ქაოსი... - გზაპრესი

ქაოსი...

იმ ქვეთავში ნაკრების წარმატებით გამოწვეულ სიხარულსა და ამ სიხარულით გაერთიანებულ ქვეყანაზე ვწერდი, შემდეგი ქვესათაური კი აკაკის ციტატა იყო "გამზრდელიდან": "მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?" ამ ქვეთავში მიმდინარე პოლიტიკურ პრობლემებზე იყო საუბარი, მაგრამ მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ მთავარი იმედგაცრუება და სიურპრიზი წინ გველოდა! რას წარმოვიდგენდი, რომ ჩვენს ხელისუფლებას გულზე ისე მოხვდებოდა მთელი ერის გაერთიანება და სიხარული, რომ წუთისოფლის მაგივრად თავად გადაწყვეტდა ყველაფრის ჩაშხამებას. სხვანაირად შეუძლებელია იმის ახსნა, რაც გააკეთეს: შარშან საყოველთაო მღელვარებისა და აქციების ფონზე უკან წაღებული "აგენტების შესახებ კანონი" ახალი ვარიაციით ისევ დააბრუნეს. სიტყვა "აგენტი" შეცვალეს "უცხო ძალის ინტერესების გამტარებლით" (სინამდვილეში კი არ შეცვალეს, სიტყვა გაშიფრეს უბრალოდ) და კანონპროექტს "გამჭვირვალობის შესახებ კანონი" უწოდეს, ვითომ ერთადერთი, რასაც ვითხოვთ, არასამთავრობოების და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობაა, სხვა არაფერიო. ხელისუფლება, მისი მხარდამჭერები და მედიები ალილუიასავით იმეორებენ: კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას ითვალისწინებს და რა პრობლემა აქვთ, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსონო?

თავი დავანებოთ იმას, რომ არასამთავრობო სექტორი და მედია ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე სექტორებია ჩვენს ქვეყანაში; დავუშვათ, უფრო მეტი გამჭვირვალობა გინდა, მაშინ ერთ მარტივ კითხვაზე გაგვეცით პასუხი: რაში სჭირდება დამატებითი გამჭვირვალობის უზრუნველყოფას იარლიყების მიწებება? რატომ ვერ შეავსებს ვინმე დეკლარაციას, თუ მას "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელს" არ დაარქმევ?

ამაზე გვპასუხობენ, ტერმინი გახდა პრობლემაო? ამ კანონს სხვა ბევრი პრობლემაც აქვს, მაგრამ ეს იარლიყი ერთ-ერთი მთავარია. თქვენ გაგიხარდებათ, ვინმემ "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი" რომ დაგარქვათ? ანუ შენი ქვეყნის ინტერესებს კი არ ემსახურები, სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებ. და თუ არაა პრობლემა ტერმინი, ამოიღონ მაშინ ეს ჩანაწერი კანონიდან. რატომ არ იღებენ? იმიტომ, რომ სინამდვილეში კანონის მიღების მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ სწორედ ამ იარლიყის მიწებებაა, ანუ ყველა ის მედია და არასამთავრობო, რომელსაც თავად ვერ აკონტროლებენ, უნდათ "უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად" გამოაცხადონ, რომ მათ ავტორიტეტი აღარ ჰქონდეთ, მათ კრიტიკას აღარავინ მოუსმინოს.

ამის საპასუხოდ ხელისუფლების დაქირავებული ტროლები გაიძახიან: აბა, არ ხარ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, თუ უცხო ქვეყნიდან იღებ დაფინანსებას? ტყუილად ვინ მოგცემს ფულსო? ამის საპასუხოდ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა "ოცნების" იმ ლიდერების სია, რომლებიც წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორში მუშაობდნენ და დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდნენ. მათი სია გრძელია, აქ უბრალოდ ორს დავასახელებ:

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 2000-2001 წლებში იყო შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი; 2006-2014 წლებში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და მენეჯერი.

შალვა პაპუაშვილი 17 წელი იყო ერთ-ერთი გერმანული ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. ისინი ხელფასს უცხოეთიდან იღებდნენ და თავადაც გასცემდნენ უცხოურ დაფინანსებას.

ჰოდა, თუ "ქოცების" ლოგიკას გავყვებით, გამოდის, ეს ხალხი, რადგან ფულს უცხოეთიდან იღებდნენ, მაშინ უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებდნენ ჩვენს ქვეყანაში? თუ ასეა, მაშინ რა უნდათ მაღალ თანამდებობაზე? რა გარანტიაა, რომ მომავალშიც არ გაატარებენ უცხო ქვეყნის ინტერესებს?

მოკლედ, საიდანაც უნდა მიუდგე ხელისუფლების არგუმენტებს, ყველა მხრიდან გაჭედილები არიან. თუმცა ამ კანონის მთავარი პრობლემა ისაა, რომ შენ, მისი მიღების შემთხვევაში, საფრთხედ აცხადებ პარტნიორებს - ამერიკასა და ევროკავშირს, მათგან მიღებულ დაფინანსებას; ფიქრობ, რომ ეს შავი ფულია და შეიძლება აქ კარგ საქმეს არ ხმარდებოდეს, რაც გამორიცხავს პარტნიორობას და მეგობრობას. ამერიკაშიც და ევროპაშიც ხომ მოქმედებს მსგავსი კანონებიო. მსგავსი მოქმედებს, რადგან ისინი ამით რუსულ და ჩინურ გავლენებს ებრძვიან და ჩვენ - დასავლურს. ისინი არ მალავენ, რომ რუსეთი და ჩინეთი მათთვის საფრთხეა და ჩვენ ერთი მხრივ ამერიკას სტრატეგიულ პარტნიორად ვაცხადებთ და მეორე მხრივ, იქიდან შემოსულ ფულს საფრთხედ განვიხილავთ; ერთი მხრივ ევროკავშირში გაწევრება გვინდა და მეორე მხრივ, იქიდან წამოსული დაფინანსება პრობლემაა? მაშინ რანაირი პარტნიორები ვართ? ბუნებრივია, ასეთ რამეს ჩვენი პარტნიორები ვერ გაიგებენ და სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება ამ კანონს ის ხალხი, ვინც შარშან გამოვიდა ქუჩაში და წელსაც გამოვა.

ამიტომ მე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს: ასე როგორ შეაშინა ივანიშვილი ეკა გიგაურმა, ნინო ლომჯარიამ ან სხვა "ენჯეოშნიკმა", რომ მათ გასანეიტრალებლად მზადაა, ქვეყანა პარტნიორებს დაუპირისპიროს და მეორედ ჩააგდოს არეულობის და ქაოსის ჭაობში?