რა აწუხებს და რისი იმედი აქვს თბილისის "დინამოს" ლეგენდარულ კაპიტანს - გზაპრესი

რა აწუხებს და რისი იმედი აქვს თბილისის "დინამოს" ლეგენდარულ კაპიტანს

მრავალწლიანი წარუმატებლობის და მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა. უფრო ადრე იყო მოგება ლუქსემბურგთან.

რა ხდება ქართულ ფეხბურთში და რით აიხსნება ეს წარმატება? - ამის თაობაზე ცნობილი ფეხბურთელი, თბილისის "დინამოს" ლეგენდარული კაპიტანი - მანუჩარ მაჩაიძე გვესაუბრება.

- ჩვენი ნაკრების გამარჯვებამ ძალიან გამახარა. ქართველმა ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ნიჭიერებიც არიან, შეუპოვრებიც და გამარჯვება შეუძლიათ. ამ ბიჭებმა მთელი საქართველო გაახარეს და მომავალშიც ბევრი წარმატება ელით. საქართველოს ნაკრებში იმდენი ნიჭიერი და კარგი სპორტსმენია თავმოყრილი, რომ მათ ეს არ გაუჭირდებათ. მათ თამაშს რომ ვაკვირდები, ჩემი თაობის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელები მაგონდება. ადრეც ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყოლია და მიხარია, რომ ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. ღვთისგან მომადლებული ნიჭით იყვნენ დაჯილდოებული: მიშა მესხი, სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, მერე მათ შეუერთდნენ დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, ვიტალი დარასელია და სხვები... ამ ფეხბურთელების მშობელ ქვეყანას სხვანაირად არც ეკადრება! მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ნაკრები მომავალშიც არაერთხელ გაგვახარებს და საქართველოს მთელ მსოფლიოში ასახელებს. მოხარული ვარ, რომ ქართული ფეხბურთის ტრადიციები ისევ გრძელდება, რომ სერიოზული გამოწვევების შემდეგ, როგორც იქნა, ნავსი გატყდა და მსოფლიოს ცნობილ გუნდებს შევებრძოლებით.

- თქვენ როდის გადაწყვიტეთ, რომ ფეხბურთი თქვენი მომავალი იყო?

- მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას წინ საინტერესო ამბები უძღოდა: ჩვენ ძალიან არასპორტული ოჯახი გვქონდა. ჩემი მშობლები ფეხბურთისა და სპორტისგან შორს იყვნენ. მამაჩემი - დომენტი მაჩაიძე ელექტროინჟინერი იყო და ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებდა, დედას - მით უმეტეს. ყველასათვის მოულოდნელად, ჩემმა ძმამ - გოჩა მაჩაიძემ, აიტეხა - ფეხბურთზე შემიყვანეთო. გუშინდელივით მახსოვს, როგორ წაგვიყვანა დედამ ცნობილ მწვრთნელთან - ვანო შუდრასთან, რომელმაც მოედანზე გაგვიყვანა და გვითხრა - ითამაშეთო. ორივემ მაგრად ვითამაშეთ. მახსოვს, როგორ ეხვეწებოდა დედაჩემი ვანო შუდრას: ძალიან გთხოვთ, დაიწუნეთ ჩემი შვილები, არ მინდა, რომ ფეხბურთელები გახდნენო. ვანო შუდრამ შორს დაიჭირა და საკმაოდ კატეგორიულად უთხრა - ხვალვე, ორივე მოგვიყვანეთო. ასე დავიწყეთ ფეხბურთის თამაში მე და ჩემმა ძმამ და წლების განმავლობაში გვერდიგვერდ ვთამაშობდით. მაშინ 12 წლის ვიყავი. ბატონი ვანოსგან ბევრი რამ ვისწავლე და 14-15 წლის ასაკში, ვლადიმერ ელოშვილის ახალგაზრდულ ნაკრებში გადავედი. მაშინ საქართველოს ნაკრები არ არსებობდა, ასეთი ნაკრები იყო თბილისის "დინამო", სადაც ყველა კარგ ფეხბურთელს უყრიდნენ თავს. მე "დინამოში" 19 წლის ასაკიდან ამიყვანეს და ამ გუნდში წლების განმავლობაში ვთამაშობდი. ამ გუნდში თბილისის "დინამოს" მაშინდელმა მწვრთნელმა - ვლადიმერ სოლოვიოვმა გადაგვიყვანა და ჩემს ძმასთან ერთად ვთამაშობდი.

- ფეხბურთს როდის ჩამოშორდით?

- მე და გოჩა ფეხბურთს კარგა ხანია ჩამოვშორდით, მაგრამ მაინც ჩვენი ნაკრების გულშემატკივრები ვართ. 33 წლის ვიყავი, როცა თამაში შევწყვიტე და ინჟინრის პროფესიით დავიწყე მუშაობა. ოჯახიც ამის შემდეგ შევქმენი, რადგან ფეხბურთს დიდი დრო, შრომა და ძალისხმევა სჭირდება. ჩემი მეუღლე, ქეთევან კრავეიშვილი, პროფესიით მხატვარია. ორი ქალიშვილი გვყავს და ხუთი შვილიშვილი - 3 ბიჭი და 2 - გოგო. მიხარია, რომ ძალიან სპორტულები არიან და თან, კარგად სწავლობენ. ბიჭები ფეხბურთზე დადიან, გოგოები კი - მხატვრულ ტანვარჯიშზე და სპორტი ძალიან უყვართ.

ojaxiii-1712596970.jpg

- რომელიმეს თუ ატყობთ ფეხბურთის განსაკუთრებულ ნიჭს?

- ასე მგონია, რომ ჩემი უფროსი შვილიშვილი - მანუჩარ მახარაძე - კარგი ფეხბურთელი დადგება. ის ჯერ 11 წლისაა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ქართული ფეხბურთის საუკეთესო ტრადიციებს გააგრძელებს, რადგან საამისო ნიჭიც აქვს, სურვილიც და მონდომებაც.

- ბატონო მანუჩარ, ფეხბურთში წარმატების საიდუმლო რა არის?

- ყოველდღიური, თავდაუზოგავი შრომის გარეშე ვერც ერთი სპორტსმენი წარმატებას ვერ მიღწევს. საქართველოს ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყოლია, მაგრამ ვარჯიშის და შრომის გარეშე წინ ვერავინ მიდის. აქვე, ცნობილი სიტყვების პერიფრაზი უნდა მოვიშველიო: მარტო შრომა რას უშველის თუ ბუნებამც არ უშველა? - ნიჭისა და სათანადო მონაცემების გარეშე ფეხბურთში დიდ წარმატებას ვერ მიაღწევ. მაგალითად: ჩვენი თაობის ფეხბურთელები დღე-ღამეში 6 საათის განმავლობაში ვარჯიშობდნენ - ასეთი იყო საკავშირო ფეხბურთის ნორმა. ხელფასი კი, 180 მანეთი გვქონდა, რა თქმა უნდა, ეს მიზერული თანხაა იმასთან შედარებით, რასაც დღევანდელ ფეხბურთელებს უცხოურ კლუბებში უხდიან, მაგრამ მაშინ ასე იყო...

- თქვენმა თაობამ ფეხბურთში სასწაულები ჩაიდინა, ამის ძალას რა გაძლევდათ?

- პირველ ყოვლისა, პატრიოტიზმი. ჩვენი სამშობლო ძალიან გვიყვარდა და ვცდილობდით, მისი სახელი შორს გაგვეტანა. ჩვენ ქართულ ფეხბურთს უანგაროდ ვემსახურებოდით. ამის გამო, საკუთარ ჯანმრთელობას ვდებდით სასწორზე. მაგალითად: მე 550 მატჩი მაქვს ნათამაშები და ყველაზე საუკეთესო, ახალგაზრდული წლები ქართულ ფეხბურთს მივუძღვენი. ჩვენი სასიქადულო სპორტსმენები თავდაუზოგავად შრომობდნენ და გუნდისთვის დიდი გამარჯვებები მოჰქონდათ: თბილისის "დინამოს" დამარცხებული ჰყავს არგენტინის უძლიერესი ნაკრები, "ლივერპული", მილანის "ინტერნი", "ნაპოლი", მადრიდის "ატლეტიკოს" და სხვები. აი, ასეთ, ლეგენდარულ გუნდებს ვამარცხებდით, 1978 წელს კი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონებიც გავხდით. ამ ყველაფრის დაგვირგვინება იყო 1981 წლის 13 მაისი, როცა ჩვენმა "დინამომ" ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო. მე მაშინ გუნდში არ ვიყავი, მაგრამ ეს ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ეს ჩვენი თაობის დამსახურება იყო, რომელმაც საქართველოს უნიჭიერესი სპორტსმენები აჩუქა. ვგიჟდებოდით ფეხბურთზე, ჩვენი საქმე ძალიან გვიყვარდა და ყველაფერს ვაკეთებდით, რომ თამაში მოგვეგო. კონკურენცია და დაპირისპირება ფეხბურთში ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ ჩვენ უპირველეს ყოვლისა, საერთო საქმეზე ვფიქრობდით.

- სამწუხაროდ, ბოლო წლებში ქართულ ფეხბურთს სერიოზული კრიზისი ჰქონდა, ეს რით აიხსნება?

- მე ეს არ მიკვირს: ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა, ბოლო ათწლეულებში დიდი სიდუხჭირე და მატერიალური გაჭირვება გამოიარა. ამიტომ იყო, ამდენი წაგება და ჩავარდნა რომ გვქონდა, რადგან ფეხბურთი ფინანსების გარეშე ვერ ვითარდება. ამიტომ, საქართველოს ნაკრები სულ აგებდა. ახლა ცოტა დავწყნარდით, ჩვენი ფეხბურთელები უცხოეთში ვარჯიშობენ, თავიანთ მონაცემებს კიდევ უფრო ხვეწენ, ავითარებენ და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. აბა, ფეხბურთელი იმაზე რომ ფიქრობს, ხვალ ჩემს შვილებს რა ვაჭამოო, ეს მის თამაშზეც უარყოფითად აისახება. ამიტომ არ მიკვირს საქართველოს ნაკრები წლების განმავლობაში რომ აგებდა, თორემ ქართველებს სპორტში განსაკუთრებული ნიჭი გვაქვს - ძიუდოში, რაგბიში, ჭიდაობაში, სპორტის სხვა სახეობებში, მაგრამ ფეხბურთი ჩვენთვის მაინც განსაკუთრებული მოვლენაა. თუ ხელშეწყობაც ექნებათ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბიჭები ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ.

- ბატონო მანუჩარ, თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაზეც გვიამბეთ.

- მშენებელი ინჟინერი ვარ, ამ დარგში დისერტაციაც დავიცავი და მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მომანიჭეს. დღემდე ამ პროფესიას ვემსახურები და საკუთარი გამოგონებაც მაქვს, რომელსაც "სეისმომედეგი სახლი" ჰქვია. რატომ სეისმომედეგი? - ჩემი მეთოდით აგებული შენობა ნებისმიერ მიწისძვრას გაუძლებს. ეს გამოგონება უკვე დამტკიცებულია და პატენტიც მაქვს, მაგრამ პრაქტიკაში არავინ იყენებს, ძალიან ვწუხვარ, რომ ამ საქმეს მიჭიანურებენ.

- უფრო კონკრეტულად, რა გამოგონებაა ეს?

- თუ გვინდა, რომ მშვიდად გვეძინოს და მიწისძვრის შიში აღარ გვქონდეს, მშენებლობაში ეს მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რადგან ამგვარად აშენებული სახლი ძალიან მტკიცე და გამძლეა. გული მტკივა, როცა ვხედავ როგორი სახლები შენდება თბილისსა და მთელ საქართველოში. ადრე ანუ კომუნისტების დროს, შენობები 8 ბალზე იყო გათვლილი, მაგრამ ახლა ამგვარი სახლების აშენება საშიშია. ხომ ვნახეთ, თურქეთის მიწისძვრის დროს რა ამბავი დატრიალდა? - ათასობით ადამიანი დაიღუპა. ნათქვამია, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და ხომ შეიძლება ისეთი სახლები ავაგოთ, რომ ადამიანების სიცოცხლე დაცული იყოს?!

2-manuchari-1712596958.jpg

- ბატონო მანუჩარ, ამ სფეროში ბევრ დარღვევას ხედავთ?

- დავიწყოთ იმით, რომ ათ სართულზე დიდი შენობების აგება საქართველოში რეკომენდებული არ არის. მაღლივი შენობების მომხრე ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ჩემი მეთოდით 50-სართულიანი კორპუსებიც რომ აშენდეს, იმის შიში არ გვექნება, რომ მიწისძვრა რაიმეს დაუშავებს და ხალხი ნანგრევებში მოჰყვება. სამწუხაროდ, კონკურენცია ყველა სფეროშია და ალბათ, კონკურენტები ხელს მიშლიან! - ამიტომ ვერ ვეღირსე, რომ ჩემი გამოგონება პრაქტიკაში დაინერგოს და რეალობად იქცეს.

- კი მაგრამ, ყველაფერი ფულით ხომ არ იზომება?

- სამწუხაროდ, ზოგიერთებისთვის ასეა! საქართველოში სახლებს ყოფილი პედიატრები და ქირურგებიც კი აშენებენ, ეს იგივეა, მე რომ ახლა პაციენტების მკურნალობა და ოპერაციების კეთება დავიწყო... მშენებლობა ხელწამოსაკრავი საქმე ხომ არ არის?! - ეს ძალიან სერიოზული, სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე დარგია, - ამაზე უკვე წლებია ვლაპარაკობ, მაგრამ არავინ მისმენს და ეს ძალიან მაწუხებს!

ხათუნა ჩიგოგიძე