"დაახლოებით 7-8 წელიწადში სხვა ასაკობრივი სეგმენტის უკუმიგრაციაც დაიწყება" - გზაპრესი

"დაახლოებით 7-8 წელიწადში სხვა ასაკობრივი სეგმენტის უკუმიგრაციაც დაიწყება"

- ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.

ბოლო 2023 წლის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა 3736357 იყო, საიდანაც 838097 პირი ასაკით პენსიონერია.

„უნდა შედგეს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამა და უნდა გაიწეროს, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ შობადობის კლება შეჩერდეს და მერე ვიზრუნოთ შობადობის ზრდაზე. თუ ეს დროზე არ გავაკეთეთ, შემდეგ რამდენი დროც უნდა დავხარჯოთ, შეიძლება ეფექტი ამასაც აღარ ჰქონდეს და ეს პროცესი სასიკეთოდ ვეღარ შემოვაბრუნოთ. სამთავრობო სტრუქტურებში უნდა იყოს ეს რგოლი შექმნილი, ზოგიერთ ქვეყანაში ამისთვის სამინისტროც შეიქმნა... საშუალოდ, 3 ბავშვი თუ იბადება, მოსახლეობა იზრდება. მრავალი შვილის საჭიროება არც არის“, - ამბობს ანზორ თოთაძე.

tamar-chiburdanize-copy-1712596763.jpg

ამ თემაზე სასაუბროდ ჟურნალი „გზა“ დემოგრაფიულ საკითხებში ექსპერტ თამარ ჩიბურდანიძეს დაუკავშირდა.

- ქალბატონო თამარ, როგორ აფასებთ საქართველოში დღევანდელ დემოგრაფიულ მდგომარეობას, რა მთავარ პრობლემებს გამოყოფთ?

- საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება. შიდა კონფლიქტებმა, ეკონომიკურმა მდგომარეობამ და მიგრაციამ სერიოზული პრობლემები შექმნა.

იყო როგორც გარე, ასევე შიდა მიგრაციაც - სოფლები მოსახლეობისგან იცლებოდა. მაშინ ხელისუფლებიდან დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაზე არავის უზრუნია.

რაც მთავარია, სწორედ ამ პერიოდში იყო ყველაზე დიდი დემოგრაფიული კოლაფსი შობადობის კუთხით. დემოგრაფიული ხაზი ძირითადად დაბადებული გოგონების რაოდენობას მიჰყვება. თუკი 80-იან წლებში საქართველოში 450 000 გოგონა (9 წელიწადში) დაიბადა, 1990-2000 წლებში ამის ნახევარი - 224 000 გოგონა გაჩნდა.

ერთი დემოგრაფიული თაობა 25-27 წელს შეადგენს. სწორედ იმ პერიოდში დაბადებული გოგონები გადავიდნენ ბოლო 5 წელია დედობის ასაკში და აქედან გამომდინარე, შობადობის გარდაუვალი კლების პერიოდში შევედით. განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ. ამ რეჟიმით მოგვიწევს ცხოვრება ერთი დემოგრაფიული თაობა, ანუ კიდევ 17-20 წელი.

არსებობს სხვა მნიშვნელოვანი მიზეზებიც. მაგალითად, შემცირდა ქორწინებათა რაოდენობა - არა მხოლოდ იმიტომ, რომ განახევრებული რაოდენობის გოგონები დაიბადნენ, არამედ ახალგაზრდები დაქორწინებას არ ჩქარობენ. თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, სწორედ პირველი შვილების რაოდენობაა შემცირებული. აქ საქმე გვაქვს შვილის ყოლის გადავადებასთან. ახალგაზრდების დიდი ნაწილი, ვინც ქორწინდება, არ ჩქარობს შვილის გაჩენას.

ხშირად, განსაკუთრებით ოპოზიცია იმაზე სპეკულირებს, რომ ოჯახები არ იქმნება და შვილებს არ აჩენენ სოციალური მდგომარეობის გამოო. მაშინ ევროპაზე რა ვთქვათ, სადაც უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემებია სწორედ შობადობის შემცირების და მიგრაციის გამო? იქაც უჭირთ ოჯახებს? არა, დემოგრაფიული პრობლემების წარმოქმნის მთავარი მიზეზი არის ცივილიზაცია და განვითარების პროცესი. დღეს მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანას დემოგრაფიული პრობლემა აქვს, ხოლო ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში შობადობა სწრაფად იზრდება. დასავლურმა ცივილიზაციამ კარგთან ერთად ესეც მოიტანა და ევროპა დღეს სწორედ ამას ებრძვის.

დღეს ცუდი მაჩვენებლები გვაქვს განქორწინებათა კუთხითაც. ახალგაზრდებში აღარ არის პრიორიტეტული ოჯახის შენარჩუნება, ოჯახური ღირებულებები.

2010 წელს, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გაეროს მოსახლეობის ფონდმა კავკასიურ ქვეყნებში კვლევის ანალიზი გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც, 2050 წლისთვის საქართველოს ემუქრებოდა დემოგრაფიული კატასტროფა და გაერომ მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რეკომენდაცია მისცა, რომ სასწრაფოდ დაეწყოთ დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელება ქვეყანაში. მაგრამ მთავრობამ ყურიც არ გაიბერტყა. პირიქით, მრავალშვილიანის სტატუსიც კი გააუქმეს.

totadze-anzor-copy-1712596776.jpg

- ახლანდელი მთავრობა რა ნაბიჯებს დგამს არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად?

- 2012 წელს პირველი პროექტი, რაც დავიწყეთ, იყო სწორედ დემოგრაფიული პროექტი ბიძინა ივანიშვილთან ერთად, რომელსაც უშუალოდ დიმიტრი ხუნდაძე ხელმძღვანელობდა.

ამ 11 წლის განმავლობაში დემოგრაფიული კუთხით განხორციელებულია ბევრი ინიციატივა: უფასო მშობიარობა; ორსულობის პერიოდში უფასო გამოკვლევები; დეკრეტული შვებულების გაზრდა რაოდენობრივად და ფინანსურად; აბორტამდე მოსაფიქრებელი დროის გაზრდა; უკანონო აბორტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრება; საქართველოს 6 რეგიონში და ყველა მაღალმთიან რეგიონში მესამე და შემდგომ ახალშობილზე ფულადი დახმარება ყოველთვიურად 2 წლის განმავლობაში; მაღალმთიან რაიონებში პირველ და მეორე შვილზეც ფულადი დახმარება ყოველთვიურად, 1 წლის განმავლობაში; მრავალშვილიანის სტატუსის მიღება და ოჯახებისთვის დენის გადასახადის სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან; უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ბინებით დაკმაყოფილება და ა.შ.

2016 წელს, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია, ასევე დაბერების პოლიტიკის დოკუმენტი. მთავრობამ მოამზადა სამოქმედო გეგმა და ეტაპობრივად ახორციელებს ინიციატივებს.

- დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად კიდევ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

- ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აიყვანა ეს საკითხი და ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა დამატებით მსხვილ ინიციატივებზე, რათა დემოგრაფიული მდგომარეობა გამოსწორდეს. რაც ძალიან კარგია, მკვეთრად შემცირდა სიკვდილიანობა, განსაკუთრებით ბავშვებში. ასევე, გაზრდილია სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა საქართველოში. ეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ და მთლიანად სოციალურმა პოლიტიკამ მოიტანა. ის, რასაც ბოლო 10 წელია ვახორციელებთ და დღესაც გრძელდება, შედეგს ერთი დემოგრაფიული თაობის, ანუ 25 წლის შემდეგ მოგვცემს.

რაც შეეხება მიგრაციას, იგი გრძელდება არა იმ ტემპებით, როგორც ვიზალიბერალიზაციის შემდეგ იყო მოსალოდნელი. ბალტიისპირეთი, ბულგარეთი, უნგრეთი და სხვა ქვეყნები ფაქტობრივად დაიცალა ევროკავშირში გაწევრების შემდეგ და მოგვიანებით, ნელ-ნელა დაიწყეს უკუმიგრაცია. ზუსტად იგივე პროცესები მიდის დღეს საქართველოშიც. მიგრაციას ვერ აჩერებენ იაპონიიდან, ბრიტანეთიდან, ევროპიდან და როგორ შეიძლება ჩვენ შევაჩეროთ? მაშინ უნდა ჩავკეტოთ საზღვრები, როგორც საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა.

საზღვრების გახსნა ყოველთვის მიგრაციის ზრდას იწვევს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ უკუმიგრაცია იწყება. საქართველოშიც დაწყებულია ნელი ტემპით უკუმიგრაცია, ჯერ ძირითადად პენსიონერები ბრუნდებიან. ამავე დროს, დაახლოებით 7-8 წელიწადში სხვა ასაკობრივი სეგმენტის უკუმიგრაციაც დაიწყება. ეს არის სხვა ევროპული სახელმწიფოების მიერ უკვე განვლილი გზა და სწორედ ამ გზას გადის დღეს საქართველოც.

გიორგი მეფარიძე