"დიდი დავალიანების გამო, კლინიკამ შეიძლება მოგვთხოვოს თაიას სხვა, ყველაზე იაფიან კლინიკაში გადაყვანა" - გზაპრესი

"დიდი დავალიანების გამო, კლინიკამ შეიძლება მოგვთხოვოს თაიას სხვა, ყველაზე იაფიან კლინიკაში გადაყვანა"

3 წლის სრულიად ჯანმრთელ გოგონას - თაიას დაახლოებით 10 თვის წინ გული გაუჩერდა... ამ მდგომარეობიდან რომ გამოეყვანათ, რამდენიმე წუთი დასჭირდათ და ამასობაში გოგონას ტვინის ნაწილი დაუზიანდა. დღეს თაია კომაშია. ექიმები ოჯახს აიმედებენ, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა მსგავსი პაციენტები გამოჯანმრთელებულან. პატარა გოგონა ამჟამად თურქეთშია და იქ გადის მკურნალობას, რომელიც სამწუხაროდ, დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ოჯახს საზოგადოების დახმარების იმედი აქვს...

ლალიკო გოგოლაშვილი, თაიას დედა:

- თაია კომაშია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გამოვა ამ მდგომარეობიდან... საქართველოს კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით და გულის გაჩერებით შეიყვანეს. გული მალევე ამუშავდა, თუმცა ტვინის ნაწილი დაზიანდა. ამჟამად თურქეთის კლინიკაში ვართ. აქ მკურნალობის შედეგად თაიას ფიზიკური და ნევროლოგიური მდგომარეობა უკვე გაუმჯობესდა, იმედები გაჩნდა. თუმცა, დიდი დავალიანების გამო, კლინიკამ შეიძლება მოგვთხოვოს თაიას სხვა, ყველაზე იაფიან კლინიკაში გადაყვანა, რაც ახლა მისთვის ყველაზე უარესია, რადგან აქ იციან როგორ მიხედონ, 8 თვეა ამ კლინიკაში ვართ უკვე 300.000 დოლარი გადავიხადეთ, ოჯახს მეტის შესაძლებლობა აღარ გვაქვს, ყველანაირი რესურსი ამოვწურეთ და იძულებული გავხდით, სოციალური აქტივობა დაგვეწყო, "ფეისბუკზე" გვერდი და ჯგუფი შეიქმნა თაიასთვის, ასევე "გოუფაუნდის" ანგარიში ამერიკაში... განსაკუთრებით ბოლო თვეებში დიდი პროგრესი გვაქვს და ექიმები გვაიმედებენ, რომ ჩვენი პატარა კომიდან გამოსვლას შეძლებს. მეც ვგრძნობ, რომ ის ამას შეძლებს. ამ პერიოდში ამ კლინიკისა და ექიმების წყალობით უკვე ზუსტად ვიცით, რომ თაია შეხებას გრძნობს, რეაქცია აქვს ტკივილზე და არის მომენტები, როცა ჩემი საუბარი ესმის, რაზეც რეაგირებს მოძრაობით. 3-4 თვეა, ორგანიზმი ისე გაძლიერდა, რომ აღარ სჭირდება დამატებითი მკურნალობა, რაც წინა პერიოდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ახლა მხოლოდ ტვინის მკურნალობა მიმდინარეობს, სხვა ორგანოები ზედმეტი ჩარევის გარეშე ფუნქციონირებს. ფიზიოთერაპევტის შეფასებით, გაუმჯობესებულია ფიზიკური მდგომარეობა და რეფლექსებიც. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციებიც დათრგუნვილი იყო, ახლა ესეც უკეთესობისკენ შეიცვალა. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ტვინის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ორგანიზმშიც ყველაფერი დალაგდა, ჩვენი იმედები კიდევ უფრო გაიზარდა.

- რას ამბობენ ექიმები, რამ გამოიწვია გულის გაჩერება?

- დაზუსტებით ვერაფერს გვეუბნებიან. მანამდე სრულიად ჯანმრთელი იყო. ერთადერთი, რასაც ვარაუდობენ, ის გახლავთ, რომ თაია გაცივდა, ამის ნიადაგზე ყურიც ასტკივდა. ჩვეულებრივი ვირუსი ჰქონდა, მაგრამ რადგან გართულდა, ექიმმა ანტიბიოტიკი დაუნიშნა. იმ დღეს მეოთხე აბი მივეცით. ექიმებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ ამ ანტიბიოტიკის მიღების გამო შესაძლოა თაიამ ანაფილაქსიური შოკი მიიღო... სხვანაირად მისი გულის გაჩერების მიზეზს ვერ ხსნიან... შემდეგ, საქართველოში მკურნალობის პერიოდში რაღაც სხვა ვირუსიც მოხვდა მის ორგანიზმში... მოკლედ, ჩვენმა გოგონამ იბრძოლა სიცოცხლისთვის, ჩვენც ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ ამ რთულ და ხანგრძლივ ბრძოლაში მაინც დაგვჭირდა თაიას გულშემატკივრების თანადგომა და დახმარება. მერიდება, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, უნდა გთხოვოთ დახმარება, რათა ჩვენი გოგონას მკურნალობა ბოლომდე მივიყვანოთ. თქვენი დახმარების გარეშე ამას ნამდვილად ვერ შევძლებთ. წინასწარ გიხდით მადლობას...

P.S. თაიას დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ:

საქართველოს ბანკi

GE22BG0000000541696720

მიმღები: მაია გოგოლაშვილი

(ბებია);

თიბისი ბანკში:

GE27TB7466145064300014.

მიმღები: ნინო ოღიაშვილი

(ნათლია).

ან დარეკეთ ნომერზე:

0901000917

ზარის ღირებულება 1 ლარია

საზღვარგარეთიდან:

https://gofund.me/edce8c2a