Au Pair-ის პროგრამიდან საკუთარი რესტორნის გახსნამდე...
ექვსი წლის წინ, გერმანიაში Au Pair-ის პროგრამით წავიდა. შემდეგ კი, როგორც კეთილი სამყაროს ზღაპრებში ხდება - თავდაუზოგავი შრომა დაუფასდა და წარმატების რთული, მაგრამ საინტერესო პერიოდიც დაიწყო. უძილო ღამეებისა და მძიმე, დამღლელი დღეების შედეგიც მალევე დადგა და არც წარმატებამ დააყოვნა. ნათია ტორჩინავას თქმით, უცხო ქვეყანაში წასვლა გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ არჩევანის გაკეთება უჭირდა - ამერიკა თუ ევროპა... საბოლოოდ, იძულებული გახდა, ევროპაში წასულიყო.
- ჩემი ოცნება ამერიკაში წასვლა იყო, მაგრამ ვიცოდი, იქ წასვლა რთულია და დიდი თანხებითაა შესაძლებელი, ამიტომ, საბოლოოდ იძულებული გავხდი, არჩევანი გერმანიაზე შემეჩერებინა. საუკეთესო ვარიანტი იყო Au Pair პროგრამა, რომელსაც ბევრი სიკეთე მოაქვს - გერმანული ენის უფრო კარგად შესწავლა, ასევე სხვა ქვეყნებში მოგზაურობის შესაძლებლობა, რადგან გერმანულ ოჯახში ამ პროგრამით დასაქმებული გოგონა მათ მოგზაურობისას თან მიჰყავთ.
- ალბათ გააჩნია ოჯახს, ხომ?
- დიახ, ოჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს - მე დიუსელდორფში, ძალიან კარგ ოჯახში მოვხვდი, დღემდე მხარში მიდგანან. რაღაც პერიოდი ტყუპს ვუვლიდი, თან ენას ვსწავლობდი და იმავდროულად, ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი. მასპინძელი ოჯახი ხედავდა ჩემს მონდომებას და ხელს მიწყობდნენ, მამხნევებდნენ, - ახლა ის ასაკი გაქვს, ყველაფერი უნდა მოასწრო, ჩვენ შენთან ვართ, მოინდომე და დაგიფასდებაო.
მინდოდა, მაღალი დონის სერტიფიკატი ამეღო, უნივერსიტეტში რომ ჩამებარებინა. თუმცა აღმოჩნდა, ქართულ ატესტატს იქ არ აღიარებდნენ. დღე და ღამე გავასწორე, არ მახსოვს, რამდენი საათი მეძინა, ალბათ 5 ან არც კი, ვკითხულობდი და ვსწავლობდი ყველგან: ქუჩაში, ტრანსპორტში, გაჩერებაზე, ყავის დალევისას, ბავშვებს რომ დავაძინებდი და, 9 თვეში, უმაღლესი დონის სერტიფიკატი ავიღე. ჩემი თავის მეც მიკვირდა, არ მეგონა, თუ ასეთი ნებისყოფა მქონდა, მაგრამ მიზნად დავისახე ოცნების ახდენა. ზოგადად, ყოველთვის ასე ვიქცეოდი, ჩემს თავს გამოვიწვევდი ხოლმე: აბა, ამას თუ შევძლებ-მეთქი, შემდეგ საბოლოო მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი, ისე, როგორც ზურგზე ლოდმოკიდებული ადამიანი მიიწევს წინ.
- სწავლა გააგრძელეთ?
- დიახ, შემდეგ ჩავაბარე გერმანულ სასწავლებელში და ისე, როგორც გერმანელი ბავშვები სწავლობენ, ერთი წელი ვისწავლე, შემდეგ ატესტატი ავიღე და სტუდენტიც გავხდი. სწორედ იმ დროს დიუსელდორფში პატარა ქართული რესტორანი გაიხსნა და იქ დავიწყე მუშაობა.
- მიმტანად?
- არა, სამზარეულოში, დამხმარედ, დეკორაციების აწყობა და მსგავსი საქმეები მევალებოდა. ქართველები იყვნენ ჩემი დამსაქმებლები და ჩემი ნიჭის განვითარებაში ძალიან დამეხმარნენ. წლების წინ თბილისში, მამაჩემს რამდენიმე რესტორანი ჰქონდა და ეს თემა ჩემთვის უცხო არ ყოფილა, რაღაცებში ვერკვეოდი. მამას როგორც შემეძლო, ისე ვეხმარებოდი, ჩემს აზრს ვუზიარებდი. ასე რომ, ნახევრად ხუმრობით, მზარეულობისა და გასტრონომიის ნიჭი გენეტიკურად მაქვს. გარდა ამისა, ცხოვრებამ მასწავლა, რომ კონკურენცია ძალიან დიდია და მხოლოდ ნიჭით ვერაფერს გახდები, თუ ძალიან პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე არ ხარ. ეს თვისებებიც არ მაკლდა, მაგრამ სამუშაო მაინც მქონდა. ქართული რესტორნის მეპატრონეებს ჩემი მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.
ერთი წლის შემდეგ სამზარეულოში დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება მომცეს. რესტორანს კადრების დეფიციტი ჰქონდა, თანამშრომლების პოვნა რთული იყო, მე კი ყველაფერს ვაკეთებდი.
- რთულია, რადგან ალბათ დამღლელი და შრომატევადია, არა?
- დიახ, ძალზე შრომატევადია. ფიზიკური შრომა, ხშირად ფეხზე დგომა და ოპერატიული მუშაობა კი ყველას ეზარება. გერმანელები გასტრონომიულ სფეროში მუშაობით დიდად არ ინტერესდებიან, ეს ძირითადად, ემიგრანტების საქმეა... გარდა ამისა, ქართულ სამზარეულოში გერმანელის დასაქმება ადვილი არ არის, რადგან ჩვენი მზარეულები, ძირითადად თვითნასწავლები არიან, ქართული სამზარეულო ხომ არ ისწავლება და მათთვის ამის გაზიარება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული.
საერთოდ, სამზარეულოში მუშაობა ყოველთვის რთულია, მით უფრო, დიდი კონკურენციის პირობებში - დღე და ღამე უნდა იზრუნო განვითარებაზე, სიახლეებზე, წინსვლაზე, რა უნდა შესთავაზო მომხმარებელს, რომ არჩევანი ყოველთვის შენს საკვებ ობიექტზე შეაჩეროს. მე დღე და ღამე იქ ვიყავი, შენობიდან არც კი გამოვდიოდი, თან ვმუშაობდი და თან ვსწავლობდი. ასე გავიდა ხუთი წელი და ამ დროის განმავლობაში დიდი გამოცდილება დამიგროვდა. ახლა უკან რომ ვიყურები, ვფიქრობ, ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია; თუ მონდომება აქვს, ყველა სირთულეს გადალახავს, თუ მიზანი აქვს, მართლაც ზურგზე მოკიდებულ ლოდს აიტანს მთის წვერზე.
- ინტერნაციონალური სამზარეულო გქონდათ, თუ მხოლოდ ქართული კერძები?
- ქართული სამზარეულო, თუმცა, ძალიან ინტერნაციონალური მომხმარებელი გვყავდა. უფრო მეტად, გერმანელები გვსტუმრობდნენ. უყვართ ბადრიჯანი, მხალეულის მიქსი, გამორჩეულად კი ხინკალი მოსწონთ...
- ამ რეალობამ გაჩვენათ, რომ ცალკე რესტორნის გახსნის დრო იყო?
- დიახ, ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით უკვე ვხვდებოდი, რომ დამოუკიდებელი ობიექტი უნდა შემექმნა - დავიწყე პროექტზე მუშაობა, თავად შევადგინე გეგმა, ვიპოვე ფართობი, დავარეგისტრირე, ეს საკითხები იქ საკმაოდ ბიუროკრატიულია და საწვალებელია, მაგრამ ამას არ შევუშინებივარ. ოთხ თვეში ყველაფერი მზად მქონდა. მინდოდა, რაც შეიძლება მალე გამეხსნა.
2022 წლის მაისში პირველი სტუმრები მივიღეთ და სწორედ მაშინ დაიწყო "საგიჟეთი" ჩემს ცხოვრებაში - ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც კი იქამდე ამიღია, რამდენიმე ათეული ადამიანის მიღების პირობები შევქმენით, ოღონდ ძალიან მაღალი სტანდარტებით და ვიზიტორებმაც აღარ დააყოვნეს. ახლა ეს ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რესტორანია.
გახსნის დღეს სამზარეულოში მხოლოდ ერთი დამხმარე მყავდა, არადა, რესტორანში უზარმაზარი რიგი იდგა. ის დღე სიზმარივით მახსოვს. თუმცა, შემდეგ აღმოვაჩინე, რომ უცებ მთელ ქალაქში პოპულარული გახდა, ერთბაშად მოგვაწყდნენ. პირველი სამი თვე ისეთი შემოსევა გვქონდა, რომ არაფერი მახსოვს - დღე-ღამეში 16-17 საათს ვმუშაობდი. რესტორანთან ახლოს მდებარე ქუჩაზე ვცხოვრობდი, მაგრამ შინ ვერ მივდიოდი. ერთი გამოძინება ყველაფერს მერჩივნა, მაგრამ უკან დახევა არ შეიძლებოდა და არც მიფიქრია, პირიქით, თავს არ ვზოგავდი, მომხმარებელს მოსწონდა და ეს მაბედნიერებდა. პირველი ექვსი თვე სამზარეულოდან საერთოდ არ გამოვსულვარ, იქვე ვიძინებდი... ყოველდღე რაღაც ახალს ვიგებდი, ვსწავლობდი და ვცდილობდი, კონცეპტს მოვრგებოდი.
- ვიზიტორები ძირითადად გერმანელები იყვნენ თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები?
- ძირითადად, გერმანელები. ამ ქალაქში ძალიან ცოტა ქართველი ცხოვრობს და ჩვენს ხალხს ყოველდღე რესტორანში შესვლის შესაძლებლობაც არა აქვს. ძირითადად, სტუდენტები ცხოვრობენ და მუშაობენ. როდესაც კერძებს მიირთმევენ, უკვე ხვდებიან, რომ ეს არ არის იტალიური ან ბერძნული სამზარეულო... გერმანელები ძირითადად გარეთ სადილობენ და ვახშმობენ, შინ მხოლოდ ოჯახური შეკრებების დროს ამზადებენ კერძებს.
ერთი სიტყვით, ბედნიერი ვიყავი, როდესაც მალე გერმანიის ტურიზმის დეპარტამენტმა, თავის გვერდზე ჩემი რესტორნის ტერასის ფოტო დადო, ვრცელი ტექსტით საქართველოზე, ქართულ სამზარეულოზე, ჩვენს კერძებზე. ეს ნიშნავდა, რომ უკვე ნაბიჯებს ჩემი ბიზნესისთვის კი არა, საქართველოსთვის ვდგამდი. გახსნიდან სამ თვეში გასტრონომიული ჟურნალებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ბლოგერები ჩუმად მოდიოდნენ, რათა კერძები, გემოები, მომსახურების ხარისხი შეეფასებინათ. მაღალი შეფასება, მესამე ადგილი მოგვანიჭეს და სტიკერიც მოგვცეს. შემდგომ კი გერმანულ ტელევიზიებშიც მიწვევდნენ, მათ შორის იყო ერთ-ერთi ცნობილი გადაცემა, რომლის ფარგლებშიც ხუთ ცნობილ რესტორანში ერთმანეთს ვეჯიბრებოდით - სქემა ასეთია, ერთ-ერთ რესტორანში მივდივართ და ვუკვეთთ ჩვენთვის სასურველ რამდენიმე კერძს, რომელსაც მეპატრონე ამზადებს, რომელიც შესაძლოა, მზარეული არც იყოს... მათი შეფასება ქულებით ხდებოდა. მთავარი შემფასებელი იყო მაიკ სუსერი, რომელიც გერმანიის მასშტაბით მთავარი შეფმზარეულია.
- რა კერძი მოუმზადეთ?
- წამყვანი გასტრონომიული გადაცემისთვის მოვუმზადე ხინკალი, უფრო სწორად, ერთობლივად მოვამზადეთ, რომელიც დააგემოვნა და ძალიან მოეწონა... საინტერესო იყო, როგორ მაფასებდნენ მეტოქეები. მთლიანობაში, შოუ იყო, მაგრამ ძალიან ემოციური და სანერვიულო, რადგან ჩემგან განსხვავებით, რამდენიმეწლიანი გამოცდილება ჰქონდათ. ამის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნიდან მწერდნენ, ქართული სამზარეულოთი, საქართველოთი, ჩემით ინტერესდებოდნენ. უამრავი გადაცემა მიუძღვნეს, ვიდეოდან ამოჭრილ კადრებს აზიარებდნენ.
- ყველაზე მეტად, რომელი კერძი მოსწონთ?
- ნიგვზიანი ბადრიჯანი. ვინც ხორცის მოყვარული არ არის და ვეგეტარიანული სამზარეულოს მომხმარებელია (და ასეთი ძალიან ბევრია), ძალიან უყვართ ფხალეულის ნაკრები, მისი მრავალფეროვანი არომატები და გემოები.
მოდიოდნენ ისეთი ადამიანები, ვინც გადაცემას უყურა და იქ ნაჩვენები კერძების ადგილზე დაგემოვნება მოუნდა... აქ ძალიან მნიშვნელოვანია სერვირება, ულუფების ზომა. გერმანელებს არ უყვართ ბევრი საჭმელი, ანუ მათთვის მიუღებელია საკვების გადაყრა. ასევე, კერძი ფასის შესაბამისი უნდა იყოს. გასათვალისწინებელია სეზონური ცვლა - ზამთარში ბოსტნეული ისეთი ძვირია, მენიუს შეცვლა მიწევს, სხვაგვარად მოგებაზე ვერ ვიმუშავებ. სუნელებისა და ღვინის გარდა, ყველაფერი ადგილობრივია. პურსაც კი ჩვენ ვაცხობთ. ქართველები, უკრაინელები და გერმანელები მუშაობენ, თუმცა, ერთი ოჯახივით ვართ, საქმეები გადანაწილებული გვაქვს. არც ერთს არ აქვს განცდა, რომ სამსახურში მიდის და ეზარება - ძალიან ვცდილობთ, კომფორტულად გრძნობდნენ თავს.
ლალი პაპასკირი