რატომ არის ეს კანონირუსული? - გზაპრესი

რატომ არის ეს კანონირუსული?

რუსეთისგან თავის დასახსნელად იბრძვის. 9 აპრილს დამოუკიდებლობას ვითხოვდით, მაგრამ მას მერე, რაც ეს დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, დღე არ გასულა, რომ რუსეთს თავისი გავლენის ქვეშ ჩვენი შეთრევა არ ეცადა. ამისთვის დაამხო გამყიდველი ქართველების ხელით პირველი პრეზიდენტი, გააჩაღა ორი პროქსი ომი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, მერე უშუალოდ თავად შემოიჭრა 2008 წელს.

30 წელია ვცდილობთ, მის კლანჭებს საბოლოოდ დავაღწიოთ თავი და 30 წელია, ის უკან გვექაჩება.

ამ 30-წლიანი წვალებისა და ბრძოლის დასასრული შეიძლება იყოს მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრება, რადგან ეს ნიშნავს სხვა ორბიტაზე ჩვენს გადასვლას, სადაც რუსეთს ხელი აღარ მიუწვდება. ეს გრძელი და სისხლიანი გზა, რომელიც გამოვიარეთ, სწორედ ამით სრულდება, რადგან მერე რუსეთი უკან ვეღარ შეგვითრევს.

სამწუხაროდ, ნატო ჯერ თავად ვერ ჩამოყალიბებულა რა უნდა, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის მერე ევროკავშირი ჩამოყალიბდა და კონკრეტული თარიღი დაასახელა, როდესაც კიდევ უფრო გაფართოვდება აღმოსავლეთით - 2030 წელი. მანამდე კი მოგვცა საშინაო დავალება, რომელიც შესასრულებელი გვაქვს, რადგან ევროკავშირს, როგორც განვითარებული ქვეყნების კლუბს, თავისი სტანდარტები და წესები აქვს.

და ამ ფონზე ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არა მხოლოდ ფეხებზე იკიდებს საშინაო დავალებებს, არამედ შემოაქვს კანონი, რომელზეც ევროკავშირის ლიდერები, ევროკავშირის ქვეყნები, ვინც ჩვენს გაწევრებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ დაგვაშორებენ საბოლოო მიზანს ანუ ამ კანონით იქ ჩვენ არ მიგვიღებენ.

გამოდის, 30-წლიანი ბრძოლის საბოლოო შედეგი შეიძლება ამ ახირებას შეეწიროს და ჩვენ ისევ რუსეთთან მარტო დავრჩეთ. ახლა გეკითხებით, ეს კანონი ქართულ საქმეს აკეთებს თუ რუსულს? რა ასეთი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნისთვის, რომ ამდენი წლის წვალებისა და ბრძოლის წყალში გადაყრა ღირს?..

კობახიძემ თქვა, 2020-2022 წლებში არასამთავრობოებს ორჯერ ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობა და ამიტომ ვიღებთ ამ კანონსო. არასამთავრობოები არ ვიცი, მაგრამ 2019-2024 წლებში თავად ხელისუფლებას ნამდვილად ჰქონდა სულ მცირე, სამი "მცდელობა", საკუთარი თავი დაემხო - როცა ხალხი ქუჩაში არა ოპოზიციამ ან ენჯეოებმა, არამედ ხელისუფლების აღმაშფოთებელმა ქმედებებმა გამოიყვანა. პირველი იყო 2019-ში, როდესაც გავრილოვი ჩამოიყვანეს და მერე პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვეს, მეორე შარშან "აგენტების კანონის" გამო და ახლა წელს იმავე კანონის შემობრუნების გამო. არ გაეკეთებინა ეს ყველაფერი და ვინ იყო ქუჩაში ამ რაოდენობის ხალხის გამომყვანი?

თუ ხელისუფლებას არ უნდა ქვეყანაში მღელვარება და აქციები, მხოლოდ ერთი რამ მოეთხოვება: სისულელეები და მავნებლობები არ აკეთოს. ასეთ შემთხვევაში ხალხს ქუჩაში ვერც დასავლეთი გამოიყვანს, ვერც - ოპოზიცია და მით უმეტეს, ვერც - ენჯეოები.

ევროკავშირში დღესვე ხომ არ გვიღებენ და ღმერთმა იცის, საერთოდ მიგვიღებენ თუ არა, ამ ქიმერული დაპირებისთვის იკლავთ თავს და გვიქმნით პრობლემას? ახლა მიგვაღებინეთ ეს კანონი, მერე თუ მართლა გადაწყდა ჩვენი გაწევრება, გავაუქმებთ ამ კანონს, რა პრობლემააო? - გვითხრეს, ანუ წინასაარჩევნოდ მოგვეცით უფლება ერთადერთ დამოუკიდებელ სექტორს, არასამთავრობოს და მედიის დიდ ნაწილს აგენტები დავარქვათ, მათი ფინანსები გავაკონტროლოთ და მერე გავაუქმებთო.

სინამდვილეში დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო სექტორი დიდ საქმეს აკეთებენ ამ ქვეყანაში. ისინი ე.წ. მოდარაჯე ძაღლის ფუნქციას ასრულებენ და ხელისუფლების ყველა უკეთურება სააშკარაოზე გამოაქვთ - ესაა სწორედ მიზეზი, რატომაც ებრძვის მათ "ოცნება", მაგრამ ხალხი და დიდწილად ახალგაზრდები იმიტომ კი არ გამოდიან ქუჩაში, რომ ენჯეოებს იცავენ, არამედ იმიტომ, რომ იციან, ეს კანონი ევროკავშირის გზას Cაგვიკეტავს. ამაზე ხელისუფლება პასუხობს: შარშანაც ეგრე გვეუბნებოდნენ ევროპიდან, ამას თუ არ იზამთ, იმას თუ არ იზამთ, კანდიდატის სტატუსს არ მოგცემთო, მაგრამ არაფერზე დავიხიეთ უკან და მაინც ხომ მივიღეთ კანონიო?! ტყუილი გამიგია, მაგრამ ამხელა?! შარშან არ იყო, საკუთარი მიღებული კანონი ხალხმა თავზე რომ დაგახიათ და უკან გაწვევა მოგიხდათ? ეს კანონი რომ არ გაგეწვიათ, ვინ დაგვანახვებდა კანდიდატის სტატუსს?!