ხელნაკეთი ნივთების შექმნის ჟინი - გზაპრესი

ხელნაკეთი ნივთების შექმნის ჟინი

ბავშვობაში აქტიურად ვხატავდი, ვძერწავდი, განსაკუთრებულად მიყვარდა ფანერაზე ხატვა და მისი აპარატით ამოწვა. ყველას ეგონა აკადემიაში ჩავაბარებდი, მაგრამ პოლიტექნიკურში შევიტანე საბუთები და ტექნიკური განათლება მივიღე. იმ პერიოდში აკადემიაში ისეთი კონკურსი იყო, ალბათ წლები დამჭირდებოდა სტუდენტობამდე და ამის გამო თავი შევიკავე, მერე კი ცხოვრებამ თავისი გზით წამიყვანა. გასული საუკუნის 90-იან წლებში ვის ახსოვდა ხატვა, ხელოვნება და ნებისმიერი სულიერი მოთხოვნილება. შემდგომში კიდევ ახალ პროფესიას დავეუფლე და კერძო ბაღი დავაფუძნე", - ამბობს ლალი გრძელიშვილი, რომელიც თავისი გატაცების შესახებ გვიყვება.

4-1712596293.jpg

- ბაღში ხელოვნების გაკვეთილებზე პასუხისმგებლობა თავად ავიღე და სწორედ მაშინ მოვხვდი იმ სამყაროში, რაც ასე ძალიან მაკლდა, სულით და გულით ჩემი იყო. ბავშვებთან ერთად მეცადინეობებზე ფანტაზიას გასაქანი მივეცი და ერთად უამრავი ლამაზი ნივთი შევქმენით. დეკორატიული დამუშავების პირველი მცდელობაც მათთან ერთად მქონდა. ჩემი პატარა შვილების მიერ ზღვაზე მოგროვილი კაჟის ქვებით პირველი შუშის ქილა გავაფორმეთ. ერთხელ ინტერნეტში ჰოლივუდის ვარსკვლავის ფოტოს გადავაწყდი, საოცარი საყურე ეკეთა. არ დამავიწყდება როგორი ინტერესით ვეძებდი ინფორმაციებს ხელნაკეთ საყურეებზე, იმ მიზნით, რომ გამერკვია, რა ტექნიკით იყო შესრულებული. სუტაჟი გამოდგა. ჰოდა, იმ დღიდანვე შესწავლის გზების ძიება დავიწყე. ერთ-ერთი სასწავლო ცენტრი აღმოვაჩინე, ვისწავლე კიდეც და დავიწყე სუტაჟის სამკაულის კეთება, შემდგომში კი გაჩუქება. თუმცა მალე იმდენი დამიგროვდა, შარდენსა და ლესელიძეზე (ახლანდელი კოტე აფხაზის ქუჩა), სალონებში დავიწყე ჩაბარება, სადაც ძირითადად ტურისტები ყიდულობდნენ. ბიზნესგვერდი გავაკეთე და ინტერნეტითაც დავიწყე გაყიდვა. შემდეგ კორონა შემობრძანდა ქვეყანაში.

3-1712596314.jpg

ბაღის დაკეტვამ მომიწია და დროც მეტი გამომიჩნდა. თუმცა იმ პერიოდში ყველას სტრესი გვქონდა. სალონებიც დაიკეტა, მათ ის მაღაზიაც მიჰყვა, სადაც სამკაულისთვის ფურნიტურას ვყიდულობდი და გავჩერდი. რაღაცნაირად ის მუხტი, ის ჟინი ჩაკვდა, რასაც მუშაობის პროცესში ვგრძნობდი, მაგრამ როდესაც შიგნიდან რაღაც არ გასვენებს და რაღაცის კეთების მოთხოვნილება გაქვს, ადამიანი გამოსავალსაც იპოვი. მით უმეტეს, რომ კორონა დავძლიეთ და ცხოვრება თავის კალაპოტში ჩადგა. ამასობაში შვილებიც დაიზარდნენ - ორი ბიჭის დედა ვარ. უფროსი საცხოვრებლად ცალკე გადავიდა, უმცროსი სასწავლებლად ბერლინში გაემგზავრა და პარალელურად მუშაობს. ბაღის პასუხისმგებლობებიც ჩამომცილდა და მივხვდი, რომ ის დრო დამიდგა, როცა ჩემი სიამოვნებისთვის დროის დაკარგვა პირველად არ დამენანებოდა და როცა ყოველი წუთის გათვლის საჭიროება აღარ მქონდა. და აი, იმ პერიოდში დაიწყო სიცოცხლე ჩემმა დეკორატიულმა ბოთლებმა. თავად ვისწავლე, არავინ დამხმარებია და ვერც ვერავინ მოვიძიე საქართველოში მსგავსის გამკეთებელი. საოჯახო საჭიროებებისთვისაც გამოიყენება, მაგალითად ლიქიორის, ნაკურთხი წყლის ჩასასხმელად და ასევე სახლის დეკორადაც. თუ სამკაულის შესაქმნელად ყველა ვარიანტში კონკრეტული მასალა უნდა გამოვიყენო, სუტაჟის თასმა, სვაროვსკის კრისტალები, ბისერები, კაბაშონები, სტრაზები, ბოთლებისთვის უკვე ფანტაზია რაზეც გამწვდება, ყველაფერს მოვიხმარ. ექსპერიმენტებს არ ვუშინდები.

5-1712596329.jpg

ძირითადი მასალა თიხა, აკრილის საღებავი, ცივი ფაიფურის მოლდებია, რომელთაც თავად ვამზადებ, თუმცა ზღვის კენჭებიც გამომიყენებია, ნიჟარებიც, ევროს ხურდებით ძალიან ლამაზი ბარაქის ხე გავაკეთე. ყველა მოდელი, რაც კი ოდესმე შემიქმნია, ორივე ხაზში ექსკლუზიურია. სწორედ ამიტომ მაქვს კეთების საოცარი ჟინი. იმის ინტერესით, როგორი გამოვა, ბევრჯერ ყველა საქმე გადამიდვია და ღამეც გამითენებია. ამას წინათ, ერთ ჯგუფში, სადაც ხელოვანი ხალხია თავმოყრილი, ჩემი დეკორატიული ბოთლების ფოტოები ავტვირთე, პროფესიონალების აზრი მაინტერესებდა. ჩემი ხელნაკეთები იმდენად დადებითად შეაფასეს, მანამდე თუ ძირითადად საჩუქრებად ვიყენებდი, შემდეგ უკვე გაყიდვის მოტივაციაც გამიჩნდა. უფრო მეტად კი ჩემმა მეგობარმა თამუნამ შემაგულიანა: "გაყიდე იმისთვის, რომ შენმა ხელნაკეთებმა ბევრს მოუტანოს ბედნიერება". მგონია, რომ ხარისხიანი მასალა, გულითადი ნაშრომი, კრეატივი და ნივთის ექსკლუზიურობა აუცილებლად წარმატების მომტანია. როდესაც მეცოდინება, რომ ის, რაშიც სულსა და გულს ვდებ, სხვასაც გააბედნიერებს, თავს უკვე წარმატებულად ჩავთვლი. მეამაყება, რომ თითოეული მოდელი ჩემი ხელნაკეთების დახვეწილი, ხარისხიანი და განსხვავებულია, ყველა მათგანში ჩემი სულის ნაწილია ჩადებული. თუმცა დასანანია ის, რომ საქართველოში ხელნაკეთებს ისეთი ფასი არა აქვს, როგორსაც იმსახურებს.

ანა კალანდაძე