ქობულეთელი მუსიკის პედაგოგი, რომელმაც განათლება პეტერბურგისა და პარიზის კონსერვატორიებში მიიღო - გზაპრესი

ქობულეთელი მუსიკის პედაგოგი, რომელმაც განათლება პეტერბურგისა და პარიზის კონსერვატორიებში მიიღო

1878 წლიდან ეს ზღვისპირა ადგილი ნელ-ნელა სახლდებოდა, მათ შორის იყო ანდრია ზედგინიძეს პატარა აგარაკიც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზედგინიძის ოჯახის თითოეული წევრი ევროპული განათლებით გამოირჩეოდა და მათთან იკრიბებოდა იმ დროის სხვადასხვა პროფესიის წარჩინებული საზოგადოება...

რევოლუციამ და ბოლშევიკურმა სისტემამ ანდრია ზედგინიძეს ქონება ჩამოართვა. თუმცა, შეუნარჩუნა ქობულეთის აგარაკი, სადაც მან შვილები გაზარდა. სწორედ ზედგინიძეების ოჯახში დაიბადა პირველი მუსიკის მასწავლებელი ქობულეთში - მარი ანდრიას ასული ზედგინიძე. ის პეტერბურგის კონსერვატორიის კურსდამთავრებული იყო, რომელმაც როგორც სასწავლებლის ყველაზე წარჩინებულმა მუსიკოსმა, სასწავლო პრაქტიკა პარიზის კონსერვატორიაში გაიარა. მარის მასწავლებლები მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკოსები - პეტრე ჩაიკოვსკი და ანდრია რუბინშტეინი ყოფილან. ნიჭიერ მუსიკოსს ალბათ ევროპაში არც კარიერის მოწყობა გაუჭირდებოდა, მაგრამ სწორედ საქართველოში მისი ჩამოსვლის დროს მოხდა რევოლუცია. ქალის გადაწყვეტილებით თუ გარემოებებიდან გამომდინარე, მარიმ სამუდამო ბინა ქობულეთში, მშობლების ოჯახში დაიდო. მეგობარ-ახლობლები ურჩევდნენ, დედაქალაქში გადასულიყო და იქ, თბილისის კონსერვატორიაში დაეწყო პედაგოგიური საქმიანობა, მაგრამ მან ამაზეც უარი თქვა და გადაწყვიტა თავისი ცოდნა ქობულეთის მცხოვრებთათვის გაეზიარებინა. ვინაიდან მუსიკალური განათლების გარდა, რამდენიმე ენასაც ფლობდა, პარალელურად, მსურველებს ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებს ასწავლიდა. როიალზე დაკვრა კი შინ ისწავლა, ქობულეთში პირველი ინსტრუმენტი, სწორედ ზედგინიძეების ოჯახში ყოფილა. მამით ქართველ და დედით პოლონელ მარის, 5 უფროსი ძმა ჰყავდა. მიხეილი, ბორისი, ნიკოლაი, ანდრია და გიორგი სამხედროები ყოფილან. რაც შეეხება თავად მარის და მის პირად ცხოვრებას, მას რუსი მეუღლე ჰყოლია, რომელიც პირველი იყო, ვინც ქობულეთში 4-საწოლიანი ქირურგიული საავადმყოფო შექმნა. კაცი ომის დროს გაიწვიეს და მალევე დაიღუპა პეტერბურგში. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ულამაზეს ქალს ბევრი მთხოვნელი ჰყოლია, მაგრამ მარი მეორედ აღარ გათხოვილა. სიცოცხლის ბოლო წლებში, ერთ-ერთი ძმის, გიორგის ოჯახში ცხოვრობდა. მუსიკოსი 1951 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ქობულეთში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარი ზედგინიძეზე ინფორმაციის მოპოვებაში მუსიკოსის ძმისშვილი მანუჩარ ზედგინიძე დამეხმარა. მისი ინიციატივით შეიქმნა პირველი მსოფლიო ომის გმირის, პორტ-არტურთან დაღუპული, ინჟინერ-კაპიტანი მიხეილ ანდრიას ძე ზედგინიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი ქობულეთში. საპატიო ქობულეთელს, "მთის კაცების" ერთ-ერთ დამფუძნებელს და წინამძღოლ ბატონ მანუჩარ ზედგინიძეს დავპირდი, რომ როცა ქობულეთში მოვხვდები, მუზეუმში ვესტუმრები და ამის შემდეგ ზედგინიძეების ოჯახზე უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.

ანა კალანდაძე