ნატაძრალის გარშემო განვითარებული მოვლენები და პარალელი წარსულთან - გზაპრესი

ნატაძრალის გარშემო განვითარებული მოვლენები და პარალელი წარსულთან

6 აპრილს, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მორიგი პრემიერა გაიმართა. გაქრისტიანებული არაბი (ჰ)აბოს ცხოვრებასა და მის მოწამებრივ აღსასრულზე სპექტაკლის შექმნის იდეა ახალგაზრდა რეჟისორს, მარიამ სიხარულიძეს ეკუთვნის. ინსცენირებისას იოანე საბანისძის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებით "აბო თბილელის წამება" და ნოდარ წულეისკირის "ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი" იხელმძღვანელა. სწორედ ამ ორი ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა ერთმოქმედებიანი სპექტაკლი "(ჰ)აბო", რომელსაც თეატრის დიდი დარბაზი ეთმობა.

1-1713164934.jpg

შემოქმედებითი ჯგუფი: დამდგმელი რეჟისორი მარიამ სიხარულიძე, ქორეოგრაფი გია მარღანია, მხატვარი ვახტანგ ქორიძე, კომპოზიტორი ნინო სიხარულიძე, ხოლო რეჟისორის თანაშემწე ნათია ბოშიშვილი. სპექტაკლში მონაწილეობენ: გიორგი ჯიქურიძე, დავით ხახიძე, ნინო ლეჟავა, გიორგი კაჭახიძე, ვამეხ ჯანგიძე, მაია ხორნაული, ვახტანგ ნოზაძე, ვახტანგ ჩაჩანიძე, ვანო დუგლაძე, გიორგი ყორღანაშვილი და მერაბ შარიქაძე.

რა მოხდა 786 წელს და რა ხდება დღეს? როგორ პოლიტიკას აწარმოებდნენ მაშინდელი საერო თუ სასულიერო პირები? რა ვითარებაა დღეს ჩვენს პოლიტიკურ სარბიელზე და არის თუ არა დიდი სხვაობა წარსულსა და აწმყოს შორის? - ეს ის კითხვებია, რომელიც ერთსაათიან სპექტაკლზე დამსწრე მაყურებელს გაუჩნდება და აქვე გაავლებს პარალელს წარსულსა და დღევანდელობას შორის.

2-1713164922.jpg

მარიამ სიხარულიძე:

- ახლახან იმ სკოლაში ვიყავი, რომელიც დავამთავრე და სადაც ჩემს მასწავლებელს ჰქონდა ერთ-ერთი პროექტი "ჰაგიოგრაფიასთან დამეგობრება". მასში ძალიან იყვნენ ბავშვები ჩართული და "შუშანიკის წამების", "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების", აბო თბილელის წამების" შესახებ ჰყვებოდნენ. ეს ის პერიოდი იყო, როცა ჰაგიოგრაფიას ძალიან შეუტიეს, ტელევიზიებში მიდიოდა განხილვა, უნდა ამოვიღოთ თუ არა ამ ჟანრის ნაწარმოებები სასკოლო პროგრამიდან. სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა, ეს ნამდვილი, ისტორიული ამბავი ბავშვებისთვის სპექტაკლის სახით წარმომედგინა, მხოლოდ ჩვენს, თანამედროვე ენაზე მოთხრობილი. მოგვეყოლა, თუ რა ხდებოდა მე-8 საუკუნეში, როგორ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ საერთო და სასულიერო პირები, შეიცვალა თუ არა რამე. თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ამ საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ ჩვენი მტრის ეროვნება, ანუ უღელი და ცალკეული ადამიანები შეიცვალა, მაგრამ სამწუხაროდ, არ იცვლება ჩვენი ქვეყნის ბედი. საბედნიეროდ, ყოველთვის გამოჩნდებიან გმირები, მენელსაცხებლე იქნება ეს, თუ სხვა პროფესიის ადამიანები და ჩვენ ისინი უნდა დავაფასოთ. ისტორიის გარეშე არავინ ვართ და ასეთი მაგალითების ცოდნა ყველასთვის აუცილებელია.

ჩემთვის მთავარი მამოძრავებელი და მიზანი ისაა, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თეატრში მოვლენ, სურვილი გაუჩნდეთ "აბო თბილელის წამება" წაიკითხონ, უკეთ გაიგონ და გაიაზრონ ეს ამბავი. ვფიქრობ, ეს თემა აუცილებლად იმსახურებს ინტერესს და ალბათ, იმიტომაც არის კლასიკა, რომელიც ყველა დროსა და ეპოქაშია აქტუალური.

რაც შეეხება ჯგუფს, მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუშაობა პირველად მომიხდა. იქ არიან ძალიან კარგი ადამიანები და ნიჭიერი მსახიობები. ჩემთვის პატივი იყო მათთან მუშაობა და ამ ურთიერთობით ძალიან გავიზარდე.

ანა კალანდაძე