ერთიანი ქვეყანა დასაყოველთაო სიყვარული
ზუსტად წინა სამშაბათს საქართველომ ისტორიული ოცნება აისრულა და პირველად მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში. იმ საღამოდან მოყოლებული ქვეყანაში სრული სიგიჟე ხდება: ყველა ბედნიერია და ყველას ერთმანეთი უყვარს. აღარავის ახსოვს "ნაცი" და "ქოცი". ფეხბურთზე ლაპარაკობს ისეთი ხალხიც კი, ვინც აქამდე ირონიულად ამტკიცებდა, ესაა თამაში, სადაც ოცდაორი კაცი ბურთს დასდევსო. ქალები კაცებზე აჟიტირებულები არიან ამ თემით და თუ ასე გააგრძელეს, მალე ფეხბურთის ცოდნაშიც გვაჯობებენ. ამ დღეებმა ნათლად გამოაჩინა: მართალია, რაოდენობრივად უფრო მეტ კაცს გვიყვარს ფეხბურთი, მაგრამ ქალებმა თუ რამე ან ვინმე შეიყვარეს, მერე შეჯიბრებას აზრი აღარ აქვს.
რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ სქესისა და პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, ყველას უყვარს სამშობლო და მისი წარმატება ყველას უხარია, ხოლო ფეხბურთი არის სპორტის სახეობა, სადაც წარმატების მასშტაბი ყველაზე დიდია, რადგან მის შესახებ მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი იგებს. ეს ქმნის ფეხბურთის წარმატების გრანდიოზულობას. ერთ დღეში შენი ქვეყანა ყველასთვის ცნობილი ხდება და თან დადებითი კუთხით. აქამდე რაგბიშიც გავსულვართ დიდ ფორუმზე და კალათბურთშიც, მაგრამ ფეხბურთის დონის პოპულარობა არც ერთს არ აქვს და შესაბამისად, მნიშვნელობაც.
ფაქტობრივად, იმ დღის მერე სხვა ქვეყანაში გავიღვიძეთ. თავი უფრო მეტად ვიგრძენით ევროპის ნაწილად და ევროპელებად. ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როდესაც ევროპის ჩემპიონატი დაიწყება და მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდებით; და რა მოხდება, თუ მცირე წარმატებას იქაც მივაღწევთ, სენსაციას გამოვაცხობთ და ჯგუფიდან გავალთ (არადა, სულაც არაა ეს გამორიცხული, რადგან ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანიც გადის ჯგუფიდან)? მერე ნახეთ თქვენ ქვეყნის ერთიანობა და სიყვარული.
და კიდევ: ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების გასვლის გარდა, ყველაზე მაგარი მოვლენა ხვიჩას და მისი ბავშვობის კერპის, რონალდოს შეხვედრა იქნება - მოედანზე ერთმანეთის წინააღმდეგ.
"მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?"
მიუხედავად ამ სიხარულისა, პოლიტიკა არსად წასულა და არც ჩვენი პოლიტიკოსები გამქრალან. სანამ ჩვენ ფეხბურთით ვიყავით დაკავებული, ხელისუფლებამ საკუთარ თავს აჯობა. ისე არიან საკუთარი სკამებისა და მოსამართლეების ერთი ადგილის დაცვით დაინტერესებულები, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა: მურუსიძე და ჩინჩალაძე იმ "სისხლიანი ცხრაწლიანი" რეჟიმის მსახურნი კი არა, მსხვერპლნი იყვნენ, საშინელი ზეწოლის ქვეშ უწევდათ მუშაობაო.
"ოცნების" მომხრეებს მინდა გკითხოთ, თქვენც ასე ფიქრობთ? თქვენც გგონიათ, რომ ჩინჩალაძე, რომელიც ადეიშვილის პროკურორი იყო და მერე ადეიშვილმა სასამართლოში მიავლინა, მსხვერპლი იყო? ან მურუსიძე, რომელმაც გირგვლიანის და სულხან მოლაშვილის საქმეებზე მიიღო გადაწყვეტილება, მსხვერპლი იყო?
მოგისმენიათ სადმე თავად ამ მოსამართლეების მხრიდან, რომ მათ რაიმე ზეწოლაზე ესაუბროთ? თუ მსხვერპლები იყვნენ, ახლა რა უშლით ხელს, რომ ამაზე ისაუბრონ? პირიქით, როცა ეკითხებიან, მაშინ თუ იყო ზეწოლაო? დღესაც თითოეული ამბობს, - პირადად ჩემზე არ ყოფილაო.
იცით, ეს დაახლოებით რას ჰგავს? ვიღაცას რომ უმტკიცებდე, შენ გაუპატიურების მსხვერპლი ხარო და ის გეუბნებოდეს: რა მსხვერპლი, დიდი სიამოვნება მივიღეო. შენ კიდევ მაინც იძახდე, - არა, მსხვერპლიაო.
სინამდვილეში ის ხალხი იმ რეჟიმის მსახური იყო და ახლაც ამ რეჟიმის მსახურები არიან. სწორედ ამიტომაა მზად "ოცნება", მათ კეთილდღეობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივაც კი შესწიროს. პარლამენტის თავმჯდომარემ ისიც კი გამოაცხადა: ჩვენ ვენდეთ ევროკავშირს და ევროკავშირმა იმედები გაგვიცრუაო, ანუ მათ ექსპერტებს ვერ მივცემთ უფლებას, ჩვენი უპატიოსნესი მოსამართლეების კეთილსინდისიერება შეამოწმონო. მოკლედ, მურუსიძე-ჩინჩალაძე უფრო პატიოსნები არიან, ვიდრე ევროპელი ექსპერტები და რა სჭირთ მათ სხვისი შესამოწმებელიო?
P.S. "ოცნების" ლიდერებს ერთი რამ ავიწყდებათ: ასე იყო ამ მოსამართლეებზე გადაფარებული სააკაშვილიც, სწორედ მან გამოზარდა ისინი და გზაზე დააყენა, მაგრამ დღეს სწორედ ისინი ასამართლებენ მიშას. ისტორიამ გამეორება იცის.