკოლის შემდეგ
- სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემმა ძმაკაცმა ნოდარ ლოლაშვილმა (მის სულს ვენაცვალე) მითხრა: წამო, გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩავაბაროთო. დავეთანხმე. იქ სწავლის წლებში გორის სახელი უფრო მეტად წარმოვაჩინეთ ტანმოვარჯიშეებმა, ფრენბურთელებმა, ფეხბურთელებმა... გეოგრაფია-ბიოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი ბიოლოგიის განხრით, ინსტიტუტის ღონისძიებებში ვმონაწილეობდი, კომკავშირის კომიტეტის წევრი ვიყავი. გორში ხატვასაც ვსწავლობდი, ნიკოლოზი ერქვა ხატვის პედაგოგს, მასთან დავდიოდი. ვმღეროდი კიდეც - დიდი ნიჭით არ გამოვირჩეოდი, მაგრამ ბატონმა ნიკოლოზმა ინსტიტუტის სცენაზე ერთ-ერთი კონცერტის დროს მომისმინა, სადაც ყველა ფაკულტეტი მონაწილეობდა, ჩემი ხმა მოეწონა და მირჩია, მუსიკალურ კარიერაზე მეფიქრა...
კონსერვატორიაში მოსამზადებელ ფაკულტეტზე მივედი, გამოცდაზე იონა ტუსკიამ მამღერა "ურმული" და "როდესაც გიცქერ". დამიწერეს ოთხიანი და მიმიღეს. მახსოვს, ერთ სპექტაკლზე ზურაბ სოტკილავა მღეროდა კონსერვატორიაში და მეც აღმოვჩნდი სცენაზე. ბალიში მომცეს, რომელიც უნდა გამეტანა წარმოდგენის დროს, ასე სჭირდებოდა იმ ეპიზოდს. კონსერვატორიაში ჩასარიცხად, უკვე მისაღები გამოცდებისთვის ვემზადებოდი, როცა გლანდების ოპერაცია დამჭირდა. ისე უხეშად გამიკეთეს, ხმა გამიფუჭდა... მერე კონსერვატორიაში მუშაობა დავიწყე, მაშინ რექტორი სულხან ცინცაძე იყო - ძალიან კეთილი და თბილი პიროვნება. ვენტილაციის განყოფილების ხელმძღვანელად დამნიშნა, სინამდვილეში მხატვარი ვიყავი - აფიშებს, პლაკატებს ვხატავდი, ვაფორმებდი ღონისძიებებს. მაშინ ტარდებოდა ამიერკავკასიის ფესტივალი და ა.შ. ახლოს ვიცნობდი ელდარ გეწაძეს და ანზორ შომახიას. ელდარი ყოველთვის მეძახდა თავის პრემიერებზე, ვარსკვლავის გახსნაზეც დამპატიჟა. ანზორი რუსეთში მიიწვიეს და იქ მღეროდა.
სამხატვრო აკადემიაში
- გორის პედაგოგიური ინსტიტუტი რომ დავამთავრე, სამსახური არ მქონდა. პლეხანოვზე, არტოს ბაღში ფუნქციონირებდა სხვადასხვა წრე, სადაც მოვეწყვე და ბავშვებს ვავარჯიშებდი ტანვარჯიშში. პირველად, როგორც ხატვის მასწავლებელმა, კიროვის რაიონის 65-ე სკოლაში დავიწყე მუშაობა. იქ მიმიყვანა ერთმა მეგობარმა. სკოლიდან დახასიათება დამიწერეს, რომელიც მივუტანე სამხატვრო აკადემიის რექტორ აპოლონ ქუთათელაძეს და მოსამზადებელ ფაკულტეტზე მიმიღო. გავიარე მოსამზადებელი კურსი, ძირითადი გამოცდები ჩავაბარე და მოვხვდი აკადემიაში. საგანს - პედაგოგიკა, მხატვრობა და ესთეტიკა გვასწავლიდა გოგიჩაიშვილი. ეს იყო ჩემი სპეციალობის ძირითადი საგანი. პედაგოგიურ ინსტიტუტში გავლილი მქონდა ისტორია, ანატომია, ბიოლოგია, ამიტომ აკადემიაში მარტო ხატვაზე დავდიოდი. ბატონ აპოლონთან არის დაკავშირებული ეპიზოდი, რასაც პირადად შევესწარი: აკადემიაში, თავის კაბინეტში იჯდა და მეც იქვე ვიდექი, როცა სტუმრად მოსულ პიროვნებას ასეთი რამ უთხრა: სამხატვრო აკადემიის არქიტექტორები მხატვრულ ნამუშევრებს ქმნიანო (იგულისხმება ქანდაკებები, ბარელიეფები...). მისი ნათქვამი დამამახსოვრდა.
მხატვარი და პედაგოგი
- ხშირად ვმონაწილეობდი საქართველოს სკოლების პედაგოგი-მხატვრების გამოფენებში, რომლის თავმჯდომარე უჩა ჯაფარიძე გახლდათ. ჩემს თითოეულ ნახატში სული მაქვს ჩაქსოვილი, ამიტომ ვცდილობ, არ გავყიდო. ნახატების უმეტესობას რაჭაში ვხატავ, იქ სახლი გვაქვს (რაჭველების სიძე ვარ). ჩვენი სოფელია ქვიშარი, 1 კმ-ია ჭრებალოდან. ბოლოს შარშან ზაფხულში, აგვისტოში დავხატე ყვავილების კომპოზიცია. სოფელში უამრავი სურნელოვანი ყვავილია და ნახატს დავარქვი "სოფელ ქვიშარის ყვავილების იკებანა".
ჩემს შვილიშვილებს ხატვის სწავლა 8-9 თვის ასაკიდან დავაწყებინე. გიკვირთ, არა? ეს მიკარნახა ჩემმა გონებამ, მდიდარი კაცი ვყოფილვარ აზროვნებით და იცით, რატომ? მერე აღმოვაჩინე, რომ XIV საუკუნის იტალიელი მხატვარი ჩენინო ჩენინი, ავტორი წიგნისა "ფერწერის შესახებ" წერდა: "იცოდე, სწავლას ბევრი დრო დასჭირდება, ასე რომ, უკვე ბავშვობიდანვე, არანაკლებ ერთი წლის ასაკიდან საჭიროა ვარჯიშის დაწყება ხატვაში". ჩემით მივედი ამ აზრამდე და ეს სიტყვები კედელზე გამოვაკარი, რომ მშობლებმა წაიკითხონ. ბევრ ხანში შესულს უკითხავს: შეიძლება თქვენთან მოვიდეო? ხატვა შეიძლება ადამიანმა ნებისმიერ ასაკში დაიწყოს, თუ რა თქმა უნდა, ამის სურვილი და მონდომება აქვს. ჩემთან მოსულან 50, 60 წელს გადაცილებული ხალხი და მშვენივრად ხატავდნენ.
ბავშვებთან მუშაობა ადვილიც არის და რთულიც. დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიას პედაგოგიურ ინსტიტუტშიც ვსწავლობდი და ჩემი სურვილით, მისი არაერთი ნაშრომი წავიკითხე, მათ შორის, "ქცევის ფსიქოლოგია". ასე რომ, გაკვეთილზე ფსიქოლოგიურ ცოდნასაც ვიყენებ, როცა ეს საჭიროა. მაგალითად, ბავშვი გაჭირვეულდა და ამბობს, რომ წითელი ფანქრით არ დახატავს... ერთი მოსწავლე მყავდა სმენადაქვეითებულთა სკოლიდან. ბიჭი გავზარდე და მერე ის ახალგაზრდა, გვარად კოკოჩაშვილი თავად გახდა ხატვის მასწავლებელი იმავე სკოლაში. თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური და განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო. ისიც ვიცი, მშობელს როგორ დაველაპარაკო, რა ვუთხრა. ახლა ბავშვების უმრავლესობა წინააღმდეგობას არის მიჩვეული, ხან მიჯერებენ, ხან - არა. მორჯულებას დრო სჭირდება...
P.S. ბატონ უშანგის ყოფილი მოსწავლეები დიდი სიყვარულით მოიკითხავენ ხოლმე. ამას წინათ ერთი მოწაფე ასე შეეგება პედაგოგს: "უშანგი მასწ, თქვენ ისევ ფორმაში ხართ!" მერე კი არც თბილი სიტყვები დაიშურა.
ნანული ზოტიკიშვილი